გული მტკივა, როდესაც ვხედავ, საქართველოს ქართველები ისე ეცლებიან, როგორც შემოდგომაზე ხეს ფოთლები
გული მტკივა, როდესაც ვხედავ, საქართველოს ქართველები ისე ეცლებიან, როგორც შემოდგომაზე ხეს ფოთლები
სამშობლოს, ოჯახის მონატრებას ათენში მცხოვრები ქართველობა ერთად შეკრებით და წმინდა ადგილების მოლოცვით ივსებს. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სიხარულსა და გაჭირვებას ერთმანეთს გულღიად უზიარებენ. "კარიბჭის" მკითხველი ჟურნალის ფურცლებიდან კარგად იცნობს ესმა ღონიაშვილს. მისი დახმარებით ბევრი საინტერესო ამბავი გავიგეთ. ამჯერადაც გთავაზობთ ესმას და მის გვერდით მყოფი ქართველების გულიდან ამოსულ სათქმელს.

- გული მტკივა, როდესაც ვხედავ, საქართველოს ქართველები ისე ეცლებიან, როგორც შემოდგომაზე ხეს ფოთლები. ქართველმა ერმა საუკუნეების განმავლობაში რამდენი ჭირ-ვარამი გამოიარა, რათა ქვეყანა მთლიანი, ძლიერი და ბედნიერი ყოფილიყო. დღეს კი უცხო მიწაზე ვართ გაფანტულები, მაგრამ რწმენას და ქართველობას - ქრისტიანობას არ ვკარგავთ. უფლით - უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს.

ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის მოძღვრის, არქიმანდრიტ აბიბოსის ლოცვა-კურთხევით, კიდევ ერთხელ მოვილოცეთ წმინდა ადგილი. მეტეორას მონასტერისკენ ღამის სამ საათზე გავემგზავრეთ და დილის 8 საათზე უკვე ადგილზე ვიყავით, - მიამბობს ესმა, - დიდებული სანახავია მეტეორა. განსაცვიფრებელია პიტალო კლდეებზე დაშენებული ეკლესია-მონასტრები.

მონასტრის მუზეუმში შემონახულია გასული საუკუნეების ჭურჭელი, რომელსაც ადრე იქ მოღვაწე ბერები იყენებდნენ. ეს ყველაფერი სულს გივსებს და გისუფთავებს. იმ წუთებში შემრცხვა ჩემი თავისა. ადამიანური ცოდვების, რომლებსაც ყოველდღიურად ვჩადი. ღმერთს ვევედრები, მომცეს ძალა, მისკენ ღირსეულად ვიარო. საბერძნეთის ტერიტორიაზე 30000 ეკლესია-მონასტერია. აქედან 6000 ღვთისმშობლის სახელობისაა. დაახლოებით 300, 400, 500 მ სიმაღლეზე აშენებული ეკლესიებიდან თოკით ჩამოდიოდნენ ბერები და უკანაც ამ გზით ბრუნდებოდნენ.

გზაში საკმაოდ დიდი დრო მქონდა. ამეკვიატა აზრი, რომ დაახლოებით 70-მდე მომლოცველიდან რამდენი იყო ისეთი, რომელთა სპეციალობა, გამოცდილება გამოადგებოდა ჩვენს სამშობლოს, რამდენი პედაგოგი, ექიმი, ეკონომისტი, მედდა, ადვოკატი, ჟურნალისტია გადმოხვეწილი უცხოეთში. სპეციალობით მედდა ვარ. ანესთეზია-რეანიმაციულ განყოფილებაში ვმუშაობდი. სამსახური ჩემი მეორე ოჯახი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. მეტეორას მომლოცველთა შორის ჩემ გარდა სამი მედდა უკვე აღმოვაჩინე: მაია კოჭლაშვილი, ბელა ჭილაია და ინგა ვაჩიბერაძე.

მაია კოჭლაშვილი შვიდი წელია, რაც საბერძნეთშია, ჰყავს მეუღლე, ზურა ტულუზაური და შვილები: ალექსანდრე და ილია.

- მაია, მომიყევი, როგორ მოხვდი წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში. გვიამბე ეკლესიური ცხოვრების შესახებ.

- შვიდი წელია, საბერძნეთში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე ქმარ-შვილი მყავს, საქართველოში არ ვიყავი ეკლესიური. ათენში მოვხვდი ეკლესიაში, მამა აბიბოსის მრევლში, მეგობრის, ქეთევან ერაძის რჩევით. ნოსტალგიამ დიდი როლი შეასრულა. აქ ვიგრძენი უფლის, განგების ძალა.

- წარმოშობით რომელი კუთხიდან ხარ?

- თიანეთიდან. ჩემი დედამთილიც ძალიან მორწმუნე ადამიანია. მისმა პაპამ ოდესღაც ეკლესია ააშენა. ისე, უფლის შიში და რიდი ყოველთვის მქონდა. ბებია ბევრ რამეს მასწავლიდა და მიყვებოდა სარწმუნოების შესახებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია სულიერი მოძღვრის მამობრივი მზრუნველობა, მით უმეტეს, რომ ვიცი, უფლის მადლი ახლავს. მამა აბიბოსის სიყვარულიც მაქვს და შიშიც, ვგულისხმობ იმას, რომ არ მინდა ისეთი რამ ჩავიდინო, ვაწყენინო და შენიშვნა მომცეს. ღირსეული შვილი მინდა ვიყო.

