ბერშუეთი-საზღვრისპირა სოფელი
ბერშუეთი-საზღვრისპირა სოფელი
აქეთ ხალხი დარჩა, საფლავები კი იქით
ბერშუეთი გორის რაიონის სოფელია, რომელიც მხოლოდ წარსულის ტკბილი მოგონებებით ცხოვრობს... დღევანდელობით კი საამაყო არაფერი შემორჩათ... ბერშუეთში დეკანოზი პეტრე ტიტვინიძის დახმარებით მივედი. მამა პეტრეს გორის რაიონის რამდენიმე სოფელთა შორის ბერშუეთშიც აბარია. გზად მიმავალნი ბერშუეთის გარშემო სოფლებს თვალსაჩინოდ ვხედავთ, რომელთაც საქართველო-რუსეთის საზღვარი ჰყოფს. სოფლები: ხურვალეთი, ღდულეთი წინა აგარა, დღეს უკვე საქართველოს საზღვრების იქით, რუსეთის საზღვრებში მოექცა. ოდითგანვე ქართველებით დასახლებულ სოფლებში ქართველობის კვალი თანდათან იშლება. საწუხაროდ, ისტორიული სამების ტაძარი საზღვრის იქითა მხარეს აღმოჩნდა, ისევე როგორც ქართველთა საფლავებიც... მართლაცდა, ღვთის ანაბარად დარჩენილა სალოცავიც და მიცვალებულთა საფლავებიც... აქ კონტროლირებადია ყველა და ყველაფერი...

სოფელში ერთი ასაკოვანი გრიშა ბიძია გვარად კვიწინაძედაგვხვდა... ტაძრის ეზოში იჯდა და მზეს ეჩრდილებოდა, თან სოფლის საქმეებისგან დაღლილი მცირე ხნით ისვენებდა... მთავარანგელოზის ტაძრის გვერდით კოშკი დგას... სოფლის მცირე წარსული გაიხსენა გრიშა ბიძიამ... ხელით მიმითითა:-ამ მთას ხომ ხედავ, მინდვრებს. ეს უკვე რუსეთის საზღვრებშიაო. ამ მთების ერთ მხარეს ჩვენი საძოვრებია. საქონელი ამ მიდამოებში გვყავს გაშვებული. საკამრისია ერთი ნაბიჯი გადადგა და მაშინვე დაგავკავებენო. ვინ იცის რამდენი ასეთი ფაქტი მომხდარი... შიშით ვცხორობთ. საკავებულებს ჯარიმას ვხდევინებენ და ისევ უკან აბრუნებენ...

-ბერშუეთი, საიდან მოდის სოფლის სახელი? -ვეკითხები გრიშა ბიძიას.

-უწინ ამ სოფელში ბერები ცხოვრობდნენ და სახელიც აქედან მიიღო. გორამდის 20 კილომეტრია. გვერდზე, იქით უკვე,-ხელს პირდაპირ უშვერს ოსების სოფლები იწყება:-ხურვალეთი, ღდულეთი, წინაგარა. ყველაზე დიდი სოფელი წინაგარაა. ჩვენი იყო ეს სოფლები, მაგრამ ახლა სოფლის თავზე ვეღარ გავსულვართ. სალოცავში ვეღარ მივსულვართ. ახლა რუსებმა დაიკავეს. აქადან თვალითა სჩანს უკვე სად გადმოიტანეს საზღვარი. ყოველდღე მიჰყავთ ჩვენი ხალხი, ჯარიმას გადაახდევინებენ და მერე უშვებენ. სოფლის თავზე, ცოტა იქით დააკავებენ და ვითომ იმათია, თითქოს საზღვარი გადალახა. ვისია ის საზღვარი?

KARIBCHE
მამა პეტრე და ბატონი გრიშა

-საზღვარი გავლებულია?

-აქ არ არის გავლებული, ნიშნები დაარჭვეს. იქით არის გაბმული მავთულხლართები. ასე სულ დაიჩემეს ნელ-ნელა ტერიტორია. ტყეში ვეღარ წავსულვართ. ჩვენი სოფლის შემოსავლის წყარო ტყე იყო. მე თვითომ მომიჭრია ფიჩხი და გამიყიდია. ოჯახში ორი კაპიკი მიმიტანია. ახლა ჩვენთვისაც ვეღარ მივდივართ, ოჯახისთვის ვეღარაფერს ვიყენებთ. ამოდენა ტყეები ოსებმა და რუსებმა დაიჩემეს.

-ქართველები აღარ ცხოვრობენ?

-აღარავინ, აბა... სულ წამოვიდნენ. მოხუცებიღა არიან. მეც რამდენი წელია აღარ გადავსულვარ. ახალგაზრდობა ყველა წავიდა, გაიხიკა. ასეთი გაჭირვებაა სოფელში.

-ისინი თუ გადმოდიან აქეთ მხარეს?

-ისინი უფრო გადმოდიან. ჩვენ არაფერს ვუშავებთ, მაგრამ რუსები ძალაობენ.

KARIBCHE
მთავარანგელოზის ტაძარი

-სალოცავები ბევრი გაქვთ?

-როგორ, არა. ეს მთავარანგელოზია. სამება არის აქვე ახლოს, იქით ღვთისმშობელი გვქონდა. საქონელი ვეღარსად გაგვიდის. შემცირდა ყველაფერი. ასი სული თუ იყო სოფელში, ახლა 30 ღაა. ასეთი რთული პერიოდია. მთავარანგელოზის ტაძარი მოქმედი არ არის. ისე შევდივართ ხოლმე და სანთლებს ვანთებთ. მოძღვარი მამა პეტრე გვყავს ტიტვინიძე. სამების ტაძარი საზღვრებს იქით მოექცა. იქ ვეღარ დავდივართ.

-სოფელში რითი ცხოვრობთ?

-ვშრომობთ, მიწის ნაკვეთები გვაქვს. ისიც წყალი არ არის. გასულ წელს ვერაფერი მოსავალი მივიღეთ. თუ არ მოვრწყეთ ხე თუ ნარგავი მოსავალი არ მოვა. კომუნისტებს რომ აკრიტიკებენ კომუნისტების დროს სულ სავსე იყო წყალი, ზამთარ-ზაფხულ მოდიოდა. ადიოდა აგერ, დარბაზევის ტბა არის მთაზე. მხურვალეთიდან იქაჩებოდა და გარშემო მთებს ხომ ხედავთ, გასარწყავებული იყო. წართმეული ტერიტორიაა. სასფალოებიც მიითვისეს. საკუთარ მიცვალებულებთან რომ მივიდნენ იმის საშუალება არ აქვს ხალხს. აქეთ ხალხი დარჩა, საფლავები იქით დარჩა. მთავრობაა, ესა?

KARIBCHE
მთის ფერდობზე რუსული მწვანე "სასაზღვრე" ბანერი მოჩანს

-ახალგაზრდები არიან სოფელში?

-ასი თუ იყო ათიღაა. წინათ საღამოთი იკრიბებოდნენ და დიდი ლხინი ჰქოდათ. ერთი თავმჯდომარე გვყავდა, დაიძნეთო,-გვეუბნებოდა. მინდორში კარგად ვერ იმუშავებთო. ლხინსაცკი უშლიდა გაჭირვებულ ხალხს.

-რას ისურვებდით...

-ხალხისთვის არვინ ზრუნავს. სიკეთეს ვისურვებდი. მშვიდობასა. ადგილ-მამულების დაბრუნებას. კარგად ბრძანდებოდეთ, კეთილი მგზავრობა.

KARIBCHE
რუსული ანძა
ბეჭდვა
1კ1