კაცობრიობას სულიერი სიბრმავისგან მხოლოდ ქრისტესმიერი სიყვარული განკურნავს
კაცობრიობას სულიერი სიბრმავისგან მხოლოდ ქრისტესმიერი სიყვარული განკურნავს
1. სახარებაში მაცხოვრის მიერ ბრმათა განკურნების არაერთი შემთხვევაა აღწერილი. თქვენი ვარაუდით, თანამედროვე მსოფლიოში ფიზიკურად მეტი ადამიანი იქნება დაბრმავებული თუ სულიერად? რას დაარქმევდით სულიერ სიბრმავეს და როგორ ფიქრობთ, იკურნება იგი?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება" (?!) (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ფილოლოგი აკაკი-გასავ გასვიანი, ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევარი, პროფესორი დალი ჩიკვილაძე და მარკეტოლოგი დავით მაღულარია.


აკაკი-გასავ გასვიანი, 70 წლის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, არაერთი თეოლოგიური და სამეცნიერო შრომის ავტორი.

1. სახარებებში იესო ქრისტეს მიერ მოხდენილი მრავალი სასწაულის შესახებ არის საუბარი: აღადგენდა მკვდრებს, კურნავდა ბნედიანებს, კეთროვანთ, ხეიბრებს, თვალისჩინს უბრუნებდა ბრმებს და ა.შ.

მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული იყო ქრისტეს მიერ ადამიანებს შორის სიყვარულის ღვთაებრივ კატეგორიამდე აყვანა, რომ ეხსნა ისინი სულიერი სიბრმავისაგან.

მძულვარება სულიერად აბრმავებს ადამიანებს, ერთმანეთს უპირისპირებს მათ, ხდება ყოველგვარი ბოროტების საფუძველი, სოციალური უბედურებების მიზეზი, ზოგჯერ სახელმწიფოს პოლიტიკის განმსაზღვრელი.

რომ არა ადამიანთა სულიერი სიბრმავე, მსოფლიოში დღემდე ამდენი ტრაგედია არ დატრიალდებოდა, არ იქნებოდა ლოკალური ომები, არც ის სისხლისმღვრელი შეტაკებები, რაც თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს დედამიწაზე.

კაცობრიობას სულიერი სიბრმავისგან მხოლოდ სიყვარული, ქრისტესმიერი სიყვარული განკურნავს.

2. ათეიზმის მძვინვარების პერიოდში გაიზარდა ჩემი თაობის ახალგაზრდობა. 40-50-იან წლებში ვინ გაბედავდა ეკლესიაში შესვლას, ლოცვას, სანთლის ანთებას. ისეთი ანტირელიგიური ვაი-უშველებელი ატყებოდა, ძნელად თუ ვინმე გაუძლებდა ამას. პიონერული ან კომკავშირული ორგანიზაციის კრებაზე განიხილავდნენ შენს საქმეს. სასჯელი: გაკიცხვა, საყვედური პირად საქმეში, "შავ სიაში" შეტანა, უკიდურეს შემთხვევაში - სკოლიდან გარიცხვა, არც ბავშვის მშობლებს ინდობდნენ.

სვანეთი ამ დროს მაინც ოაზისივით იყო. ეს ძირითადად განაპირობა ხალხის მრისხანე წინააღმდეგობამ ათეისტების მიმართ. ეკლესია-სალოცავთა ბევრი ხელისმყოფელი თვითონ მოსახლეობამ დასაჯა სასტიკად. ამიტომ გადარჩა აქაური საყდრები დანგრევას.

მამაჩემი, იპოლიტე გასვიანი, კომპარტიის წევრი იყო, ბიძაჩემი - გიორგი 1924 წლის ამბებთან დაკავშირებით ზუგდიდში დახვრიტეს. ბოლშევიკებს აღრიცხული ჰყავდათ ასეთთა ახლობლები და მუდმივად უთვალთვალებდნენ. საჭირო იყო მძიმე წნეხის ერთგვარი განეიტრალება. მაინც მალულად ლოცულობდა მამაჩემი, უფრო ალბათ გულში.

დედაჩემი, ივლიტა, ღვთის მოშიში ქალი იყო და ყველა საეკლესიო დღესასწაულში აქტიურად მონაწილეობდა. ხალდე ერქვა ჩვენს ისტორიულ სოფელს. ისტორიულს, რადგან ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა ამ სოფლის ყველა მამაკაცი. მაცხოვრის ეკლესია იფარავდა ხალდეს და დაქცევიდან ცოტა ხანში აღორძინდა.

