რელიგიური ქრონიკა
რელიგიური ქრონიკა
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას რომში მსახურებისთვის კათოლიკური ტაძარი გადაეცა
რომი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით , რომში იტალიის გაერთიანების 150 წლისთავის საიუბილეო სადღესასწაულო ღონისძიებების გამო ჩასული მიხეილ სააკაშვილი 3 ივნისს წმინდა თომა ვილანოველის სახელობის ტაძარში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ სამრევლოსთან ერთად ლოცვას დაესწრო. ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინა.

ვატიკანის ვიკარიუსმა ქართულ მრევლს წმინდა თომა ვილანოველის სახელობის ტაძარი სხვადასხვა სასულიერო დღესასწაულისა და ყოველკვირეული წირვა-ლოცვის აღსავლენად დაუთმო. სასულიერო ლიტურგიას ქართველი მღვდელმონაზონი მამა იოანე უძღვებოდა. მან აღნიშნა, რომ ტაძრის გადმოცემა დიდი სტიმული იქნება იტალიაში მცხოვრები ქართული მრევლისათვის.


საქართველოს საპატრიარქო ზრუნავს უძველესი საეკლესიო გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების აღორძინებაზე
თბილისი. მიმდინარე წლის 17-22 მაისს TBC ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

თექისაგან შექმნილი რელიგიური ყოფის ატრიბუტიკა საპატრიარქოს სტეფანწმინდის ხელოვნების სახლის შეგირდების მიერ იქნა დამზადებული. ხელოვნების სახლი 2008 წელს გერგეტის წმინდა სამების ტაძრის არქიმანდრიტ იოსების ინიციატივითა და ხევისა და სტეფანწმინდის მიტროპოლიტის კურთხევით დაარსდა.

ხელოვნების სახლში ახალგაზრდები ტრადიციული ხალხური რეწვის სხვადასხვა სახეობას სწავლობენ. თექისა და თიხის ნაკეთობათა ტექნოლოგიების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება უძველეს მემკვიდრეობას ექცევა.
ბეჭდვა
1კ1