როგორ შეიძლება უკვდავი სულის არმქონე რკინის გროვა იყოს ადამიანი?
როგორ შეიძლება უკვდავი სულის არმქონე რკინის გროვა იყოს ადამიანი?
საქართველოში რობოტ სოფიას გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. და მაინც, არის თუ არა რობოტი ადამიანი? ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ეკლესიის შეხედულება. გვეუსაბრება იეროდიაკონი ირინეოსი (შენგელია):

- წმინდა წერილის საძირკველში მოსე წინასწარმეტყველი მოგვითხრობს ღვთის ქმნილებათა გვირგვინის, ადამიანის შექმნის შესახებ. ,,შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგი" (დაბ.1:27) ღმერთია ყოველივეს მამა და შემოქმედი, ღმერთია ყოველივეს მომცემი, ყოველივეს განმგები, ყოველოვეს აღმვსებელი... თავისუფალ ნებასთან ერთად ღმერთს თავისი ქმნილებისთვის მრავალი ნიჭი აქვს ნაბოძები, მათ შორის არის ნიჭი შემოქმედებისა.

ნიჭი შემოქმედებისა პირდაპირი გამოვლინებაა ღვთის ხატებისა, მაგრამ ცოდვით დაცემული ადამიანის შემოქმედებითობა იმით განსხვავდება ღვთაებრივი შემოქმედებისგან, რომ ღმერთი ყოველთვის კეთილად ქმნის, ადამიანი კი შეიძლება იყოს კეთილთან ერთად ბოროტის შემქმნელი, არა იმიტომ რომ ასეთად გამოძერწა ადამიანი უფალმა, არამედ იმიტომ რომ თავისუფალი ნების ანაბარად დარჩენილმა ადამიანმა აირჩია ასეთი ყოფა, თავისი პირველქმნილი ცოდვით.


თქვენ მე მეკითხებით არის თუ არა რობოტი ადამიანი? არა და ვერა! როგორ შეიძლება უკვდავი სულის არმქონე რკინის გროვა იყოს ადამიანი? მას არ გააჩნია უმთავრესი ტკბობა, სიცოცხლე! იგი მკვდარია, რომლის ცრუ სიცოცხლე მის დაპროგრამებულ ტვინში ჰპოვებს გამოვლინებას. ,,გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაჰბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2:7) რკინის ნივთს, რომელიც კარიკატურულად ჩამოჰგავს ადამიანს, ვინ მისცა ,,სიცოცხლის სუნთქვა" მისი ნესტოები ხომ მკვდარი და უსიცოცხლოა...

მას არ გააჩნია არცერთი გრძნობა! არც რწმენა, არც იმედი არც სიყვარული! მახსნდება პავლე მოციქულის ეპისტოლე კორინთელების მიმართ, ,,თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა", ეს როგორც უსიყვარულო ადამიანებს ეხება, ასევე უსულდგუმო რობოტსაც... ვფიქრობ, ადამიანს მიმსგავსებული ცრუ ადამიანი ვერ მოუტანს კეთილს კაცობრიობას, ზოგი იტყვის,-,,ისინი სხვადასხვა სამუშაოებს შეასრულებენ და სხვადასხვა დაწესებულებებში ადამიანთა მაგივრად იმუშავებენ."

გთხოვთ მიმოიხედეთ გარშემო, რამდენ ადამიანს ხედავთ ვინც სამუშაო ადგილზე ოცნებობს, ვინც დაუსაქმებელია და მათი მატერიალური სიდუხჭირე სულის შემძვრელია?! იქნება მათზე ფიქრი უფრო პრიორიტეტული იყოს ჩვენთვის, იქნებ მათით შევავსოთ ან შევქმნათ სამუშაო ადგილები... მაგალითად, 2014 წელს იაპონიაში შეიქმნა რობოტი -"Matsuko-Roid". ის მიმსგავსებულია ცნობილ იაპონელ ტელეწამყვანთან მაცუკო დელუქსთან და როგორც ჩვენთვის ცნობილია ანდროიდს, უკვე მიჰყავს სატელევიზიო გადაცემები... ამით რა შეიძლება ითქვას? ალბათ ის, რომ ასწლეულების შემდეგ შეიძლება ჟურნალისტები არ ჰყავდეს ტელევიზიას...

ცნობილი იაპონელი მეცნიერი, ბატონი ჰიროში იშიგურო ბრძანებს: ,,სრულიად ახალი ტელევიზია, ახალი რეკლამა და სრულიად განსხვავებული მომავალი გველოდება წინ." ასევე პროფესორი ფიქრობს რომ, მოვა დრო როდესაც ანდროიდები ადამიანების ნაცვლად იმუშავებენ... მაგალითისთვის ხსენებული პროფესორიც კმარა, რომელმაც შექმნა ანდროიდი და თავის სტუდენტებს მის მაგივრად უკვე ლექციებსაც უკითხავს... ამით შეიძლება გამოითქვას საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ მალე შეიძლება რობოტი მასწავლებლები და ლექტორებიც ვიხილოთ...

მართალია ეს ეკონომიკურად კარგი იქნება სახელმწიფოსთვის, რადგან მას აღარ მოუწევს ანაზღაურების გადახდა ,,რკინის ადამიანისთვის", მაგრამ ეს ხომ ინტელექტის მკვლელობა იქნება და ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება... ისეთ ქვეყნებს, რომელთა ტექნოლოგიური განვითარების დასაწევად, ალბათ ათასი წელი მაინც დაგვჭირდება, კარგი იქნება, თუ მანამდე ჩვენც მივცემთ მათ კეთილ სიგნალს იმის შესახებ, რომ რობოტების მაგივრად ადამიანებს დავასაქმებთ და ის თანხები, რაც მომავალში შეიძლება ჩაიდოს ხელოვნური ინტელექტის შესაძენად, ვისურვებდი ჭეშმარიტი ინტელექტის შასაძენად დაგვეხარჯოს ჩვენს მომავალ თაობებზე...

ბოლოს კი დავასრულებ მისი უწმინდესობის შესანიშნავი სიტყვებით: ,,ყველაზე დიდი ფასეულობა არის თვითონ ადამიანი" . ვუერთდები ამ სიტყვებს და გიგზავნით იმედით აღვსილ დიდ სიყვარულს!



ბეჭდვა
1კ1