ჩვენი ოჯახი წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მრევლად ითვლებოდა. ჩამიწყობდა დედაჩემი ლამაზად შეკერილ ზურგჩანთაში სეფისკვერებს, ხაჭაპურებს, სანთლებს და ფეხით მივდიოდი წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში, რომელიც 7-8 კილომეტრით მაინც იყო დაცილებული ჩვენი სახლიდან.

ვხედავდი, ჩვენი ხალხი როგორი ამაღლებული განწყობით აღავლენდა ლოცვებს ამ წმინდა ადგილას, დიდი ზარ-ზეიმი იმართებოდა ყოველ აღდგომა-კვირიკობას. "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემისო" - ასე ბავშვობიდან შემოვიდა ღვთის რწმენა და სამუდამოდ აღიბეჭდა და დაიმკვიდრა ადგილი ჩემს გულში.

თანდათანობით მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბუნების მოვლენათა ჭეშმარიტი შემეცნება მიგვიყვანს სულიერებასთან - ღმერთთან. უფალი იესო ქრისტე ამბობს: "ღმერთი სულია და მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ თაყვანი (იოანე 4:24); ღმერთი არასდროს არავის უხილავს" (იქვე მ.12). წმინდა დიონისე არეოპაგელი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეგნატე ბრიანჩანინოვი და სხვები თავიანთ თეოლოგიურ სწავლებებში ადასტურებენ, რომ ღმერთი უნივთოა. მართლაც, ფიზიკის, ასტრონომიის, გენეტიკის კანონებით დადგინდა ღვთის უნივთო მყოფობა, წმინდა მყოფობა, ამიტომ არის იგი ყველგან და ყოველივეში არსებული, დაუსაბამო დასაბამიერი, მარადიული, ყოვლისმპყრობელი და ყოველივეს შემოქმედი. ჩვენი გონება და სულიც ხომ მისი ყოვლისმომცველი გონისა და სულის მინიატიურული ნაწილია და ამის გამო ვართ ხატი ღვთისა. მთელი სულიერი სამყარო ღმერთთან ინფორმაციულ კავშირშია და შედეგად, არაფერია მისგან დაფარული. მხოლოდ ნათელი ფიქრი ქმნის სანეტარო დამოკიდებულებას უფალთან და პირადად მე მუდმივად ვცდილობ ამგვარი განწყობილების შექმნას.

3. საქართველო ღვთისმშობლის ტაძარია, ქართველი ერი კი ამ ტაძრის მრევლი, თუ ამ რწმენით განვიმსჭვალებით, მალე გათენდება, როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს.

ჩვენთვის გლობალიზაცია საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ეროვნულ ნიადაგზე წარმართვას, და არა მათში გათქვეფას უნდა გულისხმობდეს, რადგან თუ დავივიწყეთ ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა, ტრადიცია, სარწმუნოება, გავქრებით, როგორც ერი.

ჩვენ გადავრჩებით და მზიანი ღამეც მალე გათენდება, თუ ვილოცებთ საქართველოსთვის, ერთმანეთისთვის, დავუჯერებთ ჩვენს პატრიარქს და შევასრულებთ მის ლოცვა-კურთხევას.

4. როგორ უყურებს ეკლესია ცოლ-ქმარს შორის ხელოვნურ განაყოფიერებას?


KARIBCHEდალი ჩიკვილაძე, 75 წლის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მეუღლე 1993 წელს გარდაეცვალა. ჰყავს ქალიშვილი ლელა თავზარაშვილი.

1. ჩემი აზრით, სულიერად ბრმანი განუზომლად მეტნი არიან ფიზიკური სიბრმავით დაავადებულებზე, რაც ძნელზე მძიმე ხვედრია, მაგრამ იგი შეიძლება განიკურნოს კიდეც. იერიქონიდან მომავალმა უფალმა აკი განკურნა მავედრებელი ორი ბრმა და აუხილა თვალები, დაანახვა მათ ათასფერადი სამყარო განუზომელი მშვენიერებით. თვალებახელილმა ორივე ბრმამ უფალთან ერთად გააგრძელა გზა იერუსალიმისკენ.

სულიერი სიბრმავიდან თავის დაღწევა ჭირს, შეიძლება ამას ღვთის მცნებათა შეცნობის, მხურვალე ლოცვის, უფალთან მიახლოების სურვილის კვალდაკვალ მიაღწიოს ადამიანმა, რაც უთუოდ უზენაესის გაუნელებელ მორჩილებასა და სიყვარულს ეფუძნება.

