ეზოში დაბალ სკამზე დაჯდა და აღარ ამდგარა
ეზოში დაბალ სკამზე დაჯდა და აღარ ამდგარა
მჯდომარე ანასტასია
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მჯდომარე ანასტასიას შესახებ გვიყვება: - ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს შევხვედრივარ, რომლებიც მუდმივი სასწაულის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ , მათთვის თითქოს არ არსებობდა ფიზიკის კანონები, ადამიანის სხეულის უძლურება, ვნებები, რომლებიც სულს აზიანებს, თითქოს მათთვის არ არსებობდა თვით მიზიდულობის ძალა. ასეთი იყო მჯდომარე ანასტასია. ის ხალხს იგავებით და გამოცანებით ესაუბრებოდა, მაგრამ მისი ნათქვამი ყოველთვის სრულდებოდა. მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა ისევე, როგორც ძველი მესვეტეებისა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ალბათ გულში ეჭვი შემეპარებოდა. არ ვიცი, როგორ ლოცულობდა, დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვი ეზიარებოდა თუ არა, მე მხოლოდ იმის გადმოცემა შემიძლია, რაც თავად მინახავს, ან იმათგან მსმენია, ვისაც ვენდობოდი. ასეთი იყო, მაგალითად, იღუმენია მარიამი (სოლოვიოვა), რომელიც სოფელ ახკერპში ცხოვრობდა რამდენიმე მონაზონთან ერთად. მათი მონასტრის დახურვის შემდეგ იგი ამბობდა: - ანასტასიას ნათქვამი ყოველთვის სრულდებაო.

ეს საოცარი მოღვაწე რამდენიმე ათეული წელი აუდგომლად იჯდა თავისი სახლის ეზოში, გადახურულის ქვეშ, ზამთარში მხოლოდ გრძელ შალის მოსასხამს იფარებდა. ძალზე ცოტა ეძინა, ძირითადად, დილით, მუხლებში თავჩაგრულს. თითქმის ყოველთვის ხალხი ეხვია. ზოგს განსაკუთრებით ალერსიანად იღებდა და თავისი ხელით აჭმევდა, ზოგს კი ლანძღავდა, ქვებს ესროდა. გამუდმებით ესაუბრებოდა ჩვენი თვალისთვის უხილავ სამყაროში გარდასულთ. ამბობდნენ, დედა ადრე გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა, რომელსაც გერი სილამაზის გამო სძულდაო. ერთხელ ანასტასია გვარდიის ოფიცერს დაუნახავს და მისი ცოლად შერთვა განუზრახავს. როგორც ჩანს, ანასტასიამ თანხმობით უპასუხა. დედინაცვალი ათასნაირი საბაბით აჭიანურებდა ქორწინებას. ბოლოს შინ ჩაკეტა გოგონა და სასიძოს გამოუცხადა, - ანასტასია გაგიჟდა, გაკოჭეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. მისი განკურნება შეუძლებელიაო.

ამ ამბავმა ისეთი თავზარი დასცა ოფიცერს, რომ მან იქვე რევოლვერით მოიკლა თავი. ანასტასიამ საქმრო მკვდარი იხილა და იმ წუთიდან დაიწყო მისი სალოსობა. საღორეში დაემკვიდრა და სალაფავით იკვებებოდა. გავიდა დრო და უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: ეზოში დაბალ სკამზე დაჯდა და აღარ ამდგარა. როცა ოდნავ წამოწევა იყო საჭირო, ორ ქვას ეყრდნობოდა ხელებით, მაგრამ ფეხზე არასდროს დგებოდა. გავიდა ათეულობით წელი. ფეხები მუხლებს ქვემოთ თითქოს ერთმანეთს შეეზარდა და განძრევა აღარ შეეძლო. ასეთი ღვაწლი მესვეტეობაზე ძნელია, რადგან მესვეტეს სვეტის თავზე პატარა ფართობზე მაინც შეეძლო სიარული, შეეძლო ძილი მოაჯირზე დაყრდნობილს, ხანდახან შიგა ოთახში შესვლა. გარდა ამისა, მესვეტეები უამრავ მეტანიას აკეთებენ. ანასტასია კი თითქმის გაუნძრევლად იჯდა და, წესით, პირველსავე ზამთარს უნდა გაყინულიყო, მაგრამ მასზე, როგორც ქვის ქანდაკებაზე, თითქოს არ მოქმედებდა არც ქარი და არც თოვლი.

იღუმენია მარიამი ერთხელ თავის ნათესავ ქალთან ერთად მივიდა ანასტასიასთან. ანასტასიამ უხმოდ მოხსნა ჯვარი ქალს და იღუმენიას ჩამოჰკიდა. ასე გაიმეორა სამჯერ. მალე ამ ქალმა უდიდესი ტკივილი მიაყენა იღუმენია მარიამს...

ერთმა ჩემმა ნაცნობმა ლოვა სააკიანმა, რომელიც ახლა ერევანში ცხოვრობს და უცხო ენათა ინსტიტუტში ასწავლის ფილოსოფიას, როცა ანასტასიას ამბავი შეიტყო, გადაწყვიტა, ენახა იგი და ათი მანეთი სთხოვა დედას, რათა საჩუქარი ეყიდა. მათ ოჯახს მაშინ ძალიან უჭირდა. დედამ უარი უთხრა, მაგრამ შვილმა არ დაიშალა და თვალცრემლიანმა დედამ მისცა. ცოტა რამ გავიგე ანასტასიას ნათქვამიდან, მაგრამ ხმა ჰქონდა ისეთი ალერსიანი და გულში ჩამწვდომი, რომ გული გამითბოო, - მიამბობდა. წამოსვლისას ფულის დატოვება უნდოდა, მაგრამ ანასტასიამ უთხრა: "უკან წაიღე, თორემ ამ ფულის გამო ჩხუბი მოგივა".

მე რამდენჯერმე ვიყავი ანასტასიასთან და ახლა ძალზე ვნანობ, რომ უფრო ხშირად ვერ ვახერხებდი სიარულს. ერთხელ დედაჩემი მძიმედ გახდა ავად. ანასტასიასთან წავედი, მოვუყევი ჩემი სატკივარი და ვთხოვე, ელოცა დედაჩემისთვის. მან ვაშლი მომცა: "აი, ეს შეჭამოს". შინ გამოვბრუნდი. გულში წინასწარ ვხარობდი. სასწაულს მოველოდი და მოხდა კიდეც!Dდედა იმავე დღეს გამოჯანმრთელდა, როგორც კი ვაშლი ჭამა.

ერთხელ ვკითხე ანასტასიას: - როგორ ვცხოვნდე-მეთქი. მიპასუხა: "ათონზე". მაშინ ათონზე გზა ჩაკეტილი იყო და ისევ ვკითხე: ვცხოვნდები თუ არა, თუ ათონზე ვერ მოვხვდი-მეთქი. არ ვიციო.

და აი, დადგა დრო, როცა ანასტასიას თითქოს იგავად ნათქვამი ასრულდა. არქიმანდრიტმა ზინობიმ (შემდგომში მიტროპოლიტმა) მითხრა, პატრიარქს შენი მღვდლად კურთხევა და ლაგოდეხის ეკლესიაში გაგზავნა სურსო და მკითხა, - რომელ გზას აირჩევ, თეთრი თუ შავი სამღვდელოებისასო. ანასტასიასთან მივედი. ის ამ სიტყვებით შემეგება: "სამი დღის შემდეგ დიდ აბაზანაში განიბანები". ბერად აღკვეცის შემდეგ ისევ ვეწვიე ანასტასიას.Dდილა იყო. მოსასხამში გახვეული იჯდა. სახელი დავუძახე. არ მიპასუხა. ვუთხარი, - ბერად აღვიკვეცე და ახლა როგორ ვიცხოვრო-მეთქი. პასუხად დუმილი მივიღე. დიდხანს ვიდექი მის გვერდით, ის კი, ჭუპრივით თავის შავ შალის მოსასხამში გახვეული, დუმდა, არც კი განძრეულა. გავიფიქრე: აი, პასუხიც - "ასეთი იყავი ამ სოფლისათვის". და თუUეს იყო განდეგილის კურთხევა, მე იგი ვერ შევასრულე და დღემდე გამუდმებით უკეთესს უარესზე ვცვლი.

თითქმის ყველა, ვინც ანასტასიასთან ყოფილა, მოგითხრობდათ, როგორ სრულდებოდა მისი წინასწარმეტყველური სიტყვები. ამბობდნენ, რომ მასთან რამდენიმეჯერ მისულა პატრიარქი მელქისედეკი. პატრიარქი თავად იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, მიტროპოლიტი ზინობი ამბობდა, - სოფელმა ვერ გაუგო მასო.

თურმე განსაკუთრებით ბევრი ხალხი აკითხავდა ანასტასიას ომის დროს ახლობლების ბედის შესატყობად. თუ ის მიწას გაუწვდიდა - ეს ნიშნავდა, რომ ადამიანი მოკლული იყო. იყო შემთხვევები, როცა ანასტასია მარხვაში ხორცს გაუწვდიდა მნახველს. ეს უხერხულობაში აგდებდა ზოგიერთს, მაგრამ ის მიგვანიშნებდა, თუ როგორ ვმარხულობდით სინამდვილეში და რა მდგომარეობაში იყო ჩვენი გული.

