ერთი ნაბიჯით რომ მივუახლოვდეთ უფალს, სიკეთე უჩუმრად უნდა ვაკეთოთ

1. კომუნისტური ეპოქის ლიტერატურულ ნაწარმოებებსა თუ მხატვრულ ფილმებში სასულიერო პირები ყოველთვის დაცინვის საგანს წარმოადგენდნენ. თქვენი აზრით, ხელოვნება როგორ უნდა ემსახუროს თავის ხალხსა და ქვეყანას ისე, რომ ღვთისთვის მისაღები და მოსაწონი გახდეს?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი და ჟურნალისტი ნინო ქუთათელაძე.

ელდარ შენგელაია, კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე.

ფილმებისთვის "ცისფერი მთები" და "ექსპრეს ინფორმაცია" მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და რუსთაველის პრემიები. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.

1. საუკუნეების მანძილზე ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში რელიგიური თემა უმნიშვნელოვანესი იყო (შოთა რუსთაველი - "ვეფხისტყაოსანი", დანტე ალიგიერი - "ღვთაებრივი კომედია", ლეონარდო და ვინჩი - "საიდუმლო სერობა" და მისი არაერთი შედევრი, მიქელანჯელო - "სიქსტის კაპელა", "პიეტა"... "ავე მარია" - ბახის, ჰენდელის და ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა). ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, შეიქმნა მრავალი ფილმი რელიგიურ თემაზე.

ამ საკითხზე მსჯელობას არ ვაპირებ, რადგან არაფერს მოგვიტანს.

2. მე ვეკუთვნი იმ თაობას, რომელიც გაიზარდა რელიგიის უარყოფისა და აკრძლავის ატმოსფეროში. მიუხედავად ამისა, დედაჩემის, ნატო ვაჩნაძის, დედა (ბებიაჩემი) ეკატერინე სლივიცკაია-ანდრონიკაშვილისა აღდგომა დღეს ყოველთვის ხვდებოდა წითელი კვერცხებით და ჩვენს სახლში კრებდა მთელ ჩვენს დიდ ოჯახს. ასე რომ, ბავშვობიდან ჩემში რელიგიური თესლი მაინც ჩაისახა. მაგრამ უნდა გასულიყო წლები, რომ მე ამაზე სერიოზულად მეფიქრა. დედის დაღუპვის შემდეგ ჩემში გარდატეხა მოხდა. მე დავიჯერე, რომ დედაჩემს აუცილებლად შევხვდებოდი იმ ქვეყანაში, თორემ სხვა შემთხვევაში ეს სამყარო უაზროდ მეჩვენებოდა.

ქართულ ენაში მაოცებს ორი სიტყვა - გარდაცვალება და წუთისოფელი. ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ერთი მდგომარეობიდან აუცილებლად გადავალთ სხვა მდგომარეობაში და რომ აქაური ჩვენი ყოფა არის მხოლოდ წუთი. ამიტომ ეს წუთი უნდა ვიცხოვროთ მოყვასის სიყვარულით და სიკეთით, რათა დავიმკვიდროთ მუდმივი სასუფეველი.

უფრო ღრმად ჩაწვდომა რელიგიაში და სულიერი გარდატეხა ჩემში მოხდა ჩემი ქალიშვილის, ელენეს დაღუპვის შემდეგ. იმ საშინელ დღეებში ჩვენთან მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და გვითხრა: "გახსოვდეთ, თქვენი შვილის სული ცოცხალია". ამ სიტყვებმა ჩვენ გვანუგეშა და იმედი ჩაგვისახა. ჩვენ ეკლესიურები გავხდით. სწორედ ეკლესიაში მამა გიორგი ზვიადაძის მეშვეობით უფრო მეტად ჩავწვდით რელიგიას, თუმცა ეს გზა ღვთისკენ უსასრულოა. უფალთან ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ ლოცვით, აღსარებითა და წმინდა ზიარებით.

3. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახიერი გამოთქმა "მზიანი ღამეა, მალე გათენდება" ჩემში არ იწვევს არავითარ ეჭვს. როგორც მოსე გაუძღვა ებრაელ ხალხს აღთქმული მიწისკენ, ისე გვინერგავს ქართველი ხალხის სულიერი მამა რწმენას, რომ ღამე განიბნევა, სინათლე იძალებს, საქართველო გამთლიანდება და გახდება ღირსეული ქვეყანა.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების აცდენა შეუძლებელია. მაგრამ ჩვენმა ერმა ამ ვითარებაში ჩვენი ისტორიული, რელიგიური, კულტურული, თვითმყოფადი სახე არ უნდა დაკარგოს.

4. ჩვენს მოძღვართან მამა გიორგისთან სადღეღამისო ურთიერთობა გვაქვს. დიდი მადლობა, მაგრამ თქვენი ჟურნალი ამ შემთხვევაში ვერაფრით დაგვეხმარება.

KARIBCHEჯანსუღ ჩარკვიანი, 79 წლის, პოეტი, შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

1. მე ჩემი თაობისას მოგახსენებთ. ჩემს თაობას ჯერ "პირველსხიველებს" ეძახდნენ, შემდეგ - "ცისკრელებს", ბოლოს "სამოციანელები" დაერქვა. ჩემი პირველი წიგნი 1959 წელს გამოიცა - "ერთი ღამის სიჩუმეში". ამ წიგნში ჩემთვის ერთი ყველაზე საყვარელი ლექსია შეტანილი, "ბეთანია". ლექსს წამძღვარებული აქვს საბა-სულხან ორბელიანის სტრიქონები: "ბეთანია - სახლი სათნოებისა და სახლი მორჩილებისა და სახლი დიდებისა".

აქვე ვამბობ:

"შენ არ გინახავს ჩემი ნისლები,
მთიდან ქორების ფრთით მოტანილი,
თეთრი ქარებით როგორ ივსება
დღეები ლურჯი, ქრისტეს ტანივით".

იმასაც ვწერდი:

"ცისკრით მინთია სანთელი
და გულისგულში მეგულვი,
ღმერთო, გევედრი ქართველი, -
შენი დღე-ღამის ერთგული".

ამით ის მინდა ვთქვა, რომ ჩემი თაობის დროს, თუ სურვილი და ჭეშმარიტების გრძნობა გქონდა, შენს რწმენას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. დიახ, სწორედ იმ გაგანია კომუნისტური წყობის დროს ჟურნალ "ცისკარში" დავბეჭდე ჭაბუა ამირეჯიბის ბრწყინვალე "დათა თუთაშხია". კი ბატონო, მქონდა წინააღმდეგობაც, მაგრამ ჩემს მიზანს მივაღწიე.

ვწერდი:

"არ აჰყვეთ ბოროტ გულისთქმას,
იბრძოლეთ უფლის სახელით".

მე ვამბობდი:

"ღმერო, ღმერთო, შენ შეჰმატე
ივერიას სიმაღლეო".

ხელოვანი თუ მწერალი, მხოლოდ მორწმუნე კი არა, ვაჟკაციც უნდა იყოს, ასეთები, მადლობა ღმერთს, ბევრი ჰყავდა ჩემს თაობას.

2. ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე, უკვე ოცი წლისა ვიყავი. ჩემი სტუდენტობის დროს, ვერ ვიტყვი, რომ ხშირად დავდიოდი, მაგრამ შინაგან რწმენას ვერსად გავექცევი, რაც ჩემს ლექსებში გამოიხატებოდა.

ოცი წლისანი ვიყავით, როცა მე და ოთარ ჭილაძეს უნდა მოგვენათლა ჩვენი მეგობარი გივი სამსონაძე. მივედით სახლში გივისთან და რადგან ეკლესიაში ვერ გავბედეთ მისვლა, მღვდელი მივიყვანეთ სამსონაძეებთან, არადა ორივეს მაშინ გაგვახსენდა, რომ არც ერთი მონათლული არ ვიყავით. შევძრწუნდით, მაგრამ უცებ გაგვახსენდა, იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ბრწყინვალე ახალგაზრდა, ქალაქის კოლორიტი, თენგიზ კეკელიძე, ჩავედით მასთან სახლში. მადლობა უფალს, შინ დაგვხვდა. რა თქმა უნდა, წამოგვყვა. იმ დღეს სამსონაძეების სახლში სასწაული მოხდა - მამაო ჩვენ გვნათლავდა და ამის შემდეგ ჩვენ გივის ვნათლავდით ისევ ჩვენი მეუფის უფლებით. ამნაირობა ჯერ არ მინახავსო, - ჩაილაპარაკა მამაომ. რას ვიზამთ, ასეც ხდებოდა.

მე ხშირად ვამბობ ჩემს სათქმელს უფლისადმი, რაც სადღეგრძელოდაც იქცა: "სიყვარულს გაუმარჯოს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია. კაცი უნდა სიტყვის კაცი იყოს, რამეთუ პირველად იყო სიტყვა და მოგეხსენებათ სიტყვა - ღმერთია. გაუმარჯოს ჭეშმარიტებას, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტებაა და როცა ამბობენ, "ქრისტე აღსდგაო", "ჭეშმარიტადო", ვპასუხობთ, რაიც ღმერთის დასტურია. ვიცოდეთ ფასი შემოქმედისა, რამეთუ ღმერთი შემოქმედია და მან უბოძა ეს სახელი მიწიერ ხელოვანსა თუ პოეტს".

3. მე იმედიანი კაცი ვარ, თუმცა ბოლო დროს იმედგაცრუებულს უფრო დავემსგავსე, მაგრამ ისევ ღვთის წყალობით, მიშველა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მე დავრწმუნდი, რომ საქართველომ უნდა იაროს ილია ჭავჭავაძის გზით, სწორედ ეს გზაა გზა ჭეშმარიტებისა და - ჰოი, საოცრებავ! - კვლავ ღვთით მოევლინა ჩემს საქართველოს ილია მეორე. გზა ჭეშმარიტებისა არ წაიშლება. მე, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნაჩუქარი ჯვრით დავდივარ და მიხარია, რომ მწამს მისი და, რა თქმა უნდა, მწამს უფლისა.