სულიერ სიბრმავეს, ამ მძიმე ჯვარს, ძნელია მოუძებნო შესატყვისი სახელი და ერთი სიტყვით გამოხატო მისი არსი. მე მას ალბათ დავარქმევდი ამპარტავნებას, მედიდურებას, კატეგორიულ აზროვნებას, რაც თავისთავით კმაყოფილთა ხვედრია, მათ სულიერი ამაღლებისთვის გონება დახშული აქვთ. მთავარია, მოისურვონ, აღასრულონ, არად ჩააგდონ ტრადიციული, ეროვნული, მხოლოდ უცხოურით დატკბნენ, ამასთან მთელი კატეგორიულობით მოითხოვონ სხვისგანაც ასეთივე ქმედება და აზროვნება, უსიტყვო მორჩილება...

2. ჩვენ ღმერთის ხსენებას გვიკრძალავდნენ, ვიზრდებოდით სხვა რწმენით და სხვა "ღმერთების" აღიარებით... ეს ჩემი თაობის სულიერი ბნელეთის პერიოდი იყო. მაშინ ეკლესიაში სიარული აკრძალული გახლდათ. მე ოჯახის ტრადიციით ვიყავი დაკავშირებული საეკლესიო ცხოვრებასთან. დედაჩემის ბიძა (დედის ძმა) სანდრო მიქაძე (მამა ალექსანდრე) კომუნისტებმა 1921 წელს "გაპარსეს", მაგრამ ოჯახში ღმერთის სიყვარული და პატივისცემა ვერ აღმოფხვრეს. ჩვენს ოჯახში აღდგომის დღესასწაულზე იღებებოდა კვერცხები, ცხვებოდა პასკა, ოჯახის ყველა წევრი ატარებდა ჯვარს, ყოველ ორშაბათს დედას დიდუბის ეკლესიაში დავყავდით მე და ჩემი ძმა, ვანთებდით სანთელს, სამჯერ შემოვუვლიდით ეკლესიას. ასე რომ, ეკლესიაში ფარული სიარული სკოლის ასაკიდან დავიწყე, მაგრამ ეს რწმენის შემოსვლა არ იყო, ეს ოჯახის ტრადიციის გაგრძელება გახლდათ, ხოლო შემდეგ და შემდეგ - რწმენის დამკვიდრება და გაღრმავება მოხდა... განსაკუთრებით აქტიური მლოცველი 25 წლის წინ, ჩემი ძმის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ გავხდი. ჩემი სალოცავი სახლი სიონის წმინდა ტაძარია, რომელშიც ძლიერი მადლია, დიდი შთაგონება და უფლის ძალის შეგრძნება... ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მყავს არაჩვეულებრივი მოძღვარი - მამა ამირანი (ამირანაშვილი), მისი გულისხმიერი და მეგობრული ურთიერთობა ბევრ სიძნელეს მიადვილებს, ღვთის მორჩილებასა და ნდობას მიასმაგებს, დიდი მადლობა მას ამისათვის.

საკუთარი ცოდვების მძევალია ყველა ადამიანი, მათ შორის მეც. ეგებ თამამი განაცხადია, მაგრამ უფალი მუდამ ჩემთანაა. უზენაესის წინაშე კრძალვით, შიშით, უკიდეგანო თაყვანისცემით და იმედით ვიცხოვრე 75 წელი, უფალი გვმოძღვრავს, - ვინც შემიყვარებს, მე ყოველთვის მასთან ვარო...

3. "წაიღეთ ეს ბნელი ღამე თავისი სიზმრებით და მომეცით მე ნათელი დღე თავისი ტანჯვით და ვაი-ვაგლახით" - ვიგონებ დიდი ილიას, ილია მართლის სიტყვებს. დიახ, ღამე თავისთავად საშიშიცაა და უსახურიც, ბნელიც და უპერსპექტივოც, უკუნიც და უიმედოც, მაგრამ "მზიანი ღამე" სხვა გაგებისაა, მას სიღრმისეული საგანგებო წვდომა ეგების. ღამის წყვდიადში მზის ნათელის ხილვა, ვფიქრობ, თვისებური იდუმალებაა, ეს იდუმალება კი ნათლისმყოფელი უფალია, ღვთის ნათელია, რომელსაც ვერ შეიცნობ, შეუცნობლობაა ღამის მზიანობის არსი, რომელსაც გააჩნია მზიურობის ძალა, ანუ უფლის ძალა, ღვთისკენ მიემართება გონება, მაგრამ ვერ სწვდება მას, უფალი შეუცნობელი კი არ არის, მარად შეცნობადია. ამიტომაც გაიმარჯვებს მზიურობა, და გათენდება კიდეც. ეს იდუმალი გათენება ღვთის ძალის გაცხადება იქნება.