ანასტასიას ეზოში შესული თითქოს ერთი სამყაროდან მეორე, მისთვის უცნობ, სამყაროში ხვდებოდა.Aამბობენ, როცა და ავად გაუხდა, ანასტასიამ ჩარდახიდან გამოაყვანინა თავი, ღია ცის ქვეშ ლოცულობდა ოთხი თვე: "დას გზა უნდა მოვუმზადოო".

***
მე სოხუმის ეპარქიაში გავემგზავრე და როცა თბილისში დავბრუნდი, მითხრეს, - ანასტასია გარდაიცვალა და ზემო კუკიის სასაფლაოზე დაკრძალესო. დიდხანს ვერ გავიგე, სად იყო საფლავი. ბოლოს წმინდა მიქაელ ტვერელის ტაძრის მრევლმა ვერამ ითავა ადგილის ჩვენება. ხატმწერ ვიქტორ კრივოროტოვთან ერთად ავედი სასაფლაოზე. ვერა გზას მიიკვლევდა საფლავებს შორის. ვიქტორს ვთხოვე გზა დაეხატა. მითხრა, კარგი მხედველობითი მეხსიერება მაქვსო. მივადექით საფლავს, რომელზედაც ჯვარი იყო აღმართული და ისეთივე გრძნობა მქონდა, როგორიც მრავალი წლის წინათ ანასტასიას ეზოში. გარე სამყარო თითქოს დამავიწყდა. წარსული აწმყოდ იქცა, აწმყო კი წარსულად.Aარაფერზე ვფიქრობდი და არაფერს ვთხოვდი, ვგრძნობდი მის სიახლოვეს და ცრემლი მომდიოდა, ვიქტორი და ვერა, ჩემთვის ხელი რომ არ შეეშალათ, უხმოდ განზე გადგნენ. მადლიერი ვარ მათი ამ წუთებისთვის. უკან სიხარულისა და მწუხარების ნარევი გრძნობით ვბრუნდებოდი: სიხარულისა - შეხვედრის, მწუხარებისა კი განშორების გამო.

KARIBCHEრამდენიმე თვის შემდეგ ვიქტორს ვთხოვე,Aანასტასიას საფლავზე წამომყოლოდა. სამწუხაროდ, გზა დამავიწყდაო. ვერა მეტად აღარ მინახავს. მრევლის რამდენიმე მოხუცმა წევრმა, რომლებიც ანასტასიას იცნობდნენ, მითხრა, აღარ გვახსოვს მისი საფლავიო...

წელი წელს მისდევს, სიკვდილი უახლოვდება ადამიანს, როგორც მგზავრს მგლების ხროვა, რომლებიც თავიდან დიდ წრეებს არტყამენ მას, შემდეგ უფრო პატარას, ბოლოს წრე იკვრება, ისინი მსხვერპლს უახლოვდებიან, და აი, ბოლოს სასიკვდილო ნახტომიც. არ ვიცი, ვიპოვი თუ ვერა ანასტასიას საფლავს, მაგრამ ვიცი, ადრე თუ გვიან ვიპოვი საკუთარს და მაშინ ვიხილავ მას მიცვალებულთა აღდგომის დღეს.

ვიმეორებ რომ, ფაქტებს გადმოგცემთ ყოველგვარი საკუთარი ინტერპრეტაციის გარეშე. ჩემთვის არაფერია ცნობილი მისი შინაგანი ცხოვრებისა თუ ეკლესიურობის შესახებ, ამიტომ არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ვამოწმებ.

მახსენდება, რომ ანასტასიას ლითონზე დაწერილი იშვიათი ხატი ჰქონდა, რომელიც ღვთისმშობლის რამდენიმე გამოსახულებას მოიცავდა. "ხატს გამოსყიდვა უნდა!" - ამბობდა ის. შესაძლოა იმის შესახსენებლად, რომ შინ დაბრძანებული ხატი ლოცვას მოითხოვს, რომ ამ "სულიერი გამოსასყიდის" გარეშე ხატი ჩვენი უდებების მხილებად იქცევა მხოლოდ და ცხოვრების გზა ღვაწლის გზა უნდა იყოს.

