როდესაც ქართულ ტაძრებში ქართული წირვა-ლოცვა შეწყდა, მხოლოდ მამა დიომიდე აღავლენდა წირვა-ლოცვას ქართულად ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში
როდესაც ქართულ ტაძრებში ქართული წირვა-ლოცვა შეწყდა, მხოლოდ მამა დიომიდე აღავლენდა წირვა-ლოცვას ქართულად ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში
ჩვენი რუბრიკის სტუმარია მიქელაშვილების გვარის მონაგარი გიორგი-გაგა მიქელაშვილი. ამ გვარს საინტერესო წარსული აქვს. როგორც გიორგისგან გავიგე, მიქელაშვილები დავით ნარინის ძის, მიქელის შთამომავლები არიან.

დავით VI ნარინის ძე, მიქელი, იმერეთში 1327-1329 წლებში მეფობდა.Bბაგრატ I-მა, მიქელის ვაჟმა, 1330 წელს იმერეთის ტახტი გიორგი ბრწყინვალეს დაუთმო. ბაგრატს ყვარყვარე ათაბაგის ასულისგან სამი ვაჟი ეყოლა: ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინემ შეირთო გურიელის ქალი. ის მალევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დარჩა ერთი ძე, მიქელი, რომელიც გურიელებთან გაიზარდა და იქვე დამკვიდრდა.Mმისი შვილები უკვე მიქელაშვილებად იწოდებოდნენ.Mმას ეყოლა სამი ძე: კონსტანტინე, გიორგი და დავითი. გვარი ამ მიქელასგან მოდის.

- მიქელაშვილების გვარში, ტრადიციისამებრ, ყოველ თაობას ჰყავდა ერთი სასულიერო პირი მაინც, მაგრამ მე ახლა კორნელიტოზე მინდა გიამბოთ, - მიყვება გიორგი-გაგა მიქელაშვილი, - ის ბაბუაჩემ კარლოს ტყუპისცალი ძმა იყო. კორნელიტოს ბაბუამ, მამა როსტომმა, ხუთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი გაზარდა. მან არა მარტო აღზრდილებს, არამედ მთელ მაშინდელ გურიას ღვთისა და ერის აღუწერელი სიყვარული შთაუნერგა. ამას მოჰყვა დიდი ფირალობა (ფირალობისა და ყაჩაღობის ცნებების აღრევა არ შეიძლება. ფირალები რუსეთის მეფის და მისი მმართველობის წინააღმდეგ მებრძოლნი იყვნენ). ლეგენდარული ადამიანი იყო მამა როსტომის უფროსი ვაჟი, დათა-ბელადი მიქელაშვილი. მასზე ხშირად წერდა გაზეთი "ივერია". საინტერესო ადამიანები იყვნენ მამა როსტომის აღზრდილები: მელქისა - მელქისედეკ გუნთაიშვილი და დიომიდე შილაკაძე. მელქისა ლეგენდარული ფირალი და მომღერალი, უსაზღვროდ მამაცი ვაჟკაცი ყოფილა. მისი სიჩაუქის ამბავი სათათრეთშიც სცოდნიათ. როდესაც თურქების ჯარი გურიაში შემოჭრილა, სულთანს უკითხავს, ვინ მეთაურობს გურულებსო. მელქისედეკ გუნთაიშვილიო. ამის გაგონებაზე უბრძანებია, - მელქისედეკის პატივსაცემად ორი კილომეტრით უკან დაიხიეთო. მტერი ასეც მოქცეულა.

დიომიდე შილაკაძე, შემდგომში მამა დიომიდე, განსაკუთრებული ფენომენი იყო - ერთდროულად მღვდელიც იყო და ფირალიც. როდესაც ბოლშევიკებმა ტაძრები გააუქმეს, მხოლოდ მამა დიომიდე აღავლენდა წირვა-ლოცვას ქართულად ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. ეკლესია ხის იყო. როდესაც მას კაზაკებმა ცეცხლი წაუკიდეს, მამა დიომიდეს წირვა არ შეუწყვეტია... ამის შესანიღბად ერთმორწმუნე რუსებმა მთელი ოზურგეთი გადაწვეს. ეს ისტორიაშიც ასე დარჩა, ოზურგეთის გადაწვა, მამა დიომიდე და ეკლესია - ხალხის გულებში (იმ დამწვარი ეკლესიის ადგილზე აღაშენეს ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და მერეღა გაიგეს ძველი ეკლესიის სახელი. ასეთი მადლიანი დამთხვევა მოხდა)...

მამა როსტომის უმცროსი ვაჟი, ალექსი, კორნელიტოს მამა კი ამ მოვლენების დროს უკვე ვენეციაში იყო. უფროსი ძმების - დათას მოკვლის და ნესტორის გადასახლებაში სიკვდილის შემდეგ გააპარეს ქვეყნიდან. მამა როსტომიც რამდენჯერმე დაიჭირეს, მაგრამ მღვდლობის გამო ვერ ჩამოახრჩვეს.

ალექსი სამშობლოში დაბრუნდა 1909-10 წლებში (მაშინ ტყუპები 2-3 წლისანი იყვნენ), ის ემიგრაციიდან აფინანსებდა თავისუფლებისათვის ბრძოლას. სამშობლოში დაბრუნებული გაასკეცებული ენერგიით შეუდგა მასწავლებლობას.

KARIBCHEერთ დღეს, ნაწირვებს, მაშინ ტყუპები 13 წლისანი იყვნენ, კორნელიტო შემოქმედის მონასტრის ეზოში იდგა. იქ მყოფი ქალბატონები ბიჭს რაღაცას ეკითხებოდნენ. ამასობაში ეზოში კაზაკები შემოვიდნენ გენერლის მეთაურობით. გენერალი ტაძარში შევიდა, სამხედროები ეზოში ლაზღანდარობდნენ... ტაძარში აშკარად რაღაც ხდებოდა. უცებ ატირებული ქალი გამოვიდა, სახეგაფითრებული კაცები შედი-გამოდიოდნენ საყდარში, კორნელიტოც შევიდა... გენერალს ღვთისმშობლის ხატი მოსწონებოდა, ჩამოეღო და წაღებას აპირებდა... ბიჭი მივიდა მასთან და ჰკითხა, - რა ენაზე მოგმართოთ, ბატონოო. გენერალს ჩაეღიმა, - რა ენაზეც შეგიძლიაო. ბავშვი მიაჩერდა, შემდეგ ხატს დახედა, - რა ენაზეც არ უნდა მოგმართოთ, ბატონო, ეს არის, რომ მაგ ხატის ადგილი კედელზეა, აი, თქვენს პირდაპირო... გენერალმა წარბი ასწია და კარისკენ გასწია.

- მეორე ნაბიჯი მაგ ხატთან ერთად არ გადადგათ, ბატონო! - გაისმა ბიჭის ცივი ხმა. გენერალს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, ბრაზით ალეწილმა გამოსცრა, - რამდენს ბედავს ეს ბავშვი?!. კორნელიტომ ხატს კიდევ ერთხელ შეხედა: - აქ თუ ვინმე რამეს ბედავს, ეგ თქვენ ხართ, ბატონო!..

ხმა იყო ისეთი გულისშემაწუხებელი, ტკივილისმომგვრელი, რომ გენერალმა ხატს უნებურად ხელი გაუშვა. ბავშვი პირქვე დამხობილ ხატს მივარდა. გენერალმა ფეხი ჩაარტყა, გარეთ გავიდა და დაიყვირა, - მივდივართ, ხატი წამოიღეთო... სამხედროებს კარებში კორნელიტო დახვდათ. წერასატანილი გენერალი ფეთიანივით მობრუნდა და ხელი დასარტყმელად აღმართა.

- თქვენს სისხლს ტაძარს ვერ ვაკადრებდი, ბატონო!..

ბიჭს თავისი ხანჯალი გაეყარა მუცელში ტაძრის კარებთან შეყოვნებული გენერლისთვის... მონასტრის ეზოში მდგარმა ექვსიოდ კაცმა გამოიდო თავი ბიჭის დასაცავად, ატყდა თოფების გრიალი... კორნელიტო და ხუთი მათგანი წაიყვანეს. ერთმა გაქცევა მოახერხა...

***
ყველა დაკითხეს. გაქცეულის ვინაობა არავინ გაამხილა...

შემდეგ ფილიპე მახარაძე შევიდა ბავშვთან, დიდხანს უყურა და ჰკითხა: - სიცოცხლე არ გინდა, შვილო?!

ბიჭმა ტირილი დაიწყო...

- მე ერთი სიცოცხლე შემიძლია გადავარჩინო!..

კორნელიტოს გაეღიმა, თვალცრემლიანმა ახედა და:

- მაშინ იმ ერთი კაცის სიცოცხლე იყოს ეს, ჩემო ბიძია...

ფილიპემ თავი დახარა, ბავშვს გადაეხვია და წავიდა...

მეორე დილით კორნელიტო იმ ხუთთან ერთად დახვრიტეს... მეექვსე აღარ მოუძებნიათ...

კორნელიტო დახვრიტეს 1921 წლის 4 ნოემბერს. ის სამ დღეში 14 წლის გახდებოდა...
ალექსიმ კი გააგრძელა ბრძოლა, ახლა უკვე წითლების წინააღმდეგ. ჩამოაყალიბა მათითაიშვილების არმიად წოდებული რაზმი, რომელიც ქაქუცას შეფიცულების სერიოზული დასაყრდენი იყო, ბოლოს კი, 1924-ში, ერთ ვაგონში ავიდა... ხალხი ვაგონებშივე უნდა დაეხვრიტათ წითლებს. როცა მატარებელი მერიის სკოლის წინ გაჩერდა, ხალხმა ვაგონები გამოამტვრია და გაიფანტა.

ალექსი ჯალათებისკენ უშიშრად წავიდა. თორმეტნი იყვნენ და თორმეტივეს ალექსის ნაყიდი კოსტიუმი ეცვა... ბოლო სიტყვაო, - უთხრეს ალექსის და ხელის კანკალით დაუმიზნეს მთელი ვაგონისათვის განკუთვნილი ტყვიამფრქვევი! ტაში დამიკარითო, - ხელები გაუშლია ალექსის... დაუკრეს ტაში!!! მასთან ერთად ოთხი კაცი იდგა. უცებ სხვებიც დაბრუნდნენ და საპატიო კედელთან დადგნენ დასახვრეტად...

მე კი ამ ალექსის შვილთაშვილი, კორნელიტოს ტყუპისცალი ძმის შვილიშვილი გიორგი-გაგა მიქელაშვილი ვარ, მიქელაშვილთა გვარის წინამძღოლი. ჩვენი გვარი ახლა ერთობლივად ვცდილობთ, კიდევ უკეთესი გავხადოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენი გვარის დევიზია: "რაც უფრო მეტი იცი, მით მეტი შეგიძლია"...
ბეჭდვა
1კ1