უკანასკნელ ხანს ბევრს საუბრობენ გლობალიზაციის სიავკარგეზე. პატარა ქვეყნების ხვედრი გლობალიზაციის პროცესში განსაკუთრებული და გამორჩეული ეროვნული დვრიტის ერთგულებით უნდა დაფასდეს. ტრადიციისა და სარწმუნოების დაცვა გადაარჩენს ქვეყნის ეროვნულ თავისთავადობას. ასე რომ, ეროვნულობისა და სარწმუნოების ერთგულება გლობალიზაციის პროცესში უნდა იქცეს პატარა ერების თვითმყოფადობის შენარჩუნების ქვაკუთხედად.

4. ჩემი შეკითხვა მოძღვართან ასეთია:

48 წელია ვმუშაობ სტუდენტურ აუდიტორიასთან. მიწევს მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, სიტყვასთან ჭიდილი, პაექრობა. ვარღვევ დუმილის ოქროს კანონს. რამდენად ვცოდავ? რას მირჩევს მოძღვარი?


KARIBCHEდავით მაღულარია, 26 წლის, მარკეტოლოგი, შპს კომპანია "ედრესის" გენერალური დირექტორი, ფოლკლორული ანსამბლის, "დიდგორის" წევრი. ახლახან ჯვარი დაიწერა ნია მგელაძეზე.

1. ჩემი აზრით, სულიერად ბრმა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ფიზიკურად. ახლო წარსულში მეც ამდაგვარ სულიერ მდგომარეობაში ვყოფილვარ და მსგავსი რამ ჩემს ახლობლებშიც შემიმჩნევია.

ვფიქრობ, როცა ადამიანს არ აქვს სულიერი ხედვის უნარი, ცხადია, ვერ აღიქვამს სასწაულს, ვერ შეიგრძნობს იმ მადლს, რომელსაც უფალი ყოველდღიურად მოგვივლენს, არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ წყალობა ღვთისგან გვეძლევა, რადგან ამპარტავნების გამო ყველაფერს საკუთარ დამსახურებას მიაწერს და მზერას უფლისკენ მხოლოდ მაშინ აღაპყრობს, როდესაც რაიმე გაუჭირდება და განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება.

სამწუხაროდ, სულიერი სიბრმავე თუ შეეყრება ადამიანს, ვერ განარჩევს სწორს არასწორისგან, მთავარს - მეორეხარისხოვანისგან, კარგს - ავისგან, კეთილს - ბოროტისგან. ამიტომ სულიერ სიბრმავეს დავაქმევდი ურწმუნოებას, რწმენაში გაუთვითცნობიერებლობას.

განსაცდელმა შესაძლებელია გამოიყვანოს ადამიანი სულიერი წყვდიადიდან და თვალხილული გახადოს იმ შემთხვევაში, თუკი დაუფიქრდება, რომ პრობლემა საკუთარ თავში ეძებოს და არა სხვაგან. განსაცდელის ჟამს ხომ უმეტესობა გამოსავლის ძიებაშია და ზოგჯერ უფალსაც მიმართავს დახმარებისთვის, რაც სასარგებლო დასკვნისა და სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. მთავარია, მან დაინახოს თავისი ცდომილება, შეძლოს მისი აღიარება, გაუჩნდეს სინანულის გრძნობა და ეკლესიას მიმართოს დასახმარებლად. სწორედ ამ შემთხვევაში აეხილება მას სულიერი თვალი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ეს არ შეუძლია. მაგრამ ვინც შეძლებს, ჩემი აზრით, წორედ ის განიკურნება.

2. გვიან მოვინათლე, 7-8 წლის ასაკში. ასე, 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც ოჯახის უახლოესმა მეგობარმა ეკლესიაში დამაწყებინა სიარული. იგი ხშირად მესაუბრებოდა სარწმუნეობაზე და უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე.

ეკლესიასთან მოგვიანებით საეკლესიო გალობამაც დამაახლოვა. 2 წელი ანსამბლში მხოლოდ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდით, როდესაც მამა იოანემ (კიკვაძე) ჩვენი სიმღერები მოისმინა, გვაკურთხა, ქართული საგალობლებიც შეგვესწავლა და სახელი "დიდგორიც" დაგვარქვა. იმ დღიდან წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზმა (ჩიტია). ტაძრის ეზოში ოთახი გამოგვიყო ქართული გალობისა და ხალხური სიმღერების შესასწავლად და უკვე 7 წელზე მეტია, რაც აქ გავდივართ რეპეტიციებს. ამ ხნის განმავლობაში მივხვდი, რომ თუUსიმღერის შესასწავლად მხოლოდ მუსიკალური სმენა და ხმაა აუცილებელია გალობისთვის, ამ ორ მთავარ კომპონენტთან ერთად, რწმენაც უნდა გაგაჩნდეს, რადგან თუ ამ საქმეს სულიერებით, რწმენითა და მთელი გულით არ მოეკიდები, არაფერი გამოგივა. საგალობელი ხომ უბრალო სიმღერა არ არის. ჩვენ ეკლესიის წიაღში გვიხდება ყოფნა და თუ ვართ ჩართული საეკლესიო მსახურებაში, თუ ვირწმუნებთ, საღვთო მადლსაც მივიღებთ. მრევლშიც ბევრია მაგალითის მომცემი ადამიანი. ისინი გვეხმარებიან სულიერ წინსვლაში.

ეკლესია ადამიანს ისეთ სულიერ საზრდოს აძლევს, როგორსაც სხვაგან ვერსად მიიღებ.

3. მზიან ღამეში ალბათ ის მძიმე ვითარება იგულისხმება, რომელიც საქართველოშია (შესაძლებელია აქ მართლმადიდებლური სამყაროც მოიაზრებოდეს). თავისთავად ღამე, მაგრამ მზიანი, რადგან მართლმადიდებლობა იმდენად ძლიერია და მორწმუნე ხალხთა ერთობას იმდენად დიდი მადლი გააჩნია, ჩვენი სამშობლო აუცილებლად გამოვა განსაცდელიდან. პატრიარქის სიტყვების გარდა, იმედს გვაძლევს მრევლის გამრავლება, მათი რწმენაში გაძლიერება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, რაც შესაძლებელია დასაბამი გახდეს ჩვენი ერის სულიერი გაბრწყინებისა.

გლობალიზაცია, რასაკვირველია, ყველა სახელმწიფოზე თავისებურად აისახება. განსაკუთრებით, პატარა ქვეყნები ხშირად მსხვერპლნი ხდებიან დიდი პროცესებისა. ეკონომიკა ხომ ბევრი რამის განმსაზღვრელია, მაგრამ ამის მიუხედავად, დიდია საქართველოზე ღვთის წყალობა და ვეჭვობ, გლობალზიაციამ დიდი ზიანი მოგვაყენოს. რა თქმა უნდა, გარკვეულ სეგმენტზე იგი მავნე ზემოქმედებას ახდენს (ვგულისხმობ ხალხის არაეკლესიურ ნაწილს), მაგრამ მათზე, ვინც ეკლესიის წიაღში ეძიებს ხსნასა და გადარჩენას, დიდი მცდელობის მიუხედავად, გლობალიზაციის პროცესი ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს. მეც მწამს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და ნათელი მომავლისა.


KARIBCHEვესაუბრებით ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ალექსი სინაურიძე:

- "ბრმა ბრმასა თუ წინა უძღვინ, ორივენი მთხრებლსა შთაცვივიან", - ვკითხულობთ მათეს სახარებაში. თქვენი აზრით, რა სიბრმავეზეა აქ საუბარი და შესაძლებელია თუ არა ადამიანი სულიერი სიბრმავისგან განიკურნოს?

- სახარებაში არის ადგილები, სადაც ბრმები ყოველთვის ითხოვენ კურნებას ღვთისაგან, ოღონდ ითხოვენ საოცარი სიმდაბლით და რწმენით და ამიტომაც მიეცემათ... როცა ჩვენ ეკლესიის შვილები გვქვია, მართლმადიდებლობის - ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარნი, ზოგი ეკლესიაში ვართ, ზოგიც ეკლესიის გარეთ ხორციელად თვალხილულნი, მაგრამ ვითხოვთ კი უფლისაგან სულიერი სიბრმავისაგან განკურნებას? არადა, ჩვენი სიმრმავე აშკარაა, მაგრამ ჩვენი ამპარტავნების, გულგრილობის, ნელთბილობისა გამო შინაგანად მაინც ფარისევლებად ვრჩებით და არ გვაქვს ცოცხალი და ჯანმრთელი ურთიერთობა უფალთან, განცდა თვისთა ცოდვათა, სიმდაბლე და ამიტომ სულიერ ბრმებად ვრჩებით. ეს საშინელი ავადმყოფობაა, რომელსაც ჩვენი ძალებით ვერანაირად ვერ მოვერევით და კურნება მხოლოდ ღვთის შეწევნით შეიძლება. ჩვენც აუცილებლად უნდა ვთხოვოთ უფალს, განგვათავისუფლოს სულიერი სიბრმავისაგან, თუნდაც ამას ჩვენს გამოსაცდელად აკეთებდეს. გვცხოს ჩვენ თვალზე ისევე, როგორც სცხო ბრმას სილუანის საბანელთან მის რწმენასა და მორჩილებაში გამოსაცდელად და თუკი გვექნება ისეთივე სიმდაბლე, როგორც იმ ბრმას, რომელიც იერიქონში შეღაღადებდა უფალს: "უფალო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე!" - ჩვენც განვიკურნებით.