***
მაგონდება ლოვა სააკიანის ანასტასიას შესახებ შთაბეჭდილების კიდევ ერთი დეტალი. მან ჰკითხა ანასტასიას: - როგორ მივაგნოთ ჭეშმარიტებასო. ფილოსოფოსისთვის ეს პროფესიული შეკითხვა იყო. პასუხი ძალზე მარტივი გახლდათ: "იცხოვრეთ ჭეშმარიტების მიხედვით და მიაგნებთ მას". ვფიქრობ, ეს საუკეთესო პასუხი იყო, მაგრამ ლოვამ განაგრძო კითხვები, მაშინ ანასტასიამ ჩვეული იგავის ენით დაიწყო საუბარი ცხოვრების წიგნზე, რომელიც ბიბლიოთეკაში უნდა გამოიწერო და ლოვამ ვერაფერი გაიგო, თუმცა მაინც გადაწყვიტა დაეჯერებინა მისთვის და უახლოეს ბიბლიოთეკას მიაშურა, რათა სიცოცხლის წიგნი მოეთხოვა. იქ ორი ქალიშვილი დახვდა, როგორც თავად თქვა, არცთუ ძალზე მეტყველი სახეებით და უკან გამობრუნდა ისე, რომ არაფერი უკითხავს.

სამწუხაროდ, ვფიქრობ,Aანასტასიას სიტყვები ამ შემთხვევაშიც გამართლდა. ჭეშმარიტების ძიება მან ბიბლიოთეკაში დაიწყო და შტაინერიზმმა გაიტაცა.

მინდა მისი თვალების შესახებაც მოგითხროთ. იმ რბილი შუქისგან განსხვავებით, რომელიც სქემმონაზონ გაბრიელის თვალებში მინახავს, ანასტასიას თვალები კაშკაშა სინათლეს ასხივებდა, ღამეულ ცას რომ ანათებს, მისი გამჭოლი მზერა შიშის მსგავს განცვიფრებას იწვევდა, როცა ადამიანი გრძნობს, რომ სულში ჩახედეს და მისი ცხოვრება, წარსული თუ მომავალი დაინახეს.

სიცოცხლის ბოლოს ანასტასიამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ზეადამიანური ღვაწლი. ქალები, რომლებიც მას ბანდნენ, ამბობდნენ, რომ ის ცარიელ კონსერვის ქილას დებდა თავის სკამზე და ისე ჯდებოდა; ბასრი კიდეები თითქმის ძვლამდე ეჭრებოდა სხეულში, მაგრამ ჭრილობა არ ჩირქდებოდა.

იწურება სიცოცხლის ჟამი. გავიდა ახალგაზრდობა, გაზაფხულივით გაიელვა ვნებათა ქარტეხილში, მაგრამ ნათელი დღეები იყო, როცა სული შეიგრძნობდა ბერული ცხოვრების მშვენიერებას და ტკბებოდა იდუმალ ყვავილთა კეთილსურნელებით. სიყრმე შეცდომებით და ცოდვებით, აღმაფრენითა და დაცემებითაა აღსავსე, მაგრამ სული ჯერ არ გაუხეშებულა და ცოდვას გულწრფელი სინანული ახლავს, რომელიც გულს სისხლიანი ცრემლებივით განბანს ცოდვის ჭუჭყისაგან.

მოწიფული ასაკი ზაფხულს ჰგავს, ეს მიწათმოქმედების დროა. ადამიანი უფრო ფხიზელი და წინდახედული ხდება, მაგრამ ერთ ვნებას მეორე ცვლის, ყმაწვილურ სიფიცხეს - გათვლა, ზრუნვა არაიმდენად მარადიულზე, რამდენადაც ხვალინდელ დღეზე, თითქოს ზეცა გვშორდება, მიწა კი უფრო და უფრო იკვეთება წყვდიადიდან. ცოდვები თითქოს კლებულობს, მაგრამ გულიც აღარ ინთება ძველებურად სინანულით.

შემდეგ - სიბერე, ცხოვრების შემოდგომა. ეს მწირი შემოდგომაა: გაზაფხულის ყვავილები უნაყოფოდ დაჭკნა და ურგები მიწათმოქმედი შიმშილობის მოახლოებას გრძნობს - მალე ზამთარი დადგება.

ჩემს გარშემო ხალხია, რომელსაც უკეთესად მივაჩნივარ, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ისინი კეთილგანწყობილნი არიან ჩემ მიმართ, რისთვისაც მადლიერი ვარ, მაგრამ მე უფრო გარდაცვლილებთან მსურს საუბარი, ვიდრე ცოცხლებთან, მათთან, რომლებიც ჩემზე ადრე წავიდნენ ამ წუთისოფლიდან მარადისობაში.
ბეჭდვა
1კ1