ჩვენ გვხვდა პატივი, ყველა იქ მყოფი პატრიარქი "მრავალჟამიერის" გალობით გამოგვეცილებინა
ჩვენ გვხვდა პატივი, ყველა იქ მყოფი პატრიარქი "მრავალჟამიერის" გალობით გამოგვეცილებინა
1. როდის იყავით იერუსალიმში და როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით წმინდა მიწიდან?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენება" (საქართველო და გლობალიზაცია).

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ თეოლოგი გიორგი ანდრიაძე, ჟურნალისტი ნარგიზა ბარბაქაძე და ბიზნეს-ადმინისტრატორი ლუარსაბ-ლაშა ტოგონიძე.

გიორგი ანდრიაძე, 39 წლის, პროფესიით ფიზიკოსი, თეოლოგი, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მისი მეუღლეა ირმა ხურცია. ჰყავთ ექვსი შვილი: ანა, ნინო, იოანე, ანდრია, მარიამი და ლაზარე.


1. 1999 წელს საპატრიარქოში დავაარსეთ მომლოცველთა სამსახური. პირველად იერუსალიმში 2001 წლის გაზაფხულზე გავემგზავრე მომლოცველთა ჯგუფთან ერთად. ჩვენი პირველი გასვლა წმინდა მიწის მოსალოცად იმდენად მასშტაბური იყო, რომ მეორე თვითმფრინავის დაქირავებაც გახდა საჭირო. თითქმის ყველანი პირველად მივემგზავრებოდით ისრაელში და შეიძლება ითქვას, ერთმანეთს გადავდებდით ემოციას. ვნების შვიდეულში ჩავედით, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იქ შეხვედროდით. ამ დროს ძალიან ცხელა იერუსალიმში. მარხვით დაუძლურებულნი და სიცხით გათანგულნი, მაინც საოცარ სიმსუბუქეს და სულიერ აღმავლობას ვგრძნობდით. დიდმარხვის მძიმე კვირა ისე შეუმჩნევლად გავიდა, როგორც სამხიარულო დღეები გადის ხოლმე. პარასკევს ტაძარში გავათიეთ ღამე, რომ დიდ შაბათს ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლას დავსწრებოდით. ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მას შემდეგ დღემდე, ყოველი მძიმე წუთების დროს, ვიხსენებ მას და დიდ სულიერ შვებას ვგრძნობ.

ყოველი ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა იმის დასტურია, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა.

2. ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუაც მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ არა ეკლესიურნი. მოგეხსენებათ, კომუნისტური პერიოდი იყო და ეს ყველაფერი შემოიფარგლებოდა აღდგომის წითელი კვერცხების შეღებვით.

ჩემი ეკლესიური ცხოვრების დაწყება ეროვნულ მოძრაობას უკავშირდება. 1988-1989 წლებში ეპიცენტრი ეროვნული მოძრაობისა და ახალგაზრდობის თავშეყრისა სიონის საკათედრო ტაძარი გახლდათ. მაშინ სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და პირველად შევხვდი და გავეცანი ეკლესიის მსახურებს. პროკლამაციების გავრცელებამდე, იძულებულნი ვიყავით, დავსწრებოდით ღვთისმსახურებას. ასე თანდათანობით ჩავერთე რწმენაში, თავიდან, რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად, შემდეგ უკვე ეკლესიის სულიერმა, მისტიკურმა მხარემაც დამაინტერესა.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დიდი სულიერი დარტყმა მივიღე და კიდევ უფრო ახლოს მივედი ეკლესიასთან. 1990 წლიდან დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, რაშიც ლომის წილი მიუძღვის ჩემს მოძღვარს, მამა გიორგი გამრეკელს, დღეს უკვე მთავარეპისკოპოს იოანეს.

სამოქალაქო დაპირისპირებისა და სახელმწიფო გადატრიალების წლებში, როდესაც არნახულმა ქაოსმა მოიცვა მთელი ქვეყანა, ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან, ზოგიერთი მათგანი სასოწარკვეთილებამ მოიცვა, ნაწილმა კი ეკლესიას მიაშურა. მეც მათ შორის აღმოვჩნდი. 1993 წლის 9 ივნისს საპატრიარქოში დავაფუძნეთ ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით. ასე დავუკავშირდი ჩემი საქმიანობით საქართველოს საპატრიარქოს, რომელთანაც დღემდე ვთანამშრომლობ.

3. მზიანი ღამე ალბათ ყველა ქრისტიანისთვის არის ამქვეყნიური ცხოვრება, როდესაც მადლმოსილი ადამიანი, მზით გარემოცული, ნუგეშცემული იმ უკუნეთ ღამეში, რასაც ჰქვია ჩვენი ამქვეყნიური განსაცდელებით სავსე ცხოვრება, აგრძელებს სვლას უფლისკენ და ეს არის სწორედ ის მზე, რომელიც, თუ მას ადამიანი ბოლომდე გაჰყვება, ჩვენს შემოქმედ უფალთან მიიყვანს. ეს სულიერი კუთხით. რაც შეეხება მიწიერ ცხოვრებას, ამასაც თან ახლავს ჩვენი ერის განსაცდელებით აღსავსე გზა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩვენს ქვეყანას განსაცდელების ახალმა ტალღამ გადაუარა, ომი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, დაკარგული ტერიტორიები, სამხედრო გადატრიალება - ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, უკუნეთი ღამე იყო, მაგრამ ამ უკუნეთ ღამეშიც რჩებოდა მზე სიცოცხლისა, მზე სიხარულისა - მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის მადლმაც, ჩემი აზრით, შეაძლებინა ჩვენს პატრიარქს წარმატებით ეტარებინა ამ ქარტეხილებში ის ხომალდი, რომელსაც საქართველოს ეკლესია ჰქვია.

გლობალიზაციის პროცესი, ჩემი აზრით, ყოველთვის არსებობდა. ნებისმიერი იმპერია გლობალიზაციის ერთგვარი წინასახე იყო. დროის შესატყვისად იცვლება მხოლოდ ფორმა, მასშტაბები და ტექნოლოგიები. იგივე საფრთხე ემუქრებოდა, ვთქვათ, ელინიზმის პერიოდში ქართულ კულტურას, ენას, თვითმყოფადობას, რაც დღეს. ჩვენი წინაპრები რომ იმპერიებს დანებებოდნენ, დღეს აღარ ვიქნებოდით. ზოგჯერ ომს ხმლით ვაწარმოებდით, ზოგჯერ წიგნით, მაგრამ ჩვენმა სარწმუნოებამ გაუძლო ისტორიის ძნელბედობას. დიდი გამოცდილების მქონეა ჩვენი ერი და თუ ფხიზლად ვიქნებით, დღევანდელი გლობალიზაციის პროცესი ვერაფერს დაგვაკლებს, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთგვარი სიკეთეც კი მოგვიტანოს, რადგან გლობალიზაციასაც აქვს თავისი დადებითი მხარე; ვთქვათ, ტექნოლოგიების განვითარება, კულტურების ურთიერთგაცვლა და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ადამიანის შინაგან ძალისხმევაზე და, შესაბამისად, ქართველი ერის სწორ მიმართულებაზე. თუ მტკიცედ დავიცავთ წინაპართა გზას, ტრადიციებს, კულტურას, პირველ რიგში - სარწმუნოებას, გლობალიზაცია საფრთხე არ იქნება.


KARIBCHEნარგიზა ბარბაქაძე, 60 წლის, ჟურნალისტი, ეწევა კერძო ბიზნესს, ჰყავს ქალიშვილი - ნანა სალუქვაძე.

1. ჩემი დიდი სურვილი - აღდგომას იერუსალიმში შევხვედროდი, ამ ორი წლის წინ ამისრულდა. თავი სიზმარში მეგონა. მომლოცველთა ჯგუფს ახლდა ჩვენი მოძღვარი, მამა გურამ გურამიშვილი. ენით აღუწერელი განცდა დამეუფლა ნაზარეთში. ხარების ტაძარში ღვთისმშობლის წყაროს წყალი შევსვი. საოცარი იყო ბეთლემში მაცხოვრის შობის ადგილის მონახულება, ასევე იოანე ნათლისმცემლის სახელობის მეტად შთამბეჭდავი ტაძარი. თეთრი კვართით შემოსილნი ჩავედით იორდანეში, მამა გურამმა სპეციალური ლოცვა წაგვიკითხა, ყველა სათითაოდ დაგვლოცა და შთაგვფლა თავით წყალში. იქიდან ამოსულები საოცარ სიხარულს და სიმსუბუქეს ვგრძნობდით, მოვინახულეთ ტაბგა, 12 მოციქულის ტაძარი, ვიყავით გალილეის კანაში, სადაც უფალმა პირველი ხილული სასწაული მოახდინა - ქორწილში წყალი ღვინოდ გადააქცია, ის ქვის კასრები დღემდეა შემონახული. თაბორის ულამაზესი მთიდან იერუსალიმის უმშვენიერესი ხედი იშლება, თაბორის მონასტერს ხომ არაფერი შეედრება.

გეთსიმანიის ბაღში იმ ზეთისხილის ხეს მივუახლოვდით, რომლის ქვეშაც მაცხოვარი ჯვარცმის წინ ლოცულობდა. ვიყავით პალესტინის ქართველთა ჯვრის მონასტერში. ცრემლი მოგვერია რუსთაველის ფრესკის ნახვისას. გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა გიორგის ტაძრის ნახვამ, მის საფლავს შეუწყვეტლივ სდის მირონი, გავიარეთ გოლგოთა. როდესაც იცი, მაცხოვარმა გოლგოთის გზა თავისი ჯვრით გაიარა, თითქოს აღარ იღლები და ყოველ ნაბიჯზე უფლის თანამყოფობას გრძნობ. ამ გზაზე წამებისგან დაღლილმა უფალმა ერთ-ერთ სვეტს ხელი მიადო შესასვენებლად. როდესაც იმ ადგილს ადებ ხელს, არაამქვეყნიური განცდა გეუფლება. ხალხმრავლობა იყო მაცხოვრის გარდამოხსნის ადგილას, მაგრამ მაინც შევძელით მიახლება. მადლით იყო სავსე მაცხოვრის საფლავთან გატარებული რამდენიმე წამი, ცეცხლის გადმოსვლა. ამ დროს ყველას ბევრი სანთელი უჭირავს ხელში. როდესაც ღვთიური ცეცხლის ნაპერწკლები მთელ ტაძარში აციმციმდება და სანთლები უცებ აგიზგიზდება, ამ დროს რაც იქ ხდება, იმის აღწერა და წარმოდგენა შეუძლებელია.

2. ბავშვობაში ყოველ დილა-საღამოს ბებიაჩემს ვაკვირდებოდი, სანთელს როგორ ანთებდა და რაღაცას ჩურჩულებდა. მისი სიტყვებიდან დამამახსოვრდა ღმერთი.

რწმენა, ღმერთი, ლოცვა, სანთლის დანთება, ეკლესიაში სიარული ჩემში მაშინ შემოვიდა, როდესაც მეუღლე მოულოდნელად გარდამეცვალა და სრულიად მარტო დავრჩი პატარა ქალიშვილთან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ თავგადაკლული ეკლესიური ვარ და დროის უმეტეს ნაწილს ტაძარში ვატარებ, მაგრამ ღვთის წყალობასა და თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ხან ანგელოზი მაზის მხარზე, ხან ეშმაკი, ისე როგორც ყველა ადამიანს. ბებიაჩემის არ იყოს, როდესაც ყოველ დილა-საღამოს სანთელს ვანთებ და ხატებთან სალოცავად მივდივარ, ღმერთს ვთხოვ, სიმშვიდე და ჯანმრთელობა მოგვმადლოს და მომიტევოს ჩემი შეცოდებანი, სხვა პირადი თხოვნა არასოდეს მქონია. სხვისი დახმარება, ნუგეში და მოკითხვა კი დიდ შვებას მაძლევს.

3. გლობალიზაცია მსოფლიო პროცესია და მას ვერსად გავექცევით, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც ჩვენია და სხვათაგან გამოგვარჩევს. მართალია, პატარა ერის შვილები ვართ და ეს ჩვენთვის ძნელი მისაღწევია, მაგრამ ძალიან უნდა შევეცადოთ, გლობალიზაციამ არ გადაგვყლაპოს. ჩემი ღრმა რწმენით, ჩახჩახა, მზიანი დღე აუცილებლად გათენდება. ამ იმედის გარეშე ხომ ჩვენი ცხოვრება მართლაც წარმოუდგენელი იქნება.

4. შეიძლება თუ არა, ბიძა იყოს დისშვილის ნათლია?


KARIBCHEლუარსაბ-ლაშა ტოგონიძე, 35 წლის, პროფესიით ბიზნეს-ადმინისტრატორი, საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის წევრი, გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" თანამშრომელი. ჰყავს მეუღლე - ნინო მამულაშვილი და შვილები: ელენე, ეკატერინე, ნიკოლოზი და მარიამი.

1. მე იმ ბედნიერ მგალობელთა შორის აღმოვჩნდი, რომლებიც თან ახლდნენ პატრიარქს იერუსალიმში ქრისტეშობის 2000 წლის საზეიმოდ აღნიშვნის დღეებში. სხვათა შორის, ჩვენი იქ ჩასვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ღაზის სექტორში დიდი შეტაკებები მოხდა და ქვეყანაში გამწვავებული იყო შიდა პოლიტიკური ვითარება, რამაც გარკვეული სიმყუდროვე შესძინა ამ თარიღის აღნიშვნას. მინიმუმამდე იყო შემცირებული დელეგაციების შემადგენლობა, ამიტომ პატრიარქმა სულ 7 მგალობელი შეგვარჩია დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად, რაც დიდი მორჩილებითა და სიხარულით მივიღეთ და შევეცადეთ, წინდაწინ მოვმზადებულიყავით, რომ გვესახელებინა საქართველო.

გამგზავრებამდე მოვასწარი წამეკითხა პეტრე კონჭოშვილის წიგნი, რამაც გარკვეული წარმოდგენა შემიქმნა ამ ქალაქზე და ჩემი გზამკვლევი გახდა.

იერუსალიმში ჩასვლისთანავე უდიდესი სიხარული ვიგრძენი, მაგრამ რაღაც ისეთი ვირუსი შემეყარა, მთელი კვირა მაღალი სიცხე მქონდა და თავბრუხვევის შეგრძნება არ მტოვებდა, როგორც ეს დიდი მხურვალების და მაღალი ტემპერატურის დროს იცის ხოლმე. მაგრამ ამას სულაც არ დაუკნინებია ამ დიდებული ქალაქის ჩემეული აღქმა, თუმცა მიჭირს სულიერად ავხსნა, რატომ მოხდა ასე.

პირველ რიგში მოვილოცეთ მაცხოვრის აღდგომის ტაძარი. წირვა მეორე დილით ბეთლემში უნდა ჩატარებულიყო, რომლის მახლობელ ტერიტორიაზეც წინა დღეებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ამიტომ აქ კიდევ უფრო შეზღუდული იყო სტუმრების რაოდენობა, რატომღაც მხოლოდ რუსეთზე არ განხორციელებულა ეს შეზღუდვა, მგალობელთა უზარმაზარი გუნდი ჰყავდათ ჩამოყვანილი. მგალობლებს სპეციალურად ამ დღისთვის შეკერილი სადღესასწაულო სამოსი ეცვათ. ჩემი ყურადღება მიიქცია ადგილობრივი არაბი ქრისტიანების გალობამ და ჩაცმულობამ, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა. როგორც აღმოვაჩინე, პატრიარქის დახვედრის ცერემონია ისეთივე იყო, როგორიც ჩვენთან არის, გაცილების ტრადიცია კი არ არსებობს, მრევლი ასწრებდა მღვდელმთავრებს ტაძრიდან გასვლას. გაცილების ტრადიცია ჩვენთანაც ახალი დამკვიდრებულია. ჩვენ გვხვდა პატივი, ყველა იქ მყოფი პატრიარქი "მრავალჟამიერის" გალობით გამოგვეცილებინა. ეს იმდენად უჩვეულო და ამაღელვებელი იყო მათთვის, რომ მადლიერების გამოსახატავად ჩვენთან მოდიოდნენ და გვემშვიდობებოდნენ, რაც ძალიან დასამახსოვრებელი გახდა ჩვენთვის.

ჩვენი სასტუმრო ახლოს იყო აღდგომის ტაძართან. სხვათა შორის, ამ სასტუმროში ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ ბოდბის იღუმენია თეოდორა, ფერისცვალების მონასტრიდან - დედა მარიამი (მიქელაძე), საპატრიარქოდან - მონაზონი მარიამი (ანუა)... დედებმა მოინდომეს, საღამო ხანს კიდევ ერთხელ მოგველოცა წმინდა ადგილები. ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა მეუფე სერაფიმეც (ჯოჯუა). ფაქტობრივად მოვასწარით ტაძრის დაკეტვამდე შევსულიყავით იქ ანთებული სანთლებით. აღდგომის ტაძარში სამარისებური სიჩუმე იდგა და ამ სიჩუმეში სულ სხვაგვარად აღვიქვით ყველაფერი. მაცხოვრის საფლავთან საოცრად შთამბეჭდავი გარეგნობის რუმინეთის პატრიარქი ვნახეთ მგალობლებთან ერთად. მოხუც პატრიარქს თეთრი შესამოსელი ეცვა და სახეზეც ნათელი ეფინა. მაშინ მივხვდი, რომ რუმინული გალობა განსხვავებულია და საინტერესო, დღემდე მახსოვს 5-6 კაცის მიერ შესრულებული მელოდია. ისინი გალობდნენ "უფალო, შეგვიწყალენს", რომელიც ძალიან მომნუსხველი იყო და დაუვიწყარი. მაშინ ბევრი ფოტო გადავიღე. შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, დღიურების სახითაც გავაკეთე ჩანაწერები, რომელსაც ალბათ გამოვაქვეყნებ, თუ ღვთის ნება იქნება.

მეორე დღეს იორდანეც მოვინახულეთ. მართალია, იქ ზამთარში შედარებით თბილა, მაგრამ 8 იანვარს ისეთი სუსხი დაგვხვდა, ბიჭებს მდინარეში ჩავლა რომ ვუხსენე, შეცბნენ. მათი განწყობა მეც გადმომედო, არადა ვამბობდით: "სანანებლად არ გაგვიხდეს, რომ არ ჩავდივართ, ვინ იცის, მეორედ აქ როდის მოვალთ, ან მოვალთ კი? (საომარ სიტუაციას ვგულისხმობდი), როგორ გავუშვათ ეს შესაძლებლობა?.." ამ ლაპარაკში ვართ დაAუცებ ვხედავთ, დედა მარიამი (ანუა), საკმაოდ ასაკოვანი ქალი, იორდანეში ჩადის. ამან იმხელა ძალა და სტიმული მოგვცა, რომ ცოტა ხანში ჩვენც იორდანეში აღმოვჩნდით. მართლაც საოცარი მადლი ვიგრძენით, იმდენი თევზი დაცურავდა, რომ ფეხზე გვედებოდნენ, ჩასვლისთანავე დავიწყეთ გალობა: "რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო". ყველანი ვგალობდით, თან სურათებს ვიღებდით. ეს არასოდეს დაგვავიწყდება.

2. ადრეული ბავშვობის წლებში, ტრადიციულად, ყოველ აღდგომას ჩავდიოდი რაჭაში, სოფელ ფარახეთში, საიდანაც ჩვენ ვართ წარმოშობით. მაშინ ჩემი ბაბუა-ბებიაც ცოცხლები იყვნენ. მთავარანგელოზის ეკლესიაში (ეს ტაძარი მერე დაანგრიეს) პატარა ხის ყუთი დამამახსოვრდა, სადაც სანთლებსა და საეკლესიო ნივთებს ინახავდნენ. პირველი რელიგიური განცდა ალბათ მაშინ გამიჩნდა. 7-8 წლის ვიქნებოდი, როდესაც ფახარულ საგალობლებს ვისმენდი - "ქრისტე აღდგა", "გიხაროდენ". რა თქმა უნდა, 1980-83 წლებში ამ საგალობლებს სადღესასწაულო ხასიათი უფრო ჰქონდა, ვიდრე რიტუალური. მერე, ბებიას ლოცვა მახსოვს. ბებიაჩემი დარია სხირტლაძე მორწმუნე ქალი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა, მაშინ 10 წლის ვიყავი.

ჩვენი ოჯახის წევრების ეკლესიასთან დაახლოება უფრო 90-იანი წლებიდან მოხდა, მას შემდეგ, რაც აირია ქვეყანა და ხალხს ბევრი სატკივარი მოეძალა. იმ პერიოდში მამაჩემის დახმარებით 17 წლის ასაკში კანადაში წავედი, რადგან, ოჯახის აზრით, ჩემი საქართველოში დარჩენა უფრო საშიში იყო, ვიდრე უცხოეთში განათლების მისაღებად წასვლა. საქართველოდან მამა მიგზავნიდა წიგნებს, მერე იქაც შევიძინე უნიკალური გამოცემა. სამშობლოსაგან ძალიან შორს წიგნებში ამოკითხული ყოველი წინადადება გულში შედიოდა და იმკვიდრებდა ადგილს. დღემდე შევნატრი იმ დროს. 2 წლის შემდეგ კანადიდან ინგლისში გავემგზავრე სასწავლებლად. გადაწყვეტილი მქონდა, სასულიერო პირი გამოვსულიყავი. საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელშიც მე ვცხოვრობდი, იყო ბერძნული ეკლესია, მაგრამ შაბათ-კვირასაც კი დაკეტილი მხვდებოდა. ეტყობა, არ იყო რეგულარული მსახურება.

1995 წელს ინგლისში ჩამობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ადრე, როდესაც არდადეგებზე საქართველოში ვიმყოფებოდი, მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი მას. იმდენად ვნერვიულობდი, რაც კი კითხვა დამისვა, ვერაფერზე ვუპასუხე.

5 წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და მივხვდი, სასულიერო პირად გახდომა ჩემი ოცნება უფრო იყო, რადგან როცა საღად შევაფასე ჩემი ძალები, ცოტა არ იყოს, შემეშინდა - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ალბათ სულაც არ არის აუცილებელი, ანაფორა ჩაიცვა და ისე ემსახურო დედაეკლესიას. უფალმა სხვა გზა დამანახა, დავინტერესდი საეკლესიო გალობით, ფოტოგრაფიით, წინაპართა ცხოვრების შესწავლითა და სიძველეებით. როდესაც გრძნობ, რაიმე სასარგებლოს აკეთებ, ეს უდიდესი ნუგეშის და სტიმულის მომცემია, მაგრამ როცა ასეთ მოწოდებას იპოვი და მასში ჩაიკეტები, ამაშიც დიდი საშიშროება იმალება. შეიძლება საქმით ემსახურო ეკლესიას, ვთქვათ, გამოხვიდე ხატის რესტავრატორი, მაგრამ სულიერად წინ ვერ მიდიოდე. ჩემი აზრით, არ არსებობს აღმატებული პროფესია. ადამიანი, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ კვებას, შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ შორს დგას ეკლესიისაგან, მაგრამ თავისი რწმენითა და ლოცვით უფრო ახლოს იყოს ღმერთთან, ვიდრე, დავუშვათ, მესანთლე ან თუნდაც მგალობელი, რომელიც მთელ დღეს ეკლესიაში ატარებს.

3. ტელევიზიით ამდენი ძალადობის დემონსტრირებამ და გახშირებულმა სტიქიურმა უბედურებებმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ახლოს უნდა მივიდეთ მიწასთან და ვუპატრონოთ ქვეყანას. არ მინდა ვინმემ ისე იფიქროს, თითქოს პროგრესის წინააღმდეგი ვიყო, პირიქით, ვეწინააღმდეგები ფანატიკურ შეხედულებებს, მაგრამ გულს მიკლავს, რომ ჩვენი მიწა მიტოვებულია რეგიონებში და 20 წლის მანძილზე ვერ მოვახერხეთ დაგვენერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ დროს ვუყურებ, ხალხი ამდენ ფულს ხარჯავს ყოველდღიურად თუნდაც მობილურებში, სამეურნეო იარაღები კი კიდევ პრიმიტიულია, რომ პური ჩვენი არსობისა ჩვენ თვითონვე მოვიპოვოთ.


KARIBCHEგვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკისა და სამოძღვრებო ღვთისმეტყველების კათედრის გამგე, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი).

- მამა დემეტრე, რამდენჯერ იყავით იერუსალიმში და როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდით?

- მქონდა ბედნიერება, ორჯერ მომელოცა ეს ქალაქი. პირველად ვიყავი 2000 წლის 7 იანვარს, ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მართლმადიდებელი ქვეყნების 15-ივე პატრიარქი და სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობდნენ. მოგეხსენებათ, 15 ეკლესიიდან მხოლოდ 4 ეკლესია დავრჩით, რომლებმაც ძველი სტილი შევინარჩუნეთ: იერუსალიმი, რუსეთი, საქართველო და სერბეთი; დანარჩენი 11 ქვეყანა ახალ სტილზე არის გადასული. მაშინ საინტერესო ის მოხდა, რომ რადგან იერუსალიმი მასპინძლობდა ყველა ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ახალ სტილზე გადასული ქვეყნები მეტნი იყვნენ, იმ წელს, ყველამ ერთად, ძველი კალენდრით აღვნიშნეთ ქრისტეშობის დღესასწაული, ყველანი შევიკრიბეთ ბეთლემში, რომელიც ამჟამად პალესტინის ტერიტორიაზეა და იქ ვწირავდით, რომელსაც მეთაურობდა მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ბართლომეოს I.

პირველი განცდა, რომელიც იერუსალიმში ჩასვლის დროს დამეუფლა, ის იყო, რომ რაღაც განსაკუთრებულთან მქონდა შეხება. იერუსალიმისთვის დამახასიათებელი კოლორიტი კარგად იშლება ამაღლების მთიდან. ამდენ სალოცავს შორის ყველაზე დიდებული და შთამბეჭდავია მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ჩვენ პირველსავე დღეს მოვინახულეთ. ჩვენ ამ ტაძართან ყველაზე ახლოს მდებარე სასტუმრო "შალომ იერუსალიმში" დავბინავდით. ყველა ქვეყნის პატრიარქი ამ სასტუმროში ცხოვრობდა რუსეთის პატრიარქის გარდა. მაცხოვრის საფლავთან ყველა სათითაოდ უნდა შევიდეს და რადგანაც დიდი რიგია, 15-20 წამის მეტს არავის აჩერებენ. მე, რადგანაც უწმინდესს ვახლდი, ერთხელ მასთან ერთად შევედი, ამის შემდეგ კიდევ დავიკავე რიგი და შევძელი იქ მოხვედრა. როდესაც საქართველოდან მოვდიოდით, უწმინდესმა ყველანი შეგვკრიბა (ჩვენ შორის იყო მომლოცველთა დიდი ჯგუფი) და გვთხოვა, მაცხოვრის საფლავზე როცა შეხვალთ, იმდენად დიდი იქნება განცდა და შთაბეჭდილება, შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეთ, დაგავიწყდეთ ლოცვა, ისიც, თუ რატომ ჩამოხვედით, ამიტომ ჩემი კურთხევა იქნება, ილოცოთ საქართველოსთვის ამ სიტყვებით: "ყოვლადწმიდაო სამებაო, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა, გადაარჩინე საქართველო". 5 წელი მე გახლდით მომლოცველთა სამსახურის უფროსი. როცა ჯგუფებს იერუსალიმში ვუშვებდი, აღდგომას იქნებოდა ეს, შობას თუ ფერისცვალებას, როდესაც მაცხოვრის საფლავზე მოხვდებოდნენ, ყველას უნდა წარმოეთქვა პატრიარქის მიერ ნასწავლები ლოცვა. გამოგიტყდებით და გეტყვით, რაც კი იერუსალიმში გულით ვინატრე და ვისურვე, პირადად მე, ყველა სურვილი ამისრულდა.

როგორც მომლოცველთა სამსახურის ხელმძღვანელს, მეორედაც მომიხდა იერუსალიმში ყოფნა. მარიამობის მარხვა ახალი დაწყებული იყო. 18 აგვისტოს თაბორის მთაზე ავედით უფლის ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით და იქ მონაწილე გავხდი ხილული სასწაულისა, რომელიც ყოველი წლის ფერისცვალებას ერთსა და იმავე დროს ხდება. თაბორი იმდენად მაღალი მთაა, რომ მსგავსი არც კი მეგულება მახლობელ ტერიტორიაზე. იგი საკმაოდ შორს არის იერუსალიმიდან. ჩვენ წინა დღით ავტობუსით წავედით და ღამე ამ მთაზე გავათენეთ. მეორე დღეს მოწმენდილ, კამკამა ცაზე უცებ გამოჩნდა ღრუბელი. როდესაც იგი თანდათანობით გიახლოვდება, გრძნობ, იმდენად ნამიანია, სახეზე რომ გედება, გასველებს. მე პირადად გავხდი ამ სასწაულის მხილველი და მონაწილე.

- "განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ!" - ამ სიტყვებში ზეციური იერუსალიმია ნაგულისხმები თუ მიწიერი?

- ეს ტროპარი აღდგომიდან ამაღლებამდე, 40 დღის განმავლობაში წარმოითქმის. კი, ჩვენ მივმართავთ ზეციურ იერუსალიმს სიტყვებით: "განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ!", მაგრამ აღდგომის შემდეგ ახალი იერუსალიმი შეიქმნა დედამიწაზე. აქ ლაპარაკია ახალ ეკლესიაზე, რომელსაც სათავე დაუდო თავად უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმით, რომლის გამოხატულება მაცხოვრის მიერ დაწყებული საღვთო ზიარებაა, როდესაც საშუალება გვეძლევა, ჩვენც გავხდეთ თანაზიარი მაცხოვრის პატიოსანი სისხლისა და უხრწნელი ხორცისა. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს დედაეკლესია, რომ მაცხოვრის აღდგომით განათლდა ახალი იერულიმი, მან ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ვიცით, რომ არსებობდა ძველი იერუსალიმი, რომელიც ათეული საუკუნეების მანძილზე ელოდა მაცხოვარს, მაგრამ ეს ხანა დასრულდა და ქვეყნიერებას უდიდესი სიხარული ეწვია: "დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა", ანუ ის, რასაც ელოდი, უკვე ხილულად გამოჩნდა - აქამდე უხილავი ღმერთი. "განცხრებოდე და იხარებდ, სიონ", - ნათქვამია ტროპარში. ბოლო სიტყვები ღვთისმშობლისადმი არის მიმართული: "და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა". ყველაზე მეტად აღდგომა ხომ ღვთისმშობლისთვის იყო უდიდესი სიხარულის მომგვრელი, რომელიც თავიდან ბოლომდე ესწრებოდა მაცხოვრის ჯავრცმასა და წამებას. ეს მიმართვა: "და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა", იმის მაუწყებელია, რომ ძე შენი აღდგა და გამოიხსნა კაცობრიობა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან.

- დაბოლოს, ვიდრე რესპონდენტის შეკითხვას უპასუხებდეთ, რას ეტყოდით, რას უსურვებდით მრევლს?

- პირველ რიგში მივულოცავ ქრისტეს აღდგომის უდიდეს დღესასწაულს, ვისურვებდი, მრევლი იყოს უფრო მოწესრიგებული, გვესწავლოს ეკლესიაში მოქცევის კულტურა, თუ გვინდა მიღებული მადლი არ დავკარგოთ. ახალგაზრდებს ვუსურვებდი, უფრო მეტად შეიყვარონ წიგნი და საკუთარი ქვეყანა. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ კარგია განათლების მიღება, ვისაც ამის საშუალება გვექნება, მაგრამ ეს ინტელექტუალური საგანძური საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. როდესაც უწმინდესი ილია მეორე უცხოეთში ქართულ დიასპორას ხვდება, ყოველთვის ერთსა და იმავეს იმეორებს: "დაბრუნდით საქართველოში, რადგან თქვენ ყველანი სჭირდებით ჩვენს სამშობლოს".

რაც შეეხება შეკითხვას, რასაკვირველია, შეიძლება ბიძამ მონათლოს დისშვილი ან ძმისშვილი, დეიდამ მონათლოს დისშვილი, ძმისშვილი და ა.შ. მე პირადად ჩემი ახლო ნათესავების ბავშვების ნათლია ვარ, ამით არაფერი შავდება, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ოჯახის წევრთაგან - მშობლებმა მონათლონ თავიანთი შვილი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.02.2018
არჩილ ალექსიშვილი მეტად ემოციურ თემას ეხება და ასეთ პოსტს აქვეყნებს:
23.01.2018
ქალაქი, რომელიც 15 ათასზე მეტი ქართველი ემიგრანტის სავანეა...

ქართველი თანამემამულე და ჩვენი მეგობარი ფიქრია კუჭუხიძე ათ წელზე მეტია ემიგრაციაშია...
13.01.2018
ახალი წლისთვის სვანეთში საგანგებოდ ემზადებოდნენ, მეკვლეც წინასწარ იყო შერჩეული. ვიდრე მეკვლე არ მივიდოდა ოჯახში არავინ მისცემდა თავს უფლებას ოჯახის მყუდროება დაერღვია.
27.11.2017
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია კემულარია, სოციალურ ქსელში საზოგადოებას ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გვესაუბრება:
07.11.2017
ჩვენ – მწყემსებს, დაე გვქონდეს სიღარიბე, ხალხს კი – მორჩილება. ამის შესახებ ათონის მთის დოქიარის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა გრიგორი ზუმისმა განაცხადა.
10.10.2017
ანგელოზის დღეს - წმიდა მოწამის კალისტრატეს ხსენებას ვულოცავთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის უპირატეს მღვდელმთავარს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს კალისტრატეს.
07.09.2017
უჩინარი მტერი უტევს ჩვენს სამშობლოს. კუთხე არ დარჩა საქართველოში, ცეცხლის კერა რომ არ მოდებოდა ულამაზეს ტყეებს.
17.08.2017
თამარ მეფის სიტყვა სამღვდელოების მიმართ:

"წმინდანო მამანო, თქვენ დადგენილნი ხართ ღვთისაგან მოძღვრებად და გამგებლებად ეკლესიისა,
15.08.2017
2008 წლის ომის დროს გორისა და სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსმა და მღვდელ-მონაზვნებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, დაბომბილ ქალაქში დარჩენილიყვნენ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი