ვიცხოვროთ ისე, როგორც სიცოცხლის ბოლო დღეს ვიცხოვრებდით, წინასწარ რომ გვცოდნოდა
ვიცხოვროთ ისე, როგორც სიცოცხლის ბოლო დღეს ვიცხოვრებდით, წინასწარ რომ გვცოდნოდა
1. ეკლესიური სწავლებით, არანაირი ბოროტება ცოდვაზე დამღუპველი არ არის, რადგან იგია ყველა დანარჩენი უბედურებისა და ბოროტების სათავე. უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ტელევიზიითა და მასმედიით არის მცდელობა ისეთი შეხედულება გაბატონდეს საზოგადოებაში, თითქოს ცოდვა სირცხვილად არ ითვლებოდეს და ადამიანი არ უნდა შეებრძოლოს თავის დაცემულ მდგომარეობას, რაც ყოვლად მიუღებელია ეკლესიური აზროვნებისათვის.

ჩვენთვის საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია).

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ცნობილი ქირურგი გურამ ქარაზნაშვილი, მუსიკათმცოდნე ირინა ჩხარტიშვილი და მედავითნე გიორგი მეტრეველი.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი გურამ ქარაზანაშვილი, ვაკის "ლეჩკომბინატის" გენერალური დირექტორი და უროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. მეუღლე - მაია დუნდუა, შვილები: ნინო, ილია და გიორგი ქარაზანაშვილები.

1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, მართლაც მეოთხე ხელისუფლებაა. ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი, მათ შორის ბავშვები და მოზარდები, თავისუფალი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ტელეეკრანთან ატარებს. სამწუხაროდ, ხშირად ტელეეკრანებიდან ნიაღვრად მოედინება უხამსობის, უზნეობის, კაცის კვლის, აღვირახსნილობის, ნარკომანიის სცენები და არცთუ იშვიათად - დადებით ჭრილში. ალბათ ყოველ თქვენგანს უცქერია მდარე ხარისხის კინონაწარმისთვის, სადაც კაცის მკვლელები, არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის პირები, ნარკომანები გმირებად არიან წარმოდგენილი. ხშირად ტელეეკრანზე აშკარად ვხედავთ სატანურ ძალებს და მათ მიერ მოვლენილ "ტკბილ" ცდუნებებს, რომლებიც იმგვარი ხელოვნებით, ოსტატურად არის წარმოდგენილი, რომ წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. მოზრდილ და ჩამოყალიბებულ ადამიანსაც კი შეიძლება თავგზა აებნეს და დაკარგოს ორიენტაცია. არ ვლაპარაკობთ მოზარდებსა და ბავშვებზე. მულტიპლიკაციური ფილმების უმრავლესობა შეიცავს ძალადობის, გულქვა და არაადამიანური ურთიერთობების სცენებს, სიუჟეტებში დაიკარგა სილამაზე, ესთეტიკა, სიყვარული, ჭეშმარიტი იუმორი. ყოველივე ეს აგუებს ადამიანს მკვლელობას, გარყვნილებას, ნარკომანიას, ანგარებას, დემონურ ძალებსა და უხამსობას. იკარგება აღქმა იმისა, რომ ეს არის ცოდვა, ბოროტება, ყოველივე ეს იქცევა ყველასათვის მისაღებ ყოველდღიურობად.

დაახლოებით 9 წელი ვმუშაობდი უცხოეთში ჩემი პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უაღრესად დიდი ყურადღება ეთმობა მედიის მავნე ზემოქმედებისაგან საზოგადოების დაცვას. აკრძალულია სახელმწიფო ტელეარხებით სისხლისმღვრელი და გარყვნილების შემცველი გადაცემების ტრანსლაცია, დიდია წილი კულტურული და საზოგადოებრივი გადაცემებისა. ბავშვებსა და მოზარდებს რეგლამენტირებული და ერთობ შეზღუდული აქვთ ტელემედიით სარგებლობა. დაბოლოს, ადამიანები, მოზარდები, ბავშვები იმდენად დაკავებული არიან საქმითა და სწავლა-განათლებით, რომ მათ ძლიერ მცირე დრო აქვთ ტელეეკრანებთან გასატარებლად.

გადმოვიღოთ დასავლეთიდან ის, რაც ჭეშმარიტად ღირებულია, რითაც დასავლეთმა მიაღწია განვითარების მაღალ საფეხურს - ეს არის შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი - მედიამ უნდა მოახდინოს ამ ადამიანური თვისებების პროპაგანდა.

2. ბავშვობაში, ჯერ კიდევ კომუნისტურ პერიოდში, დედას დავყავდი დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში. პირველად უფლის ჭეშმარიტი სასწაული ვიხილე სამედიცინო ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებზე. ეს იყო ურთულესი გამოცდები. ინსტიტუტში ჩარიცხვა დამოკიდებული იყო ბოლო გამოცდაზე და როდესაც დავინახე, რომ დიდ გასაჭირში ვიყავი, ჯიბიდან ამოვიღე ბებიის ნაქონი ღვთისმშობლის ხატი და გულით ვთხოვე, დამხმარებოდა. დახმარებამ არ დააყოვნა, მომევლინა ქალბატონი, რომლის ვინაობა დღესაც არ ვიცი და რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გამოცდის ობიექტურად დასრულებაში, ჩემს ჩარიცხვაში სამედიცინო ინსტიტუტში და ჩემი ცხოვრების გზის განსაზღვრაში.

თითქმის 9 წელი გავდიოდი პროფესიული სრულყოფის რთულ გზას მსოფლიოს წამყვან უროლოგიურ კლინიკებში, დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, ჩამოვაყალიბე თანამედროვე უროლოგიური კლინიკა და დღეს ვაკეთებ ურთულეს უროლოგიურ, ონკოლოგიურ და რეკონსტრუქციულ ოპერაციებს. უფლის შემწეობას ვგრძნობდი მთელ ამ გზაზე. მრავალჯერ ვყოფილვარ ურთულეს სიტუაციაში, ოპერაციის კეთებისას აღმოვჩენილვარ თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში, მაგრამ საკმარისი იყო, მიმემართა უფლისთვის, რომ დახმარება მეყსეულად მოდიოდა. მწამს და მჯერა ღრმად, რომ უფალი ყოველთვის დაგვეხმარება ყველა სასიკეთო საქმეში, მიუხედავად ჩვენი ცოდვილი ბუნებისა, მთავარია ორი რამ: ჩვენ არ მოვაკლოთ საქმეს მცდელობა; მოვუხმოთ უფალს დახმარებისთვის.

3. გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია, მაგრამ როგორც ერთი ძველი ბერი მოგვითხრობს, იგი მოახტა ბოროტს ზურგზე და მისი საშუალებით ელვისებურად აღმოჩნდა იერუსალიმში, სადაც მოილოცა წმინდა სალოცავები და დაუბრუნდა თავის კელიას. დიახ, ყოველივე ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს ნებას თუ მივმართავთ უფლისკენ, იგი მოგვცემს საშუალებას, გლობალიზაციის პროცესი გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ. გლობალიზაციას თან ახლავს რწმენის და ეროვნულობის დაკარგვა, მაგრამ გამოვიყენოთ გლობალიზაციის პროცესი ჩვენი რწენის და ეროვნულობის გასაძლიერებლად. მაგალითად, გამოვიყენოთ ინტერნეტი და კავშირგაბმულობის განუსაზღვრელი შესაძლებლობები ცოდნის სრულყოფისთვის საერთაშორისო ურთიერთოებების დასამყარებლად და ჩვენს სასიკეთოდ. 20 წლის წინ სამეცნიერო მუშაობისთვის აუცილებელი იყო მოსკოვში გამგზავრება, ცენტრალურ სამედიცინო ბიბლიოთეკაში თვეების გატარება საჭირო ლიტერატურის მოსაძიებლად. დღეს ეს შესაძლებელია საკუთარი ოთახიდან გაუსვლელად, სპეციალური ინტერნეტგვერდის და ელექტრონული ბიბლიოთეკების გამოყენებით მოიპოვებთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გამოცემულ პუბლიკაციას; შეგიძლიათ აწარმოოთ სწრაფი მიმოწერა ან სულაც გამართოთ ინტერნეტკონფერენციები თქვენს უცხოელ კოლეგებთან. მე ხშირად ვიყენებ ამ გზას ამა თუ იმ რთული კლინიკური შემთხვევის ან რომელიმე აქტუალური სამეცნიერო პრობლემის გარჩევისთვის მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად; ჩართული ვარ წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების სარედაქციო კოლეგიის მუშაობაში ოთახიდან გაუსვლელად. წამყვანი საერთაშორისო გამოცემებიდან ვიღებ მოწვევას ამა თუ იმ დასავლური კლინიკის მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომის რეცენზირებაზე, შევდივარ აღნიშნული გამოცემის ვებგვერდზე, მოვიპოვებ სარეცენზიო სტატიას და იმავე ვებგვერდის გამოყენებით ვგზავნი ჩემს კომენტარებს; ყოველდღე ვიღებ განახლებულ ინფორმაციას ამა თუ იმ უროლოგიური დაავადების მკურნალობის შესახებ და ა.შ. მაშასადამე, შესაძლებელია გლობალიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორის ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების გამოყენება მუდმივი პროფესიონალური სრულყოფისთვის, საერთაშორისო პროფესიონალური კავშირების დამყარებისთვის, რაც უდავოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას.


KARIBCHEირინა ჩხარტიშვილი, 60 წლის, პროფესიით მუსიკათმცოდნე, ტელეჟურნალისტი, ამჟამად უმუშევარი. მეუღლე გარდაეცვალა. ჰყავს შვილები: არჩილ და მარიამ ჩხარტიშვილები.

1. მიჭირს სიღრმისეულად ჩავწვდე, თუ რა მოხდა ადამ და ევას ცოდვით დაცემის შედეგად ჩვენს სამყაროში ისეთი, რამაც აბსოლუტურად დაარღვია პირველქმნილი ჰარმონია და მთელი სტრუქტურა შეცვალა. ჩემი მარტივი ახსნით, უცოდველი სამყარო წარმომიდგენია როგორც დიდი კომპიუტერი, რომელიც გონივრულად იყო მოწყობილი. ადამიანმა შეძლო ამ სისტემის მწყობრიდან გამოყვანა, რითაც ათასწლეულობით შეაფერხა კაცობრიობის წინსვლა, რომელიც ამ პროგრამის მიხედვით უნდა განვითარებულიყო. უფალმა თავისი განკაცებით კაცობრიობის წინაშე ამ მართლაცდა საბედისწერო შეცდომის გამოსწორების საშუალება მოგვცა. ამიტომ, კატეგორიულად არ ვეთანხმები, თითქოს არ ჰქონდეს აზრი ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლას და დასაშვები გახდეს იგი. თუ ასე ვიფიქრებთ, მაშინ გამოდის, რომ ყოველი ჩვენი მოქმედება, ტირილი თუ სიხარული არ აღწევს ღმერთამდე და აქედან გამომდინარე, აღსარების დროს ჩვენს მიერ მონანიებული ცოდვების წაშლაც არ ხდება. ასეთი შეხდულება მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი სარწმუნოებისათვის.

ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისად და ამით მოგვცა შესაძლებლობა, მივემსგავსოთ მას. მაცხოვარი მასთან მისულ ადამიანებს ეუბნებოდა, - მოგეტევათ თქვენი ცოდვები, წადით და ამის შემდეგ ნუღარ შესცოდავთო. ეს სიტყვები არა მარტო იმ კონკრეტული პირებისთვის, არამედ ჩვენთვისაც იყო ნათქვამი, ამიტომ, თუ ძალიან მკაცრ ტონად არ ჩამომართმევთ, ადამიანისთვის ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად მიჩნევა, ცოდვისადმი შემგუებლობის გამომუშავება, რომელსაც ფართო პროპაგანდას უწევენ მასმედიის საშუალებით, ღვთისმებრძოლობის თანამედროვე ფორმა მგონია, რაც ეჭვგარეშეა, ადამიანებში რწმენის გასაქარწყლებლად და ჭეშმარიტი სარწმუნოების წინაღმდეგ არის მიმართული.

მინდა ვაღიარო, რომ მთელი ჩემი ცხოვრება დაცემისა და კვლავ წამოდგომის უწყვეტი პროცესია და ალბათ სიკვდილამდე ასე იქნება.

2. გავიზარდე რუსეთში, მამა სამხედრო ინჟინერი იყო. ოჯახშიც და სკოლაშიც ისეთ გარემოში მომიწია ყოფნა, რომ ღმერთზე საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, თუმცა იმდენად უცნური და საკვირველი ამბები ხდებოდა ჩემს გარშემო, შეუძლებელი იყო არ დაფიქრებულიყავი, თუ რატომ ხდებოდა ასე... ეკლესიაში საკმაოდ გვიან მივედი. ზოგიერთ ამბავზე ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას საჯაროდ მესაუბრა, რადგან ამას გარკვეული სითამამე სჭირდება.

ახალგაზრდულ წლებში ბევრი სტრესი გადავიტანე, რაც ჩემს გარეგნობაზეც აისახა. იმ პერიოდში უკვე კარგა ხნის დაწყებული მქონდა მუშაობა საქართველოს ტელევიზიაში და 35 წლის ასაკში გადავწყვიტე, ლენინგრადში გავმგზავრებულიყავი პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად. იქ ბევრი მეგობარი მყავდა. ცნობილ ქირურგთან მიმიყვანეს. შენთვის ჯერ ადრეა სახის პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაო, მითხრა, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით გადაწყდა ოპერაციის გაკეთება. დაინიშნა დღეც და სოლიდური თანხაც წინდაწინ გადამახდევინეს. იმ წელიწადს საკმაოდ ცხელი ზაფხული იყო, მოგეხსენებათ, სანკტ-პეტერბურგში ისედაც სინოტივეა და სუნთქვა ჭირს. მეგობრებმა, რომლებიც სმოლენსკის სასაფლაოს მახლობლად ცხოვრობდნენ, მითხრეს, საღამოს ერთად გავისეირნოთო. გარეთ გამოვედით. დავინახე, უამრავი ხალხი შედიოდა სასაფლაოზე. სად მიდიან-მეთქი. აქ წმინდა ქსენია პეტერბურგელია დასაფლავებული და სათხოვნელად მიდიანო. მაშინ პირველად გავიგონე ამ წმინდანის სახელი. მეც მავედრებლებს მივბაძე, სანთელი ავანთე და ვინაიდან მეორე დღეს ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, შევთხოვე წმინდანს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულიყო. მერე ტაძარშიც შევედით სანთლის დასანთებად, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ამისთვის.

მეორე დღეს კლინიკაში მივედი საოპერაციოდ. ქირურგმა პალატაში შემიყვანა და მითხრა, 15-20 წუთში სანიტარი მოგიყვანს ჩემთან. მანამდე მოვემზადებითო. თეთრი ხალათი ჩამაცვეს და გამოძახებამდე სრულიად მარტო დავრჩი. 10 წუთიც არ იქნებოდა გასული. ფანჯარაში ვიყურებოდი. ხმა შემომესმა: "ახლავე წადი აქედან". ალბათ დერეფანში თქვეს-მეთქი. სავარძელში ჩაჯდომა დავაპირე, ახლა უფრო მკაცრად და მკაფიოდ მომესმა იგივე სიტყვები. ამჯერად ისე მბრძანებლური ტონით იყო ნათქვამი, მივხვდი, რაღაც სასწაული ხდებოდა ჩემს თავს და შიშმა ამიტანა - ალბათ არასწორად ვიქცევი-მეთქი. გავიქეცი გარდერობისკენ და სასწრაფოდ გამოვითხოვე ჩემი ნივთები, თეთრი ხალათიც მოვისროლე და როცა ჩემს ექიმს სამოქალაქო ტანსაცმლით გამოვეცხადე, გაოგნდა. გადავიფიქრე ოპერაციის გაკეთება. ოღონდ აქედან გამიშვით და ფულსაც აღარ ვითხოვ-მეთქი. ჩემმა მეგობრებმა ღიმილით გამახსენეს, - ეს სასწაული ქსენია პეტერბურგელმა გამოგიგზავნაო, რაც აღარც კი მახსოვდა ჩემი ურწმუნოების გამო. ამ შემთხვევამ მიბიძგა ეკლესიური ცხოვრებისკენ, სერიოზულად დამაფიქრა ჩემს წარსულზე და მიმახვედრა, რომ ბევრი შეცდომა მქონდა დაშვებული. გადაწყვიტე, მოძღვარი მყოლოდა, რომელსაც მოვუყვებოდი ჩემს შესახებ, რომ მისგან რჩევა-დარიგება მიმეღო (ჩემი მოძღვარი, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზი მამა პავლე კოსაჩი, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა).

80-იანი წლების დასაწყისში, სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებამდეც მქონდა ამგვარი შემთხვევა. ერთხელ, ქაშვეთის ეკლესიის წინ, რატომღაც ამეკვიატა აზრი, - რისთვის მოდის ადამიანი ამქვეყნად-მეთქი. უცებ ზარის გუგუნივით შემომესმა: "უკვდავებისთვის". მაშინ ბოლომდე ვერ ჩავწვდი ამ სიტყვის მნიშვნელობას, რომელიც ჩემს ფიქრებს გამოეხმიანა, დღეს კი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც უკვდავებისთვის იბადება ადამიანი და, მიუხედავად იმისა, რომ მრავალმხრივი ინტერესი გვამოძრავებს, გვყავს შვილები, ოჯახი, გაგვაჩნია ვალდებულებები ნათესავების, მეგობრებისა და საზოგადოების წინაშე, ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს გამართლება, თუ მოწესრიგებულია ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან.

ვიცი, დღესაც ბევრ შეცდომას ვუშვებ და არასწორად ვიქცევი, მაგრამ მაინც არ დამიკარგავს გადარჩენის იმედი, რადგან ღმერთმა გვიან, მაგრამ მაინც მიმახვედრა, რომ უნდა გამოვასწორი ჩემი ცხოვრება და ის შავი, რაც ჩემშია, თეთრი უნდა გავხადო. თუ კაცს თავისი ადრინდელი ცხოვრების გამოსწორების სურვილი ამოძრავებს, მას უფალი დაეხმარება და ასე მივალთ უკვდავებამდე.

3. გათენებაში მისი უწმინდესობა ალბათ იმას გულისხმობს, რომ, ღვთის ნებით, რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება. ქვეყნისთვის რადიკალური, სასიკეთო ცვლილების მოხდენა უფლის ნებაა და ადამიანებს მის გარეშე ეს არ ძალგვიძს. რადგან ჩვენი პატრიარქი ამას დაბეჯითებით ამბობს, დარწმუნებულია, რომ უფლის სასწაულის მოლოდინში ბევრი წინააღმდეგობა დაიძლევა, რაც, ცხადია, უჩვენოდ არ მოხდება.

მთავარია, ერი უფლისკენ მივისწრაფოდეთ. თუ ყოველი ჩვენგანი ვიზრუნებთ საკუთარი ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციის შესანარჩუნებლად, სარწმუნოების, ენისა და სამშობლოს გადასარჩენად, მაშინ უფალიც დაინახავს ჩვენს მოწადინებას და მისი შემწეობითა და დახმარებით ყოველგვარ პრობლემას გადავლახავთ.

4. როგორ დავძლიოთ არათანმიმდევრულობა სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად?


KARIBCHEგიორგი მეტრეველი, 24 წლის, ჟურნალისტი, წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მედავითნე.

1. ვიცით, რომ ცოდვა პირველქმნილი ადამიანების დაცემის შედეგად შემოვიდა სოფლად და მას შემდეგ კაცის დაცემული ბუნების ნაწილად იქცა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევეგუოთ ცოდვას და დავტკბეთ მისით. ადამიანის უპირველესი მოვალეობა სწორედ ცოდვასთან ბრძოლაა, რათა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და მოიპოვოს ღვთის მადლი. იმის ფიქრი, რომ ცოდვა ადამიანის თანდაყოლილი მდგომარეობაა და მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ყველაზე მეტად არის გმობა სულისა წმიდისა, რადგან ღმერთს, რომელიც თავად არის ყოვლადწმინდა, სახიერი და სრულყოფილი, არ შეეძლო, ადამიანი ცოდვილი ბუნებით შეექმნა.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოდვა არის სულის ავადმყოფობა, მანკიერება, რომელსაც მკურნალობა, წამლობა სჭირდება. ხშირ შემთხვევაში იგი ხდება მიზეზი ადამიანის არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური დაღუპვისა. ამის საუკეთესო საშუალება კი, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, არის ლოცვა და მარხვა.

2. მართალი გითხრათ, არ მახსოვს, როდის შემოვიდა ჩემში რწმენა. ჩემი აზრით, მას ყველა ადამიანი ატარებს თავის თავში.

ჩემი ეკლესიური ცხოვრება ბავშვობიდან დაიწყო, რაშიც დიდი წვლილი ჩემს დას მიუძღვის. ერთ-ერთი წმინდა მამის თქმით: "ადამიანებში რწმენის ნაპერწკალი ციალებს და საკმარისია მწყემსი გამოჩნდეს, რომ აგიზიზდება და რწმენის ჩაუქრობელ ალად გადაიქცევა". უკვე თითქმის ათი წელია მყავს სულიერი მოძღვარი და ვარ წმინდა ბარბარეს (ზემო) ტაძრის მრევლი.

რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე შემესწავლა მედავითნეობა. მამა ბიძინას (გუნია) კურთხევით და ქალბატონ თინათინ კირთაძის დახმარებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლაში შევისწავლე ტიპიკონი და უკვე მეორე წელია, ვარ წმინდა მოწამეთა - კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მედავითნე.

3. თუ როდის გათენდება "მზიანი ღამე", თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ადამიანმა პირველ რიგში სულიერ მდგომარეობაზე უნდა იზრუნოს და ასეთ შემთხვევაში ერსაც ეშველება. პატრიარქის მოწოდებისაებრ, ერთსულოვნება გვმართებს ყოველ კეთილ საქმეში და შეიძლება დავაჩქაროთ კიდეც "მზიანი ღამის" გათენება.

4. ამჯერად მოძღვართან კითხვა არ მაქვს.


KARIBCHEგვესაუბრება ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური მამა დავით კუჭავა:

- "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოება ჩემი" - არ მეგულება ქრისტიანი, 50-ე ფსალმუნის ეს სიტყვები ზეპირად რომ არ იცოდეს. დაახლოებით ასეთი სულიერი განწყობილება უნდა შევიქმნათ დიდმარხვის დაწყებისთანავე. უბრალოება და თავდადება ერთ-ერთი წინაპირობაა ამგვარი სულიერი მდგომარეობის მისაღწევად. მარხვა მხოლოდ საჭმელ-სასმლისგან თავშეკავებას როდი გულისხობს, - რა თქმა უნდა, ესეც საჭირო და აუცილებელია, ლოცვასა და ეკლესიურობასთან ერთად, - მაგრამ პირველ რიგში, თავი უნდა დავიცვათ ისეთი გარემოებებისგან, რომლებიც წინააღმდეგობას გვიქმნიან საკუთარ თავთან, მარხვის პერიოდში რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მივუსხდეთ ტელეეკრანს, თავი შევიკავოთ გასართობ ადგილებში სიარულისაგან, მოვერიდოთ წვეულებებს, რაც შეიძლება ნაკლები უნდა ვისაუბროთ და ბევრი ვილოცოთ და ვინაიდან მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით ჩვენი სისუსტეები, უნდა გამოვნახოთ ჩვენს თავში ძალა, შევებრძოლოთ ხორციელ ვნებებს, სხვაგვარად შეუძლებელია ადამიანმა მიაღწიოს ცოდვათა განცდას, რაც აუცილებელი პირობაა ჩვენი დაზიანებული ბუნების აღსადგენად და სულიერ სნულებათა განსაკურნებლად. "ალილუიას" მსახურება, რომელიც ყველა მსახურებისგან განსხვავდება და დიდმარხვის პერიოდში სრულდება ეკლესიებში, საუკეთესო საშუალებაა სინანულისა და ცოდვათაგან განთავისუფლებისა. დიდმარხვის პირველ კვირას იკითხება ანდრია კრიტელის კანონი. თითქმის მთელი მარხვის განმავლობაში (ვნების კვირეულის ოთხშაბათის ჩათვლით) როგორც შინ, ასევე საეკლესიო მსახურების დროს სადაგ დღეებში იკითხება ეფრემ ასურის სინანულის ლოცვები მეტანიებით.

"განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა" - ეს არის მთავარი შეგონება ამ ლოცვისა, რომელმაც სინანული უნდა აღმოაცენოს ჩვენში.

წმინდა მამთა განმარტებით, ცოდვილში აღარ აღწევს ღვთიური მადლი, რაც სულიერ ტკივილს წარმოშობს, რომელიც ფიზიკურ ტკივილზე აღმატებულია. იწყება სულიერი კვდომის პროცესი. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად იგი ეტანება ხორციელ "ნეტარებას". ამ დროს შეიძლება ნარკოტიკსაც გაუსინჯოს გემო და ვეღარც მოსწყდეს მას, ან დასალევს მიეძალოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გამოსავალი კი არ არის, პირიქით, ადამიანის გადაგვარების მომასწავებელია, რაც აწვება მის სულს და კიდევ უფრო აუტანელსა და გაუსაძლისს ხდის მის ცხოვრებას. უცოდველი კაცი არ არსებობს, ამიტომ ყოველმა ადამიანმა ისეთი მოძღვარი უნდა მოძებნოს, რომელთანაც ბოლომდე გაიხსნება აღსარების დროს და გაუჩნდება იმის შეგრძნება, რომ ცოდვა უბედურებაა, რომელიც ანადგურებს პიროვნებას, მის სულიერ და ფიზიკურ ავადმყოფობას და დეგრადაციას იწვევს, ამიტომ უნდა ცდილობდეს, განიკურნოს მისგან.

მოწოდება იმისა, რომ ცოდვა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და არ უნდა შევებრძოლოთ მას, იგივეა, ადამიანს მოუწოდო დაისახიჩროს თავი, რადგან ცოდვასთან შემგუებლობით იგი სულს ისახიჩრებს და მომაკვდინებელ ჭრილობებს აყენებს. მერე უკვირს, რატომ არის მის თავზე ამდენი მწუხარება, ეძიებს მიზეზს, რატომ ისჯება, საიდან მოვიდა მასზე ამდენი განსაცდელი და ავადმყოფობა და ძალაუნებურად ღვთის გმობაში გადადის. მიზეზი კი თავის თავში, საკუთარ მოუნანიებელ ცოდვებში უნდა ეძიოს, რომელიც გადაულახავ წინააღმდეგობად ეღობება მის უსიხარულო ცხოვრებას. ყველა ადამიანს შეუძლია უსიამოვნებათა თავიდან აცილება, თუ თავისი ცხოვრების წესით არ დასცილდება უფალს.

ფარისევლობა და მოჩვენებითობა, რაც მცირედმორწმუნეობის შედეგია, დიდად არ განსხვავდება ურწმუნოებისგან. ასეთი ადამიანები თითქოს ეკლესიის წიაღს არიან შეფარებულნი, მაგრამ ვერ განიცდიან საეკლესიო დღესასწაულების აღმაფრენასა და სიხარულს. ხშირად მსმენია, ჩვენი საუკუნე გულგრილობით არის დაავადებული, რაც ახალმა დრომ და გარემომ მოიტანაო. მე კი მგონია, რომ ერთი ცოდვილი ადამიანის ცხოვრებაც კი გამოძახილს პოვებს როგორც ერის, ასევე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ამიტომ თუ ყველა ადამიანი საკუთარი თავის გამოსწორებას დაიწყებს, ყველაფერი უკეთესად იქნება. უნდა მივდიოთ სახარებას, დავიცვათ უფლის მცნებები, ვიყოთ გულწრფლელნი მოძღვართან აღსარების დროს, რაც ღირსეული ზიარების გარანტია იქნება და დარწმუნებული ვარ, ღვთის მადლი ყველაფერს მოაწესრიგებს.

მშობლები, პირველ რიგში, თვითონ უნდა გახდნენ მადლმოსილნი, იცხოვრონ ეკლესიურად, სწორედ ამის შემდეგ გამოიღებს კეთილ ნაყოფს მათი ზრუნვა - სრულფასოვანი ოჯახის გარემო შექმნან. ჩვენი შინაგანი სულიერი მდგომარეობა თუ სიყვარულზე არ იქნება დამყარებული, იძულებითა და მკაცრი შეგონებით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობისას.

ხშირად გაგვიგონია, დღეს ადამიანები მწუხარებაში არიანო. ესეც უფლის დაშვებით ხდება, რადგან სხვადასხვა ავადმყოფობითა და განსაცდელების დათმენით გაქარწყლდება ის ცოდვები, რომელთაც ვერ ვიცილებთ, ამიტომ მწუხარებამ და სასოწარკვეთილებამ კი არ უნდა მოგვიცვას, გადარჩენის იმედით უნდა შევხვდეთ ამას, რადგან თუ ძველი დროის ქრისტიანები თვითონ ეძიებდნენ მოწამებრივ აღსასრულს, დღეს უფალი გვიმრავლებს განსაცდელს და ავადმყოფობას. ასეთია ჩვენი დროის მძიმე ჯვარი, რასაც მოთმინებით უნდა შევხვდეთ.

"ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენი სიცოცხლის ბოლო დღეს ვიცხოვრებდით, ჩვენთვის წინასწარ რომ ყოფილიყო ცნობილი", - ამბობდნენ წმინდა მამები.

ვიმედოვნებ, ამით ქ-ნი ირინა ჩხარტიშვილის კითხვასაც ვუპასუხე.
ბეჭდვა
1კ1