სამი წელია მამა აბიბოსის მრევლში ვარ და მისგან ბევრი რამ შევიძინე.Mმან მიმახვედრა, როგორ ვიცხოვრო უფლისთვის სათნოდ. ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ხასიათში, უფრო მომთმენი და მიმტევებელი გავხდი. ეს ცოტა არ არის დასაწყისისთვის.

- შენი სპეციალობით თუ იმუშავე ათენში?

- კი, ვიმუშავე, კლინიკა "მეტაქსაში". იმ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ნაცნობ გარემოში ვტრიალებდი, საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. მადლობა ამისთვის უფალს.

- რაიმე კურიოზი თუ შეგემთხვა?

- რამდენიც გინდა. ტყუპის მომვლელად ვმუშაობ, ახლშობილები იყვნენ, რომ შევედი ამ ოჯახში. დღეს შვიდი წლისანი არიან. ერთ-ერთი ტყუპისცალი ორჯერ ვაბანავე...

- საქართველოში როდის აპირებ დაბრუნებას?

- უახლოეს მომავალში მაქვს დაგეგმილი, თუ უფალმაც ინება.Yყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ხომ უნდა დავბრუნდე ჩემს ოჯახში, ქმარ-შვილთან.

- არ მოგენატრება საბერძნეთი?

- საბერძნეთი მომენატრება, ის ადგილები, რომლებიც მოვილოცე. მომენატრებიან მეგობრები და დამაკლდება სულიერი მოძღვრის რჩევები, დარიგებები და მამობრივი მზრუნველობა.

- მაია, გისურვებ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას და სულიერებაში განმტკიცებას.

- გმადლობთ.

- ინგა, ახლა შენ გაგვეცანი.

- მე ვარ ინგა ვაჩიბერაძე, ბათუმელი. თბილისში სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე. ვმუშაობდი თბილისშივე შსს-ს კლინიკაში. საბერძნეთში 4 წელია ვარ.

- სპეციალობით თუ იმუშავე?

- არა, საბერძნეთში ეგ ბედნიერება არ მქონდა.

- საქართველოში თუ გყავდა მოძღვარი?

- არ მყოლია. სამშობლოდან დაშორებულს, განვლილ ცხოვრებაზე ფიქრებმოძალებულს გამიჩნდა სურვილი, მყოლოდა მოძღვარი. მარტოს უცხო ქვეყანაში გამიჭირდა პრობლემებთან ბრძოლა. ადამიანებს უფლის დაუხმარებლად არაფერი შეგვიძლია... აგერ უკვე ერთი წელია, მამა თეიმურაზის (კალანდაძე) მრევლში ვარ.

- რაც ეკლესიაში მოხვედი, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ვიგრძენი, რომ ვიპოვე ხსნის გზა. გამიჭირდება და მივდივარ ეკლესიაში, მოძღვართან. ვიცი, რომ იქ შვებას ვიპოვი. მოძღვარს გავესაუბრები, დამლოცავს და თითქოს სხვა ადამიანი გამოვდივარ. მთელი სიმძიმე მცილდება, იმედით ვივსები და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მამა აბიბოსის მრევლთან ერთად მოვილოცე წმინდა თეოდორას მონასტერი და ახლა მეტეორაზე მივდივართ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მომცა უფალმა საშუალება წმინდა ადგილების მოლოცვისა. მომწონს მამა აბიბოსის მრევლიც, იგრძნობა, მისი ლოცვა-კურთხევა. თითქოს ჰაერშია და ყველას სიყვარულით ავსებს.

- ჩემო კოლეგა, გისურვებ უფლის სიყვარულით გევლოს.

- გმადლობთ. ყველას იმავეს გისურვებთ.

- ბელა, შენ პირველად გხედავ.

- არა, არ ვარ პირველად, წმინდა თეოდორას მონასტრის მოსალოცადაც ვიყავი.

- მაშინ მე ვერ მოვახერხე წამოსვლა, განმეორებით რომ შედგა ჯგუფი, მაშინ მოვილოცე. გავიცნოთ ერთმანეთი.

- მე ბელა ჭილაია ვარ, ხონიდან, პროფესიით მედდა გახლავართ.

- სად მუშაობდი საქართველოში?

- თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, თმის გადანერგვის კლინიკაში. სამი წელია საბერძნეთში ვარ და ძალიან მენატრება ჩემი სამშობლოც და სამსახურიც.

- ჩვენთან როგორ მოხვდი?

- თქვენს მრევლშია ფატი ფოჩხიძე-ჭეიშვილი, მან მომიყვანა... დიდი ხანი არ არის, რაც მამა აბიბოსის მრევლთან დავდივარ. მოვილოცე წმინდა თეოდორა.Mმიხარია, რომ მეტეორას მოლოცვის საშუალება მომეცა.

შევიძინე მეგობრები და ნელ-ნელა ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ მეც მამა აბიბოსის მრევლის წევრი გავხდე.

- კარგია, თუ შემოგვიერთდები. ძალა ერთობაშია, რაც მეტნი ვიქნებით უფლის სახლს შეფარებულნი, მისი ნებით იოლად დავამარცხებთ უხილავ მტერს.

- მრევლში ვხედავ წონასწორობას, სიმშვიდეს, სიყვარულს. რა თქმა უნდა, ეს მოძღვრის დამსახურებაა.

- ნახვამდის. გისურვებ უფლის გზის პოვნას. სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას.

საუბარში ვერ მივხვდი, როგორ მივუახლოვდით მეტეორას, საოცარ და მადლით მოსილ მონასტერს.Mმისმა მადლმა სითბოთი, უფლისა და ერთმანეთის სიყვარულით აგვივსოს გულები.
ბეჭდვა
1კ1