შენი კომფორტი, პირადი სურვილები არ არის შენს მოქმედებათა ერთადერთი საზომი
შენი კომფორტი, პირადი სურვილები არ არის შენს მოქმედებათა ერთადერთი საზომი
დეკანოზი კლიმენტი კოდამა სინიტი: "ზარის რეკვა გავიგონე და მოვედი"
ამ კაცს მწყემსობა უნდოდა და მღვდელი გახდა, ეძებდა ბუდისტურ სიბრძნეს და საბერძნეთში მოხვდა. ერთხელ მოესმა ზარის რეკვა და ამან შემოაბრუნა მისი ცხოვრება...

მამა კლიმენტი "სამოქალაქო" ფორმაში გამოწყობილი დახვდა ჟურნალისტს.

იგი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ იაპონელს ჰგავს, საშუალო სიმაღლისა, ფაქიზად ჩაცმული, თავაზიანი. მასში მღვდელი მხოლოდ დიდი დაკვირვების მერე შეიძლება გამოიცნო.

დეკანოზი კლიმენტი კოდამა სინიტი 1961 წელს დაიბადა. მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე. 32 წლისა მოინათლა, გახლდათ ჰაკოდატის ტაძრის მრევლის წევრი. ფერმერიც იყო. მერე სენდაის სემინარია დაამთავრა და 2002 წელს მღვდლად ხელი დაასხეს. ჰყავს ორი ქალიშვილი - ნანა და ანა.

დალაი-ლამას ძებნაში
- ოცდაათ წლამდე ბუდისტი ვიყავი. მაშინ მე არც სამღვდელო ხარისხზე მიფიქრია და არც მართლმადიდებლობაზე. სკოლის მასწავლებელი ვიყავი, რომელიც იაპონიაში ძალზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. იქ რვა წელი ვიმუშავე. ყველაფერი მქონდა, რაზეც შეიძლება მეოცნება. მაგრამ ეს ალბათ გარეგნულად...

- სკოლა რატომ მიატოვეთ?

- ჩემი მასწავლებლობა დაემთხვა იაპონიის საშუალო სკოლისთვის საკმაოდ რთულ კრიზისულ პერიოდს. მოსწავლეები ერთმანეთს სცემდნენ და მოტოციკლებით პირდაპირ დერეფანში დაქროდნენ... ამას, როგორც შემეძლო, ვებრძოდი. კრიზისმა გადაიარა და ვიგრძენი, რომ ამაში ჩემი დამსახურებაც იყო. რა თქმა უნდა, ეს სულს მითბობდა. იმავე დროს მესმოდა, რომ ეს შედეგი საკმარისი არ იყო და წინ უნდა წავსულიყავი... ვყოყმანობდი - დავრჩენილიყავი მასწავლებლად თუ სხვა პროფესიაზე მეფიქრა.

ახალგაზრდობაში ფერმერობა მინდოდა - მეცხოვრა სოფელში, მიწაზე, პირუტყვი გამეზარდა...

ამ ჭოჭმანის გამო ხანგრძლივი შვებულება ავიღე და წიგნებს ჩავუჯექი: წავიკითხავ, მშვიდად დავფიქრდები. იქნებ რაიმე მოვიფიქრო-მეთქი. ბევრს ვკითხულობდი, ძირითადად სასულიერო ლიტერატურას, უფრო ბუდისტურს, ხანდახან ქრისტიანულსაც ვათვალიერებდი. მერე სამოგზაუროდ წასვლა გადავწყვიტე. მანამდე იაპონია არასოდეს დამიტოვებია და საინტერესო იყო ჩემთვის სამყაროს ნახვა. დალაი-ლამასთან გასაუბრება მსურდა, ამიტომაც ინდოეთში წავედი. ვფიქრობდი, რომ იგი, როგორც ბუდისტი, მიჩვენებდა ცხოვრების გზას. როცა მასთან მივედი, არ დამხვდა - ევროპაში წასულიყო. მის კვალს გავყევი. საბერძნეთი აღმოჩნდა ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც შეიძლებოდა ყველაზე ადვილად მოვხვედრილიყავი. დიდხანს არ მიფიქრია, თვითმფრინავის ბილეთი ავიღე და საბერძნეთში ჩავფრინდი. სასტუმროში გავჩერდი.

