მე შინ დავბრუნდი და მგონია, რომ აქედან არც არასოდეს წავსულვარ
მე შინ დავბრუნდი და მგონია, რომ აქედან არც არასოდეს წავსულვარ
სხვა საქართველო
ფერეიდუნ-შაჰრიში, რომელსაც იქაური ქართველები მარტყოფს ეძახიან, გასული საუკუნის 60-იან წლებში რადიო ერთადერთი საშუალება იყო საქართველოს ამბების გასაგებად. ფერეიდნელები თავს იყრიდნენ იმის ოჯახში, ვისაც უკეთესი რადიომიმღები ჰქონდა და ისმენდნენ გადაცემებს ქართულ ენაზე. იმ პერიოდში საქართველოდან სპეციალური გადაცემები იგზავნებოდა უცხოეთში, კერძოდ, ირანში მცხოვრები ქართველებისთვის.

ქართული სიტყვის გაგონება გვიხაროდაო, - მიამბობდა ბატონი რეზო მიქელაძე, შესანიშნავი ადამიანი, საქართველოდან XVII საუკუნეში სპარსეთში ძალით გადასახლებული უძველესი ქართული ოჯახის შვილი, პატრიოტი, რომელიც 70-იან წლებში რამდენიმე ოჯახთან ერთად წამოვიდა ირანიდან და ცოლ-შვილით თბილისში დასახლდა.

დღესაც მინდა წარმოვიდგინო უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რომელთაც ფერეიდნელებივით უხარიათ ქართული სიტყვის გაგონება, აღიქვამენ ქართულ ლიტერატურას, მუსიკას, როგორც ახლობელსა და საიმედოს.

გასული საუკუნის შუა წლებთან შედარებით, ახლა კომუნიკაციების საოცარი მრავალფეროვნებაა და ნოვაციებიც არის უსაზღვრო, თუმცა შესაძლოა იპოვო ნიშა, რომელიც გამორჩეული იქნება და საყურადღებო.

რადიოპროექტი "ემიგრაციის გზები" უკვე ერთი წელია, საზოგადოებრივი რადიოს ეთერშია ტალღაზე FM-102.4. მისი სლოგანი გახდა ფრაზა "საზოგადოებრივი რადიო - ემიგრანტების შეხვედრის ადგილი".

გადაცემის ავტორია ნანა ლომიძე; ხმის რეჟისორები: თინათინ ასამბაძე, ნინო ჩაჩანიძე, ანა გეგენავა, მიხეილ კოჩაძე; წამყვანი ია მახარაძე; მიმართულების პროდიუსერი ნათია არველაძე.

ვესაუბრებით გადაცემის ავტორს ნანა ლომიძეს.

- ქ-ნო ნანა, რამდენად მონაწილეობს რადიომსმენელი გადაცემის შექმნაში?

- რადიოში გულისხმიერი დამოკიდებულებაა ამ გადაცემის მიმართ. გვთავაზობენ ახალ თემებს. გვეხმარებიან მის განხორციელებაში. სასიხარულოა, რომ ემიგრანტებს აინტერესებთ ეს გადაცემა და გვირეკავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

- კერძოდ რა აინტერესებს რადიომსმენელს როგორც აქ, ისე უცხოეთში?

- არ არის ოჯახი, რომელსაც ახლობელი არ ჰყავდეს ემიგრაციაში; ჩვენ მათ ვუკავშირდებით და საშუალებას ვაძლევთ, რადიოგადაცემაში გამოთქვან თავიანთი სურვილები, დაუკავშირდნენ ახლობლებს, გვიამბონ, რა ხდება ემიგრაციაში. დღეს მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციები მიგრაციის სხვადასხვა საკითხს განიხილავენ; აქტუალურია არალეგალური მიგრაცია, მისი საფრთხეები, ტრეფიკინგი, ადამიანებით ვაჭრობა, ადამიანის შრომის ექსპლუატაცია, შრომითი მიგრაცია, მასთან დაკავშირებული საკითხები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზღვარგარეთ სამუშაოდ მიმავალმა. წასვლისას ელემენტარულ ინფორმაციას მაინც უნდა გაეცნოს იმ ქვეყნის შესახებ, სადაც მიდის.

უამრავი უსიამოვნო ინფორმაცია გვაქვს, თუ როგორ დაისაჯნენ ადამიანები დაუდევრობის გამო, თუმცა დაუდევრებს ვერ დავარქმევთ საზღვრის გადასალახად ავტომანქანის საბარგულებსა და ყუთებში ჩაჭედილებს. აქ უფრო აქტიურად მოქმედებენ შუამავლები, რომლებიც გარკვეული თანხის საფასურად იგონებენ სხვადასხვა ხერხს, უმეტეს შემთხვევაში კი ატყუებენ ადამიანებს, რომლებიც ფულსაც კარგავენ და იმედსაც.

ჩვენ გვირეკავენ ადამიანები, რომელთაც ფეხით სამი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს, თანამდევი საშინელებებით, რაც სპობს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას, გვთხოვენ, მოვყვეთ მათი ამბები სხვების ჭკუის სასწავლებლად.

მონურ შრომას თავდაღწეულები გვიამბობენ მკბენარებით დასივებულ ადამიანებზე, რომლებიც მზის სხივს მონატრებულები სამსართულიანი სარდაფის ჯურღმულებში შრომობენ, უდაბნოში ოაზისების საძებნელად წასულებზეც გვიამბობენ, რომელთა გზა რკინის გალიაში დამთავრდა, ისეთში, ცხოველებს რომ ამწყვდევენ, ისინი კი მაინც ილუზიებს ეტანებიან, რადგან რეალობაში დაბრუნება არ უნდათ.

რეალობაში დაბრუნება იმათთვისაც ძნელია, ვისაც სამუშაო აქვს, მაგრამ ისეთი, დღე და ღამეს სნეული, დაუძლურებული ადამიანის სარეცელთან რომ ატარებს, თავი დავიწყებია, ფიქრებით კი თავის ოჯახშია, რომელსაც შაბათობით ფულს გაუგზავნის, კვირადღეს კი დაისვენებს, კვირას ეკლესია მისცემს შვებას...

რადიოგადაცემის მარშრუტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს - ქართველები ყველგან მიდიან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც ცხოვრობენ ქართველები. დამირეკეს, ზანგი ქართველების შესახებაც მოგაწვდით ცნობებსო.

ჩვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტი გამოხმაურება იმ გადაცემებს აქვს, რომელშიც გაჭირვებული ადამიანი ითხოვს შველას. არის შემთხვევები, როდესაც უსახსროდ, ქუჩაში რჩებიან მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წასული ადამიანები, მაგრამ არც ერთ მათგანს ჩვენთვის ფულადი დახმარება არ უთხოვია. იყო შემთხვევა, როდესაც აშშ-ში ჩასული ჟურნალისტი ქართველი ემიგრანტების გაჭირვებაზე ლაპარაკობდა, მაგრამ თვითონ ემიგრანტს არ დაუჩივლია, გასაოცარი ამტანობითა და სიმტკიცით დაუძლევია სიძნელეები. ზოგის ამბავი ზღაპარს ჰგავს. მაგალითად, ასეთი: წვიმს. ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში, სკამზე ზის მტირალი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც სამსახური დაკარგა და ღამის გასათევიც არსად აქვს... მას უახლოვდება ახალგაზრდა კაცი და დახმარებას სთავაზობს... შემდეგ სთავაზობს გულს და ოჯახის შექმნას... რამდენიმე წლის შემდეგ ეს ახალგაზრდა ქალი მეუღლესთან ერთად მონაწილეობს საქართველოსათვის დახმარების აქციაში...

ყველაზე სასიამოვნოა ჩვენი გაბედული და მართლაც გმირი თანამედროვე ემიგრანტების შესახებ გადაცემების მომზადება. ეს არის ჩვენი ხალხის ყველაზე აქტიური, მიზანმიმართული ნაწილი, რომელიც ახერხებს ინტეგრირებას, დაბრკოლებების გადალახვას. ჩვენ უამრავი ჩანაწერი გვაქვს და დასანანია, რომ რადიომსმენელის მაქსიმალური რაოდენობა არ უსმენს ამ ჩანაწერებს. ემიგრანტებს ქართველი საზოგადოების სიტყვის გაგონება სურთ! ისინი თავის სამშობლოსა და ხალხზე ფიქრობენ. დაგვირეკეთ: 240 91 92; 240 92 92.

ზოგი ქედმაღალი ღამურას დღეში ვარდება. მალავენ ეროვნებას, აღტაცებულნი არიან ყველაფრით, მაგრამ არა მშობლიურით, ვერ სცნობენ თანამემამულეებს.

ჩვენი გადაცემის საშუალებით რადიომსმენელი გაეცნობა ისტორიული ემიგრაციის საინტერესო ეპიზოდებს გრიგოლ რობაქიძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მიხაკო წერეთლის, ვიქტორ ნოზაძის, გივი კობახიძის, კიტა ჩხენკელის, ფელიქს ვარლამიშვილის, თამარ და აკაკი პაპავების, ნინო და კალისტრატე სალიების, გივი ზალდასტანიშვილის, კარლო ინასარიძის და სხვათა და სხვათა ცხოვრებიდან და მიხვდება, რომ ეს სულ სხვა საქართველოა; ისინი ვერ დათრგუნა კომუნისტურმა დიქტატურამ, მათ ერთი დღეც კი არ უცხოვრიათ სახარებისა და ეკლესიის გარეშე. ესაა საქართველო უცხოეთის მიწაზე, თავისი კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და რწმენის ერთგული საქართველო.

საქართველოს თავისუფლების აღდგენას ბევრი მოესწრო; გაიხსნა გზა და გასული საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველი ემიგრანტები სამშობლოში ჩამოვიდნენ.

"მე შინ დავბრუნდი და მგონია, რომ აქედან არც არასოდეს წავსულვარ", - მითხრა გულიკო პატარიძემ, პარიზში დაბადებულმა ქართველმა, 1992 წელს თბილისის აეროპორტში.

ასეთი შეხვედრა ბევრი იყო, ეს ჩანაწერებიც უნდა მოისმინოს ჩვენმა რადიომსმენელმა, რადგან ძველი თაობის ემიგრანტების შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას სულისკვეთებით აღზრდილი ქართველებისგან ვსწავლობთ სამშობლოს, თანამემამულეების სიყვარულს. თანამედროვე ემიგრაცია იმედით უყურებს ქართულ ეკლესიას.

"ბევრს ნოსტალგია ტანჯავს უცხოეთში და სიმშვიდეს ეკლესიაში პოულობს, - ამბობს მამა დოსითე, ბრიუსელის წმინდა თამარის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, - ეს არის ღმერთთან ახლოს ყოფნის, მშობლიური სახლის განცდა. ეკლესიას სხვა მადლი აქვს ქართველისათვის, ის აქ თავის მიწაზე გრძნობს თავს და უფრო შემართულია. ეს ეკლესია ჩვენი თანამემამულეების ნავსაყუდელია".

ღმერთმა ინება, დეპრესიასა და ნოსტალგიას განარიდა ერთი კეთილშობილი, მოყვასის სიყვარულით სავსე ადამიანი და მას არაჩვეულებრივი ნიჭი მოუვლინა - პოეზია. ელდარ გაბუნია, რომელიც უკვე 10 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს, მალე თავისი ლექსების წიგნს გამოსცემს. ბატონ ელდარს შეგიძლიათ შეხვდეთ ინტერნეტში ვებგვერდზე – წწწ.რადიო1.გე, იპოვეთ გადაცემა "მიგრაციის მარშრუტები", გადაცემის არქივში კი 2011 წლის 19 მაისის გადაცემა, რომელშიც ჩვენი თანამედროვე ადამიანის კარგ ლექსებს მოისმენთ.

ნატვრა
იქნება გულმა კიდევ გამიძლოს,
თვალი შევავლო ჭომას, ბალახვანს,
ბაღის კიდეზე ხელი გავშალო
და ჩავეხუტო ძმაკაცს უნახავს.

იქნება სუნთქვა კვლავაც შემიკრას
ჭადრებისა და რიონის ნახვამ,
ფოტოგრაფ ილოს სახელოსნოს წინ
ჩვენი ბიჭების ერთად დანახვამ.

იქნებ ჩამოვხსნა დარდი სუყველას,
შემოვურბინო გელათს და ბაგრატს,
თითო სანთელი ყველას ავუნთო,
ბიჭებს, რომლებიც დააკლდნენ ქალაქს.

იქნებ ყველაფერს მალე მოვესწრო,
ნატვრაში თეთრად თენდება ღამე,
ღამე ნათელი, ჩემი კი არა,
ღამე უკუნი, იანკთა ღამე.

ქართული ემიგრაცია თავისი არაჩვეულებრივი ყოფაცხოვრებით - ხან პოლიტიკური, საქმიანი და ინტელექტუალური, ხან არტისტული, ყველაზე მეტად კი ტრაგიკული თავგადასავლებით – ჩვენი ერის ისტორიაა, იგი საზღვარგარეთ იწერება, იქ სხვა საქართველოა...
ბეჭდვა
1კ1