ვაღიარებთ უფალ იესო ქრისტეს ორ ბუნებრივ ნებას და ქმედებას, ერთმანეთში თანხმობით შეთავსებულს
ვაღიარებთ უფალ იესო ქრისტეს ორ ბუნებრივ ნებას და ქმედებას, ერთმანეთში თანხმობით შეთავსებულს
5 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების დღეს აღნიშნავს. ამ კრების მოწვევის მიზეზი გახლდათ მეშვიდე საუკუნის ერესი მონოთელიტობა, რომლის თანახმად, ქრისტეში ერთი ნება და ერთი ღმრთეებრივი ქმედებაა, ხოლო ღმერთკაცის ადამიანურ ნებასა და ქმედებას მონოთელიტობა არ სცნობს. ეს ერესი უშუალოდ უკავშირდება მონოფიზიტობას. თუმცა ეკლესიამ მონოფიზიტობას დიდი ხნით ადრე გამოუტანა განაჩენი, მაგრამ მას VI-VII საუკუნეებშიც ბევრი მიმდევარი ჰყავდა.

იმპერატორმა კონსტანტინე პოგონატმა 680 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია VI მსოფლიო საეკლესიო კრება, რომლის მიზანი იყო, ერთი მხრივ, მონოთელიტი ერეტიკოსების ცრუ სწავლების დაწვრილებით გამოკვლევა, მეორე მხრივ კი, მწვალებლობის წინააღმდეგ მიმართული მართლმადიდებლური სწავლების გადმოცემა.

კრებას ესწრებოდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი გიორგი, ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, ალექსანდრიის პატრიარქს წარმოადგენდა ხუცესი პეტრე, ხოლო იერუსალიმისას - ხუცესი თეოდორე. კრებაში სულ 153 ეპისკოპოსი ან მათი წარმომადგენელი მონაწილეობდა. სხდომათა უმეტეს ნაწილს თვით იმპერატორიც ესწრებოდა. ჩატარდა დაახლოებით 18 სხდომა, რასაც თითქმის წელიწადი დასჭირდა.

მონოთელიტების ძირითადი დამცველი ანტიოქიის პატრიარქი მაკარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრებაზე მაკარი მონოთელიტური სწავლების უსაფუძვლობას ცხადად ხედავდა, უკან მაინც არ იხევდა.

მას სიცილიელი ბერი თეოფანე შეეკამათა და ჰკითხა: "ჰქონდა თუ არა იესო ქრისტეს ადამიანური ნება?" მაკარმა მიუგო: "ჩვენ ქრისტეში ადამიანურ ნებას არ ვუშვებთ, ღმრთეებრივს - კი, ხორციელი სურვილებისა და ადამიანური გულისთქმის გარეშე; ნება ქრისტეში მხოლო ღმრთეებრივს ეკუთვნოდა". თეოფანე: "როგორ გესმით ხორციელი სურვილი და ადამიანური გულისთქმა, რომელსაც ქრისტეში არ აღიარებთ?" მაკარი: "ხორციელი სურვილები და ადამიანური გულისთქმანი ჩვენნაირ ადამიანებს ახასიათებს და ქრისტეში არ იყო". თეოფანე სრულიად დაეთანხმა, რომ კაცობრივი ზრახვები ანუ ცოდვილი სურვილები, ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რამაც ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ დაამძიმა, ქრისტეში არ იყო, მაგრამ ამავე დროს შენიშნა, რომ საქმე ეხება ქრისტეს არა იმ ადამიანურ ნებას, რომელიც ცოდვილ ადამიანშია, არამედ იმას, რომელიც ადამში ცოდვით დაცემამდე იყო. ასეთი ნება კი ქრისტეში აუცილებლად უნდა ყოფილიყო, რადგან მან სრული ადამიანური ბუნება შეითვისა. ასეთი ძლიერი არგუმენტისგან რომ დაეღწია თავი, მაკარიმ, რომელსაც ჯიუტად არ სურდა ქრისტეში ადამიანური ნების აღიარება, თეოფანეს შეკითხვას - ჰქონდა თუ არა ადამს ბუნებრივი ნება - უპასუხა: "ადამს თვითნებური და თავისუფალი ნება ჰქონდა, რადგან დანაშაულამდე ღმრთეებრივი ნება ჰქონდა, სურდა ის, რაც სურდა ღმერთს". ამ საკვირველი აზრის წინააღმდეგ მთელმა კრებამ აღიმაღლა ხმა: "რა უშვერი ღვთის გმობაა! თუკი ადამს დაცემამდე ღმრთეებრივი ნება ჰქონდა, გამოდის, რომ იგი ღმერთის ერთარსი იყო და მისი ნება უცვლელია. და თუკი ეს ასეა, მაშ როგორღა შეიცვალა, როგორ დაარღვია მცნება და როგორღა განიცადა სიკვდილი? ღმრთეებრივი ნების მქონე უცვლელია". კრება თეოფანეს დაეთანხმა. რადგან კრებამ მაკარის სიჯიუტესთან ვერაფერი გააწყო, ხარისხი ჩამოართვა და შეაჩვენა. იმპერატორს გადაეცა თხოვნა მაკარის კონსტანტინოპოლიდან გაძევების თაობაზე. მის ნაცვლად ანტიოქიის პატრიარქად თეოფანე იქნა დადგენილი.

ყველა მონოთელიტური თხზულების გულდასმით განხილვის შემდეგ საჭირო იყო ერესის საწინააღმდეგოდ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების გამოცხადება. სარწმუნოების განსაზღვრებას ორი საღვთისმეტყველო თხზულება დაედო საფუძვლად - იერუსალიმის პატრიარქის სოფრონის საზოგადო ეპისტოლე და პაპ აგათონის ეპისტოლე, რომელიც მან VI მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს გაუგზავნა.

VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებული სარწმუნოებრივი განსაზღვრების თანახმად, "უფალ იესო ქრისტეში ორი ბუნებრივი ნებაა განუყოფლად, უცვლელად, განუყრელად, შეურწყმელად და არა ურთიერთსაწინააღმდეგო ორი ნება, მაგრამ მისი ადამიანური ნება არ ეწინააღმდეგება, არამედ ემორჩილება მის ღმრთებრივ ნებას. ქრისტეში ასევე ორი ბუნებრივი ქმედებაა განუყოფლად, უცვლელად, განუყრელად და შეურწყმელად. ვაღიარებთ უფალ იესო ქრისტეს ორ ბუნებრივ ნებას და ქმედებას, ერთმანეთში თანხმობით შეთავსებულს".

კრებამ ყველა მონოთელიტური თხზულება დაწვა.
ბეჭდვა
1კ1