ჯვარი, რომელსაც ვატარებთ
ჯვარი, რომელსაც ვატარებთ
- დიდი ბედნიერებაა, როცა აკეთებ შენს საყვარელ საქმეს, ემსახურები ხალხს, ქვეყანას და ამით სრულყოფილების და მადლიერების გრძნობა გეუფლება, - ამგვარი სიტყვებით დაიწყო საუბარი ბატონმა პაატა ჩაფიძემ , რომელიც "შპს თორაკო-აბდომინური კლინიკის" ექიმი, ქირურგი გახლავთ, - ყველა საქმიანი ადამიანი თანაბრად დასაფასებელია, მთავარია მასში იგრძნობოდეს პატიოსნებით, რწმენით, დიდი სითბოთი და სიყვარულით მოქმედი პროფესიონალის სახე.

მე ჩემი სურვილით, გულისა და სულის კარნახით ავირჩიე ჩემი პროფესია. ბავშვობიდან ქირურგობა მინდოდა. დამეთანხმებით, რაოდენ რთულია ამ მძიმე ჯვრის ტარება, გათავისება და სრულად შეგრძნება იმ პასუხისმგებლობისა, რაც გვეკისრება სიკვდილ-სიცოცხლისათვის ბრძოლაში. არანაკლებ ემოციას განიცდი, როცა გამარჯვებული, დიდი სიამაყით ბრუნდები ამ ბრძოლიდან.

იმ დღიდან, რაც ჩემი პროფესიონალური საქმიანობის შესრულებას შევუდექი, მიზნად დავისახე, არ დავიშურო ძალ-ღონე, ცოდნა, გამოცდილება და დავეხმარო ყველა გაჭირვებულს განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა. თუმცა რამდენად გამომდის ეს, ამას თვითონ პაციენტები და ზოგადად საზოგადოება შეაფასებს. ადამიანმა ხომ პროფესიული საქმიანობის იქითაც ყოველმხრივ სიკეთე უნდა აკეთო, ტკბილი სიტყვით, საქმით, გულითადი თანადგომოთ და მიმტევებლობით.

ყველაფერი უფლის ნებით და სურვილით ხდება. მთავარია ადამიანმა არ დაიზაროს და გულით და სულით აკეთოს ის, რასაც შემოქმედი გვიკარნახებს. ამიტომაც ყველა ოპერაციის წინ პირჯვარს ვიწერ, ჯვარს გადავსახავ პაციენტს და უფალს შევთხოვ, მომცეს ძალა და გონება, ყველაფერი წარმატებით შევასრულო. ბოლოს კი უფალს მადლობას ვუხდი ჩემში ამ მადლის გადმოსვლისათვის.

საქმეს ყოველთვის დიდი სიყვარულით, მონდომებით და რწმენით ვაკეთებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ღვთის წყალობით მამა გიორგი ტაბაღუა გავიცანი, მივიღე მისგან ზიარება და გავიღრმავე რწმენა, ვგრძნობ მეტ წარმატებას საქმეში, შინაგან სიმშვიდეს და სიძლიერეს.

მამა გიორგი უდავოდ ღვთისნიერი ადამიანია, იგი უფლისგან დაჯილდოებულია განსაკუთრებული ნიჭით და უნარით, დიდი სითბოთი და გულისხმიერებით - ინდივიდუალური მიდგომით მოეკიდოს ყველა ადამიანს, უყურადღებოდ არავის ტოვებს, ყველას უსმენს, ყველას ურჩევს, რწმენით, სასოებით და სიყვარულით სწორ გზას უჩვენებს. მრევლი ვეღარ ვძლებთ სულიერი მამის გარეშე. მამა გიორგი დღეს ჩემი ოჯახის მოძღვარი და მეგობარია. მრავალრიცხოვან მრევლში უმრავლესობას ვიცნობ, ზოგთან ვმეგობრობ კიდეც. მოძღვარი ყველას მოგვიწოდებს თანადგომას ჭირსა თუ ლხინში და ჩვენც მის ირგვლივ ვერთიანდებით.

ღმერთმა გვიმრავლოს თავისი საქმის მცოდნე და მოყვარული პროფესიონალები, ერთგული, სითბოთი და სიყვარულით, რწმენით სავსე ადამიანები. შევეცადოთ, ერთმანეთს შევუსმუბუქოთ ჩვენი ცხოვრების ტვირთი. უფალო, შეგვიწყალე!
ბეჭდვა
1კ1