ძველი ქართული გერბები
ძველი ქართული გერბები
მშობლიურ გერბთმცოდნეობასთან დაკავშირებულ ჩვენამდე მოღწეულ ქართულ საისტორიო წყაროებს ქრონოლოგიური რიგის მიხედვით თუ განვიხილავთ, უპირველესი ადგილი ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში გამოცემულ პირველ ქართულ ნაბეჭდ წიგნებს ერგება. ეს არის ჩვენ მიერ დოკუმენტად წოდებულ წყაროთა ნაშრომი: 1704 წელს გამოცემული სამოციქულო, 1710 წელს დაბეჭდილი კონდაკი და 1712 წელს გამოცემული "ვეფხისტყაოსანი". თითოეულ მათგანზე აღბეჭდილია თავად ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი ბაგრატიონების სამეფო დინასტიის გერბი და კომპოზიციის განმმარტავი რამდენიმესტროფიანი ლექსი.

როგორც თორნიკე ასათიანის წიგნში "ქართული გერბთმცოდნეობა (ჰერალდიკა)" ვკითხულობთ, მნიშვნელოვანი წყაროა აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის 1735 წელს შედგენილი კავკასიის ატლასს დართული გერბების კრებული. საგერბე გამოსახულებანი ატლასის შემდეგ რუკებზე არის დატანილი: პირველი ატლასი, 1735 წელი - რუკა სამეფო იბერიისა ანუ ყოვლისა საქართველოსი, სამცხე-საათაბაგოს რუკა, ქართლის რუკა, კახეთის რუკა, რუკა საუფლოსა მოვაკანისა ანუ შირვანისა.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება ერეკლე II-ის მიერ გაცემული სათავადო ტიტულისა და ამასთან ერთად საგვარეულო გერბის ბოძების სიგელები, რომლებიც თავისი უნიკალურობით უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ჰერალდიკისთვის. ერეკლე II-ის ეპოქას, 1783 წლის ტრაქტატს უკავშირდება და მატერიალურ წყაროთა ტიპს მიეკუთვნება ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის ერეკლესეული საბეჭდავი მასზე ამოტვიფრული სახელმწიფო და სამხარეო გერბებით. სწორედ ეს უკანასკნელი ხდის წყაროს გამორჩეულს, ვინაიდან ე.წ. სამამულო, ადგილობრივი, საადგილმამულო, სამიწო, იგივე სამხარეო და საქალაქო ქართული გერბები ძლიერ მცირე რაოდენობით მოგვეპოვება.

ამავე ხანის, ოღონდ სრულიად განსხვავებული სახით - ნუმიზმატიკურ წყაროებს განეკუთვნება ერეკლე II-ის მიერ შემოღებული მონეტები ბაგრატოვანთა გერბში შემავალი დეტალებით და თბილისში მოჭრილი მონეტები მათზე აღბეჭდილი საინტერესო სიმბოლიკით - სავარაუდოდ, შავარდნის და ხოხბის გამოსახულებით.

***
კიდევ უფრო გავრცელდა ქართული გერბები რუსეთში XVIII საუკუნის დასაწყისიდან ამ ქვეყანაში ვახტანგ VI-ის გამგზავრების შემდეგ. თვით რუსეთშიც, პეტრე I-ის მოღვაწეობიდან გამომდინარე, მოცემულ პერიოდში ჰერალდიკამ საკმაოდ ფართოდ მოიკიდა ფეხი. ამ ფონზე ვახტანგის თანმხლებთაგან შემდგარი ახალი ქართული დიასპორის წარჩინებულმა ნაწილმა იმპერიის სათავადო ტიტულთან ერთად გერბებიც დაიბევა. ქართული და აგრეთვე რუსული საგვარეულო ჰერალდიკის ეს ადრეული ნიმუშები მრავლად არის დაფიქსირებული სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრე ნეველის ლავრის ნეკროპოლისში ჩვენს თანამემამულეთა საფლავის ქვებზე. იმავე ხანის მატერიალური წყაროა ასტრახანში განსვენებული ვახტანგ VI-ის საფლავის ქვაზე აღბეჭდილი ბაგრატიონთა გერბიც.

ქართული გერბები არის გამოსახული ასევე XVIII საუკუნის შუა წლებში რუსეთში - პეტერბურგსა და მოსკოვში გამოცემულ ქართულ წიგნებზე. მათზე, როგორც წესი, ან ბაგრატიონთა საგვარეულო სიმბოლიკა, ან ამილახვართა გერბის უძველესი ვარიანტია აღბეჭდილი. სანკტ-პეტერბურგში, ერმიტაჟში დაცულია რუსეთის სახელმწიფო ალმის 1742 წლის ჩანახატი, რომელზეც სხვა გამოსახულებებთან ერთად ქართული გერბებიც არის აღბეჭდილი. თვით იმპერიის დიდი სახელმწიფო გერბი საბოლოოდ ოფიციალურად 1800 წელს გაფორმდა პავლე I-ის სპეციალური მანიფესტის საფუძველზე. მანიფესტი მდიდრულად არის გაფორმებული და მასში, ბუნებრივია, ქართლის მიწების გერბებიც არის შეტანილი. შემდეგშიც საქართველოსა და მისი მხარეების გერბები 1917 წელს იმპერიის კრახამდე მუდამ ფიგურირებდა სახელმწიფო სიმბოლიკაში.

