საბერძნეთში ბევრი ქართველი ბავშვი ქართულად ვეღარ მეტყველებს
საბერძნეთში ბევრი ქართველი ბავშვი ქართულად ვეღარ მეტყველებს
- პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რაოდენ ძნელია სამშობლოდან, ახლობლებისგან შორს ყოფნა. რა დიდი ტკივილი, მონატრება და სულიერი სიცარიელე ისადგურებს ხოლმე თითოეული ჩვენგანის გულში, განსაკუთრებით, დღესასწაულების დროს, - მიამბობს ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე (ბატონი ავთანდილი ათენის ქართული კულტურის ცენტრისა და ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ), - ამ დროს ძალაუნებურად გვაიძულებს ბუნება, დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ გასული წლის წარმატებები თუ მარცხი. მაგრამ, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, გვინდა გავიხსენოთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ დადებითი მოვლენები, დავიწყებას მივცეთ წყენა, სასოწარკვეთილება. გვინდა შევუნდოთ არა მარტო მტერს, უცხოს, არამედ მოყვარესაც. იქნებ როგორმე დავძლიოთ ეს ჩვენი ეროვნული სნეულებანი და ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი მხოლოდ კეთილშობილება, მიმტევებლობა და სიყვარული წამოიწიოს წინ. ეს ხომ ფაქტია, სწორედ ამ თვისებებმა გამოგვარჩია ისტორიულად, მათ აგვამაღლეს, მათ გაგვაამაყეს.

ქართველი ქალი საბერძნეთში - ეს არის სიმბოლო სათნოებისა, ერთგულებისა, თავდადებისა და შრომისმოყვარეობისა. ეს არის დიდი ქალობა, ვიტყოდი, დიდი ვაჟკაცობა - უცხო ქვეყანაში, უცხო ოჯახებში შენი ქართველობა, შენი ეროვნული სახე, პრინციპები შეინარჩუნო. ეს კი - მხოლოდ აღტაცებასა და განსაკუთრებულ თაყვანისცემას იწვევს.

ისტორიული ტრაგედიის ტოლფასია ალბათ ის, რომ დღეს საბერძნეთში ქართველ ქალს მოუხდა ეკონომიკური ემიგრაციის უმწარესი გამოცდილების მიღება. ბედისწერა არ დაკმაყოფილდა ქართული ოჯახის ეკონომიკური განადგურებით: დედები, დები და ქალიშვილები გამოაცალა საქართველოს, ქალური სითბო და ალერსი მოაკლო ქართულ კერას, გააფერმკრთალა უდიდესი განსაცდელი ჩვენი ერისათვის.

ჩემს ოჯახთან ერთად იმედით შევყურებ მომავალ საქართველოს, გვჯერა ჩვენი ერის სიბრძნის, მისი სიცოცხლისუნარიანობის, მისი თვითმყოფადობის, შინაგანი რეზერვების, რომელთაც ამდენ ხანს გამოგვატარეს ხანგრძლივი ისტორიის დახლართულ ბილიკებზე, კიდევ უფრო დიდი განსაცდელების გადალახვის ჟამს. ვინც დაკვირვებით ადევნებს თვალყურს საქართველოს დღევანდელობას, მის განვითარებას, დაინახავს, რომ ჩვენს განათლებულ ახალგაზრდობას გაცნობიერებული აქვს ის დიდი საშიშროება, რაც ეროვნულ კულტურას ემუქრება მსოფლიო გლობალიზაციის ურთულეს პროცესებთან მიმართებით. მიუხედავად გართულებული პირობებისა, საქართველოში საზოგადოებრივი ზრუნვაა, რომ არ დაიკარგოს ჩვენი ეროვნული სული, ქართული თვითმყოფადობა და პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები. დამერწმუნეთ, ეს უკვე დიდი მიღწევაა.

საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ მიმდინარეობს ძალზე სასარგებლო, მაგრამ მტკივნეული პროცესი, მათ შორის, საკუთარი თავის, საკუთარი ისტორიისა და აწმყოს ობიექტურად შეფასებისა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შეგნებულ დონეზე გათავისებისა, რომლის გარეშე შეუძლებელია მომავლის შენება. ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენთან ერთად მინდა გავიხსენო, როგორი რუდუნებით იღვწოდნენ აქ, ამ ბერძნულ მიწაზე ჩვენი დიდი წინაპრები საქართველოს მომავლისათვის, მისი განათლებისათვის. გავიხსენოთ ათონელები, პეტრიწონის, პალესტინის, შავი მთისა და სინას მონასტრის ბერ-განმანათლებლები: ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ეფრემ მცირე, თეოფანე ხუცეს-მონაზონი, იოანე პეტრიწი და მრავალი სხვა ანონიმი მწერალი თუ ხელოვანი. რა მონდომებითა და თანმიმდევრობით თარგმნიდნენ და აქართულებდნენ ისინი უმდიდრესი ბერძნული კულტურიდან ყველაზე უმნიშვნელოვანესს და ამგვარად, წვეთ-წვეთად აგროვებდნენ და ავსებდნენ ჩვენს ეროვნულ ინტელექტს.Eეს ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ მათი ნაშრომ-ნაღვაწი მომავალ საქართველოს გამოსდგომოდა, მომზადებულიყო რუსთაველისა და წმინდა თამარის ეპოქა. მაშინ ბერძნულ ენასთან, ბერძნულ კულტურასთან შემოქმედებითი შეჯიბრი (და არა ჯიბრი) იყო ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ჩვენი ეროვნული კულტურა განავითარა და საბოლოოდ, ისეთ დიდ კულტურად ჩამოაყალიბა, რომლითაც ასე ვამაყობთ. გული მტკივა, როდესაც საბერძნეთში ბევრი ქართველი ბავშვი ქართულად აღარ მეტყველებს, ბერძნულ ენაზე ესაუბრება არა მარტო დედმამიშვილებსა და სხვა ქართველ ბავშვებს, არამედ მშობელსაც. ვერც ერთი სკოლა და უნივერსიტეტი ვეღარ ასწავლის მას ჩვენს ენას, ქართულ ფასეულობებს იმ შემთხვევაში, თუ მშობლებმა არ გამოვიჩინეთ მოთმინება და გულმოდგინება, არ დავუთმეთ ბავშვებთან ენობრივ და სულიერ ურთიერთობას მეტი დრო. მეცნიერულად დამტკიცებულია და პრაქტიკულადაც მოვსწრებივარ, რომ ბავშვი შესანიშნავად ითვისებს რამდენიმე ენას ერთდროულად, მაგრამ აღნიშნული მექანიზმი მოქმედებს სწორედ მაშინ, თუ ენა და პიროვნება ერთმანეთში არ ირევა. ესე იგი ერთი პიროვნება - მხოლოდ ერთი ენა. რჩევა, ვფიქრობთ, ყველასათვის აქტუალურია, მაგრამ უფრო შერეულ ოჯახებს ეხებათ. დედა, თუ ის ქართველია, მხოლოდ ქართულად უნდა ელაპარკებოდეს ბავშვს, არ უნდა შეურიოს არც ერთი სიტყვა, არც ერთი ცნება და აზრი სხვა ენაზე, რაც არ უნდა კარგად ფლობდეს მას და რაც არ უნდა განსხვავებული და აკვიატებული მოსაზრება არსებობდეს მის ოჯახში.

საბერძნეთში მცხოვრებ ქართველობას მინდა გავახსენო საბერძნეთში მოღვაწე ჩვენი წინაპარი - განსაკუთრებული გარეგნობისა და გონებრივი მონაცემების მქონე ქართველი ქალი, რომელიც XI საუკუნის ბიზანტიაში ფიგურა გახდა და ერთი დღითაც არ შეუწყვეტია თავის სამშობლოზე ზრუნვა. ის არის ბაგრატ IV-ის ასული, მართა, რომელიც მარიამ დედოფლის სახელით ორჯერ ავიდა კონსტანტინოპოლის სამეფო ტახტზე. ფაქტობრივად, ის იყო ბიზანტიის სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, ყოველგვარი ქართული საქმის ქომაგი და მოთავე, ქართული დიასპორის ღირსეული მეთაური, რომელიც საბერძნეთიდან აქტიურად ეხმარებოდა საკუთარ ძმას, გიორგი II-ს, თავის ძმისშვილს - წმინდა დავით აღმაშენებელს იმ დროს რეფორმების გატარებაში.

რამდენი გამოჩენილი წინაპარი მოღვაწეობდა საბერძნეთის მიწაზე!Mმჯერა, რომ კიდევ დაიბადებიან და დაიზრდებიან მომავალი ექვთიმეები, გიორგები და მართა-მარიამები, რომლებსაც ასეთივე თავგამეტებით, სიყვარულითა და მთელი ღირსებით მოუწევთ სამშობლოს სამსახური როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ბეჭდვა
1კ1