ჩემი საქართველო მარიამის წილხვერი ქვყანაა და მართლაც, "მზიანი ღამეა და მალე გათენდება".

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ გლობალიზაციას - უნდა უფრთხილდე იმ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი არც ენა აქვს, არც მამული და არც სარწმუნოება.

ქვეყნისთვის მთავარია - ენა-მამული-სარწმუნოება. მადლობა უფალს, რომ საქართველოს სამივე აქვს, მთელი ჩვნი სიცოცხლე უნდა ვიბრძოლოთ სამივეს შესანარჩუნებლად.

გვახსოვდეს, ვისი გორისა ვართ, გვახსოვდეს ჩვენი ეროვნება და მამის სახელი.

4. კარგა ხანია ცხადი გახდა, რომ იეღოველთა სექტა გარკვეული სახელისუფლებო წრეების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. მინდა მოძღვარს ვკითხო: ხომ არ ირღვევა ამით საკონსტიტუციო შეთანხმება (კონკორდატი), რომელსაც ამ რამდენიმე წლის წინ მოეწერა ხელი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის?

KARIBCHEნინო ქუთათელაძე, 58 წლის, ჟურნალისტი. სასწავლო ინსტიტუტში "მასკი" ასწავლის ქართულ პოეტურ ხელოვნებას. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები: "ბრძენთა ვარამი", "ტფილისური ნოველები", პოეტური კრებულები: "ფოთლის ფარდა", "მუსიკა სცენიდან", "თეთრი ათინათი", "სამი მონოლოგი", "ჰოი, ლიპარიტ", "შვიდი პოემა".

1. საბჭოთა ლიტერატურასა და კინოში ძირითადად მიკერძოებით ასახავდნენ რეალობას. მაამებლობასა და პირფერობასაც ყოველთვის თავისი მიზანი თუ მიზეზი განაპირობებდა. ამის მიზანი ხშირად სხვა, უფრო დიდი სიმართლის თქმა გახლდათ. ამ კუთხით თუ არ შევხედეთ საბჭოეთის დიდი ბელადებისადმი მიძღვნილ ნაწარმოებებს, მძიმე განაჩენს უნდა ველოდეთ მომავალი თაობებისგან.

ნუ დაგვავიწყდება, როცა სახელმწიფო უშიშროება (რა სახელითაც არ უნდა მოვიხსენიოთ ის) მძლავრობს, ღირსება და თავმოყვარეობა მიწაზეა განრთხმული და ადამიანები უზნეობის მორევში იხრჩობიან. იმ ავად მოსაგონარ საბჭოთა პერიოდი გაჩნდა ტერმინი "ჩანერგილი": ისინი იყვნენ მსტოვრები საკუთარ ოჯახში, სამეზობლოში, საწარმო-დაწესებულებებში, სამშობლოში... და რაკი ეკლესიაში მოღვაწენი საზოგადოების ნაწილს წარმოადგენდნენ, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ აქაც ჩვეულებრივად ბოგინობდნენ მსტოვრები?

როცა ამ საკითხზე ვფიქრობ, უპირველესად დიდი მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშა" მახსენდება. განა ეპისკოპოსი პავლე და ყაშა ლაზარე ყურით მოთრეული "გმირები" იყვნენ? თქვენ ალბათ შემომეკამათებით, ისინი რუსულ ეკლესიას ემსახურებოდნენო. მე გიპასუხებთ: ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ემსახურებოდნენ. და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ამას?! ისინი ხომ მართლმადიდებლობის წიაღში აღმოცენდნენ. განა ამასვე არ ამბობს გიორგი მერჩულე: "ხოლო შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღვარძლი სარწებს აღმოცენებული..." და თუკი ქრისტიანობის აღზევების პერიოდში ხდებოდა ასე, ათეიზმის აღზევების ეპოქაში რატომ უნდა ყოფილიყო წარმოუდგენელი?! დაცინვის ობიექტები კი არა, თითოეული ამგვარი სასულიერო პირი ტრაგედია იყო ჩვენთვის. ამიტომაც იქცეოდნენ ხოლმე ისინი ქართველ მწერალთა გაკილვის საგნად.

ხელოვნება სიმართლით უნდა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას. მე ღრმად მწამს, როცა შემოქმედი რაღაც ღირებულს ქმნის, ზურგს უკან ყოველთვის ანგელოზი უდგას, მხარს უმაგრებს და ისიც ხშირად უფლის კარნახით საზრდოობს. ადრეც დამიწერია და ახლაც ვიტყვი: ქართული ლიტერატურა ღირსებაზე აღმოცენებული ლიტერატურაა. და თხზულება, რომელშიც თუნდაც ერთი ღირსეული პერსონაჟი ან ავტორის ღირსების მომცველი პოზიცია არ არსებობს, ის ნაწარმოები არსით ქართული არ არის.

2. ერთი დეტალი მახსოვს ბავშვობიდან. მაშინ, როცა 26 მაისი არავის ახსოვდა, ჩემი ოჯახის ქალები ზღაპრულ სუფრას შლიდნენ და მერე ხმადაბლა იწყებდნენ გალობას, ანთებდნენ სანთლებს და ლოცულობდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ დღეს ბიძაჩემი და მამაჩემი არ გვეკარებოდნენ. მეტსაც გეტყვით, როცა დამოუკიდებლად და უშიშრად დავიწყე სიარული ტაძარში, ბიძაჩემი ფულს მაძლევდა, რომ მისი სახელით უფლისთვის სანთელი დამენთო.

ძლიერი სქესის ეს უცნაური შიში ყოველთვის მაოცებდა. როცა თვალი ამეხილა და ყველაფერს მივხვდი, შემეცოდნენ სიცოცხლის ხელყოფის შიშით დამცირებული ადამიანები.

ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, ჩემთვის უფალი სიკეთეაო და ერთი ნაბიჯით რომ მივუახლოვდეთ მას, სიკეთე უჩუმრად უნდა ვაკეთოთო.

ჩემთვის უფალი სიყვარულია, რომელიც თავის თავში გულწრფელობას, ერთგულებას, მოთმინებას და პატიების უნარსაც ატარებს. ქრისტიან კაცს უსაზღვრო მოთმინება უნდა ჰქონდეს, რომ სიმარტოვეში არ ამოხდეს სული. მე აქ ფიზიკურ სიმარტოვეს არ ვგულისხმობ. ფიზიკური სიმარტოვე მხოლოდ საფეხურია სულიერი სრულყოფის გზაზე.

3. მძიმე დღეები უდგას საქართველოს, ყველა ფასეულობა თითქოს გაუფასურდა. თანამედროვენი იმეორებენ: "ენა, მამული, სარწმუნოება", მაგრამ ქართულად ლაპარაკი ყველას დაავიწყდა. ხშირად ისეთი კონსტრუქციის წინადადებები მესმის რადიოდან და ტელეეკრანიდან, გული მიკვდება.

მამული... პატრიოტიზმის ქადაგება არ შეიძლება, ის სისხლთან, სუნთქვასთან ერთად შემოდის ჩვენში. გულს მიხეთქს უტილიტარული დამოკიდებულება სამშობლოსადმი. ხშირად გაიგონებთ: "ჩვენი ქვეყანა სულ მოწყენილია", "რატომ მოგიწყენიაო, - პოეტიც ამას ამბობს", "ადამიანი კი ბედნიერებისთვის მოდის ამქვეყნად", "ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც ბედნიერად ვიცხოვრებ..." არის კი ასე?! თანამემამულენო, მოგწონთ უაზრო გართობას გადაგებული ნახევრადგაშიშვლებული ერი?! რა თქმა უნდა, არც აქ ვგულისხმობ მხოლოდ ფიზიკურ სიშიშვლეს.

უფალი ყოვლის მიმტევებელია. მაგრამ იქნებ მაინც სჯობდეს, სათითაოდ ყველამ ვუთხრათ ერთმანეთს, რომ შიშვლები ვართ და სამწუხაროდ, ეს რეალობაა.

მე ოპტიმისტი ვარ. კანონზომირების თანახმად, ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს, ყველა ბნელს - ნათელი... მეც გალაკტიონივით მჯერა: "იქნება, ბევრი რამე იქნება, მაგრამ ამქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით..." გალაკტიონიც წავიდა, როგორც არაერთი წასულა, და კვლავ გაისმა მისი უმცროსი თანამედროვის ხმა: "მეც სამარეში ისე ჩავდივარ, სამშობლოს საშველს ვერ მოვესწარი!"

ასე მგონია, ამ საშველს ვერც მე მოვესწრები, მაგრამ ისე ძალიან მინდა, ისე ძალიან, რომ თქვენ მოესწროთ, წარმოუდგენელია, საქართველო თავის საზღვრებში, თავისი და მხოლოდ თავისი ენითა და ღირსებით არ აღდგეს.

იქ, სადაც უფალია, ყველაფერი ბრწყინავს და ანათებს.

4. რა თქმა უნდა, კითხვები მაქვს, მაგრამ ეს კითხვები იმდენად პირადულია, არც საზოგადოებისა და არც მოძღვრის შეწუხება არ ღირს.

KARIBCHEგვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

- "არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა" - რას გვავალდებულებს ამ მცნების დაცვა?

- უფლის 10 მცნებიდან, რომელიც ებრაელ ხალხს მოსე წინასწარმეტყველის მიერ სინას მთაზე მიეცა, პირველ ფილაზე დაწერილი 4 მცნება ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულებას მოიცავდა, დანარჩენი 6 კი, რომლებიც მეორე ფილაზე ეწერა, - ადამიანის დამოკიდებულებას მოყვასთან.

ახალ აღთქმაში მაცხოვარი ბრძანებს, რომ სჯულის უმთავრესი მცნებებია - გვიყვარდეს უფალი ღმერთი ჩვენი ყოვლითა გულითა, გონებითა, ნებითა ჩვენითა, და მეორე, მსგავსი ამ მცნებისა - გვიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი ჩვენი. თუ ამ ორ უმთავრეს მცნებას კეთილსინდისიერად და პატიოსნად აღვასრულებთ, იგი ათივე მცნების მომცველი იქნება.

ვისაც უფლის არსებობაში ეჭვი აღარ ეპარება, ისიც კარგად უნდა იცოდეს, რომ ღმერთი ერთარსებაა და სამპიროვანი, რომელიც ძველ აღთქმაში იაჰვედ, ადონაიდ, საბაოთად, ელოჰიმად, შადაითად მოიხსენიებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი ცრუმორწმუნე უფალს იეღოვას უწოდებს და ამ დროს არ იცის, ჭეშმარიტად როგორ მოიხსენიება მისი სახელი.

ქრისტეს შემდეგ ჩვენ ღმერთს მოვიხსენიებთ როგორც ერთარსებასა და სამპიროვანს - მამას, ძეს და სულიწმიდას. მათეს სახარება მთავრდება სიტყვებით: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა". აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფლის ყველაზე მართებული და ჭეშმარიტი, ყველაზე აღმატებული და გაცხადებული სახელი, რომელიც მისი ერთ-ერთი იპოსტასის, იესო ქრისტეს სიტყვით გაცხადდა და მას შემდეგ ეკლესიის კონსტიტუციად იქცა, არის მისი მოხსენიება როგორც ერთარსება და სამპიროვანი ღმერთისა.

როდესაც მოძღვარი ღვთისმსახურების, ქადაგების ან საეკლესიო საიდუმლოებათა დაწყებას აპირებს, ან რიგითი ქრისტიანი ლოცულობს თუ აღსარებას ამბობს, მან იცის, რომ უფალთან ურთიერთობისას პირჯვარი უნდა გადაიწეროს, რითაც წმინდა სამებისგან კურთხევასა და მადლს გამოვითხოვთ.

სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება, ვის მოვუხმობთ, როცა ვლოცულობთ ან ვქადაგებთ, ვისი ნებართვითა და შემწეობით ვიწყებთ და ვამთავრებთ დღეს, ვისი სახელით ვიწოდებით ქრისტიანებად. ხშირად გაუცნობიერებლად ვიწერთ პირჯვარსაც, რომელიც ღვთის სახელის მოხმობის ტოლფარდია და ლოცვასაც ზერელედ და ზედაპირულად წარმოვთქვამთ. თუ ამას დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყოველდღიურად ვარღვევთ უფლის პატივისცემის მცნებას, რომელიც მესამე მცნებაშია გამოხატული და რომელიც გვავალდებულებს, ამაოდ არ მოვიხსენიოთ მისი სახელი. "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა" - ნათქვამია სულიწმიდისადმი მიძღვილ დასაწყის ლოცვებში. ამ სიტყვებით თავად ღმერთმა მოგვცა იმის საშუალება, ისე განვადიდოთ იგი, როგორც მას შეჰფერის, მაგრამ ვატარებთ კი გულსა და გონებაში ამ სიტყვებს ისე, როგორც საჭიროა? როდესაც ერთ-ერთ წმიდა მამას ეკითხებიან, როგორ ემზადებით ლოცვის დასაწყებადო, პასუხობს: "ვლოცულობ, რათა კარგად ვილოცოო".

ადამიანი, როგორც კი ტაძრის ზღურბლს გადმოაბიჯებს, გააზრებულად უნდა დადგეს ხატების წინ. ლოცვის დაწყებამდე უნდა იცოდეს, რომ დაუტევოს ყოფით საკითხებზე ფიქრი, მოიკრიბოს გონება და პირჯვრის გადაწერით, სასოებით მოუხმოს უფალს. ასეთივე განწყობა უნდა შეიქმნას ღვთისმსახურმაც, როდესაც ასამაღლებლით განადიდებს ღმერთს. დაკვირვებული ვარ, როცა ზოგიერთები შემოდიან ტაძარში, ხშირად ღვთისმსახურება ისე იწყება და მთავრდება, ერთმანეთთან საუბარში არიან გართულნი და არც კი აინტერესებთ, რა ლოცვა და ასამაღლებელი კვერექსი წარმოთქვა მღვდელმა თუ დიაკონმა.

როგორც მოძღვარს, ხშირად მეკითხებიან, შეიძლება თუ არა სამარშრუტო ტაქსით ან ავტობუსით მგზავრობის დროს ტაძრის გამოჩენისას პირჯვრის გადაწერაო. მე ვპასუხობ, რასაკვირველია, შეიძლება-მეთქი. ეკლესიურ ადამიანს საოცრად აღიზიანებს, როცა მგზავრობისას ადამიანები ჭორაობით, რეზინის ღეჭვით, ბილწსიტყვაობით, მზესუმზირის ჭამით ერთობიან, ტაძრის გამოჩენის დროს კი ფარისეველივით გადაიწერენ პირჯვარს და შემდეგ ისევ განაგრძობენ თავიანთ უგუნურ ქმედებას. ამ კატეგორიის ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან. ისინი, ძველი აღთქმის ე.წ. მართლების მსგავსად, მოჩვენებითად მოუხმობენ უფალს. მოგეხსენებათ, მათეს სახარებაში მაცხოვარმა ამხილა ისინი. სწორედ მათზე ითქვა: "დგანან ტაძრის წინაშე, მოჩვენებითად ლოცულობენ და იფართოებენ თავიანთი შესამოსლის თასმებსო" - ძალიან ჰგავს ჩვენი ასეთი ქმედება მათსას. ამიტომ ძველი აღთქმის ახლით შეცვლით, ნურავის ეგონება, რომ ყველაფერი გაუქმდა. 10 მცნება უფრო დაიხვეწა და შეივსო 9 ნეტარებით და "მამაო ჩვენოს" ლოცვით. "გვასწავლე ლოცვა" - სთხოვენ უფალს მოციქულები და მაცხოვარიც ასწავლის მათ საუფლო ლოცვას, რომელშიც ძალზე შინაურულად და მოფერებით არის გამოხატული ჩვენი დამოკიდებულება უფალთან. "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი", - ამ სიტყვებით დილა-საღამოს მაინც ვადიდებთ უფალს, ვითხოვთ, წმიდა იყოს მისი სახელი ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს ცხოვრებაში, ქმედებაში და ამ დროს ჩვენი ცხოვრების წესით უფრო იგმობა იგი, ვიდრე იდიდება. რამდენჯერ გაგვიგონია, ეს ადამიანი მართალია ტაძარში დადის, მაგრამ ეკლესიურს არაფრით ჰგავსო. თუ უფლის სახელს მოწიწებით, მოშურნეობით და თავმდაბლობით არ მოვუხმეთ და ჩვენი ცხოვრების წესით არ გამოვხატეთ სარწმუნოების ერთგულება და სიყვარული, დამრღვევნი ვიქნებით უფლის მცნებისა. ამიტომ ხშირად უნდა მოვინანიოთ აღსარების დროს.

- მამა გიორგი, ხელოვნება როგორ უნდა ემსახუროს თავის ხალხს და ქვეყანას ისე, რომ მისაღები და მოსაწონი გახდეს უფლისთვის?

- როდესაც ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ შემოქმედი ხილული და უხილავი სამყაროსი არის თავად უფალი. რადგანაც ადამიანი ხატება და მსგავსებაა უფლისა, იგი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებითაც უნდა დაემსგავსოს მას. მარადიული და წარუშლელი ზღვარი, რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებობს, ის არის, რომ ღმერთი შემოქმედია, ადამიანი კი ქმნილებაა. ღმერთი არაფრისგან ქმნის ყოველივეს. კრეაციონალური მოძღვრებით, ყოველივე არსებული ხილული თუ უხილავი შექმნილია ღვთის მიერ. ამიტომ ადამიანს ვერ ვუწოდებთ ვერტიკალურად მოსიარულე მოაზროვნე არსებას, თუ მას გონიერება არ გააჩნია, თუ იგი არ არის ბუნებით შემოქმედი. როგორც რუსთაველი იტყოდა: "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების", ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ რას ქმნის და როგორ ქმნის, რადგან ღვთაებრივი ნება ერთია, ადამიანური - მეორე და როცა ეს ორი ნება ერთმანეთს ერწყმის და სინერგია ხდება, ეს იდეალურია. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საეშმაკო ნებაც. ბუნებრივია, იმ ადამიანის შემოქმედებაც, რომელიც ღვთის ნებას ემორჩილება და ეკლესიურად ცხოვრობს, ღვთაებრივია. ხელოვანმა ადამიანმა არასდროს არ უნდა დაივიწყოს, რომ ქმნილებაა და თუ შემოქმედებითი ენერგია და იმპულსი ღვთისგან არ მიიღო, ვერც გასცემს, რადგან ქმნილებას ყოველთვის ახასიათებს მიმღეობა და გაცემა. თუ 5 ტალანტი მიიღე და არ მოახმარე ხალხს, საზოგადოებას, პატივმოყვარე ხარ და შენი შემოქმედებაც ამ თვისების მატარებელი იქნება, რადგან ნაწარმოებს თუ კარგად დავუკვირდებით, აუცილებლად მივხვდებით, როგორი პიროვნებაა მისი შემქმნელი. თუ ავტორი ვნებიანი პიროვნებაა, მისი ნაწარმოები აუცილებლად დაემგვანება. მაგალითად გამოდგებოდა გი დე მოპასანი - როგორი ბოჰემური ცხოვრების წესითაც ის ცხოვრობდა, ისეთივე იყო მისი ნაწარმოებებიც. თუ ადამიანი ღვთისნიერია და ეკლესიურად ცხოვრობს, როგორც, ვთქვათ, წმინდა ილია მართალი, აკაკი წერეთელი და ჩვენი სხვა დიდი მამულიშვილები, მათი მხატვრული ნაწარმოებებიც ღაღადისი იქნება ჩვენი სარწმუნოებისა და უფლის დიდებისა. "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა" - ასე იწყებს შოთა რუსთაველი თავის უკვდავ პოემას, რომელიც თვით კომუნისტებმაც კი ვერ აკრძალეს. მართალია, სხვანაირ ინტერპრეტაციას მიაწერდნენ ამ ნაწარმოების ავტორს, მაგრამ ის ეპოქა დასრულდა, შოთას პოემა კი მარად იცოცხლებს. რუსთაველიც სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ რადგანაც ღმერთი ყველაფრის შემქმნელია, ადამიანი, ღვთის ქმნილება და ხატება, უნდა მიემსგავსოს თავის შემოქმედს.

სიმბოლო-მრწამსში ცისა და ქვეყნის შემოქმედი მოიხსენიება როგორც "პოეტეს". ალბათ აქედან მომდინარეობს სიტყვა "პოეტი", რაც შემქმნელს ნიშნავს. მთავარია, ხელოვნება არ იყოს მშვინვიერი, საეშმაკო და ადამიანებს სიძვისა და გარყვნილებისთვის კი არ აღძრავდეს, უბიძგებდეს პატიოსნების, თავმდაბლობის, უფალთან სიახლოვის, სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვისკენ.

ბოლოს ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, შემოქმედების წყარო ან უფალია, ან, სამწუხაროდ, ეშმაკი, რადგან ადამიანი, როგორც ქმნილება, მიმღებია ღვთიური ძალისა, შთაგონებისა და ენერგიისა. თუ თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ღვთიურს ვერ იღებს, ე.ი. იღებს საეშმაკოს. სწორედ ამის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ, როგორია და რას ემსახურება ამა თუ იმ ხელოვანის შემოქმედება.

- კომუნისტურ პერიოდში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და მხატვრულ ფილმებში ხშირად სასულიერო პირი დაცინვის ობიექტი იყო. აქვს თუ არა ხელოვანს უფლება, აჩვენოს მანკიერი მხარე ჩვენი ეკლესიისა?

- წმიდა წერილი, ბიბლია სასულიერო პირთა და წმიდა ადამიანთა უკეთურებას არ მალავს, თუნდაც ისეთი ცნობილი და დაფასებული პიროვნებისა, როგორიც ისრაელის მეფე დავით მეფსალმუნე იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი დღემდე ითვლება სამი რელიგიის - იუდეველთა, ქრისტიანთა და ისლამის მიმდევართა უდიდეს წმინდანად, ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ მან მრუშობისა და მკვლელობის ცოდვა ჩაიდინა და დეტალურად არის აღწერილი მისი დაცემაც და გამოსწორებაც. სახარებაშიც ოთხივე მოციქულის მიერ არის აღწერილი იუდას დაცემა, რომელსაც არ აღმოაჩნდა ძალა, მოენანიებინა თავისი საქციელი. მახარებლები არც იმის თქმას მორიდებიან, პეტრე მოციქულმა როგორ უარყო სამჯერ ქრისტე, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რამხელა სინანულით მოინანია ეს მძიმე შეცოდება. ამგვარი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

როდესაც ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პირველად უყურებდა "ნატვრის ხეს", მასთან ერთად მსხდარან ამ ფილმის რეჟისორი თენგიზ აბულაძე და ბატონი რეზო ჩხეიძე. ოხროხინე მღვდლის გამოჩენისთანავე ბატონ რეზოს პატრიარქისთვის გადაულაპარაკებია: "ბატონ თენგიზს ნუ დაადანაშაულებთ ამ ეპიზოდისთვის, რადგან გიორგი ლეონიძის ნაწარმოებშია ასეთი მღვდელი გამოყვანილიო". საინტერესოა პატრიარქის პასუხი - მას უთქვამს: "სამწუხაროდ, ასეთი მღვდლებიც გვყავსო".

ჭეშმარიტმა ხელოვანმა თუ სააშკარაოზე გამოიტანა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ნეგატიური მხარე, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მას სიყვარული არ ამოძრავებს. "მოყვარეს პირში უძრახე და მტერს ზურგს უკანაო", - ამბობს წმინდა ილია მართალი ლუარსაბ თათქარიძის ცხოვრების აღწერისას. მთავარია, ხელოვანმა ობიექტურად ასახოს სინამდვილე, არ იყოს ტენდენციური. ის, რომ საბჭოთა პერიოდში სასულიერო პირები უარყოფით პერსონაჟებად გამოჰყავდათ, იყო შედეგი საბჭოთა იდეოლოგიისა. თუმცა თითო-ოროლა, მაგრამ მაინც, იყო ისეთი ფილმებიც, რომლებშიც სასულიერო პირები დადებითად იყვნენ გამოყვანილნი. მაგალითად, "მამლუქში" მარკოზ ხუცესი შესანიშნავადაა წარმოჩენილი, მაგრამ, ამასთან, ილიას "გლახის ნაამბობში" ძალიან კარგი ხუცესი, რომელმაც გაბრიელს წერა-კითხვა შეასწავლა, რეჟისორმა საერთოდ ამოიღო ფილმიდან. ეს უკვე უსინდისობაა, რომელიც ნამდვილად არ იქნება ღვთისთვის მოსაწონი.

როცა ეკრანზე უარყოფით სასულიერო პირებს ვუყურებ, მე, როგორც მოძღვარს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, მაგრამ ვცდილობ, არ დავემსგავსო მათ. ეს სარკე უნდა იყო ჩვენთვის, რომ არ გავხდეთ ამ დროის ოხროხინე მღვდლები. სამწუხაროდ, ასეთი მღვდლები ჩვენს დროშიც მრავლად არიან და თუ ამას დავმალავთ, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღოვჩნდებით, რადგან ხალხისთვი დაფარული მაინც არაფერია, რეალობისთვის თვალის არიდება კი არც ჩვენს ღირსებას წაადგება და ვერც ღვთის წინაშე გაგვამართლებს.

ბოლოს, ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. ბევრი ცნობილი ხელოვანი თუ გამოჩენილი მეცნიერი ჩვენს დღევანდელ პატრიარქს ისე უყურებს, როგორც მართლმადიდებელ რელიგიას. ისინი ამაყობენ იმით, რომ პატრიარქის მეგობრები, მასთან დაახლოებული პირები არიან და ამით ამოიწურება მათი ეკლესიური ცხოვრება - არ დადიან ტაძარში, აღსარებას არ ამბობენ, არ ეზიარებიან. რაღა დაგიმალოთ და ჩვენს დღევანდელ პატრიარქს მეც უდიდეს პატივს ვცემ და ვცილობ, ჩემი ეკლესიურობით, ქადაგებითა და მოღვაწეობით გამოვხატო მისადმი სიყვარული და თანადგომა. ამიტომ მე, როგორც მოძღვარი, ქრისტესმიერი სიყვარულით ვურჩევ მათ, სადღესასწაულო დღეებში, წელიწადში ერთხელ მაინც ეზიარონ, შეძლებისდაგვარად დაიცვან მარხვა და იარონ ეკლესიაში, რადგან მხოლოდ პატრიარქის მეგობრობით ვერ გაიმართლებენ თავს უფლის წინაშე, მათი ეკლესიურად მოქცევა კი, მერწმუნეთ, ჩვენს პატრიარქს ძალიან გაუხარდება.

- გმადლობთ საუბრისთვის. ახლა, თუ შეიძლება, უპასუხეთ ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანის შეკითხვას.

- მოგახსენებთ. ყოველი ცრუ სწავლება ადამიანის მიერ არის გამოგონილი და დაარსებული. საქართველოში დღეს მოქმედი სექტა, ე.წ. იეღოვას მოწმეები, 2 საუკუნის წინ დაუარსებია ვინმე ჩარლზ რასელს, რომელიც თავიდან ბიბლიის მკვლევრის სახელით მოიხსენიებოდა.

"იაჰვე" ძველ აღთქმაში მამა ღმერთის ერთ-ერთი დეფინიციაა, რაც ებრაულიდან ქართული თარგმანით ნიშნავს: "მე ვარ, რომელიც ვარ" (ღვთის მყოფობა და არსობა). ეს სიტყვა სოლომონის ტაძრის კედელზე ეწერა, ვიდრე ტაძარი დაინგრეოდა, და მღვდელმთავარს ჰქონდა მხოლოდ წმიდათაწმიდაში შესვლის დროს მისი წარმოთქმის უფლება, ისიც - ერთხელ წელიწადში. ტოტალიტარული სექტის წარმომადგენლებმა მიიტაცეს ეს სახელი (სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, აქედანაც კარგად ჩანს, რომ ისინი მცდარ გზაზე დგანან). ამიტომ მათ ჩვენ "იეღოველებად" კი არ მოვიხსენიებთ, არამედ "ჩარლზ რასელის მიმდევრებად" - "რასელისტებად". ამ სექტამ ტოტალიტარული სახე მიიღო და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის. "საბრალოა ის ადამიანი, რომელსაც ქრისტიანი ჰქვია და არ იცის, რა არის ქრისტიანობა", - ამბობდა წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი. სამწუხაროდ, საქართველოში არიან ასეთი ადამიანები. ისინი სულიერად დაბალ საფეხურზე იმყოფებიან და ამიტომაც გაუთვითცნობიერებლად ებმებიან ცრუ სწავლებათა მახეში.

"ქვეყნისა და პიროვნების გადაგვარება მაშინ იწყება, როდესაც ჩვენი ისტორია გვავიწყდებაო", - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებში მართლმადიდებელი სარმუნოება და მისი სწავლების შებღალვაც არის ნაგულისხმევი.

ხელისუფლება, რომელსაც ხალხმა მიანდო ქვეყნის მართვა, ვალდებულია გადახედოს ისტორიას, გაეცნოს ჩვენი დიდი მეფეებისა და მთავრების ცხოვრებას. უფრო მეტიც, იგი ვალდებულია იყოს კეთილმორწმუნე, აღიარებდეს მართლმადიდებელი სარწმუნოების ისტორიულ როლს, მის მნიშვნელობას ქვეყნის გადარჩენის საქმეში და მის უპირატესობას სხვა რელიგიებთან შედარებით. სწორედ ამას ავალდებულებს მას რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილი საკონსტიტუციო ხელშეკრულება, იგივე კონკორდატი, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო.

მწამს, ქვეყანა გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან, თუ ყველა პრობლემას ლოცვით, მარხვითა და მართლმადიდებლური ცხოვრებით გავუმკლავდებით.
1. კომუნისტური ეპოქის ლიტერატურულ ნაწარმოებებსა თუ მხატვრულ ფილმებში სასულიერო პირები ყოველთვის დაცინვის საგანს წარმოადგენდნენ. თქვენი აზრით, ხელოვნება როგორ უნდა ემსახუროს თავის ხალხსა და ქვეყანას ისე, რომ ღვთისთვის მისაღები და მოსაწონი გახდეს?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, პოეტი ჯანსუღ Gარკვიანი, პოეტი და ჟურნალისტი ნინო ქუთათელაძე.

ელდარ შენგელაია, კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე.

ფილმებისთვის "ცისფერი მთები" და "ექსპრეს ინფორმაცია" მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და რუსთაველის პრემიები. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.

1. საუკუნეების მანძილზე ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში რელიგიური თემა უმნიშვნელოვანესი იყო (შოთა რუსთაველი - "ვეფხისტყაოსანი", დანტე ალიგიერი - "ღვთაებრივი კომედია", ლეონარდო და ვინჩი - "საიდუმლო სერობა" და მისი არაერთი შედევრი, მიქელანჯელო - "სიქსტის კაპელა", "პიეტა"... "ავე მარია" - ბახის, ჰენდელის და ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა). ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, შეიქმნა მრავალი ფილმი რელიგიურ თემაზე.

ამ საკითხზე მსჯელობას არ ვაპირებ, რადგან არაფერს მოგვიტანს.

2. მე ვეკუთვნი იმ თაობას, რომელიც გაიზარდა რელიგიის უარყოფისა და აკრძლავის ატმოსფეროში. მიუხედავად ამისა, დედაჩემის, ნატო ვაჩნაძის, დედა (ბებიაჩემი) ეკატერინე სლივიცკაია-ანდრონიკაშვილისა აღდგომა დღეს ყოველთვის ხვდებოდა წითელი კვერცხებით და ჩვენს სახლში კრებდა მთელ ჩვენს დიდ ოჯახს. ასე რომ, ბავშვობიდან ჩემში რელიგიური თესლი მაინც ჩაისახა. მაგრამ უნდა გასულიყო წლები, რომ მე ამაზე სერიოზულად მეფიქრა. დედის დაღუპვის შემდეგ ჩემში გარდატეხა მოხდა. მე დავიჯერე, რომ დედაჩემს აუცილებლად შევხვდებოდი იმ ქვეყანაში, თორემ სხვა შემთხვევაში ეს სამყარო უაზროდ მეჩვენებოდა.

ქართულ ენაში მაოცებს ორი სიტყვა - გარდაცვალება და წუთისოფელი. ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ერთი მდგომარეობიდან აუცილებლად გადავალთ სხვა მდგომარეობაში და რომ აქაური ჩვენი ყოფა არის მხოლოდ წუთი. ამიტომ ეს წუთი უნდა ვიცხოვროთ მოყვასის სიყვარულით და სიკეთით, რათა დავიმკვიდროთ მუდმივი სასუფეველი.

უფრო ღრმად ჩაწვდომა რელიგიაში და სულიერი გარდატეხა ჩემში მოხდა ჩემი ქალიშვილის, ელენეს დაღუპვის შემდეგ. იმ საშინელ დღეებში ჩვენთან მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და გვითხრა: "გახსოვდეთ, თქვენი შვილის სული ცოცხალია". ამ სიტყვებმა ჩვენ გვანუგეშა და იმედი ჩაგვისახა. ჩვენ ეკლესიურები გავხდით. სწორედ ეკლესიაში მამა გიორგი ზვიადაძის მეშვეობით უფრო მეტად ჩავწვდით რელიგიას, თუმცა ეს გზა ღვთისკენ უსასრულოა. უფალთან ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ ლოცვით, აღსარებითა და წმინდა ზიარებით.

3. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახიერი გამოთქმა "მზიანი ღამეა, მალე გათენდება" ჩემში არ იწვევს არავითარ ეჭვს. როგორც მოსე გაუძღვა ებრაელ ხალხს აღთქმული მიწისკენ, ისე გვინერგავს ქართველი ხალხის სულიერი მამა რწმენას, რომ ღამე განიბნევა, სინათლე იძალებს, საქართველო გამთლიანდება და გახდება ღირსეული ქვეყანა.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების აცდენა შეუძლებელია. მაგრამ ჩვენმა ერმა ამ ვითარებაში ჩვენი ისტორიული, რელიგიური, კულტურული, თვითმყოფადი სახე არ უნდა დაკარგოს.

4. ჩვენს მოძღვართან მამა გიორგისთან სადღეღამისო ურთიერთობა გვაქვს. დიდი მადლობა, მაგრამ თქვენი ჟურნალი ამ შემთხვევაში ვერაფრით დაგვეხმარება.

ჯანსუღ ჩარკვიანი, 79 წლის, პოეტი, შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

1. მე ჩემი თაობისას მოგახსენებთ. ჩემს თაობას ჯერ "პირველსხიველებს" ეძახდნენ, შემდეგ - "ცისკრელებს", ბოლოს "სამოციანელები" დაერქვა. ჩემი პირველი წიგნი 1959 წელს გამოიცა - "ერთი ღამის სიჩუმეში". ამ წიგნში ჩემთვის ერთი ყველაზე საყვარელი ლექსია შეტანილი, "ბეთანია". ლექსს წამძღვარებული აქვს საბა-სულხან ორბელიანის სტრიქონები: "ბეთანია - სახლი სათნოებისა და სახლი მორჩილებისა და სახლი დიდებისა".

აქვე ვამბობ:

"შენ არ გინახავს ჩემი ნისლები,
მთიდან ქორების ფრთით მოტანილი,
თეთრი ქარებით როგორ ივსება
დღეები ლურჯი, ქრისტეს ტანივით".
იმასაც ვწერდი:
"ცისკრით მინთია სანთელი
და გულისგულში მეგულვი,
ღმერთო, გევედრი ქართველი, -
შენი დღე-ღამის ერთგული".

ამით ის მინდა ვთქვა, რომ ჩემი თაობის დროს, თუ სურვილი და ჭეშმარიტების გრძნობა გქონდა, შენს რწმენას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. დიახ, სწორედ იმ გაგანია კომუნისტური წყობის დროს ჟურნალ "ცისკარში" დავბეჭდე ჭაბუა ამირეჯიბის ბრწყინვალე "დათა თუთაშხია". კი ბატონო, მქონდა წინააღმდეგობაც, მაგრამ ჩემს მიზანს მივაღწიე.

ვწერდი:

"არ აჰყვეთ ბოროტ გულისთქმას,
იბრძოლეთ უფლის სახელით".

მე ვამბობდი:

"ღმერო, ღმერთო, შენ შეჰმატე
ივერიას სიმაღლეო".

ხელოვანი თუ მწერალი, მხოლოდ მორწმუნე კი არა, ვაჟკაციც უნდა იყოს, ასეთები, მადლობა ღმერთს, ბევრი ჰყავდა ჩემს თაობას.

2. ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე, უკვე ოცი წლისა ვიყავი. ჩემი სტუდენტობის დროს, ვერ ვიტყვი, რომ ხშირად დავდიოდი, მაგრამ შინაგან რწმენას ვერსად გავექცევი, რაც ჩემს ლექსებში გამოიხატებოდა.

ოცი წლისანი ვიყავით, როცა მე და ოთარ ჭილაძეს უნდა მოგვენათლა ჩვენი მეგობარი გივი სამსონაძე. მივედით სახლში გივისთან და რადგან ეკლესიაში ვერ გავბედეთ მისვლა, მღვდელი მივიყვანეთ სამსონაძეებთან, არადა ორივეს მაშინ გაგვახსენდა, რომ არც ერთი მონათლული არ ვიყავით. შევძრწუნდით, მაგრამ უცებ გაგვახსენდა, იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ბრწყინვალე ახალგაზრდა, ქალაქის კოლორიტი, თენგიზ კეკელიძე, ჩავედით მასთან სახლში. მადლობა უფალს, შინ დაგვხვდა. რა თქმა უნდა, წამოგვყვა. იმ დღეს სამსონაძეების სახლში სასწაული მოხდა - მამაო ჩვენ გვნათლავდა და ამის შემდეგ ჩვენ გივის ვნათლავდით ისევ ჩვენი მეუფის უფლებით. ამნაირობა ჯერ არ მინახავსო, - ჩაილაპარაკა მამაომ. რას ვიზამთ, ასეც ხდებოდა.

მე ხშირად ვამბობ ჩემს სათქმელს უფლისადმი, რაც სადღეგრძელოდაც იქცა: "სიყვარულს გაუმარჯოს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია. კაცი უნდა სიტყვის კაცი იყოს, რამეთუ პირველად იყო სიტყვა და მოგეხსენებათ სიტყვა - ღმერთია. გაუმარჯოს ჭეშმარიტებას, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტებაა და როცა ამბობენ, "ქრისტე აღსდგაო", "ჭეშმარიტადო", ვპასუხობთ, რაიც ღმერთის დასტურია. ვიცოდეთ ფასი შემოქმედისა, რამეთუ ღმერთი შემოქმედია და მან უბოძა ეს სახელი მიწიერ ხელოვანსა თუ პოეტს".

3. მე იმედიანი კაცი ვარ, თუმცა ბოლო დროს იმედგაცრუებულს უფრო დავემსგავსე, მაგრამ ისევ ღვთის წყალობით, მიშველა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მე დავრწმუნდი, რომ საქართველომ უნდა იაროს ილია ჭავჭავაძის გზით, სწორედ ეს გზაა გზა ჭეშმარიტებისა და - ჰოი, საოცრებავ! - კვლავ ღვთით მოევლინა ჩემს საქართველოს ილია მეორე. გზა ჭეშმარიტებისა არ წაიშლება. მე, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნაჩუქარი ჯვრით დავდივარ და მიხარია, რომ მწამს მისი და, რა თქმა უნდა, მწამს უფლისა.

ჩემი საქართველო მარიამის წილხვერი ქვყანაა და მართლაც, "მზიანი ღამეა და მალე გათენდება".

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ გლობალიზაციას - უნდა უფრთხილდე იმ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი არც ენა აქვს, არც მამული და არც სარწმუნოება.

ქვეყნისთვის მთავარია - ენა-მამული-სარწმუნოება. მადლობა უფალს, რომ საქართველოს სამივე აქვს, მთელი ჩვნი სიცოცხლე უნდა ვიბრძოლოთ სამივეს შესანარჩუნებლად.

გვახსოვდეს, ვისი გორისა ვართ, გვახსოვდეს ჩვენი ეროვნება და მამის სახელი.

4. კარგა ხანია ცხადი გახდა, რომ იეღოველთა სექტა გარკვეული სახელისუფლებო წრეების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. მინდა მოძღვარს ვკითხო: ხომ არ ირღვევა ამით საკონსტიტუციო შეთანხმება (კონკორდატი), რომელსაც ამ რამდენიმე წლის წინ მოეწერა ხელი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის?

ნინო ქუთათელაძე, 58 წლის, ჟურნალისტი. სასწავლო ინსტიტუტში "მასკი" ასწავლის ქართულ პოეტურ ხელოვნებას. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები: "ბრძენთა ვარამი", "ტფილისური ნოველები", პოეტური კრებულები: "ფოთლის ფარდა", "მუსიკა სცენიდან", "თეთრი ათინათი", "სამი მონოლოგი", "ჰოი, ლიპარიტ", "შვიდი პოემა".

1. საბჭოთა ლიტერატურასა და კინოში ძირითადად მიკერძოებით ასახავდნენ რეალობას. მაამებლობასა და პირფერობასაც ყოველთვის თავისი მიზანი თუ მიზეზი განაპირობებდა. ამის მიზანი ხშირად სხვა, უფრო დიდი სიმართლის თქმა გახლდათ. ამ კუთხით თუ არ შევხედეთ საბჭოეთის დიდი ბელადებისადმი მიძღვნილ ნაწარმოებებს, მძიმე განაჩენს უნდა ველოდეთ მომავალი თაობებისგან.

ნუ დაგვავიწყდება, როცა სახელმწიფო უშიშროება (რა სახელითაც არ უნდა მოვიხსენიოთ ის) მძლავრობს, ღირსება და თავმოყვარეობა მიწაზეა განრთხმული და ადამიანები უზნეობის მორევში იხრჩობიან. იმ ავად მოსაგონარ საბჭოთა პერიოდი გაჩნდა ტერმინი "ჩანერგილი": ისინი იყვნენ მსტოვრები საკუთარ ოჯახში, სამეზობლოში, საწარმო-დაწესებულებებში, სამშობლოში... და რაკი ეკლესიაში მოღვაწენი საზოგადოების ნაწილს წარმოადგენდნენ, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ აქაც ჩვეულებრივად ბოგინობდნენ მსტოვრები?

როცა ამ საკითხზე ვფიქრობ, უპირველესად დიდი მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშა" მახსენდება. განა ეპისკოპოსი პავლე და ყაშა ლაზარე ყურით მოთრეული "გმირები" იყვნენ? თქვენ ალბათ შემომეკამათებით, ისინი რუსულ ეკლესიას ემსახურებოდნენო. მე გიპასუხებთ: ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ემსახურებოდნენ. და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ამას?! ისინი ხომ მართლმადიდებლობის წიაღში აღმოცენდნენ. განა ამასვე არ ამბობს გიორგი მერჩულე: "ხოლო შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღვარძლი სარწებს აღმოცენებული..." და თუკი ქრისტიანობის აღზევების პერიოდში ხდებოდა ასე, ათეიზმის აღზევების ეპოქაში რატომ უნდა ყოფილიყო წარმოუდგენელი?! დაცინვის ობიექტები კი არა, თითოეული ამგვარი სასულიერო პირი ტრაგედია იყო ჩვენთვის. ამიტომაც იქცეოდნენ ხოლმე ისინი ქართველ მწერალთა გაკილვის საგნად.

ხელოვნება სიმართლით უნდა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას. მე ღრმად მწამს, როცა შემოქმედი რაღაც ღირებულს ქმნის, ზურგს უკან ყოველთვის ანგელოზი უდგას, მხარს უმაგრებს და ისიც ხშირად უფლის კარნახით საზრდოობს. ადრეც დამიწერია და ახლაც ვიტყვი: ქართული ლიტერატურა ღირსებაზე აღმოცენებული ლიტერატურაა. და თხზულება, რომელშიც თუნდაც ერთი ღირსეული პერსონაჟი ან ავტორის ღირსების მომცველი პოზიცია არ არსებობს, ის ნაწარმოები არსით ქართული არ არის.

2. ერთი დეტალი მახსოვს ბავშვობიდან. მაშინ, როცა 26 მაისი არავის ახსოვდა, ჩემი ოჯახის ქალები ზღაპრულ სუფრას შლიდნენ და მერე ხმადაბლა იწყებდნენ გალობას, ანთებდნენ სანთლებს და ლოცულობდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ დღეს ბიძაჩემი და მამაჩემი არ გვეკარებოდნენ. მეტსაც გეტყვით, როცა დამოუკიდებლად და უშიშრად დავიწყე სიარული ტაძარში, ბიძაჩემი ფულს მაძლევდა, რომ მისი სახელით უფლისთვის სანთელი დამენთო.

ძლიერი სქესის ეს უცნაური შიში ყოველთვის მაოცებდა. როცა თვალი ამეხილა და ყველაფერს მივხვდი, შემეცოდნენ სიცოცხლის ხელყოფის შიშით დამცირებული ადამიანები.

ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, ჩემთვის უფალი სიკეთეაო და ერთი ნაბიჯით რომ მივუახლოვდეთ მას, სიკეთე უჩუმრად უნდა ვაკეთოთო.

ჩემთვის უფალი სიყვარულია, რომელიც თავის თავში გულწრფელობას, ერთგულებას, მოთმინებას და პატიების უნარსაც ატარებს. ქრისტიან კაცს უსაზღვრო მოთმინება უნდა ჰქონდეს, რომ სიმარტოვეში არ ამოხდეს სული. მე აქ ფიზიკურ სიმარტოვეს არ ვგულისხმობ. ფიზიკური სიმარტოვე მხოლოდ საფეხურია სულიერი სრულყოფის გზაზე.

3. მძიმე დღეები უდგას საქართველოს, ყველა ფასეულობა თითქოს გაუფასურდა. თანამედროვენი იმეორებენ: "ენა, მამული, სარწმუნოება", მაგრამ ქართულად ლაპარაკი ყველას დაავიწყდა. ხშირად ისეთი კონსტრუქციის წინადადებები მესმის რადიოდან და ტელეეკრანიდან, გული მიკვდება.

მამული... პატრიოტიზმის ქადაგება არ შეიძლება, ის სისხლთან, სუნთქვასთან ერთად შემოდის ჩვენში. გულს მიხეთქს უტილიტარული დამოკიდებულება სამშობლოსადმი. ხშირად გაიგონებთ: "ჩვენი ქვეყანა სულ მოწყენილია", "რატომ მოგიწყენიაო, - პოეტიც ამას ამბობს", "ადამიანი კი ბედნიერებისთვის მოდის ამქვეყნად", "ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც ბედნიერად ვიცხოვრებ..." არის კი ასე?! თანამემამულენო, მოგწონთ უაზრო გართობას გადაგებული ნახევრადგაშიშვლებული ერი?! რა თქმა უნდა, არც აქ ვგულისხმობ მხოლოდ ფიზიკურ სიშიშვლეს.

უფალი ყოვლის მიმტევებელია. მაგრამ იქნებ მაინც სჯობდეს, სათითაოდ ყველამ ვუთხრათ ერთმანეთს, რომ შიშვლები ვართ და სამწუხაროდ, ეს რეალობაა.

მე ოპტიმისტი ვარ. კანონზომირების თანახმად, ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს, ყველა ბნელს - ნათელი... მეც გალაკტიონივით მჯერა: "იქნება, ბევრი რამე იქნება, მაგრამ ამქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით..." გალაკტიონიც წავიდა, როგორც არაერთი წასულა, და კვლავ გაისმა მისი უმცროსი თანამედროვის ხმა: "მეც სამარეში ისე ჩავდივარ, სამშობლოს საშველს ვერ მოვესწარი!"

ასე მგონია, ამ საშველს ვერც მე მოვესწრები, მაგრამ ისე ძალიან მინდა, ისე ძალიან, რომ თქვენ მოესწროთ, წარმოუდგენელია, საქართველო თავის საზღვრებში, თავისი და მხოლოდ თავისი ენითა და ღირსებით არ აღდგეს.

იქ, სადაც უფალია, ყველაფერი ბრწყინავს და ანათებს.

4. რა თქმა უნდა, კითხვები მაქვს, მაგრამ ეს კითხვები იმდენად პირადულია, არც საზოგადოებისა და არც მოძღვრის შეწუხება არ ღირს.

გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

- "არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა" - რას გვავალდებულებს ამ მცნების დაცვა?

- უფლის 10 მცნებიდან, რომელიც ებრაელ ხალხს მოსე წინასწარმეტყველის მიერ სინას მთაზე მიეცა, პირველ ფილაზე დაწერილი 4 მცნება ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულებას მოიცავდა, დანარჩენი 6 კი, რომლებიც მეორე ფილაზე ეწერა, - ადამიანის დამოკიდებულებას მოყვასთან.

ახალ აღთქმაში მაცხოვარი ბრძანებს, რომ სჯულის უმთავრესი მცნებებია - გვიყვარდეს უფალი ღმერთი ჩვენი ყოვლითა გულითა, გონებითა, ნებითა ჩვენითა, და მეორე, მსგავსი ამ მცნებისა - გვიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი ჩვენი. თუ ამ ორ უმთავრეს მცნებას კეთილსინდისიერად და პატიოსნად აღვასრულებთ, იგი ათივე მცნების მომცველი იქნება.

ვისაც უფლის არსებობაში ეჭვი აღარ ეპარება, ისიც კარგად უნდა იცოდეს, რომ ღმერთი ერთარსებაა და სამპიროვანი, რომელიც ძველ აღთქმაში იაჰვედ, ადონაიდ, საბაოთად, ელოჰიმად, შადაითად მოიხსენიებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი ცრუმორწმუნე უფალს იეღოვას უწოდებს და ამ დროს არ იცის, ჭეშმარიტად როგორ მოიხსენიება მისი სახელი.

ქრისტეს შემდეგ ჩვენ ღმერთს მოვიხსენიებთ როგორც ერთარსებასა და სამპიროვანს - მამას, ძეს და სულიწმიდას. მათეს სახარება მთავრდება სიტყვებით: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა". აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფლის ყველაზე მართებული და ჭეშმარიტი, ყველაზე აღმატებული და გაცხადებული სახელი, რომელიც მისი ერთ-ერთი იპოსტასის, იესო ქრისტეს სიტყვით გაცხადდა და მას შემდეგ ეკლესიის კონსტიტუციად იქცა, არის მისი მოხსენიება როგორც ერთარსება და სამპიროვანი ღმერთისა.

როდესაც მოძღვარი ღვთისმსახურების, ქადაგების ან საეკლესიო საიდუმლოებათა დაწყებას აპირებს, ან რიგითი ქრისტიანი ლოცულობს თუ აღსარებას ამბობს, მან იცის, რომ უფალთან ურთიერთობისას პირჯვარი უნდა გადაიწეროს, რითაც წმინდა სამებისგან კურთხევასა და მადლს გამოვითხოვთ.

სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება, ვის მოვუხმობთ, როცა ვლოცულობთ ან ვქადაგებთ, ვისი ნებართვითა და შემწეობით ვიწყებთ და ვამთავრებთ დღეს, ვისი სახელით ვიწოდებით ქრისტიანებად. ხშირად გაუცნობიერებლად ვიწერთ პირჯვარსაც, რომელიც ღვთის სახელის მოხმობის ტოლფარდია და ლოცვასაც ზერელედ და ზედაპირულად წარმოვთქვამთ. თუ ამას დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყოველდღიურად ვარღვევთ უფლის პატივისცემის მცნებას, რომელიც მესამე მცნებაშია გამოხატული და რომელიც გვავალდებულებს, ამაოდ არ მოვიხსენიოთ მისი სახელი. "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა" - ნათქვამია სულიწმიდისადმი მიძღვილ დასაწყის ლოცვებში. ამ სიტყვებით თავად ღმერთმა მოგვცა იმის საშუალება, ისე განვადიდოთ იგი, როგორც მას შეჰფერის, მაგრამ ვატარებთ კი გულსა და გონებაში ამ სიტყვებს ისე, როგორც საჭიროა? როდესაც ერთ-ერთ წმიდა მამას ეკითხებიან, როგორ ემზადებით ლოცვის დასაწყებადო, პასუხობს: "ვლოცულობ, რათა კარგად ვილოცოო".

ადამიანი, როგორც კი ტაძრის ზღურბლს გადმოაბიჯებს, გააზრებულად უნდა დადგეს ხატების წინ. ლოცვის დაწყებამდე უნდა იცოდეს, რომ დაუტევოს ყოფით საკითხებზე ფიქრი, მოიკრიბოს გონება და პირჯვრის გადაწერით, სასოებით მოუხმოს უფალს. ასეთივე განწყობა უნდა შეიქმნას ღვთისმსახურმაც, როდესაც ასამაღლებლით განადიდებს ღმერთს. დაკვირვებული ვარ, როცა ზოგიერთები შემოდიან ტაძარში, ხშირად ღვთისმსახურება ისე იწყება და მთავრდება, ერთმანეთთან საუბარში არიან გართულნი და არც კი აინტერესებთ, რა ლოცვა და ასამაღლებელი კვერექსი წარმოთქვა მღვდელმა თუ დიაკონმა.

როგორც მოძღვარს, ხშირად მეკითხებიან, შეიძლება თუ არა სამარშრუტო ტაქსით ან ავტობუსით მგზავრობის დროს ტაძრის გამოჩენისას პირჯვრის გადაწერაო. მე ვპასუხობ, რასაკვირველია, შეიძლება-მეთქი. ეკლესიურ ადამიანს საოცრად აღიზიანებს, როცა მგზავრობისას ადამიანები ჭორაობით, რეზინის ღეჭვით, ბილწსიტყვაობით, მზესუმზირის ჭამით ერთობიან, ტაძრის გამოჩენის დროს კი ფარისეველივით გადაიწერენ პირჯვარს და შემდეგ ისევ განაგრძობენ თავიანთ უგუნურ ქმედებას. ამ კატეგორიის ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან. ისინი, ძველი აღთქმის ე.წ. მართლების მსგავსად, მოჩვენებითად მოუხმობენ უფალს. მოგეხსენებათ, მათეს სახარებაში მაცხოვარმა ამხილა ისინი. სწორედ მათზე ითქვა: "დგანან ტაძრის წინაშე, მოჩვენებითად ლოცულობენ და იფართოებენ თავიანთი შესამოსლის თასმებსო" - ძალიან ჰგავს ჩვენი ასეთი ქმედება მათსას. ამიტომ ძველი აღთქმის ახლით შეცვლით, ნურავის ეგონება, რომ ყველაფერი გაუქმდა. 10 მცნება უფრო დაიხვეწა და შეივსო 9 ნეტარებით და "მამაო ჩვენოს" ლოცვით. "გვასწავლე ლოცვა" - სთხოვენ უფალს მოციქულები და მაცხოვარიც ასწავლის მათ საუფლო ლოცვას, რომელშიც ძალზე შინაურულად და მოფერებით არის გამოხატული ჩვენი დამოკიდებულება უფალთან. "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი", - ამ სიტყვებით დილა-საღამოს მაინც ვადიდებთ უფალს, ვითხოვთ, წმიდა იყოს მისი სახელი ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს ცხოვრებაში, ქმედებაში და ამ დროს ჩვენი ცხოვრების წესით უფრო იგმობა იგი, ვიდრე იდიდება. რამდენჯერ გაგვიგონია, ეს ადამიანი მართალია ტაძარში დადის, მაგრამ ეკლესიურს არაფრით ჰგავსო. თუ უფლის სახელს მოწიწებით, მოშურნეობით და თავმდაბლობით არ მოვუხმეთ და ჩვენი ცხოვრების წესით არ გამოვხატეთ სარწმუნოების ერთგულება და სიყვარული, დამრღვევნი ვიქნებით უფლის მცნებისა. ამიტომ ხშირად უნდა მოვინანიოთ აღსარების დროს.

- მამა გიორგი, ხელოვნება როგორ უნდა ემსახუროს თავის ხალხს და ქვეყანას ისე, რომ მისაღები და მოსაწონი გახდეს უფლისთვის?

- როდესაც ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ შემოქმედი ხილული და უხილავი სამყაროსი არის თავად უფალი. რადგანაც ადამიანი ხატება და მსგავსებაა უფლისა, იგი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებითაც უნდა დაემსგავსოს მას. მარადიული და წარუშლელი ზღვარი, რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებობს, ის არის, რომ ღმერთი შემოქმედია, ადამიანი კი ქმნილებაა. ღმერთი არაფრისგან ქმნის ყოველივეს. კრეაციონალური მოძღვრებით, ყოველივე არსებული ხილული თუ უხილავი შექმნილია ღვთის მიერ. ამიტომ ადამიანს ვერ ვუწოდებთ ვერტიკალურად მოსიარულე მოაზროვნე არსებას, თუ მას გონიერება არ გააჩნია, თუ იგი არ არის ბუნებით შემოქმედი. როგორც რუსთაველი იტყოდა: "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების", ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ რას ქმნის და როგორ ქმნის, რადგან ღვთაებრივი ნება ერთია, ადამიანური - მეორე და როცა ეს ორი ნება ერთმანეთს ერწყმის და სინერგია ხდება, ეს იდეალურია. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საეშმაკო ნებაც. ბუნებრივია, იმ ადამიანის შემოქმედებაც, რომელიც ღვთის ნებას ემორჩილება და ეკლესიურად ცხოვრობს, ღვთაებრივია. ხელოვანმა ადამიანმა არასდროს არ უნდა დაივიწყოს, რომ ქმნილებაა და თუ შემოქმედებითი ენერგია და იმპულსი ღვთისგან არ მიიღო, ვერც გასცემს, რადგან ქმნილებას ყოველთვის ახასიათებს მიმღეობა და გაცემა. თუ 5 ტალანტი მიიღე და არ მოახმარე ხალხს, საზოგადოებას, პატივმოყვარე ხარ და შენი შემოქმედებაც ამ თვისების მატარებელი იქნება, რადგან ნაწარმოებს თუ კარგად დავუკვირდებით, აუცილებლად მივხვდებით, როგორი პიროვნებაა მისი შემქმნელი. თუ ავტორი ვნებიანი პიროვნებაა, მისი ნაწარმოები აუცილებლად დაემგვანება. მაგალითად გამოდგებოდა გი დე მოპასანი - როგორი ბოჰემური ცხოვრების წესითაც ის ცხოვრობდა, ისეთივე იყო მისი ნაწარმოებებიც. თუ ადამიანი ღვთისნიერია და ეკლესიურად ცხოვრობს, როგორც, ვთქვათ, წმინდა ილია მართალი, აკაკი წერეთელი და ჩვენი სხვა დიდი მამულიშვილები, მათი მხატვრული ნაწარმოებებიც ღაღადისი იქნება ჩვენი სარწმუნოებისა და უფლის დიდებისა. "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა" - ასე იწყებს შოთა რუსთაველი თავის უკვდავ პოემას, რომელიც თვით კომუნისტებმაც კი ვერ აკრძალეს. მართალია, სხვანაირ ინტერპრეტაციას მიაწერდნენ ამ ნაწარმოების ავტორს, მაგრამ ის ეპოქა დასრულდა, შოთას პოემა კი მარად იცოცხლებს. რუსთაველიც სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ რადგანაც ღმერთი ყველაფრის შემქმნელია, ადამიანი, ღვთის ქმნილება და ხატება, უნდა მიემსგავსოს თავის შემოქმედს.

