რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ბრიტანელების უმრავლესობა არ იცნობს ბიბლიას
ლონდონი. ბრიტანული კვლევითი ცენტრის ComRes-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა , რომ ბრიტანელების უმრავლესობისთვის უცნობია ყოფაში დამკვიდრებული იმ გამონათქვამების პირველწყარო, რომლებიც სათავეს ბიბლიიდან იღებენ.

სოციოლოგიურმა ინტერნეტგამოკითხვამ, რომელშიც 2 379 ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, ცხადყო, რომ ბრიტანელების დიდ ნაწილს (46%) ბიბლია მარადიულ ფასეულობათა საუნჯედ მიაჩნია, თუმცა მათი უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს ან ცუდად იცნობს ბიბლიურ ტექსტებს. ასე მაგალითად: ComRes-მა რესპონდენტებს შესთავაზა ყოფაში დამკვიდრებული რამდენიმე გამონათქვამის წარმომავლობის შესახებ თავიანთი ვარაუდის გამოთქმა. "განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე" (ლკ. 12:19) - 41%-ის აზრით, შექსპირს ეკუთვნის, გამოკითხულთა ნაწილმა საერთოდ ვერ დაასახელა ფრაზის წარმომავლობა და მხოლოდ 9%-მა იცოდა, რომ ფრაზა ბიბლიიდან გავრცელდა საზოგადოებაში. ან კიდევ: გამოკითხულთა 18%-ს "შეფეთქილ კედელზე წერა დაიწყეს" (დან. 5:5) ბითლზების გამონათქვამი ეგონა, ბრიტანელების მხოლოდ 19%-მა იცოდა, რომ ფრაზა ბიბლიიდან იყო.


ამერიკელმა მქადაგებელმა "სამყაროს აღსასრული" კიდევ ერთხელ გადაავადა
ვაშინგტონი. კალიფორნიელი მქადაგებელი ჰაროლდ კემპინგი, რომელიც "სამყაროს აღსასრულს" ა.წ. 21 მაისს წინასწარმეტყველებდა, აცხადებს, რომ მისი გამოთვლები არ იყო ზუსტი. მან აპოკალიფსის ახალი თარიღი ოქტომბრისთვის გადადო, - წერს გაზეთი New York Times. ადგილობრივი რადიოს ეთერში კემპინგმა განმარტა, რომ 21 მაისი "ღვთის უხილავი სამსჯავროს" დღე იყო, ხოლო ნამდვილი, ხილული სამსჯავრო 21 ოქტომბერს შედგება.

ეს არ არის კემპინგის მიერ "სამყაროს აღსასრულის" წინასწარმეტყველების პირველი შემთხვევა. აღსასრული, მისი აზრით, ჯერ კიდევ 1994 წლის სექტემბერში უნდა დამდგარიყო. კემპინგმა ამ "წინასწარმეტყველების" გამო აშშ-ის ქრისტიანული საზოგადოების ქილიკი დაიმსახურა.
ბეჭდვა
1კ1