***
საქართველოს სამეფო გერბი ოფიციალურად XVII საუკუნის II ნახევრიდან, 1672 წლიდან დასტურდება. იმხანად საქართველოს სახელმწიფო გერბს გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგის ფიგურა განასახიერებდა. იგი ორ წყაროშია დაფიქსირებული: ეს არის მეფე ალექსეი მიხეილის ძის 1672 წლის "ტიტულარნიკი" (ფაქტობრივად უძველესი რუსული საგერბე), რომელშიც ჩამოთვლილია რუსეთის მეფის მფლობელობაში მყოფი მიწები სიმბოლოებითურთ. მათ შორის არის "ქართლის მეფეების" გერბიც. მასში გამოსახულია მარცხენა არაჰერალდიკურ მხარეს შებრუნებული, ცხენზე ამხედრებული, შეაბჯრული წმინდა გიორგი, მკერდზე თეთრი ჯვრით, რომელიც შუბით კლავს გველეშაპს.Mმეორე საბუთი არის მეფე ფიოდორ ალექსის ძესთან წარგზავნილი რომის საღვთო იმპერიის დესპანის, ავსტრიელი დიპლომატის კორბის 1698-1699 წლებით დათარიღებული დღიური.

ქართულ ჰერალდიკაში, სახელმწიფო გერბის ქრონოლოგიურ რიგში, მეორე ადგილზე დგას ვახტანგ VI-ის მიერ შემუშავებული საქართველოსა და ბაგრატიონთა მმართველი სამეფო დინასტიის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტის სახით შემორჩენილი საგერბე კომპოზიცია. მისი უძველესი ნიმუში 1709 წლს თბილისის სტამბაში გამოცემულ სამოციქულოში გვხვდება. იმხანად გიორგი XI ირანის დროშის ქვეშ იბრძოდა ავღანეთს. ამის გამო თბილიში სამეფო გერბი მხოლოდ ვახტანგ VI-ის მიერ თუ შეიქმნებოდა.

KARIBCHEქართული ორნამენტით გარემოცულ კვადრატულ ფარში ოთხ ფრთოსან ანგელოზს სახელურებით უპყრია მცირე, მრგვალი ბიზანტიური ფარი, რომლის ცენტრშიც მაცხოვრის კვართია (იგი ასახავს ცნობას, რომლის მიხედვითაც ქრისტეს კვართი სვეტიცხოვლის საძირკველშია დაფლული). კვართის მარჯვნივ ბიბლიური მეფსალმუნე მეფე დავითის ქნარია, მარცხნივ - მისივე შურდული. ეს ფიგურები გამოხატავენ ცნობილ დინასტიურ ლეგენდას, რომლის მიხედვითაც ბაგრატიონები ისრაელელთა ბიბლიური, მეფსალმუნე (ქნარი) და გოლიათის მძლე (შურდული) მეფე დავითის შთამომავალნი არიან. ფარის დაბოლოებაში მოთავსებულია სიასამურის ბეწვი მომცრო ჯვრით. ჩასმულ ფარს თავზე გვირგვინი ადგას, მარჯვნივ და მარცხნივ კი, შესაბამისად, სამეფო რეგალიები - ხმალი და სკიპტრაა განთავსებული, ხოლო ქვევით - ჯიქი. გერბი ორნამენტების სიუხვით გამოირჩევა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფარზე დატანებული ქარაგმები: პერანგის თავზე - ქრისტეს კვართი, ქნარსა და შურდულს ზემოთ - დავითის ქნარი და დავითის შურდული. კვადრატის თავისუფალ ადგილებში შემდეგი ასეობი ამოიკითხება: წ, ღ, დ, პ, მ, გ, ყ, ს. მარი ბროსემ ეს ამგვარად გაშიფრა: "წყალობითა ღვთისათა, დავითიან-პანკრატიონი მეფე გიორგი ყოვლისა საქართველოსი".

ცნობილია აგრეთვე თავად ვახტანგ VI-ის პირადი გერბიც: ანდრია პირველწოდებულის ორდენის ჯაჭვით გარშემორტყმულ მრგვალ ფარში ჩასმულია მცირე მართკუთხა ფარი, რომელიც ორ ლომს უჭირავს. მასში მაცხოვრის კვართია გამოსახული. მცირე ფარის თავზე გადაჯვარედინებული ხმალი და სკიპტრაა, უფრო მაღლა კი სამეფო გვირგვინი, მის მარჯვნივ - ქნარი, ხოლო მარცხნივ - შურდული. მრგვალი ფარის დაბოლოებაში, მარჯვნივ გამოხატულია უმაღლესი სამეფო ხელისუფლების სიმბოლო - სფერო, მარცხნივ კი სასწორი - სოლომონ მეფის ბრძნული მართლმსაჯულების ნიშანი. ვინაიდან ვახტანგ VI-ის პირადი გერბის წარმოშობის თარიღზე ცნობა არ მოგვეპოვება, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი 1724-37 წლებში შეიქმნებოდა.

XVIII საუკუნიის დასაწყისშივე ვახუშტი ბაგრატიონის ატლასში წმინდა გიორგის გამოსახულება, ბაგრატოვანთა საგვარეულო სიმბოლიკა და კიდევ ერთი ემბლემა - მიქაელ მთავარანგელოზი ერთდროულად წარმოგვიდგება საქართველოს სახელმწიფო გერბად.

1735 წლის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შეგდენილ კავკასიის რუკას დართული აქვს მასზე აღბეჭდილი მხარეების და ქვეყნების გერბები. მათ შორის არის საქართველოს სამი გერბი. პირველი - "საქართველოსი": ყვითელი ფონის პირობით ფარში მწვანეუნაგირიან, წითელბალნირიან თეთრ ცხენზე ამხედრებული, წითელაბჯრიანი და მწვანემოსასხამიანი, შარავანდით მოსილი წმინდა გიორგი შუბით კლავს ცისფერ გველეშაპს. მხედარს მარცხნიდან თეთრი "ღვთის ხელი" წითელ გვირგვინს ადგამს.

მეორე - "სამეფო-კვართიან-დავითიან საქართველოსი": მწვანე ფონზე ორ ვარდისფერ ლომს მართკუთხა გადაკეთებული ფარი უპყრია. ზემო მარცხენაში - ბიბლიური დავითის ქნარი; ქვემო მარჯვენა ნაწილში - დავითისვე შურდული, ხოლო ქვემო მარცხენაში - სამეფო ხელისუფლების ამსახველი, ირიბად გადაჯვარედინებული სკიპტრა და ხმალი (ყველა ფიგურა ყვითელია).

მესამე - "საქართველოსი" (მიქაელ მთავარანგელოზიანი): ყვითელ ფონზე ხმლიანი, წითელ-ყვითელ სამოსიანი ანგელოზი თეთრი ფრთებით და წაღებით, მახვილი და შარავანდი, შესაბამისად, ვარდისფერი და ყვითელია, ქარქაში კი შავი.

***
"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, დავით აღმაშენებელი მთავარანგელოზის ხატს გადაურჩენია. ვახუშტი ბატონიშვილის ატლასის გარდა, მიქაელ მთავარანგელოზის გამოსახულება XII საუკუნით დათარირებული სვანური დროშის "ლემის" ვერცხლის ბუნიკზეც გვხვდება, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, სვანეთის თემებს თამარ მეფემ უბოძა.

ერეკლე II-ის მეფობაში ბაგრატიონთა გერბი უკვე სრულად ითავსებს სახელმწიფო სიმბოლოს ფუნქციებს. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს დართულ ლუქის საკიდ ბეჭედზე გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი: მართკუთხა, ფრანგული ფარი ორად არის გაყოფილი. ზევით, რუსეთის ორთავიანი არწივია. ქვედა ნაწილში გაკვეთილ-გადაკვეთილია, მის შუაში კი მომცრო ფარია მაცხოვრის კვართით. პირველ მეოთხედში სფეროა, მეორეში - გოლიათის მძლე მეფსალმუნე მეფე დავითის ქნარი, მესამეში - გადაჯვარედინებული სკიპტრა და ხმალი, მეოთხეში - იმავე ბიბლიური დავითის შურდული. გარს არტყია ეკატერინე II-ის მიერ ერეკლე მეფისადმი 1769 წელს ბოძებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის ჯაჭვიანი ორდენი. გერბს თავს ადგას ორიგინალური ქართული გვირგვინი. იგი მხოლოდ დიდ სახელმწიფო არწივზე (რუსეთის ძირითადი გერბი) მოთავსებულ საქართველოს სამეფოს გერბის დამაგვირგვინებლად იხმარებოდა.

***
1851 წლის საქართველოს - იმერეთის გუბერნიის ნიკოლოზ I-ის მიერ დამტკიცებული გერბი ასე გამოიყურებოდა: ოქროსფონიანი ფარი ოთხადაა გაყოფილი. ზედა ორ ნაწილში გამოსახულია: მარჯვნივ არარატის მთა მწვერვალზე მოსეს კიდობნით; მარცხნივ - ტალღისებრი ქამრით გამოსახული შავი ზღვა. ქვედა ორ ნაწილში განლაგებულია: მარჯვნივ ორი დაკლაკნილი ზოლი - მდინარეები მტკვარი და არაქსი; მარცხნივ - მყინვარწვერის დათოვლილი მწვერვალი, მთავარი ფარის შუაში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელშიც ვერცხლის ფონზე წმინდა გიორგის ხატია ჩასმული.

***
საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წლები) 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს რესპუბლიკის გერბი არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით. 1990-იან წლებში საქართველომ ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად ეროვნულ სიმბოლოდ 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი გერბიც აღადგინა.
ბეჭდვა