უფალი მოვიდა ჩემთან და დამეხმარა
უფალი მოვიდა ჩემთან და დამეხმარა
ათენის ზოგრაფის სახელმწიფო საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსულნი ეუფლებიან საღვთისმეტყველო განათლებას. მათ შორის არიან ქართველებიც - ვარლამ ხვიჩია და ავთანდილ წერეთელი. მათი დახმარებით გავიცანი მოლდაველი ვალერია პაპანიდა, ქალბატონი აგლაიდა მესიაკა და კონგოელი ბერი ათანასე. მათთან საუბარში ვარლამი მიწევდა თარჯიმნობას.

- ვალერია, სამშობლოში არ შეგეძლოთ საღვთისმეტყველო განათლების მიღება?

- მოლდავეთში არ არის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტი. სასულიერო სემინარიაში კი მანდილოსნებს არ იღებენ.

- რა შეგძინათ აქ სწავლამ?

- სულიერი თვალსაზრისით რასაც ვეძებდი, საბერძნეთში მივიღე. უნივერსიტეტის ცოდნის დონე შეიძლება არ არის უმაღლესი, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მიიღოს მართლაც დამაკმაყოფილებელი ცოდნა. მართლმადიდებლობა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, უამისოდ შეუძლებელია არსებობა. უცხო ქვეყანაში მუდამ ღმერთზე ხარ მინდობილი. უფლის სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა და ამის გამო გადავწყვიტე, სწავლა საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში გამეგრძელებინა. საღვთისმეტყველო საგნის პედაგოგობას ვაპირებ, მინდა, ჩემი ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობას.

- რომელი წმინდანი გიყვართ გამორჩეულად?

- პირველ რიგში ღვთისმშობელი და მაცხოვარი, გამორჩეულად მიყვარს ჩემი მფარველი ანგელოზი წმინდა ვალერია. რუსი წმინდანია. ძალიან დიდი შემწეა ეს წმინდანი. ამ წმინდანის მხოლოდ ხატი მაქვს და ტროპარი ვიცი.

- უნივერსიტეტში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები სწავლობთ. ერთმანეთთან მხოლოდ სარწმუნოება გაკავშირებთ?

- რა თქმა უნდა, უმრავლესობას მაცხოვარი და ჩვენი სარწმუნოება გვაერთიანებს. არიან ისეთებიც, რომლებიც მართლმადიდებლობას უყურებენ როგორც საგანს (საგანში ვგულისხმობ სამეცნიერო დამოკიდებულებას). ვფიქრობ, იმაზე ცუდი არაფერია, როდესაც ადამიანი სარწმუნოებას უყურებს როგორც მხოლოდ მეცნიერებას. მართლმადიდებლურ უნივერსიტეტში ისწავლო ის, რაც არ გწამს, იმისათვის, რომ გაიღრმავო სამეცნიერო ცოდნა, არ არის მართებული.

საბერძნეთში ხუთი წელია ვცხოვრობ. ფსიქოლოგიურად ძნელია აქ ცხოვრება, მაგრამ ეკონომიური თვალსაზრისით მომწონს ათენში ცხოვრება.

მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციო და დაეხმარო ადამიანს არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც.

ბავშვობიდან ვიყავი ეკლესიური, მაგრამ საეკლესიო საიდუმლოებები საფუძვლიანად არ მქონდა გააზრებული. ჩემი მშობლებიც ეკლესიურები იყვნენ. ძალიან დიდი პრობლემები შემხვდა ოჯახში და ძალიან გამიჭირდა. მაშინ ვთქვი, თუ ღმერთი არსებობს, ახლა დამეხმარება-მეთქი და ასეც მოხდა. უფალი მოვიდა ჩემთან და დამეხმარა. მაშინ ვიგრძენი უფლის არსებობა და ძალა. აქედან დაიწყო ჩემი ახლო ურთიერთობა უფალთან. ახლა უფრო ახლოს ვარ მასთან. რაც უნივერსიტეტში ვისწავლე, ადრე მქონდა ნასწავლი. "ღმერთი არის სიყვარულიო". ადრე არ მეგონა, ჩემი ახლობლების გარდა თუ შეიძლებოდა ვინმეს სიყვარული. ახლა უკვე ვსწავლობ ნამდვილ, ჭეშმარიტ სიყვარულს. თუ ადრე ახლობლის ან მეგობრის დახმარება იყო ჩემი ადამიანური ვალი, დღეს უკვე ეს ჩემი ცხოვრების წესი გახდა. როცა სხვების მიმართ გამოხატავ სიყვარულს, ის უკვე უფლისათვის და უფალშია. უფალი ხომ გვასწავლის - "შევიყვაროთ არა მარტო ჩვენი თავი, არამედ ყველა ადამიანი". ვცდილობ, ამ სიყვარულამდე მივიდე. როდესაც ნახულობ სინათლესა და უფალს, ის იქცევა შენი ცხოვრების წესად და უკვე სხვა რამის ნახვა აღარ გინდა. ეს შევიცანი ათენის უნივერსიტეტში და ვცდილობ, ის ცოდნა, რასაც აქ ვიღებ, ერთმანეთს შევუწამო, რომ ჩემი ცხოვრების წესი უფრო შედეგიანი გახდეს.

აგლაიდა მესიაკა:

- აქ სწავლობდნენ წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი, ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ათანასე, ათენის მთავარეპისკოპოსი. როგორც საგანმანათლებლო ცენტრი, ათენის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტი ალექსანდრიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზე ითვლებოდა. აქ წმინდა მამებმა შეისწავლეს რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია და კიდევ მრავალი სხვა მეცნიერება.

- რამდენი ეპარქიაა საბერძნეთში?

- 81 ეპარქიაა.

- რა იცით აქაურ მონასტრულ ცხოვრებაზე?

- მართლმადიდებელ სამყაროში ათონი ბერული ცხოვრების გამორჩეული კერაა. თანამედროვე ეპოქაში მონასტრები არ მოღვაწეობენ მხოლოდ სულიერი თვალსაზრისით. დღეს მონასტრებში მოღვაწე დედები და მამები საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევიან და მყარად იცავენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას. ათონის მთის მამები და სხვა მონასტრები მისიონერობენ აფრიკაში, ინდოეთში და თავიანთი მოღვაწეობით ბევრს ეხმარებიან.

ჩემი ყურადღება მიიქცია იმ მოშურნეობამ, რაც არის საქართველოში. ქართველ წმინდანებში ვგრძნობ დიდ მოშურნეობას, მოთმინებას, თავმდაბლობას, რომელიც გამოარჩევს სხვა წმინდანებისაგან.

ავთანდილ წერეთელი:

KARIBCHE- საქართველოში სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი. პირველი კურსის შემდეგ უწმინდესს ათენში სასწავლებლად წამოსვლის კურთხევა ვთხოვე. რამდენიმე წელია, აქ ვცხოვრობ. ძალიან მომეწონა აქაური მონასტრული ცხოვრება, ტიპიკონი. ათონზეც ვიყავი, მეტეორაზეც. მეტეორელი მამები ძალიან დაინტერესდნენ ქართული კულტურით. მინდა მათ საჩუქრად გადავცე "შენ ხარ ვენახის" ხატი. როცა ვუთხარი, რომ საქართველოში გვაქვს - ქრისტეს კვართი, ღვთისმშობლის კვართი და მოვუყევი წმინდა მამების შესახებ, ძალიან დაინტერესდნენ, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდათ. მონასტრის წევრები ერთმანეთზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. უმეტესად სულიერ ღვაწლს ეწევიან. აქ დავინახე ბერ-მონაზვნური ცხოვრების ღვაწლი. ღვთისმსახურებაში თითოეული მონასტრის წევრი და სტუმარია ჩართული.

თავისუფალი დრო არ გვაქვს. მთელი დღე ლექციებს ვუსმენთ. შაბათ-კვირას ღვთისმსახურებას ვესწრებით. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.

მენატრება ჩემი ქვეყანა, უწმინდესი. როცა აკადემიის რექტორი ბრძანდებოდა, ამგვარ დავალებებს გვაძლევდა - რა არის სამშობლო? სამშობლოს სიყვარულს გვინერგავდა. მისი დარიგება დღემდე მომყვება. საქართველოში მამა დავით შარაშენიძეა ჩემი მოძღვარი.

თქვენი ჟურნალით მინდა დიდი მადლობა ვუთხრა უწმინდესს, საპატრიარქოს, სასულიერო აკადემიას. მათი დახმარებით მომეცა საშუალება, უფრო ღრმა საღვთისმეტყველო განათლება მივიღო.

ბერი ათანასე:

- ძალიან კარგი ადამიანები არიან ქართველები, კარგი გული აქვთ. უკვე ხუთი წელია, რაც აქ ვარ. ღვთის ნება თუ იქნება, მღვდელმონაზონი გავხდები. მინდა სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელო, ოღონდ საფრანგეთში, სადაც ერთ-ერთი ძლიერი საღვთისმეტყველო სკოლაა. მონაზვნური გამოცდილების შეძენას კი ათონის წმინდა მთაზე ვაპირებ. ასევე სურვილი მაქვს, დავეუფლო ხატწერას, გალობას. ჩვენს ქვეყანაში მონასტერი არ არის. ღვთის წყალობით, იმედია, მალე გვექნება. იქ მართლმადიდებლურ სწავლებას ბერძნები ქადაგებენ. აშენებენ ტაძრებს და მატერიალურადაც ეხმარებიან ღვთის სახლის შენებაში. ბერები მოზარდი თაობის კეთილად აღზრდაშიც მონაწილეობენ და სნეულებაში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.

მართლმადიდებელი სარწმუნოება არის მართალი სარწმუნოება, უფლის დიდება. ის ჩემთვის ყველაფერია.
ბეჭდვა
1კ1