ის რა ერია, რომელსაც მეფე არ ჰყავს
ის რა ერია, რომელსაც მეფე არ ჰყავს
არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) ჰყვება თავის ერისკაცობის დროინდელ ამბავს: "სიონის ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა მეფე თამარის სავედრებელ პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი (ურგებაძე - კ.კ.). აშკარად ვიგრძენი, რაღაც დიდი მადლი შემოვიდა ტაძარში. იგი მღვდელმთავრის გვერდით დადგა. ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო. ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა. ავიდა ამბიონზე და მრევლს შესძახა: "დაიჩოქეთ, როგორ დგახართ ამხელა წმინდანის წინაშე სავედრებელი პარაკლისის დროს!" მრევლმა მაშინვე დაიჩოქა, თვითონაც მუხლებზე დაეცა, ტიროდა და გოდებდა: "გიშრისფერი გაშლილი თმით, ფეხშიშველი მიუძღოდა ჯარს წინ. მარხულობდა, დღედაღამ ლოცულობდა, რომ გაემარჯვებინა მტერზე". თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე. "თქვე წუწურაქებო, მუხლის მოდრეკაც არ გინდათ!" - შემოგვძახა. მამა გაბრიელი კიდევ დიდხანს გოდებდა, შემდეგ წამოდგა, აღასრულა დიდი მეტანია და ემთხვია წმინდანის ხატს. მრევლმა საოცარ სიჩუმეში განსაკუთრებული მოწიწებით გაიმეორა იგივე".

* მამა გაბრიელი (ურგებაძე) ბრძანებდა: "საქართველო აღსდგება, როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს, გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არ ჰყავს?"

* სამშობლოსა და სარწმუნოების სიწმინდისათვის ნაბრძოლი მეფე თეიმურაზ II ბედის უკუღმართობით რუსეთში გარდაიცვალა. 1762 წელს იგი ასტრახანში დაკრძალეს მეფე ვახტანგ VI-ის გვერდით. 1971 წელს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც მაშინ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, პირველი სართულის მოწყობა გადაწყდა. სწორედ აქ განისვენებდნენ ქართველი მეფეები. ამიტომაც საჭირო გახდა, აკლდამები გაეხსნათ და მეფეთა ნეშტები ახალ ადგილას გადაეტანათ. თბილისიდან წავიდა სპეციალისტთა ჯგუფი. გახსნეს აკლდამა. მეფე თეიმურაზ II-ის სხეული უხრწნელი აღმოჩნდა. 211 წლის შემდეგ ნეშტს შემხმარ კანზე შერჩენილი ჰქონდა მოკლე და ჭაღარა წვერი, ულვაშები, შეთხელებული თმა, წარბები. შემორჩენილი იყო მისი სამეფო სამოსიც. ამბობენ, აკლდამის გახსნისას ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება დატრიალდაო.

* ძველად ამბობდნენ: მეფე ერეკლე და თამარ მეფე ცოცხლები არიან ღმერთთან და როცა საქართველოს გაუჭირდება, მოეშველებიანო. მირონი მეფე ერეკლეს ძვლებს ჩამოსდისო, ერეკლემ ხმალი წინ დაიდვის და ისევ თავისთავად შამაერტყისო. ერეკლე როცა ლოცვაზე დადგებოდა, ხმალს მზის შუქზე დაჰკიდებდა ხოლმე და ლოცვას როცა გაათავებდა, სხივიდგან ისევ აიღებდა ხმალსაო. "დიდგულა" იყო ქართველი გლეხი მეფე ერეკლესთან. ყრმობაში თანშეზრდილ იმედა რაზიკაშვილს უთქვამს მისთვის: "ორი შენი თქვი, მეფევ, მესამე კი ჩემი გაიგონეო".

ერთხელ ერთ გლეხს ქურდებმა საძოვრიდან საქონელი მოჰპარეს. იჯდა და ტიროდა. ამ დროს თავს მეფე ერეკლე წაადგა. ტირილის მიზეზი ჰკითხა. მეძინა და ქურდებმა საქონელი მომპარესო. ეგ როგორ დაგემართაო, - უსაყვედურია მეფეს. მე მეგონა, მეფე ერეკლე ფხიზლობდაო, - უთქვამს გლეხს.

მეფე ერეკლესა და ინგილო ქალის ამბავი ყველასთვის ცნობილია, ხოლო თუში დარაჯისა კი ბევრმა შეიძლება არც იცოდეს.

ერთი თუში იდგა დარაჯად ერეკლეს სასახლეში. საღამოს ბინდბუნდზე მეფე სასახლეში შესვლას აპირებდა. თუშმა ვერ იცნო და შესძახა, - ვინა ხარო. მეფემ არაფერი უპასუხა. თუში დაეწია და სილა გააწნა. მაშინ ერეკლემ უთხრა: "რას შვრები, ბრიყვო, შენს მეფეს რადა სცემ?!" შეშინებული თუში სასტიკ სასჯელს ელოდა. ერეკლემ მხარზე ხელი დაადო და უთხრა: - ყოჩაღ, თუშო, ეგრე ფრთხილად უყურადე მეფის სასახლესო.

მეფე ერეკლეს ხლებოდა ერთი ღარიბი მოხუცებული დედაკაცი და მოწყალება ეთხოვნა.

- სხვისა მამაო და ჩემო მამინაცვალო, ერთხელ ჩემსკენაც მოიხედეო, - უხუმრია დედაკაცს.

- რა არი, ამოდენა ხანია სულ მოწყალებაზედ დადიხარო, - ებრძანებინა ხუმრობითვე მეფეს, - განა შვილები არ გყავსო.

- მაშ, რის დედაკაცი ვიქნები, რომ შენთვის ყმა არ გამეზაროს, შვიდი შვილი გაგიზარდეო.

- არა გრცხვენია, დედი, შვიდი შვილის პატრონი ხარ და საგლახაოდ დაიარებიო.

- ვიშ, შენი კვნესამე, ნეტავი ერთი მყვანდეს და შენისთანაო.

ადამ ბობღიაშვილმა მეფე ერეკლეს ჯარში თავისი თორმეტი ვაჟი გაგზავნა. თერთმეტი ომში დაეხოცა. შინ დაბრუნებული მეთორმეტე უკანვე გააბრუნა, - წადი, შენს ძმებს მიჰბაძეო. უშვილოდ დარჩენილ ბობღიაშვილს იმდენად ჰყვარებია მეფე, რომ გადაწყვიტა, სიბერეში ცოლი მოეყვანა და კიდევ ერთი გმირი დაეტოვებინა სამშობლოსთვის. მართლაც აღისრულა წადილი და კიდევ უშვა ორი ვაჟი.

* ტორმასოვმა მოტყუებით შეიპყრო წმინდა მეფე სოლომონ II და თბილისში ჩამოიყვანა. მაგრამ რა დალევდა მეფის ერთგულ ქართველებს. ქაიხოსრო წერეთელმა მოისყიდა ერთი იმერელი დარაჯი, რომელიც შევიდა ტყვე მეფესთან, შემოსა თავისი სამოსი, ღვინით ტიკჭორა აჰკიდა და წინ წარიმძღვანა. მეფის კარავში კი მეფის ქვეშაგებში ჩაწვა, რათა ყარაულებს ეჭვი არ შეჰპარვოდათ. მეორე დღესღა გაიგეს მეფის გაპარვის ამბავი. გუბერნატორმა მეფის მეჯინიბეს ჰკითხა, მეფე როგორ გაიპარაო. მეჯინიბემ უპასუხა: - აჰა, მეფის ცხენი, რომელიც მე მებარა, მეფე კი შენ გებარა და რა უყავიო. გუბერნატორმა შეატყობინა ტორმასოვს. გუბერნატორის, გვარად ახვერდოვის, შესმენით ტორმასოვმა შეიპყრო პოლიცმაისტერი დავით გოსტაშაბიშვილი, ნინია სუბატიშვილი, მაქსიმე პენტელაშვილი, გოგია იმერელი, აზნაური ფალავანდიშვილი, გორელი სომეხი იოანე. დავითი და ნინია ფარეშთან ერთად პერმში სალდათად გაგზავნეს - იქ დაიხოცნენ. დანარჩენი სამი კი თოფით დახვრიტეს თბილისში, ავლაბრის რიყეზე და ხოჯა მელიქის საყდრის გასწვრივ მინდორზე დაკრძალეს. თან ყარაული მიუჩინეს, ქართველებს ცხედარი რომ არ მოეპარათ. შუაღამისას მათ საფლავებს ზეითგან ნათელი დაადგა, შეშინებული მცველები მუხლებზე დაეცნენ და თაყვანი სცეს მათ. ტორმასოვიც ძლიერ შეშინდა და თავისი ხალხი გააფრთხილა, - არავისთვის ეთქვათ ეს, თუმცა ტფილისელებმა შეიტყვეს და ადიდებნენ ღმერთს.

* ერთხელ წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ბაგრატ კურაპალატის წინაშე ღირსი მამა საბა იშხნელი ახსენა და მასზე მოუთხრო. მეფეს საოცრად მოუნდა მისი ნახვა, სასწრაფოდ დაწერა წერილი, დიდებულებს ღირს საბასთან გაატანა და პატივით მოსვლა სთხოვა. მივლინებულებმა კურაპალატს ამბავი მოუტანეს: ღვთის კაცს მოსვლა არ უნდაო. მიხვდა ბაგრატი თავის შეცდომას და ახლა წმინდა გრიგოლს სთხოვა წერილის მიწერა. თვითონაც მისწერა სხვა შინაარსის წერილი. ღირსი საბა ახლა კი დაემორჩილა კურაპალატის ბრძანებას, უფრო კი მამა გრიგოლისას. დიდი პატივით მიიღო მეფემ წმინდა საბა, დასხდნენ სასაუბროდ. მეფემ ჰკითხა: "ჯერ არს ხელმწიფეთა მორჩილება, პირველად რომ დაგიბარე, რატომ არ მოხვედი?" საბამ უპასუხა: "დიდებულო მეფეო, შენ ქვეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე - ზეცისა და ქვეყანისა და ქვესკნელთაი; შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთა, შენ ამ წარმავალი ჟამის მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნო მეფეა და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამო, დაუსაბამო, დაუსრულებელი მეუფე ანგელოზთა და კაცთა, და შენზე მეტად მისი სიტყვების მოსმენა მმართებს, რომელმაც ბრძანა, ვითარმედ - ვერვის ხელეწიფების მონება ორთა უფალთა. არამედ ძმისა და მოძღვრისა ჩემისა გრიგოლის სიტყვით მოვედი შენ წინაშე".

* მეფე ერეკლეს 21 შვილი ჰყავდა. ვაჟების უმეტესობას მეფობა უნდოდა, ამაში ხელს უწყობდათ მეფის ანდერძი, რომლის მიხედვითაც შვილებს რიგრიგობით უნდა ემეფათ. ყმები აუჯანყდნენ კიდეც მეფე გიორგის, რომელმაც უსისხლოდ ჩაახშო აჯანყება. მოჯანყეთა შორის იყო მეფის ძე ფარნაოზი, რომელმაც ბეჭედიც კი დაამზადებინა წარწერით: "მეფე ფარნაოზ". 1803 წელს რუსეთში გადასახლებული ბატონიშვილები განიხილავდნენ მეფობის დაკარგვის მიზეზებს და უმეტეს ბრალს უმცროს ფარნაოზს სდებდნენ. "დამცველად" მას მეფე გიორგის სიმამრი გამოუჩნდა, რომელმაც თქვა: "რას ჩააცივდით ფარნაოზს? რა ბრალსა სდებთ? ფარნაოზი ამას იტყოდა ხოლმე: მამაჩემის ანდერძით ხომ ოდესმე უნდა ვიმეფო. ჰოდა, ჩემი წილი მეფობა ახლა მინდაო!" - "ესრეთ სიცილით მოიგონებდნენ საქმეთა წარსულისათა ქართველნი და მხიარულებითა განაზავებდნენ მეფობისა ღირსებათა თვისთა და პატივის დაკარვის სიმწარესა".

მეფე გიორგი XII-ის ვაჟი დავითი სიყმაწვილეში ვოლტერით ძალზე იყო გატაცებული, რაც დიდ ტკივილს აყენებდა მამამისს. ამბობდა: "ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, შენ აპატიე შვილსა ჩემსა დავითს დანაშაული მისი. ნუ ჰკითხავ მას. შენ მოაქციე ჭეშმარიტსა გზაზე და დაამკვიდრე შენსა სიყვარულზედ. ამინ. რა იქნება მეფე არამორწმუნე ქრისტესი, მოძულე ღვთის დედისა, წმინდათა და წამებულთა. ვაი შენსა მეფე გიორგის..."

* მეფე ბასილს ესმა სასწაულნი, რაც წმინდა ილარიონ ქართველის მიერ იქმნებოდა თესალონიკეს. გაიგო ისიც, რომ წმინდა ილარიონს სამი მოწაფე დარჩენოდა, რომლებიც იმ დროს ხანდაზმულნი იყვნენ, მოაყვანინა თავისთან და უთხრა: კონსტანიტნოპოლში ნებისმერი მონასტერი აირჩიეთ და იქ დასახლდითო. მაგრამ ქართველებმა სხვა მონასტერში შესვლაზე უარი განაცხადეს, - უკეთუ გნებავს, სადმე უდაბნო ეკლესია აგვიშენე, სადაც შენი მეფობისთვის ვილოცებთო.

მონახეს ერთი მშვენიერი ადგილი და მეფეს შეატყობინეს. "მაშინ მოვიდა მეფე ერითურთ და მოაქვნდათ ქვა თვით მეფესა და ყოველსა ერსა მისთანა". ეკლესია და მონასტერი შვიდ თვეში აშენდა. მეფემ ტაძარი განამშვენა, ოქრო-ვერცხლი, მეტოქნი და ტყეები შესწირა, მონასტერი ქართველებს გადასცა და უთხრა, - რაც გინდათ, ის მთხოვეთო და იცით, რა სთხოვეს ქართველებმა?! - "ვითხოვთ შენგან, რათა ყოველი უსამართლობა აღმოფხვრა შენს სამეფოში, რათა არ განრისხდეს შენზე უფალი და ფუჭი არ იქნეს შენ მიერ ჩვენ მიმართ გაწეული სიკეთეო".

ამის შემდგომად ექვთიმე შეყენებულმა მოსწერა მეფეს: ვიხილე საკირეში ანთებული ცეცხლი, საშინელი კვამლი და მესმა: - ეს არის ბასილი მეფის ცოდვანი. და მე ვკითხე: - ვის შეუძლია მისი ჩაქრობა? - მის ცრემლსა და კეთილ საქმეებს. მაშინ მოიტანეს შენი კეთილი საქმეები, ჩაყარეს ცეცხლში და გაანელა დიდი წვალებით. მერე კვლავ მესმა: - მოიტანეთ უცხოთშეწყნარება. მოიტანეს პატარა ხორბლის მარცვლის მსგავსი, ჩააგდეს ცეცხლში და მან სრულიად დაშრიტა.

ამის მერე, მეფის ბრძანებით, წმინდა ილარიონ ქართველის ნაწილები გადმოასვენეს კონსტანტინოპოლში და ბოლოს ჰრომანას ქართველთა მონასტერში დააბრძანეს.

* დაუდგა მეფე მირიანს აღსასრულის ჟამი. მოიხმო თავისი ვაჟი ბაქარი, ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებისკენ მოუწოდა. მერე კი მოაბრძანებინა წმინდა ნინოს ჯვარი, ჩამოკიდა სამეფო გვირგვინი ჯვარზე. მერე ბაქარს გამოსახა თავზე ჯვრის ნიში. აიღო ჯვრიდან გვირგვინი და დაადგა თავზე. ასე იკურთხა ბაქარის მეფობა წინდა ნინოს ჯვრის მადლით.

* მაჰმადიანი ქართველები უამბობდნენ ზაქარია ჭიჭინაძეს: ერთ საღამოს თამარ მეფე კარჩხალის მთაზე თავის კოშკში იყო და იქიდან იყურებოდა. ევფრატის ეკლესიის გვერდით საუცხოო, ბრწყინვალე ცეცხლის შუქი დაინახა. მივიდა იმ ადგილზე და ეკლესია ნახა, სადაც ცეცხლი იხილა. ეკლესია დიდად არ მოეწონა და ამ დღის აღსანიშნავად ხერთვისში ერთი ტაძრის აშენება ბრძანა. მუშებმა სამუშაო იარაღი რამდენჯერმე შორს, ევფრატის ეკლესიის გვერდით ნახეს დაწყობილი, წავიდნენ და თამარ მეფეს მოახსენეს. მან ბრძანა: - თავი დაანებეთ ხერთვისში ეკლესიის შენებას, დარჩეს ისევ ისე ევფრატის ეკლესია ამ ხეობის მცხოვრებ ქართველთა დედაეკლესიადო.

წმინდა მეფეს საყდარი შეუმკია დიდი განძეულით. გავიდა მრავალი წელი და ოსმალებმა დაიპყრეს იქაურობა. მათ ეკლესიების ნგრევა დაიწყეს. ქართველებს უთხოვიათ და მათ ევფრატის ეკლესია არ დაუნგრევიათ, მაგრამ მერე უბრძანებიათ, - თქვენვე დაანგრიეთო. "ვინც მას წერაქვს და ბარს დაჰკრავს, მაშინვე ხელები მოსწყდება და გაქვავდება. კარჩხალი და "პაწა-მთა" იწივლებს, იქ ქართველი დევები მარხია, თამარ მეფის საფლავიც "თავკალოზეა" (კარჩხალის მთაზე). ისინი აღდგებიან და ჩამოვლენ ჩვენს შესარცხვენადო", - დაუფიცებია ხალხს. მტერი ძალას ატანდა, აწამებდა ქართველთ, ბევრმა თავიც კი მოიკლა, ოღონდ ევფრატისთვის ხელი არ ეხლო. ბოლოს ესღა სთხოვეს: შევასრულებთ თქვენ ბრძანებას, ოღონდ ნება მოგვეცით, ეკლესიის მარჯვენა კედლის ნაწილი არ დავაქციოთ, სადაც ჩვენს მამებს გამჩენი ღმერთის საკვირველება უნახავთო. დაუქცევიათ ევფრატი, ის კედელი კი დაუტოვებიათ, სადაც თამარ მეფეს ნათლის შუქი დაუნახავს. "ეს კედელი დღევანდლამდე დგას დაურღვეველიო", - ბრძანებს ზაქარია ჭიჭინაძე.
ბეჭდვა
1კ1