იგი ოცნებობდა, დაბრუნებულიყო საქართველოში და გაეთავისუფლებინა თავისი სამშობლო
იგი ოცნებობდა, დაბრუნებულიყო საქართველოში და გაეთავისუფლებინა თავისი სამშობლო
ფილმი დიმიტრი ამილახვარზე - "ქართველი ლეგიონერი"
საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ცნობილი თავისი უძველესი კულტურით , დიდებული წარსულითა და გმირებით.

ჩვენი ისტორია იცნობს საქართველოსთვის თავდადებულ არაერთ მამულიშვილს, ბევრ მათგანს სამშობლოდან შორს უწევდა ბრძოლა, მშობლიურად ქცეულ სხვა ქვეყანას იცავდა საკუთარი სისხლის ფასად.

ერთ-ერთ მათგანს, სახელოვან ქართველ რაინდს ეძღვნება ეს ფილმი.

"1906 წლის 12 ნოემბერს ზედგინიძეების შთამომავალთა ოჯახში დაიბადა საფრანგეთის ეროვნული გმირი, უცხოელთა ლეგიონის მეთაური დიმიტრი ამილახვარი".

ასე იწყება დოკუმენტური ფილმი "ქართველი ლეგიონერი", რომელიც საფრანგეთის ეროვნული გმირის, თავად დიმიტრი ამილახვრის ემიგრანტულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის ტიტრებში ვკითხულობთ: ფილმის იდეის ავტორი ირაკლი ონოფრიშვილი, რეჟისორი გოგი თორაძე, სცენარის ავტორები ნონა ღამბაშიძე, გოგი თორაძე, ოპერატორი რევაზ მახათაძე, მემონტაჟე დათა ქაცარავა, რეჟისორის ასისტენტი ნინო ონოფრიშვილი.

ვიდრე ფილმის რეჟისორთან ვისაუბრებდეთ, მივყვეთ სცენარის თანმიმდევრობას:

"1921 წელი, თებერვლის სუსხიანი და ტრაგიკული დღეები. რუსი ბოლშევიკები იპყრობენ დამოუკიდებელ საქართველოს.

ერის საუკეთესო შვილები ტოვებენ სამშობლოს. მათ შორის არის დიმიტრი ამილახვრის ოჯახიც. ემიგრნატებად ქცეული ამილახვრები პარიზში დამკვიდრდნენ. დიმიტრი ნაპოლეონის მიერ დაარსებულ, ტრადიციებით განთქმულ სენ-სირის ცნობილ სამხედრო სკოლაში მიაბარეს, ვინ იცის, იქნებ იმ იმედით, რომ ევროპაში განათლებამიღებული ქართველი ოფიცერი ოდესმე სამშობლოს ბოლშევიკური ურჩხულისაგან დაიხსნიდა.

20 წლის დიმიტრი უკვე კაპიტანია, იმ დროის საფრანგეთის არმიის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი.

საფრანგეთში დიმიტრი ამილახვარმა ცოლად შეირთო ირინე დადიანი. მათ ორი შვილი - თამარი და ოთარი შეეძინათ, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, მეორე მსოფლიო ომმა ისინი სამუდამოდ დააშორა.

უცხოელთა ლეგიონის ოფიცერი დიმიტრი ამილახვარი უყოყმანოდ დგება საფრანგეთის დამცველთა რიგებში. იბრძვის ნორვეგიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ეგვიპტეში, მაროკოსა და ალჟირში.

ამილახვარი ყველა იმ ბრძოლაში მონაწილეობდა, სადაც მისი ლეგიონი იბრძოდა. "ის იყო დიდი, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, აღნაგობით, გამბედაობითა და კეთილშობილებით", - ასე დაახასიათა იგი გენერალმა მონკლარმა.

შესანიშნავმა სტრატეგმა ნორვეგიაში მე-13 ბატალიონი განადგურებას გადაარჩინა, ხოლო აფრიკაში ბრძოლების დროს, მიუხედავად ხელმძღვანელობის სკეპტიციზმისა, ჯიუტად გაიტანა თავისი გეგმა, მტერი დაამარცხა და ფაშისტი გენერლის, რომელის ქება დაიმსახურა, - "ასეთი მედგარი და ჭკვიანური წინააღმდეგობა იშვითად შემხვედრიაო".

