ხედავ, ძე ღვთისა მოვიდა შენს განსაკურნებლად
ხედავ, ძე ღვთისა მოვიდა შენს განსაკურნებლად
XX საუკუნეში მართლმადიდებელმა ეკლესიამ აქტიური ქადაგება დაიწყო აფრიკის ძირძველ მოსახლეობაში და ეს მისია დღემდე გრძელდება. 2002 წელს კონგოს რესპუბლიკაში კოლვეზის მისიონერულმა ცენტრმა გამოაქვეყნა თანამედროვე აფრიკელ მართლმადიდებელთა მონათხრობების კრებული, სადაც ისინი მართლმადიდებლობაში მოსვლასა და იმ სასწაულებზე ჰყვებიან, რომლებსაც უფალი და მისი წმინდანები მათ შორის ახდენენ.

"ძე ღვთისამ განგკურნა".
ხარიტონი, ერთ-ერთი კატეხიზატორი ღვთისმშობლის შობის ტაძრისა, ჰყვებოდა სასწაულზე, რომელიც მის ცოლს, ქსენიას შეემთხვა: "იმ დროს ჩემი ცოლი ძალზე დაუძლურდა. კვირას ერთად წავედით ტაძარში სალოცავად. შინ უარესად გახდა, ტკივილი გაუძლიერდა.

საღამოს ძილში მას სამი უცნობი გამოეცხადა, მის სასთუმალთან შეჩერდნენ და ლოცვა დაიწყეს. მერე ერთმა მათგანმა უთხრა: - ხედავ, ძე ღვთისა მოვიდა შენს განსაკურნებლადო. ამ დროს ქალს გაეღვიძა და აღელვებული ლოგინიდან წამოხტა. ყველაფერი მიამბო და მარწმუნებდა, სრულიად ჯანმრთელი ვარო. მართლაც მეორე დღეს ორივე მინდორში გავედით სამუშაოდ".

წმინდა ნიკოლოზის სასწაული. დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ. ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო.

ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა.

ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა.

წმინდა პანტელეიმონის გამოცხადება. 1997 წელი იდგა. ჩემს მეუღლეს, მარინეს, მძიმე ორსულობა ჰქონდა. პირველი სამი თვე ლოგინში გაატარა. ექიმები ცოტათი თუ უმსუბუქებდნენ მდგომარეობას. ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო. ლოცვანი ავიღე და ღვთისმშობლის აკათისტო წავიკითხე, მერე კი სკვნილი ჩამოვმარცვლე. ასი მარცვალი მაცხოვრისადმი ვილოცე, ასი ღვთისმშობლის სახელზე ჩამოვმარცვლე, ასითაც წმინდა პანტელეიმონს შევევედრე. შემდეგ კი ჩვენი სახლის მიწის იატაკზე წამოვწექი. ჩამეძინა, უეცრად გულში დიდი სიხარული ვიგრძენი. ამ დროს გარედან ფეხის ხმა შემომესმა. შევხედე ცოლს - მშვიდად ეძინა. გამოვედი ქოხიდან და შევეჯახე ბრწყინვალე სამოსით მოსილ ჭაბუკს, მივხვდი, რომ ჩემს წინ წმინდა პანტელეიმონი იდგა, ის ჩემს თვალწინ უჩინო შეიქმნა. მაშინვე შინ შევედი უფლისა და მისი წმინდანისთვის მადლობის სათქმელად. იმ დღიდან ჩემი მეუღლე მომჯობინდა და მშვიდობიანად მოილოგინა. წმინდა პანტელეიმონმა სასწაული მოახდინა და ჩვენც მის პატივსაცემად ჩვენს შვილს პანტელეიმონი ვუწოდეთ".