მაცხოვარს იერუსალიმში შესვლისას უამრავ ადამიანთან ერთად თან ახლდნენ მწიგნობრები, რჯულისმოძღვარნი, ფარისეველნი, რომელნიც გამოსცდიდნენ მას და თითქოსდა ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რომლებზეც მაცხოვარს, მათი აზრით, პასუხი არ უნდა ჰქონოდა. განსაკუთრებული ამპარტავნებით იერუსალიმელები გამოირჩეოდნენ. როგორც ეგზეგეტი მამები განგვიმარტავენ, ფარისევლები თავიდან რჯულის საოცარი აღმასრულებელნი იყვნენ. მათი დამსახურებით ერმა ეს შჯული მართლაც შეინახა, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ მათ საღვთო კანონები გადააგვარეს და შეცვალეს. ბოლოს ღვთისგან რჩეულ ერს ხელში შერჩა ფარისეველთა კანონები, რაც თავისთავად ნიშნავს ამ სიტყვის თუნდაც თანამედროვე აღქმას და გულისხმობს ადამიანს, რომელიც ერთს ამბობს, მეორეს ფიქრობს, მესამეს აკეთებს, საბოლოოდ, რაღაც მეოთხე გამოდის და ოთხივე შემთხვევაში ის დაცილებულია ღვთისგან. რაც შეეხებათ მწიგნობრებს და რჯულის მოძღვართ, მათ ზეპირად იცოდნენ წმინდა წიგნები და წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა მათთან პაექრობა, ოღონდ არა მაცხოვრისათვის, რომელიც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. მათ უფალი ბრმების ბრმა წინამძღოლებს უწოდებს - "რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანი, ხოლო ბრმა ბრმასა თუ წინა უძღვინ, ორივენი მთხრებლსა შთაცვივნიან". ამ შემთხვევაში უფალი ამხელს ფარისევლებს და უხუცესებს და ამბობს, რომ მათი სწავლებანი საერთოდ უნდა ამოიძირკვოს, მათ უფალი ბრმათა წინაძღვრებს უწოდებს. ე.ი. ისინი ბრმანი არიან სულიერად და თავად ხუჭავენ თვალებს, რათა არ დაინახონ საღვთო ნათელი და მონაგონს აღმართავენ დაბრკოლებად, ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში, ვერ ხვდებიან თავიანთ სულიერ სიბრმავეს და ამით ღუპავენ უამრავ ადამიანს, რომელთაც სჯერათ მათი.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ვინ უფრო მეტია - სულიერი თუ ხორციელი ბრმა, დარწმუნებით გეტყვით, რომ სულიერი, რადგან ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების - მართლმადიდებლობის მიმდევარი საკმაოდ ცოტაა დღევანდელ მსოფლიოში და მართლმადიდებლებს შორისაც - ნამდვილი აღმსარებელი, რადგან მხოლოდ ნათლობა არ ნიშნავს ჭეშმარიტ გზაზე სიარულს; მართლმადიდებლობა მცნებათა აღსრულებაა, უფლის და ადამიანის სიყვარული და თავგანწირვა, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით.

მართლმადიდებლობის გარდა არც ერთ რელიგიას არ ძალუძს ღვთისადმი სათნოყოფა. როგორც წმინდა მამა იოანე კრონშტადტელი აღნიშნავს, სრულყოფილებას მხოლოდ ჭეშმარიტმა სარწმუნოებამ შეიძლება გაზიაროს. "მართლმადიდებლობა მკვდარს განაცოცხლებს, ბრმას თვალხილულსა ჰხდის, დასახიჩრებულს განამრთელებს და შეამკობს, დაცემულს აღადგენს, მონას ათავისუფლებს, დამტერებულს სიყვარულით აღავსებს - როგორადაც მოციქულსა პავლეს და სხუათა. სასოწარკვეთილს სასოებას მისცემს, მოწყენილს ნუგეშს... მზაკვარს უბრალოდ ხდის, ბოროტს - კეთილად, ხარბს - დავშეკავებულს, მრუშს - უმანკოს, უბიწოს... ეშმაკის მსგავსს - ღმერთს დამსგავსებულს და ჰოი, საკვირველებავ! ღვთიურს!" მართლაც საოცარი სიტყვებია დიდი წმინდა მამისა, რომელმაც შეუძლებელია, არ შეგძრას და გულში დიდი იმედი არ ჩაგისახოს.

სულიერად ბრმაა ყველა, ვინც არ მიჰყვება იმ ერთადერთ სამეუფეო გზას, რომლებიც არის "გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება". გზას, რომელსაც 100 000 ქართველი მოწამე, 6000 ბერი, დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე, ქეთევან დედოფალი, მღვდელი თევდორე და სხვა უამრავი ქართველი შეეწირა, არა ფანატიზმით, არამედ უდიდესი რწმენითა და ღვთის სიყვარულით. სულიერი ხედვა და განსჯის ნიჭი ასწავლის ადამიანს ამ სამეუფეო გზაზე სიარულს. შემთხვევით არ ახსენებს წმინდა იოანე მოციქულ პავლეს - მაშინ, როდესაც ის წარმართი იყო და მდევნელი ქრისტიანეთა, დაბრმავდა და როგორც კი სინანული იგრძნო, ცრემლით ატირდა და ნათელ იღო სამოცდაათთაგან ერთ-ერთი მოციქულის, ანანიასაგან, სულიერი და ხორციელი თვალი ერთად აეხილა. ასე რომ, სულიერი სიბრმავე, ღვთის შეწევნით, განკურნებადია. ეკლესიაში მოღვაწეობდნენ წმინდანები: ნეტარები მატრონა მოსკოველი, პელაგია რიაზანელი და სხვანიც მრავალნი, რომლებიც ხორციელად ბრმები იყვნენ, მაგრამ საოცარი სულიერი ხედვა ჰქონდათ. სულიერი ადამიანი, "როგორც არწივი, დაფრინავს მაღლა და სულით გრძნობს ღმერთს, ხედავს მთელ სამყაროს, თუნდაც ღამის სიბნელეში ლოცულობდეს" (წმინდა სილუან ათონელი). ასე რომ, სულიერი სიბრმავე ხორციელზე უფრო საშიშია. რამდენადაც ჩვენი სხეული აღმატებულია ჩვენს ტანსაცმელზე, ამდენად აღმატებულია ჩვენი სული სხეულზე... დაბოლოს, სახარების ზემომოყვანილ იგავს წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით დავამთავრებ: "დიდი ბოროტებაა ბრმად ყოფნა, მაგრამ ბევრად უარესია, როცა ბრმა ცდილობს სხვათა წინ გაძღოლას". აქაც, რა თქმა უნდა, სულიერი სიბრმავე იგულისხმება.

- ახლა, თუ შეიძლება, უპასუხეთ რესპონდენტთა შეკითხვებს.

- კარგია, თუ უფალმა მოგცათ ნიჭი და, ღვთის შეწევნით, შეგიძლიათ მსმენელებს ბევრი ელაპარაკოთ. თქვენ გაინტერესებთ, გეთვლებათ თუ არა ეს ცოდვად? თუ აქ ამაოდმეტყველებას, საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილს არ აქვს ადგილი, ცოდვა არ არის. მთავარია, რას განუმარტავთ, რაზე ესაუბრებით სტუდენტებს. იყო დრო, როცა უმაღლეს სასწავლებლებში მარქსიზმ-ლენინიზმს, მეცნიერულ კომუნიზმს, ათეიზმს, ე.ი. უღვთოობას ასწავლიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ცოდვაა. წმინდა მამა იოანე ოქროპირს შეეძლო, ბევრი არ ელაპარაკა, მაგრამ ნებისმიერი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანამდე გასაგებად მიეტანა ღვთის სიტყვა, ამიტომ დაარქვა მას ხალხმა "ოქროპირი".

გაგახსენებთ, საქართველოს ეკლესიის მნათობს, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსსაც, რომელიც "მეცნიერებას ასარწმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდა". მისი ქადაგებები საოცარი უბრალოებით და ამასთანავე დიდი სიბრძნითა და სულიერებით გამოირჩეოდა. უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ თავის ქადაგებაში ბრძანა, რომ ყველა ადამიანმა თავისი ცხოვრებისეული ჯვარი უნდა ატაროს და თუ რაიმე ღვთისათვის არასათნო შემოგვეპარება, სინდისი - ღვთის ხმა ადამიანში გონებაზე სწრაფად გვამხელს ხოლმე. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ, მით მეტ შეცდომას ვუშვებთ და თანაც ბევრ ინფორმაციას ვაწვდით კაცობრიობის მტერს. წმინდა ამბა დოროთე გვასწავლის, თუ როგორ არ უნდა ვენდოთ ჩვენს გონიერებას და მთლიანად ღვთის ნებაზე ვიყოთ დამოკიდებულნი. მამები ასეთ მდგომარეობას გონიერ მდუმარებას უწოდებენ. "დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა" - ნახეთ, რა საოცარი სიმდაბლით ამბობს ამ სიტყვებს დავით მეფსალმუნე. როგორც გემოთმოყვარეობისგან იბადება მტანჯველი ფიქრები, ასევე მრავალმეტყველებისგან - უპატიო აზრები... მოსაწყენია ადამიანური სიბრძნე, როდესაც იგი მხოლოდ საკუთარი განათლებით ხელმძღვანელობს. მრავლისმეტყველება არის ის ტახტი, რომელზეც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. "თქმით შენ შობ სიტყვას. შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე", - გვასწავლიან წმინდა მამები.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას:

როდესაც ღმერთმა შექმნა ადამი, მას მისცა ქალი, ევა, და უთხრა: "გამრავლდით, ინაყოფიერეთ და აღავსეთ მთელი ქვეყანა". ე.ი. მამაკაცსა და დედაკაცს შორის ბუნებრივი ურთიერთობა, რომელიც შემდეგ ქორწინების საიდუმლოთი განამტკიცა და სრულყო, უფალმა სამოთხეშივე დალოცა.

ადრეულ საუკუნეებში, მოგეხსენებათ, მედიცინა არ იყო მაღალ დონეზე განვითარებული, არ ჰქონდა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს ხელოვნურ განაყოფიერებას უზრუნველყოფს. არსებობს განაყოფიერების სხვადასხვა მეთოდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მეც, როგორც მოძღვარი, ამ საკითხით დავინტერესდი და ამ დარგის საკმაოდ გამოცდილ სპეციალისტებს ვესაუბრე. საბოლოოდ, ჩემი უღირსებით, მივედი იმ დასკვნამდე, რომ განაყოფიერების ყოველ ამ გზას ადამიანი ამა თუ იმ კუთხით ცოდვამდე მიჰყავს.

რაც შეეხება ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებს, კონკრეტული საუბარი საკმაოდ მეუხერხულება მართლმადიდებლური ჟურნალის ტრიბუნიდან, ამიტომ მათზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ. არის კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც ყველაფერი ეს უბრალო ოპერაციამდე დაჰყავთ. ზოგიერთი მიზეზად ერის დემოგრაფიულ მდგომარეობას იშველიებს.

გავიხსენოთ წმინდა იოაკიმე და ანა, რომლებსაც ღრმა სიბერემდე შვილი არ ეძლეოდათ. ისინი საოცარი რწმენითა და სასოებით მიუდგნენ ამ მეტად მტკივნეულ პრობლემას - მაშინ ხომ უშვილობა ღვთის უდიდეს სასჯელად ითვლებოდა... და დადგნენ ლოცვად, იოაკიმე უდაბნოშიც კი წავიდა და იქ განმარტოვდა გარკვეული დროით და მისცათ ღმერთმა შვილი, "დედაი ღვთისა და დედაი ჩვენი" ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ჩვენს დროშიც უამრავი შემთხვევაა, როცა ადამიანს წლების განმავლობაში არ ეძლევა შვილი. შემდეგ ღვთის შეწევნით მიეცემა ხოლმე, ან ბავშვს იშვილებს და მერე საკუთარიც უფლისაგან ეძლევა - თითქოს რაღაც სათნოებას, მადლის მოზიდვას ელის მისგან. ამიტომ ადამიანმა არასდროს არ უნდა დაკარგოს იმედი და ყოველთვის ახსოვდეს, რომ ის, რაც ჩვენ ზოგჯერ შეუძლებლად და წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ღვთისათვის შესაძლებელია. დღეს მეცნიერება ისე განვითარდა, რომ კლონირებული ცხვარიც კი გამოიყვანა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მას ცხვრისათვის დამახასიათებელი თვისებები არ აღმოაჩნდა.

ქრისტიანული რელიგია არ უარყოფს მეცნიერებას, მის მიღწევებს, მაგრამ წმინდა მამათა წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ანტიქრისტე ხელოვნური განაყოფიერებით - "საიდუმლო სიძვით" მეძავისაგან უნდა იშვას. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი პასუხი თქვენს შეკითხვაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler