მორჩილების მასწავლებელი
დეკანოზი სერაფიმე დანელიას მოგონებებიდან:
,,ჩვენს პრაგმატულ დროში ადამიანები იშვიათად თუ მიმართავენ წმინდანებთან ცოცხალ ურთიერთობას. არადა, თურმე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ვითარებაშიც კი არის შესაძლებელი ასეთი უთიერთობის დამყარება...

- მაშინ, როცა ჯერ კიდევ ერისკაცი, წვრილშვილით მარტვილის მონასტრის მახლობლად დავსახლდი, საჭიროების გამო (პატარა ბაბალეს რძე რომ ჰქონოდა) თხა ვიყიდეთ; თხა, მაგრამ რა თხა: მარათონელი და სიმაღლეზე ხტუნვაში ჩემპიონი, ჩემი ნერვების მწელავი და ამის საფასურად მხოლოდ ორი ჭიქა რძის მწყალობელი...

ერთხელ ერთმა მეგობარმა, რომელსაც ახალი დაწყებული ჰქონდა ეკლესიაში სიარული, ჩემს გაჭირვებაში რომ დამინახა გაკვირვებულმა მკითხა: ,,რას აკვლევინებ თავს ამ თხასო"
გავუღიმე და ვუპასუხე : -,, მორჩილებას ვსწავლობ და ამიტომაც ვერ ვიმეტებ მეთქი"
,, - დიდება შენდა ღმერთო" - ხელები აღაპყრო მეგობარმა ,, - მე ადამიანებისგან ვერ ვსწავლობ მორჩილებას, ეს კი თხისაგან სწავლობსო"...

ჰოდა, ერთხელაც ამ ჩემმა ,,მორჩილების მასწავლებელმა" დაკრა ფეხი და სადღაც გადაიკარგა. ეს რომ გავიგე, გული გადამიქანდა და დილიდან შევუდექი ჩვენი ოჯახის ერთადერთი ,,მარჩენალის" ძებნა-ძიებას.

შემოვიარე მონასტრის მთელი შემოგარენი, ყანები, ტყეები, მაგრამ უშედეგოდ.
მზე უკვე ჩადიოდა, როცა ჩემს დუხჭირ ცხოვრებაზე და უიღბლობაზე მწარედ ჩაფიქრებული სახლში ვბრუნდებოდი. გზად მონასტრის ეზო უნდა გამევლო. ტაძარს რომ გავუსწორდი, გამახსენდა შინაური ცხოველების დაკარგვისას ჩვენი წინაპრები წმ. გიორგის რომ ევედრებოდნენ და რომ იტყვიან, მართლა შევღაღადე: ,, - ხომ ამბობენ შენზე სასწაულებს სჩადისო, აი ხომ ხედავ როგორი დამწუხრებული ვარ, ქენი სიკეთე და მეც მიჩვენე შენი სასწაული-მეთქი".

იმ დროს ყველაფერი შეიძლება მეფიქრა... მეფიქრა, რომ უფალი შეისმენდა ჩემს ლოცვას, რომ ყველაფერი რაღაც გზით გამოსწორდებოდა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი იმას, რაც ამ ლოცვიდან ორ წუთში დავინახე: - მონასტრის ჭიშკარზე გამობმული და ალბათ იმ წუთას ჩემს მგავსად გაკვირვებული თხა...

ვხედავ, ბაწარი, რომელიც ყელზე ეკეთა, მონასტრის ჭიშკრის ღიობშია გაჭედილი...
იმ წუთას, ვინმეს ათასი საწინააღმდეგო არგუმენტი და მიზეზი რომ ჩამოეთვალა, ვერაფრით დამარწმუნებდა, რომ ეს თითქოსდა საგანგებოდ დაბმული თხა წმ. გიორგის წყალობა არ იყო..."
წიგნიდან ,,მომეფერე უფალო"

მის მადლს ებარებოდეთ!
ბეჭდვა
1კ1