"მე განვთავისუფლდი ეშმაკის ბორკილთაგან". წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მოძღვარმა მამა აკვილამ გაიხსენა, თუ როგორ მოექცა მართლმადიდებლობაზე: - დიდხანს ავადვმყოფობდი. ჩემი გამოჯამრთელების იმედი აღარ იყო. მშობლებმა ჯადოქართან მიმიყვანეს. მან ბრძანა, - აშიმშილეთო. არაფერი მეშველა. მერე კათოლიკე მღვდელთან მიმიყვანეს. მან რაღაც ლოცვა წამიკითხა, მაგრამ უარესად გავხდი. ჩემი თანასოფლელი ქრისტიანები მიყვებოდნენ, თუ რამხელა მადლმოსილი ძალა ჰქონდა მართლმადიდებელ ეკლესიას. მაშინ მართლმადიდებელი მღვდელი მოვიწვიეთ, მან წმინდა კვიპრიანეს ლოცვა წამიკითხა. ვიგრძენი, თუ როგორ გავთავისუფლდი ეშმაკის კლანჭებისგან. ყოველგვარი წამლის გარეშე აშკარად გამოვკეთდი. სწორედ იმ დღეს აღვივსე მართლმადიდებლობისადმი დიდი რწმენით. მთელი ოჯახი მოვინათლეთ, დღეს კი მღვდელი ვარ ჩვენს სოფელში.

"სინათლე თავისით აინთო". ამ ამბავს მამა ფოტი მოჰყვა, სოფელ ფუგურიმას წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელი: - შაბათი საღამოა. ვზივარ და ჩვეულებისაებრ საკვირაო ქადაგებისთვის ვემზადები. მომავალ წირვაზე წასაკითხ სახარების ტექსტს ვარჩევ. ნავთქურა ჩაიბჟუტა და ჩაქრა. ნავთი გათავდა. სანთლის ნამწვავი მოვნახე, ისიც მალე ჩაქრა. შინ სანთელი აღარ მქონდა და დავრჩი სიბნელეში. უახლოესი მაღაზია ორ კილომეტრშია, თუმცა ასე გვიან ისიც დაკეტილი იქნებოდა. გულდაწყვეტილმა სიმწრით ამოვიძახე: - წმინდაო იოანე ღვთისმეტყველო, სახარებისა და სამოციქულოს წაკითხვა მინდოდა, მაგრამ რა ვქნა? არც ნავთი მაქვს და არც სანთელი. ხვალ ქადაგება როგორღა წარმოვთქვა? ამ სიტყვებით გავემართე დასაძინებლად. უეცრად რაღაც მოხდა. საწოლს თავზე კაშკაშა სინათლე დაადგა. გაოცებული წამოვხტი და სინათლის წყაროს ვეძებდი. ცოლი გავაღვიძე, მანაც დაინახა ეს ნათელი და უფალი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ადიდა. წიგნებს მივუჯექი და ღამის სამ საათამდე ვკითხულობდი. დილით ნათელი აიკრიბა.

"ევროპელი მოვიდა". დაწყებითი სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი მოჰყვა ამ ამბავს: - მე და ჩემი ცოლი ირინე დიდი ხნის დაოჯახებული ვიყავით, ბავშვი არ გვეყოლა. ბოლოს უფალმა მემკვიდრე გვიწყალობა - პატარა ანგელოზი - ეს სახელი დავარქვით მას ნათლისღებისას. ერთხელ ბავშვი ავად გაგვიხდა და საავადმყოფოში გამოვაკეთეთ. რამდენიმე დღის მერე ავადმყოფობა გაურთულდა. იმავე დღეს მცირე მწუხრი ვილოცეთ მე და ჩემმა მეუღლემ, წმინდა ნექტარიოსის ტროპარი ვიგალობეთ და სკვნილზე ლოცვითაც შეწევნა ვთხოვეთ წმინდა მღვდელმთავარს. უეცრად ჩვენი ვაჟის, ანგელოზის ყვირილი მოგვესმა. მივცვივდით. შეშინებულმა ბავშვმა იყვირა, - ევროპელი მოვიდა, აქ ვიღაც ევროპელი მოვიდაო. მივხვდით - წმინდა ნექტარიოსზე ამბობდა. წმინდანმა პატარა მოინახულა. ამის მერე ბავშვი გამოკეთდა და თანატოლებთან სათამაშოდ წავიდა.