დალაი-ლამა, რა თქმა უნდა, ვერ ვიპოვე, მაგრამ შინ დაბრუნებასაც არ ვჩქარობდი. დამაინტერესა ჩვენგან ძალზე განსხვავებული ცხოვრების წესმა. დრო გადიოდა. დედაჩემმა წერილიც კი მისწერა საბერძნეთში იაპონიის საკონსულოს და შვილის მოძენაში დახმარება სთხოვა. მომძებნეს და დედის წერილი გადმომცეს. მივხვდი, მეტი გაჭიანურება აღარ შეიძლებოდა, რაღაც უნდა გადამეწყვიტა... მახსოვს, დადარდიანებული კაფეში ვიჯექი, ვკითხულობდი დედის წერილს და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, მოგზაურობის გაგრძელება შემეძლო, მაგრამ ეს არ იყო გამოსავალი, ეს საკუთარი თავისგან გაქცევა იქნებოდა... იაპონიაში დაბრუნება და ფერმერობა გადავწყვიტე. ამ დროს ზარის ხმა შემომესმა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ეს რა იყო, უბრალოდ ძალზე მომეწონა ეს მუსიკა, რომელმაც სული შემიძრა. მხოლოდ მას მერე, რაც მოვინათლე, აღმოვაჩინე, რომ იმ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობდნენ და ტაძარში ზარებს რეკავდნენ.

იაპონიაში დაბრუნებულმა ვცადე, გამერკვია, თუ ეს რა ზარი იყო. ვიღაცამ მითხრა, რომ მსგავსი რამ მართლმადიდებელ ეკლესიაში მოესმინა. საპოროში ვცხოვრობდი, სადაც იყო მართლმადიდებლური ტაძარი. მართლმადიდებელ მოძღვართან გასაუბრება გადავწყვიტე და მამა კირილესთან სასაუბროდ მივედი. მან ყურადღებით მომისმინა. იმან განმაცვიფრა, რომ მან, სრულიად უცნობმა ადამიანმა, ჩემთვის ამდენი დრო დახარჯა! იგი პირველი შეხვედრისთანავე განბრძნობილი მომეჩვენა. მისი საუბარი მეხსიერებაში ჩამრჩა. რა თქმა უნდა, მაშინ არც მართლმადიდებლობის მიღებაზე მიფიქრია და არც მონათვლაზე. ძალზე თბილი აღმოჩნდა ჩემი პირველი შეხვედრა მართლმადიდებლობასთან.

დროდადრო ურთიერთობა მქონდა მამა კირილესთან. ვუსმენდი მის რჩევებს და ვცდილობდი მათ აღსრულებას. ეს რჩევები ძალზე დამეხმარა ჩემს ახალ საქმიანობაში - ფერმერობაში. ცხვრის მოშენება გადავწყვიტე. თავიდან ათი სულით დავიწყე. მაღალი ხელფასი, საზოგადოებრივი მდგომარეობა და საყოველთაო პატივისცემა წარსულში დარჩა... ყველაფერი დავკარგე და ნულიდან დავიწყე. მეტად გამომადგა მამა კირილეს ნათქვამი - სამყაროს ცენტრში საკუთარი თავი და უძვირფასესი "მე" კი არ უნდა დააყენო, არამედ ღმერთი, ჩვენი შემოქმედი და ცხოვრების მომცემელი. ესე იგი, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც უფალი ბრძანებს და მივიღოთ მისგან ყოველივე, რასაც გვიბოძებსო. ამაზე ვფიქრობდი, რაც უფრო ბევრს ვკითხულობდი და განვსჯიდი, მით უფრო ვიხრებოდი იმ აზრისკენ, რომ მონათვლა მსურდა და ეს ჩემთვის აუცილებელი იყო.

- ამბობენ, ფიზიკური შრომა სულსაც წვრთნისო.

- მეც ვფიქრობ, რომ მიწაზე მუშაობა უპირველესად სულის მუშაკობაა. როცა სოფლის მეურნეობას მისდევ, ხვდები, რომ შენი სამუშაო, მოსავალი, კეთილდღეობა არა იმდენად სოფლის მეურნეობის ტექნიკურ მიღწევებზეა დამოკიდებული, რამდენადაც ღვთის ნებაზე. როცა მიწისგან იკვებები, როგორც არასდროს, ხვდები, თუ რაოდენ მყიფეა ყველანაირი ადამიანური სიკეთე.

- ნათლობის სურვილი როგორ გაგიჩნდათ?

- იაპონიაში მართლმადიდებლებს შორის ძირითადად ორი ტიპის ადამიანები არიან: ისინი, ვინც რწმენაში მოძღვრების გაცნობის მერე მივიდა და ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ღმერთის შეგრძნებით მივიდა. მე ალბათ მეორე ჯგუფს მივეკუთვნები. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ფიზიკურმა შრომამ, ანუ როცა შრომობ განთიადიდან მიმწუხრამდე. ადრე მოსწავლეებს სასკოლო საგნებს ვუხსნიდი და ჩემი ერთი სიტყვით შემეძლო ადამიანთა შეხედულება შემეცვალა. ვგრძნობდი საკუთარ ავტორიტეტს, თავს ინტელიგენტად ვთვლიდი... შესაძლოა, გონებრივად ვიღლებოდი კიდეც, მაგრამ ეს ფიზიკურად ძნელი არ იყო. აქ კი ყველაფერი შეიცვალა. მივხვდი, რომ ჩემი ძველი გამოცდილება ფერმერულ სამუშაოში არ გამომადგებოდა. ის ვერ დამიცავდა ავდრისგან, ზამთრისთვის თივას არ მომიმატებდა... სხვანაირად შევხედე ცხოვრებას. ვიგრძენი, რომ კაცმა შეიძლება მხოლოდ ივარაუდოს, დანარჩენი კი ღმერთს უნდა მიანდოს...

მე მეჩვენება, რომ ჩემი ფერმერული გამოცდილებით უფრო ღრმად შევიგრძენი მართლმადიდებლობა, ვიდრე ეს იქნებოდა მაშინ, მხოლოდ გონებით, წიგნებით რომ მოვსულიყავი. მაგალითად, ადრე არ მესმოდა, თუ რატომ უნდა მევლო გადაქანცულს ტაძარში. თუ დაიღალე ანდა ცუდად ხარ, განა ამის გამო დაგსჯიან? ცხოველებმა კი სულ სხვა რამ მასწავლეს: დაღლილი ხარ თუ ავად, ყოველთვის გელიან... რა თქმა უნდა, პირდაპირ პარალელს ტაძართან არ გავავლებ, მაგრამ მათ შორის არის რაღაც საერთო - შესაძლოა იმის შეგრძნება, რომ შენი კომფორტი, პირადი სურვილები არ არის შენს მოქმედებათა ერთადერთი საზომი.

- და მაინც, დაუტევეთ ცხვრები და მღვდელი გახდით. რატომ?

- ასე მოხდა... მე ჰაკოდატის, იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძრის, მრევლის წევრი ვიყავი. მევალებოდა ზარების რეკვა. ეს საქმე ძალზე მომწონდა და თავის დანებებას არ ვაპირებდი, რადგან ყოველთვის ის ზარის ხმა მახსენდებოდა, საბერძნეთში რომ მოვისმინე. მაგრამ ჩვენი წინამძღვარი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ის სენდაიში იყო და ალბათ ჩემზე რაღაცას მოუყვა ჩვენს მაშინდელ ეპისკოპოსს, რადგან მეუფე მალევე ჩამოვიდა და მაკურთხა, რომ სენდაიში წავსულიყავი, დამემთავრებინა იქ სემინარია და მღვდელი გავმხდარიყავი. კარგია ცხვრის მწყემსვა, მაგრამ შენი მოწოდებაა, ადამიანთა მწყემსი იყოო, - მითხრა მან.

წარმართებს შორის
- თქვენ მაშინ ოჯახი არ გყავდათ?

- ფერმერობისას დავქორწინდი. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე ეკატერინე, ყოფილი კოლეგა იყო სკოლაში. ჩვენ ორი ქალიშვილი გვყავს. ნანა ფერმაში დაიბადა, ანა - აქ, სენდაიში. ყველანი მართლმადიდებლურად არიან მონათლულნი.

- მიუხედავად ამისა, თქვენ ცხოვრობთ არამართლმადიდებლურ გარემოში, თქვენი შვილები სწავლობენ სკოლაში, სადაც უფრთხილდებიან სინტოისტურ და ბუდისტურ ტრადიციებს... მათთან შეჯახება ალბათ გარდაუვალია...

- საერთოდ, იაპონიაში შემწყნარებლურად უყურებენ ყველა რელიგიას. ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე მაინც, ვიდრე რელიგიური რწმენა არ აიძულებს ადამიანს, გამოეყოს საერთო მასას. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ბავშვებს შინ ვზრდით, როცა მათთან ერთად ტაძარში მივდივართ, ვცდილობთ, მათ ის აზრი ჩავუნერგოთ, რომ ჩვენ უფალს ვუყვარვართ და ყოველწამიერად მყოფობს ჩვენს ცხოვრებაში. ისინი ამას თვითონვე გრძნობენ. მათ კარგად იციან ღვთისმსახურება და ტაძარში სხვა ბავშვებსაც კი უხსნიან მის მნიშვნელობას. მაგრამ სკოლაში უკვე ქრისტიანულის ნაცვლად ბუდისტურ გარემოში ხვდებიან. და ამასთან შეგუება მათთვის ძნელია. როცა პატარები იყვნენ, თავში ყველაფერი ერეოდათ: ეს როგორ ხდება, შინ და ტაძარში მათ ეუბნებიან, ქრისტე სიცოცხლეში და სიცოცხლის მერეც უმთავრესიაო, სკოლაში კი მასზე არავინ არაფერი იცის და ხალხი ისე ცხოვრობს, თითქოს ის საერთოდ არასოდეს არსებობდა. ნანამ ისწავლა ამასთან სწორი დამოკიდებულება და გაუიოლდა ყველაფერი. საერთოდ, პატარა ბავშვისთვის ძალზე ძნელია, როცა უცებ ხვდება, რომ მისი ოჯახი და მისი თანაკლასელები განსხვავებული სამყაროა, სხვადასხვა კანონით მცხოვრებნი და ასევე განსხვავებულნი სიკვდილ-სიცოცხლესთან დამოკიდებულებაში.

- როგორ უხსნით ბავშვებს, თუ რა არის ცოდვა? იაპონურ კულტურაში ხომ ეს ცნება არ არსებობს...

- აქ საჭირო არ არის განყენებული მსჯელობა - ბავშვებისთვის ძნელია ამის გაგება. მე ვცდილობ, მათი ყურადღება აკრძალვებს არ მივაქციო. მართლმადიდებლობაში ხომ მთავარი არა ცოდვის ცნება, არამედ აღდგომაა. ანუ შენ თუ შეინანებ, სძლევ ცოდვას. ეს არის პოზიტიური მიდგომა. ყველას შეუძლია აღდგეს ახალ ხარისხში, ცოდვისაგან განთავისუფლებული. ვცდილობ, სწორედ ამ მომენტს გავუსვა ხაზი. უნდა ითქვას, რომ ამ სიტუაციაში მათ უფრო უჩნდებათ ქრისტეს გაყოლის სურვილი, ვიდრე მაშინ იქნებოდა, თუ ვეტყოდი, ასე მოიქეცი და ამას ნუ გააკეთებო. ასე უფრო ადვილია მათთვის ამის გაგება.

- მეგობრებს თუ ესაუბრებით თქვენს რწმენაზე?

- დიახ, შეძლებისდაგვარად ვცდილობ მისიონერობას. იაპონურ საზოგადოებაში ძალზე ცოტა ქრისტიანია. თუ ეს ცოტანიც გავჩუმდებით, პრაქტიკულად შანსი აღარ რჩება, რომ იაპონელებმა ქრისტეზე მოისმინონ. ვცდილობ, მათ ავუხსნა, თუ როგორ ვცხოვრობთ. ერთმა კაცმაც მაინც რომ მომისმინოს, ამაოდ არ ჩაუვლია ჩემს ძალისხმევას. ჩემი ცოლიც ასევე ცდილობს ქრისტეზე ქადაგებას. მისი ძალისხმევის წყალობით მისივე მშობლები უფრო დაუახლოვდნენ ეკლესიას და შესაძლოა მოინათლონ კიდეც...

www.pravoslavie.ru-ს
წერილის მიხედვით
ბეჭდვა
1კ1