ბატალიონის მეთაურ ამილახვარს ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის სამი მადლობა გამოუცხადეს და ლეგიონის საპატიო კავალერის ორდენით დააჯილდოეს.

ლეგენდარულმა გენერალმა შარლ დე გოლმა მას პირადად მიაბნია მკერდზე განთავისუფლების ჯვარი.

1942 წლის 24 ოქტომბერი, ეგვიპტე. ელ-ალამეინში ფაშისტების წინააღმდეგ მოკავშირეთა ერთიან ოპერაციას გენერალი მონტგომერი უდგას სათავეში, ხოლო უცხოეთის ლეგიონს - გენერალი კენინგი და პოლკოვნიკი ამილახვარი.

დიმიტრი ამილახვარი ჩვეული გაბედულობით ჩაება უთანასწორო ბრძოლაში. ლეგიონის ღირსება დაიცვა, როცა შეტევა განახორციელა და სტრატეგიულად საჭირო ჰომეიმის მთა დაიკავა. მაგრამ ფაშისტთა ტანკების შემოტევამ უკან დაახევინა, დანაღმულ ველზე აფეთქდა და დასრულდა საქართველოზე მეოცნებე რაინდის სიცოცხლე.

სიკვდილის წინ წარმოთქვა: "უცხოელებს მადლობა გვმართებს იმ მიღებისთვის, რაც საფრანგეთმა ჩვენ მიმართ გამოიჩინა და ამის დასამტკიცებლად მისთვის სიცოცხლესაც არ ვიშურებთ". ამილახვარი იქვე, ელ-ალამეინში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, 2 წლის შემდეგ კი, 1944 წლის დეკემბერში, შობა დღეს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა მისი მეუღლე ირინე დადიანი. ობლად დარჩენილი ბავშვები მადლიერმა ფრანგებმა საფრანგეთის შვილებად აღიარეს და მათთვის ზრუნვა და სითბო არ მოუკლიათ.

ამილახვრის პატივსაცემად სენ-სირის სკოლამ 1956 წლის კურსდამთავრებულების 151-ე გამოშვებას მისი სახელი მიანიჭა".

ჩვენ შემოგთავაზეთ ფრაგმენტი გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმისა "ქართველი ლეგიონერი", ვფიქრობთ, ამის შემდეგ უფრო გაგვიადვილდება ფილმზე საუბარი, თუმცა მანამდე რეჟისორს გაგაცნობთ.

KARIBCHEგოგი თორაძე თითქმის 25 წელი მუშაობდა საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. შემოქმედებითი საქმიანობა ოპერატორობით დაიწყო.

1985 წელს, მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მისი სარეჟისორო დებიუტი იყო დოკუმენტური ფილმი "კომენტატორი", რომელიც პოპულარულ ქართველ მსახიობსა და სპორტულ კომენტატორს, კოტე მახარაძეს მიეძღვნა. ამას მოჰყვა სხვა დოკუმენტური ფილმები: "სნაიპერი" - ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ნინო სალუქვაძეზე, "არის ასეთი ქვეყანა" - ამერიკელ ფოტოხელოვან რებეკა მეტლოკზე, "პატრიარქობის ჯვარის მტვირთველი" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე, "უკანასკნელი კადიში" - ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონზე (რომლის მშობლები საქართველოში სწავლობდნენ), "ქართული ფეხბურთის მაესტრო" - გამოჩენილ ქართველ სპორტსმენ ნოდარ ახალკაცზე, "ოვალური ბურთი" - ქართული რაგბის 50 წლისთავთან დაკავშირებით.

დოკუმენტური ფილმი "ქართველი ლეგიონერი", 2008 წელს არის გადაღებული.

- ბატონო გოგი, როგორ გაჩნდა დიმიტრი ამილახვარზე ფილმის გადაღების იდეა?

- საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში არაერთი საინტერესო ფილმი შექმნილა, მეამაყება, რომ ათეული წლების მანძილზე ვმუშაობდი ამ სტუდიაში ისეთი პროფესიონალების გვერდით, როგორებიც იყვნენ ირაკლი ონოფრიშვილი, იგორ ნაგორნი და სხვები, რომლებიც ჩემს პედაგოგებად მიმაჩნია. ბატონ ირაკლისთან მეორე ოპერატორი ვიყავი მხატვრულ ფილმზე "კუჩხი ბედინერი", სწორედ ირაკლი ონოფრიშვილისგან მომდინარეობს დიმიტრი ამილახვარზე ფილმის გადაღების იდეა: "15 წელია, დიმიტრი ამილახვარზე ფილმის გადაღება მინდა და ვერ ვახერხებ, რადგან ტელეფილმების სტუდიას გადაღებისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია, სპონსორიც არ გამოჩნდა, ამიტომ იქნებ ერთიანი ძალით შევძლოთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანაო". ფაქტობრივად, არაფერი გვქონდა ამ პიროვნებაზე რამდენიმე ფოტოსურათის გარდა. სამწუხაროდ, ირაკლი ონოფრიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. რადგან ჩემს მასწავლებელს ძალიან უნდოდა ამ ფილმის გადაღება, აუცილებლად უნდა ამესრულებინა. ასეც რომ არ ყოფილიყო, როდესაც კაცს რაიმეს სურვილი ამოძრავებს, გაგანდობს, თვითონ კი ამქვეყნიდან გადის, ეს საქმე აუცილებლად უნდა დაასრულო.

ოფიციალურად მივმართე საფრანგეთის საელჩოს. შემახვედრეს სამხედრო ატაშეს და ასე დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა. როგორც ატაშემ ამიხსნა, ეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ერთი წლის თავზე საელჩოში დამიბარეს - ყველაფერი მოგვარდა, თანხმობა მივიღეთ საფრანგეთიდანო. გავეცანი დოკუმენტს ერთ-ერთი ფრანგი გენერლისა, რომელიც ნებას გვრთავდა სამხედრო ობიექტებზე გადაღებებისა. თქვენ ხართ ჯგუფი საფრანგეთის ეროვნული გმირის ისტორიული სამშობლოდან, ჩვენ ყველაფერი დავგეგმეთ და მითითებულ დროს ჩამობრძანდითო, - ეწერა შეტყობინებაში. დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გავმგზავრებულიყავით საფრანგეთში. ვინაიდან ტელეფილმების სტუდია უკვე გაუქმებული იყო, ფილმი დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში" უნდა გაგვეკეთებინა. ფრანგებისგან თანხმობა კი მივიღეთ, მაგრამ გადასაღები თანხა არ გვქონდა. სპონსორების ძიებაში დრო გადიოდა, მაგრამ ამ ფილმით ვერავინ დავაინტერესეთ. რა უნდა გვექნა? შევიკრიბეთ გადამღები ჯგუფი და ფილმის სცენარის თანაავტორმა და პროდიუსერმა, კინოსტუდიის მთავარმა რედაქტორმა ნონა ღამბაშიძემ მოულოდნელი იდეა წამოაყენა, - რა იქნება, რომ საქართველოს პრეზიდენტს მივმართოთ თხოვნით, იქნებ გაგვიმართლოსო. მართლაც დავწერეთ წერილი ბატონ მიხეილ სააკაშვილის სახელზე და როგორც შემდგომ შევიტყვეთ, ამ წერილის მიღებისთანავე მას უთქვამს: "ბაზორკაზე" (დიმიტრი ამილახვრის მეტსახელი) ფილმის გადაღება ქართველების ვალიაო და გასცა განკარგულება, მისი ფონდიდან დაფინანსებულიყო ფილმი. მართალი გითხრათ, თავიდან დაფინანსების იმედი არ გვქონდა, ამიტომ წერილში არ დავწერეთ, რომ ეგვიპტეშიც ვაპირებდით გადაღებას, სადაც დაიღუპა ჩვენი ფილმის გმირი. შემდეგ ისევ მოგვიწია თანხის მოსაძიებლად სირბილი და მამუკა ხაზარაძე აღმოჩნდა საქართველოში ის ერთადერთი ბიზნესმენი, რომელმაც ეგვიპტეში გასამგზავრებელი თანხა გაიღო.

მივდიოდით საფრანგეთში და არ ვიცოდით, იქ რა დაგვხვდებოდა, გავეცანით ამილახვრის ცხოვრების ისტორიას, მაგრამ მისი საფრანგეთში მოღვაწეობის პერიოდში არ ვიყავით ჩახედული. ჩავედით. ჩვენმა გაოცებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი პატივით მიგვიღეს, სამხედრო წრეებში ეს ადამიანი დღესაც უდიდესი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს. მოგვიხდა საფრანგეთის სამი ყველაზე ცნობილი სამხედრო მუზეუმის დათვალიერება. ყველა მუზეუმში არის საფრანგეთის სამი უდიდესი სამხედრო პირის კუთხე, ესენი არიან: ნაპოლეონი, შარლ დე გოლი და დიმიტრი ამილახვარი, რომელთა სამხედრო სტრატეგიას ასწავლიან სამხედრო აკადემიებსა და სასწავლებლებში, მათი სახელები ოქროს ასოებით არის შეტანილი ფრანგული არმიის ისტორიაში. ისინი ძალიან უფრთხილდებიან ამ ისტორიას და წინაპართა ხსოვნას, ნაპოლეონთან და დე გოლთან ერთად რომ ქართველ ამილახვარს მოიხსენიებენ, ამაზე მეტი საამაყო რა უნდა იყოს ჩვენთვის.

- სხვათა შორის, სამხედრო მოღვაწეები ამას თქვენს ფილმშიც აღნიშნავენ. სენ-სირის სამხედრო სკოლის ხელმძღვანელის შეფასებით: "იგი ოცნებობდა, დაბრუნებულიყო საქართველოში და გაეთავისუფლებინა თავისი სამშობლო, მაგრამ ვერ განახორციელა. ამ სკოლის ახალგაზრდებისთვის ამილახვარი არის სიმამაცის, გმირობისა და თავდადების სიმბოლო. კაცი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი შეუდარებელი საბრძოლო ტაქტიკით, რომელსაც დღესაც ასწავლიან ახალგაზრდა ოფიცრებს".

თქვენი ნებართვით, მოვიყვან უცხოეთის ლეგიონის ამჟამინდელი უფროსის, გენერალ ლუი დე შამპფლერის დახასიათებასაც: "უცხოელთა შორის, ვინც თავი გასწირა საფრანგეთისთვის, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველ თავად ამილახვარს, რომელიც, როგორც ვიცი, თქვენთანაც ძალიან პოპულარულია. იგი ჩვენთვის განსაკუთრებული პიროვნებაა, რადგან მაშინ ემსახურებოდა და იცავდა საფრანგეთს, როცა მას ყველაზე მეტად უჭირდა. გერმანელებმა დაიპყრეს საფრანგეთი და მხოლოდ ერთი მუჭა გმირები, გენერალ დე გოლის მეთაურობით, აგრძელებდნენ ბრძოლას. მათ შორის იყვნენ ლეგიონერები, რომელთაც დიმიტრი ამილახვარი მეთაურობდა. საფრანგეთი ყოველთვის მადლიერია იმ უცხოელებისა, რომლებიც მას იცავდნენ ძნელბედობის ჟამს. სწორედ ამიტომ პოლკოვნიკ ამილახვარს საპატიო ადგილი უკავია ლეგიონერებს შორის".


- საფრანგეთში ყოფნის დროს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით გენერლების ყურადღებას, ალბათ მიაქციეთ ყურადღება იმ ცოცხალ კადრებს, როდესაც ბრძოლის ველზე დე გოლი ამილახვარს აჯილდოებს. ეს კადრები ნორვეგიის კინოარქივის მასალებიდან ფრანგებმა სრულიად უსასყიდლოდ გამოგვაყენებინეს ამ ფილმში, თანაც გვითხრეს, ეს კადრები თქვენ გარდა არავის გამოუყენებია, თქვენ გაძლევთ პირველად ამის უფლებასო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ეღირებოდა ამ უნიკალური საბრძოლო კადრების გამოყენების თუნდაც ერთი წუთი, ჩვენ ამას ვერაფრით შევწვდებოდით.

ყველა ობიექტზე, სადაც კი გადაღებები გვქონდა, ჩვენთან მოდიოდნენ მაღალჩინოსანი სამხედროები და გვეპატიჟებოდნენ სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე - თქვენ ამილახვრის სამშობლოდან ხართ ჩამოსული და აუცილებად უნდა დაგვეწვიოთო. აი, ასე გვეფერებოდნენ.

საფრანგეთის სამხედრო ატაშემ საქართველოში, დანიელ შამბონმა და საფრანგეთის საელჩომ ძალიან ბევრი გააკეთეს ამ ფილმისთვის, რის გამოც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ.

- თუ იყო ისეთი რამ, რაც კადრში არ მოხვდა, მაგრამ მაინც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

- მუზეუმში დიმიტრი ამილახვრის ის ჭურვი და ტყვიით გახვრეტილი ქუდიც დევს, რომელიც მას სიკვდილამდე ეხურა. მისი ქამარი, პირადი ნივთები, ტანსაცმელი, სამხედრო ფორმა, ფეხსაცმელი, ყველაფერი გამოფენილია მუზეუმში. როდესაც იქ ჩავედით, საჩუქრად წმინდა გიორგის მოოქრული ხატი ჩავიტანეთ და ქალბატონმა ნონამ უთხრა გენერალს: წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია და თუ შეიძლება, იქ დაასვენოთ, სადაც დიმიტრი ამილახვრის ნივთებიაო. გენერალმა იქვე უხმო ადიუტანტს და თან დაამატა: თქვენი საჩუქარი ამიერიდან ამილახვრის ნივთებთან ერთად დაიდებს ბინას. თან დაეწერება, რომ ეს ხატი მისი ისტორიული სამშობლოდან არისო. ამან ძალიან გაგვახარა, თუმცა ფილმში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

- კარგია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ახერხებთ ასეთი ფილმების გადაღებას.

- სამწუხაროდ, დოკუმენტური ფილმები არავის აინტერესებს, არადა, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. როდესაც მტერი საქართველოს შემოესეოდა ხოლმე, პირველ რიგში, ვაზს ჩეხდა, როგორც ქრისტიანობის სიმბოლოს და მემატიანეებს კლავდა, რათა ქართველების გონებიდან მათი წარსული ამოეშალა. ჩვენც ხომ მემატიანეები ვართ, ოღონდ ხელთ ბატის ფრთის ნაცვლად კინოკამერა გვიკავია და მომავალ თაობას ვუნახავთ ერის წარსულს.

 

KARIBCHE

ფილმის გადაღების პროცესი


დიმიტრი ამილახვრის მშობლიურ ქალაქ გორში ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. ამასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამობრძანდნენ ფრანგი გენერლები და დიმიტრი ამილახვრის ქალიშვილი თამარ ამილახვარი-კინსკი. ეს მოვლენა ფილმის ფინალში მოხვდა ფრანგი პოეტის, მორის როსტანის დიმიტრი ამილახვრისადმი მიძღვნილ ლექსთან ერთად.

- მადლობას მოგახსენებთ, მინდა ჩვენი საუბარი ფრანგი პოეტის ამ ლექსით დავასრულოთ.

ლეგენდად ქცევა სინამდვილეს დროდადრო შვენის,
დღევ უფერულო, უკვდავება თურმე გელოდა,
უგრძესად იქცა უმოკლესი სიცოცხლე შენი,
თავადიშვილო, იმ შორეულ საქართველოდან.
მოგკლეს და მაინც ეს სიკვდილი სიკვდილს არა ჰგავს,
აღარ დასცალდათ შენი სულის გვემა ტიალებს,
შენი გმირობა რადგან უკვე იქცა არაკად,
შენზე სათქმელი რაღა რჩება მემატიანეს?
პატარა ჯვარი, უდაბნოში ზეცის კარებთან,
შუბლზე კი ორი ნატყვიარი დაგრჩა იარად,
გმირობისათვის ერთი ტყვიაც ხომ იკმარებდა,
მაშ, ეს სიცოცხლე სიკვდილს ორჯერ რად ეზიარა?
შენ ორი ტყვიით ორჯერ მოგკლეს, კაცო ნათელო,
რომ შესწირვოდი შენს საფრანგეთს, შენს საქართველოს.

ნიკოლა სარკოზი:
"საქართველოსა და საფრანგეთს შორის ბრძოლის ველზეც დამყარდა სისხლით ნათესაური კავშირი. კენევის ბრძოლისა და სირიის სამხედრო მოქმედების ვეტერანი ქართველი დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთისათვის 1942 წელს გმირულად დაეცა ლიბიაში. იგი დღესაც რჩება უცხოური ლეგიონის ლეგენდარულ ფიგურად, ერთ-ერთ იმ მებრძოლად, რომელსაც საფრანგეთის სიამაყე უწოდეს".

თბილისი, 2011 წლის 7 ოქტომბერი.
ბეჭდვა
1კ1