სანთელი. სოფელ კიზამბას წმინდა მინას სახელობის ტაძრის კატეხიზატორმა, იპოდიაკვანმა აპოსტოლოსმა ეს სასწაული გაიხსენა: - 2002 წლის მაისში ჩვენს სოფელში აჯანყებულები ბატონობდნენ. ხალხი ტყეში იმალებოდა. მე და ჩემი ცოლი დესპინეც ასე მოვიქეცით. ღვთისმშობლისა და წმინდა მინას ხატები სალოცავი კუთხიდან ჩამოვხსენით და შესასვლელ კარებზე დავკიდეთ. ხატების კუთხეში სანთელი ავანთეთ, საჭირო ნივთები ავიღეთ და სახლი დავტოვეთ. აჯანყებულები ჩვენს სოფელში თემის ხელმძღვანელთან ერთად შემოვიდნენ. ჩვენს სახლს რომ მოუახლოვდნენ, იკითხეს: - ამ სახლში სანთელი ანთია, შესასვლელ კარებს კი ვერ ვხედავთ, იქ ვინ ცხოვრობსო. მათ კარი ვერ იპოვეს, რომ შიგნით შესულიყვნენ. კიდევ იკითხეს, სახურავი ბზისა აქვს, შიგნით სანთელი აქვთ ანთებული, სახლი კი არ იწვება. ეს რანაირად ხდება? ეტყობა რაღაც იდუმალი და დიდებული ძალა იცავს მას ხანძრისგანო. ისინი ჩვენს სახლს არ შეეხნენ და უკან დაბრუნებულებს ყველაფერი ისევ ისე დაგვხვდა, როგორც დავტოვეთ.

ანგელოზი? ერთი მორწმუნე ჰყვებოდა: - ქალაქი ლუენა კოლვეზიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. მას მერე, რაც ჩვენს ტაძარში მამა იოაკიმე გამოგზავნეს, ცხოვრება უფრო საინტერესო გახდა. მისიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი მელეტი, ჩვენთან 2002 წლის ოქტომბერში მოვიდა. ბევრი საქმე ჰქონდა - უნდა შეემოწმებინა, თუ როგორ მიდიოდა საქმეები ახალგახსნილ საღვთისმეტყველო სასწავლებელში, შეემოწმებინა კატეხიზაციის სკოლის შენობის მშენებლობა, გასაუბრებოდა მოსანათლად გამზადებულებს. გულთბილად შეხვდნენ, უამრავმა ხალხმა მიაცილა ტაძრამდე. წირვის შემდეგ იქადაგა. ქადაგების დასასრულს მასთან ერთი ხუთი წლის ბიჭი მივიდა, მოძღვარი ამ დროს სამეუფეო კარის სიახლოვეს იდგა, ბიჭმა ხელი მოჰკიდა და ჰკითხა:

- მამაო, აქ იმისთვის მოხვედი, რომ ქრისტესთან მიგვიყვანო?

- დიახ, პატარავ, სწორედ ამისთვის მოვედი, - მექანიკურად უპასუხა მამა მელეტიმ, ისე, რომ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია შეკითხვისათვის.

- ესე იგი, დღეს აღსარებას გვათქმევინებ და ხვალ მოგვნათლავ?

- დიახ, პატარავ, ასე მოვიქცევით.

- ნათლობის მერე შეგვიძლია წმინდა ზიარებით ქრისტე მივიღოთ?

- დიახ, საყვარელო, სწორედ ასე გვასწავლის ჩვენი წმინდა ეკლესია...

- რახან მოვინათლებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არ ვცოდოთ?

- რა თქმა უნდა, შვილო, აუცილებელია ფხიზლად ვიყოთ.

- კეთილი, მამაო. გმადლობთ, რომ მოხვედით. გელოდით...

ეს საუბარი თვითონ არქიმანდრიტმა მომიყვა. გაოცებული იყო, რომ ასეთმა ნამცეცამ ამგვარი შეკითხვები დაუსვა. იფიქრა, რომ ბავშვს მღვდელმა ან მასწავლებელმა ასწავლა, თორემ ასე თვითონ ვერ იტყოდა. ბავშვი ტოლებს შეერია. ამასობაში მამა მელეტიმ მრევლი შეკრიბა, ესაუბრა, კატეხიზატორებს რჩევა მისცა, მერე კი იმ პატარა ბიჭის მოყვანა ბრძანა. მას უთხრეს, ასეთი ბავშვი მრევლში არ არისო. ეძებეს, ვერსად ნახეს. სხვა ბავშვებს ჰკითხეს. არ ვიცით, საით წავიდაო. მაშინ მამა მელეტი უფრო მეტად აღელდა და გაიფიქრა: - შესაძლოა თვით უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი ჩვენი სამწყსოს გასაძლიერებლადო.

"ევედრე ჩემს ძეს და დაგეხმარება". კოლვეზის მისიონერულ სკოლაში მათემატიკას ასწავლის ქრისტიანი, სახელად მათე. აი, რას მოჰყვა თავის განკურნებაზე: - ეს მოხდა 2002 წლის 21 ივლისს, კვირადღეს. უეცრად მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და იატაკზე დავეცი. ცოლმა მისიონერული ცენტრიდან ექთანი მომიყვანა. მან გამსინჯა და სავარაუდოდ აპენდიციტის შეტევა დამიდგინა. ცენტრის მანქანით მულოლოში, კერძო კლინილაში წამიყვანეს. იქ რაღაც წამალი მომცეს, მაგრამ შეტევა უფრო გამიძლიერდა. ტკივილი ისეთი აუტანელი გახდა, რომ ავტირდი. ბალიშისპირი ცრემლით დავასველე. ვიფიქრე, ვკვდებოდი და ყოვლადწმინდა ღვთიმშობელს ცოდვების მიტევებასთან ერთად მეოხებასაც ვთხოვდი, ოდეს სული სხეულს დატოვებდა. ღამე ლოცვაში გავატარე. ვევედრებოდი ღვთისმშობლის ხატს შეწევნას. უეცრად ტკივილი დაცხრა და ღვთისმშობელი ვიხილე. ევედრე ჩემს ძეს და დაგეხმარება, - მითხრა მან. გატანჯული, ძილმორეული, უკვე იესო ქრისტეს ვევედრებოდი. დილით კი ამ სასწაულებრივი შემთხვევით შეძრულს გამომეღვიძა. დღისით ჩემს სანახავად მისიონერული ცენტრის მღვდლები მოვიდნენ: მამა დამასკინი, მამა ნექტარიოსი და მამა სილვესტრი. მათ ჩემთვის ილოცეს. შეწევნა სთხოვეს წმინდა ნექტარიოსს, წმინდა არსენ კაბადოკიელს და წმინდა იოანე რუსს. თითოეული ამ წმინდანის ტროპარი იგალობეს და ცენტრში დაბრუნდნენ. ღამე, ძილის წინ, რაღაც ძალა ვიგრძენი. თითქოს თავიდან ფეხებამდე დენმა დამარტყა. ასე სამჯერ განმეორდა. ტკივილი მაშინვე შემიჩერდა. დილით ექიმი ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა. ისღა დამრჩენოდა, მეთქვა, სრულიად ჯანმრთელი ვარ-მეთქი. არც გავუსინჯივარ, ისე გამომიშვა. თითქოს არაფერი მომხდარიყოს, იმ დღესვე წავედი სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად.

ინტერნეტის მასალების მიხედვით
ბეჭდვა
1კ1