სიმბოლო-მრწამსში ცისა და ქვეყნის შემოქმედი მოიხსენიება როგორც "პოეტეს". ალბათ აქედან მომდინარეობს სიტყვა "პოეტი", რაც შემქმნელს ნიშნავს. მთავარია, ხელოვნება არ იყოს მშვინვიერი, საეშმაკო და ადამიანებს სიძვისა და გარყვნილებისთვის კი არ აღძრავდეს, უბიძგებდეს პატიოსნების, თავმდაბლობის, უფალთან სიახლოვის, სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვისკენ.

ბოლოს ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, შემოქმედების წყარო ან უფალია, ან, სამწუხაროდ, ეშმაკი, რადგან ადამიანი, როგორც ქმნილება, მიმღებია ღვთიური ძალისა, შთაგონებისა და ენერგიისა. თუ თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ღვთიურს ვერ იღებს, ე.ი. იღებს საეშმაკოს. სწორედ ამის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ, როგორია და რას ემსახურება ამა თუ იმ ხელოვანის შემოქმედება.

- კომუნისტურ პერიოდში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და მხატვრულ ფილმებში ხშირად სასულიერო პირი დაცინვის ობიექტი იყო. აქვს თუ არა ხელოვანს უფლება, აჩვენოს მანკიერი მხარე ჩვენი ეკლესიისა?

- წმიდა წერილი, ბიბლია სასულიერო პირთა და წმიდა ადამიანთა უკეთურებას არ მალავს, თუნდაც ისეთი ცნობილი და დაფასებული პიროვნებისა, როგორიც ისრაელის მეფე დავით მეფსალმუნე იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი დღემდე ითვლება სამი რელიგიის - იუდეველთა, ქრისტიანთა და ისლამის მიმდევართა უდიდეს წმინდანად, ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ მან მრუშობისა და მკვლელობის ცოდვა ჩაიდინა და დეტალურად არის აღწერილი მისი დაცემაც და გამოსწორებაც. სახარებაშიც ოთხივე მოციქულის მიერ არის აღწერილი იუდას დაცემა, რომელსაც არ აღმოაჩნდა ძალა, მოენანიებინა თავისი საქციელი. მახარებლები არც იმის თქმას მორიდებიან, პეტრე მოციქულმა როგორ უარყო სამჯერ ქრისტე, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რამხელა სინანულით მოინანია ეს მძიმე შეცოდება. ამგვარი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

როდესაც ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პირველად უყურებდა "ნატვრის ხეს", მასთან ერთად მსხდარან ამ ფილმის რეჟისორი თენგიზ აბულაძე და ბატონი რეზო ჩხეიძე. ოხროხინე მღვდლის გამოჩენისთანავე ბატონ რეზოს პატრიარქისთვის გადაულაპარაკებია: "ბატონ თენგიზს ნუ დაადანაშაულებთ ამ ეპიზოდისთვის, რადგან გიორგი ლეონიძის ნაწარმოებშია ასეთი მღვდელი გამოყვანილიო". საინტერესოა პატრიარქის პასუხი - მას უთქვამს: "სამწუხაროდ, ასეთი მღვდლებიც გვყავსო".

ჭეშმარიტმა ხელოვანმა თუ სააშკარაოზე გამოიტანა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ნეგატიური მხარე, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მას სიყვარული არ ამოძრავებს. "მოყვარეს პირში უძრახე და მტერს ზურგს უკანაო", - ამბობს წმინდა ილია მართალი ლუარსაბ თათქარიძის ცხოვრების აღწერისას. მთავარია, ხელოვანმა ობიექტურად ასახოს სინამდვილე, არ იყოს ტენდენციური. ის, რომ საბჭოთა პერიოდში სასულიერო პირები უარყოფით პერსონაჟებად გამოჰყავდათ, იყო შედეგი საბჭოთა იდეოლოგიისა. თუმცა თითო-ოროლა, მაგრამ მაინც, იყო ისეთი ფილმებიც, რომლებშიც სასულიერო პირები დადებითად იყვნენ გამოყვანილნი. მაგალითად, "მამლუქში" მარკოზ ხუცესი შესანიშნავადაა წარმოჩენილი, მაგრამ, ამასთან, ილიას "გლახის ნაამბობში" ძალიან კარგი ხუცესი, რომელმაც გაბრიელს წერა-კითხვა შეასწავლა, რეჟისორმა საერთოდ ამოიღო ფილმიდან. ეს უკვე უსინდისობაა, რომელიც ნამდვილად არ იქნება ღვთისთვის მოსაწონი.

როცა ეკრანზე უარყოფით სასულიერო პირებს ვუყურებ, მე, როგორც მოძღვარს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, მაგრამ ვცდილობ, არ დავემსგავსო მათ. ეს სარკე უნდა იყო ჩვენთვის, რომ არ გავხდეთ ამ დროის ოხროხინე მღვდლები. სამწუხაროდ, ასეთი მღვდლები ჩვენს დროშიც მრავლად არიან და თუ ამას დავმალავთ, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღოვჩნდებით, რადგან ხალხისთვი დაფარული მაინც არაფერია, რეალობისთვის თვალის არიდება კი არც ჩვენს ღირსებას წაადგება და ვერც ღვთის წინაშე გაგვამართლებს.

ბოლოს, ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. ბევრი ცნობილი ხელოვანი თუ გამოჩენილი მეცნიერი ჩვენს დღევანდელ პატრიარქს ისე უყურებს, როგორც მართლმადიდებელ რელიგიას. ისინი ამაყობენ იმით, რომ პატრიარქის მეგობრები, მასთან დაახლოებული პირები არიან და ამით ამოიწურება მათი ეკლესიური ცხოვრება - არ დადიან ტაძარში, აღსარებას არ ამბობენ, არ ეზიარებიან. რაღა დაგიმალოთ და ჩვენს დღევანდელ პატრიარქს მეც უდიდეს პატივს ვცემ და ვცილობ, ჩემი ეკლესიურობით, ქადაგებითა და მოღვაწეობით გამოვხატო მისადმი სიყვარული და თანადგომა. ამიტომ მე, როგორც მოძღვარი, ქრისტესმიერი სიყვარულით ვურჩევ მათ, სადღესასწაულო დღეებში, წელიწადში ერთხელ მაინც ეზიარონ, შეძლებისდაგვარად დაიცვან მარხვა და იარონ ეკლესიაში, რადგან მხოლოდ პატრიარქის მეგობრობით ვერ გაიმართლებენ თავს უფლის წინაშე, მათი ეკლესიურად მოქცევა კი, მერწმუნეთ, ჩვენს პატრიარქს ძალიან გაუხარდება.

- გმადლობთ საუბრისთვის. ახლა, თუ შეიძლება, უპასუხეთ ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანის შეკითხვას.

- მოგახსენებთ. ყოველი ცრუ სწავლება ადამიანის მიერ არის გამოგონილი და დაარსებული. საქართველოში დღეს მოქმედი სექტა, ე.წ. იეღოვას მოწმეები, 2 საუკუნის წინ დაუარსებია ვინმე ჩარლზ რასელს, რომელიც თავიდან ბიბლიის მკვლევრის სახელით მოიხსენიებოდა.

"იაჰვე" ძველ აღთქმაში მამა ღმერთის ერთ-ერთი დეფინიციაა, რაც ებრაულიდან ქართული თარგმანით ნიშნავს: "მე ვარ, რომელიც ვარ" (ღვთის მყოფობა და არსობა). ეს სიტყვა სოლომონის ტაძრის კედელზე ეწერა, ვიდრე ტაძარი დაინგრეოდა, და მღვდელმთავარს ჰქონდა მხოლოდ წმიდათაწმიდაში შესვლის დროს მისი წარმოთქმის უფლება, ისიც - ერთხელ წელიწადში. ტოტალიტარული სექტის წარმომადგენლებმა მიიტაცეს ეს სახელი (სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, აქედანაც კარგად ჩანს, რომ ისინი მცდარ გზაზე დგანან). ამიტომ მათ ჩვენ "იეღოველებად" კი არ მოვიხსენიებთ, არამედ "ჩარლზ რასელის მიმდევრებად" - "რასელისტებად". ამ სექტამ ტოტალიტარული სახე მიიღო და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის. "საბრალოა ის ადამიანი, რომელსაც ქრისტიანი ჰქვია და არ იცის, რა არის ქრისტიანობა", - ამბობდა წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი. სამწუხაროდ, საქართველოში არიან ასეთი ადამიანები. ისინი სულიერად დაბალ საფეხურზე იმყოფებიან და ამიტომაც გაუთვითცნობიერებლად ებმებიან ცრუ სწავლებათა მახეში.

"ქვეყნისა და პიროვნების გადაგვარება მაშინ იწყება, როდესაც ჩვენი ისტორია გვავიწყდებაო", - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებში მართლმადიდებელი სარმუნოება და მისი სწავლების შებღალვაც არის ნაგულისხმევი.

ხელისუფლება, რომელსაც ხალხმა მიანდო ქვეყნის მართვა, ვალდებულია გადახედოს ისტორიას, გაეცნოს ჩვენი დიდი მეფეებისა და მთავრების ცხოვრებას. უფრო მეტიც, იგი ვალდებულია იყოს კეთილმორწმუნე, აღიარებდეს მართლმადიდებელი სარწმუნოების ისტორიულ როლს, მის მნიშვნელობას ქვეყნის გადარჩენის საქმეში და მის უპირატესობას სხვა რელიგიებთან შედარებით. სწორედ ამას ავალდებულებს მას რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილი საკონსტიტუციო ხელშეკრულება, იგივე კონკორდატი, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო.

მწამს, ქვეყანა გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან, თუ ყველა პრობლემას ლოცვით, მარხვითა და მართლმადიდებლური ცხოვრებით გავუმკლავდებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler