ნაკვესები
ნაკვესები
მეფე ერეკლეს ძლიერ უყვარდა კარგი იარაღი და შეტყობაც კარგად იცოდა იარაღისა. ერთხელ მეფეს აჩვენეს ვიღაცა თუშის ხმალი.

- ეს ხმალი ერთ სოფლად ეღირებოდა, ცოტა მოკლე რომ არ იყოსო, - ბრძანა მეფემ.

- ბატონო, ცოტათი ფეხს წინ წავდგამ და ისევ ერთ სოფლად ეღირებაო, - მოახსენა თავმოწონებით ერთმა თავადმა.

მეფე მიუბრუნდა კადნიერს თავადს და უბრძანა:

- როგორ არ იცი, რომ გაცხარებულ ომში ფეხის წინ წადგმა ერთ სოფლად კი არა, ბევრის-ბევრად ჰღირსო.
"ივერია", 1886წ.

***
ერთმა რუსეთიდამ ახლად გადმოსულმა ყმაწვილმა კაცმა თავის ნათესავს ბარათით "სიბრძნე სიცრუის" წიგნი სთხოვა.

ნათესავმა გამოუგზავნა წიგნი და ხუმრობით მოსწერა: - სიბრძნეს ხომ იქ ისწავლიდიო, სიცრუეც აქ ისწავლეო და სავსე სწავლა გექნებაო.
"ივერია", 1886წ.

***
აკაკი ერთს სადილზე იყო მიწვეული. ვიღაცამ იკითხა: თეთრი ღვინო სჯობს თუ წითელიო.

პოეტი თეთრ ღვინოს სვამდა, მაგრამ პასუხის საგებლად წითელიც დაისხა, არ მოეწონა და თქვა: - სადილობამდის ეს ღვინოც თეთრი ყოფილა, მაგრამ სირცხვილით ეხლა გაწითლებულაო.
"ივერია", 1887წ.

***
გურიის ეპისკოპოსს ჰხლებია მგალობლად წეროძე. ისეთი ტრფიალი ყოფილა თავის გალობისა, რომ საცა უნდა ყოფილიყო და რაზედაც უნდა ელაპარაკნა, წეროძეს ენაზე სულ მოძახილი, მაღალი და დაბალი ბანი მოადგებოდა ხოლმე. ერთხელ ეს მგალობელი დაიბარეს სასამართლოში, საცა თავის დღეში არ ყოფილიყო. როცა რიგი იმაზედ მოდგა, მოსამართლემ ჰკითხა: - შენ რას იტყვიო?

- თუ პირველს ხმას თქვენა ბრძანებთ, მე მოძახილს მოგახსენებთ, თუ არადა ბანს ვიტყვიო.
"ივერია", 1887წ.

***
ერთი თავადიშვილი ძალიან სტუმრისა და ქეიფის მოყვარული კაცი იყო. რა თქმა უნდა, ხარჯიც უზომო იცოდა. ძალიან სწუხდა ხოლმე, როცა სასესხებლად ფულს ვერა შოულობდა სახარჯოდ.

- რა დაწყევლილი დრო მოვიდა, - უთხრა ერთხელ თავის მოურავს, - ძველად კაცს შეეძლო თურმე ერთი ბეწვი ულვაშისა დაეგირავებინა და ფული ეშოვნა და ეხლა კი ვექსილითაც აღარავინ გვენდობაო.

- მადლობა ღმერთს, რომ ძველი დრო აღარ არის, თორემ აღარც ულვაში შეგრჩებოდათ და აღარც წვერიო, - უპასუხა მოურავმა.
"ივერია", 1889წ.

***
ერთხელ ჩვენს სახელოვან პოეტს თ. ალექსანდრე ჭავჭავაძეს სწვეოდა წინანდალს ქალაქიდამ ნაცნობი სოვდაგარი. სადილზედ სტუმრისათვის თავისის ზვრის თავი ღვინო დაელევნებინა. სიკეთეს ღვინისას აღტაცებაში მოეყვანა სოვდაგარი, ვეღარ მოეთმინა და სიამოვნებით წამოეძახნა, როცა მთელი ჭიქა გადაეყლაპა:

- უჰ, ცხონებაა, სწორედ ცხონება, - და გადისო თურმე გულზედ ხელი.

- შენ ეგრე სთქვი და ფასი კი არა აქვს რიგიანი, - უპასუხა თურმე თ. ალ. ჭავჭავაძემ.

- ვა! განა ამასაცა ჰყიდით?

- მაშ!

- კნიაზჯან, ამას რომ ჰყიდით, სხვა უკეთესი რაღა გრჩებათ სახლშიო.
"ივერია", 1886წ.

***
ერთს თავადიშვილს, რომელსაც, ცოტა არ იყოს, ყურთ აკლდა, ძალიან უყვარდა ქეიფი და მხიარულად დროს გატარება. სტუმარს რომ დაინახავდა, ცას დაეწეოდა ხოლმე სიხარულით. გულუხვი მასპინძელი არაფერს არა ზოგავდა, ოღონდაც კი სტუმრებს კარგად დაჰხვედროდა.

- ბატონო, ლხინი და დროს გატარება კარგია, - უთხრეს ერთხელ ამ თავადიშვილს, მაგრამ არც ის იქნება, რომ შვილებზედ არ იზრუნოთო. თუ შვილებს ცოტაოდენი მაინც არა დაუტოვეთ რა და სულ ქეიფში და დროს გატარებაში გაჰფანტეთ თქვენი ქონება, მერე სიკვდილის შემდეგ გინებას დაგიწყებენო.

- შე დალოცვილო, - თქვა თურმე პასუხად მხიარულმა თავადიშვილმა, - ცოცხალი ვარ და სულ არა მეყურება და, როცა მოვკვდები, რაღას გავიგებ, რამდენიც უნდა, მაგინონო!
"ივერია", 1889წ.

***
ერთმა ჯიბგირმა მდიდარს ვაჭარს ჯიბეში ხელი ჩაუყო და კარგა ხანს ურია შიგ. ვაჭარს არა ეგულებოდა რა ჯიბეში და ყური მოიყრუა. როცა მოთმინებიდან გამოვიდა, გაუჯავრდა ჯიბგირს:

- შე უსინდისო, ჰხედავ, არაფერია, აღარ ამოიღებ ხელსა?

- უსინდისო შენა ხარ, გამოჩენილ ვაჭარს გეძახიან და ჯიბეში კი არა გაქვს რაო, - უპასუხა ჯიბგირმა.
"ივერია", 1886 წ.
ბეჭდვა
1კ1