ადამიანმა არასოდეს უნდა ჩათვალოს თავი სასუფევლის ღირსად, როგორც არ უნდა წარემატებოდეს იგი
ადამიანმა არასოდეს უნდა ჩათვალოს თავი სასუფევლის ღირსად, როგორც არ უნდა წარემატებოდეს იგი
1. თქვენი პირველი ნაბიჯები ტაძარში... შორია ტაძრამდე?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?


3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ მწერალი კობა არაბული, ფილოლოგი თამარ კობახიძე და ადვოკატი დავით დადიანი.


კობა არაბული, 64 წლის, პოეტი, პუბლიცისტი, დრამატურგი, ეროვნულ ტრადიციათა დაცვის ცენტრის პრეზიდენტი, ჟურნალ "მითი და ტრადიციის" დამფუძნებელი რედაქტორი, საერთაშორისო და ვაჟა-ფშაველას პრემიების ლაურეატი, საპატრიარქოს რადიო "ივერიაში" უძღვება გადაცემათა ციკლს "ეთნოკულტურა და ტრადიციები".

ჰყავს მეუღლე, ელისო ფიცხელაური და შვილები: ბუბა, თეა და გიორგი.

1. ...უფალს ხედავ, როდესაც პირადად შენი ან მთლიანი საყმოს (ერის) ყოფნა-არყოფნის ბედისწერული ჟამი დგება. როცა "მზე წითლდება და ცხრება" (ხალხური) - მაშინ "შემოდის" უფალი და "მხარზე ხელს გადებს"... ყველაფერი ნათდება და იქცევა ცხადად, ბუნდოვანი მოვლენები მარტივად ლაგდება...

ადამიანი ვერ ხედავს უფალს განსაცდელის დადგომამდე!..

მე პირადად პირველი ჩოქი ჩვენი მთიანეთის დიდებულ (პირველ ქრისტიანულ) სალოცავთა ნიშებთან მაქვს მოყრილი, როდესაც დედა ღვთისმშობლის, ან "სახმთო სანების", ან წმინდა გიორგის კარზე შევყავდი ბავშვობაში...

ისიც მახსოვს, როდესაც ყმაწვილი პირველად ზეისტეჩოს სალოცავის კალთას "მიმაბარეს მფარველობაში" - რა მთრთოლვარე ინსტინქტური განცდა იყო უფლისა! როდესაც პირველად ეკლესიას ხედავ ბავშვის გაოცებული თვალებით და დედა გეუბნება, რომ ეს უფლის სახლია, საოცარი აღტაცება გიპყრობს!

- უფალი ხომ ცაშია, - ეკითხები დედას, - ეს სახლი აქ რატომ დგას?!

- უფალი ყველგანაა, - გპასუხობს დედა. ამგვარად პირველად და პირველი ეკლესია (უფლის სახლი) მე დამანახეს ჩემს დედულეთში - როშკაში!..

ჩვენ, ცოცხალნი, რაც შეიძლება მეტად უნდა მივუახლოვდეთ ტაძრებს!..

მაგრამ ტაძრამდე მაინც შორია!

რა არის ის ძალა, გრძნობა, რომელიც ფრთხილად შემოდის შენს გულისგულში და გეუბნება: "აბა, ადექი და მოკიდე ხელი შენს საქმეს: ამას და ამას... მიხედე მიწას და მამულს (გნებავს საკუთარ უმწეობას...)"? "გააღე "რა ვქნას ციხის კარი" და შედი მდინარეში (სომურში)!.."

ვიდრე უფალი ამას არ გეტყვის (გაგრძნობინებს), ვერაფერს ვერ იზამ! "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების" (რუსთაველი).

მე გამოვცადე და განვიცადე ეს შეგრძნება, როდესაც დამიდგა უფლის ან ღვთისმშობლის თანადგომის წამი! და უფლის და ღვთისმშობლის ხატთან პირჯვრის გადაწერის გარეშე ვეღარ გავდივარ გარეთ!

და თუ გავედი, ან გამომეპარა, ან გამომრჩა (სტრესული დროის გამო) - უკან ვბრუნდები, თუ ვერ ვბრუნდები, მთელი დღე რაღაც მაკლია (მტკივა).

ერთი სიტყვით, დგება ჟამი, როდესაც ლოცვის გარეშე ვეღარ გადიხარ შინიდან და ვეღარ მიდიხარ საქმეზე (და არც უნდა წახვიდე!). ეს ჟამი ყველას უნდა დაუდგეს!

და მაინც შორია ტაძრამდე...

2. მახსოვს, სტუდენტობისას, ბევრჯერ მინდოდა დაძინება (ღამისთევა) ეკლესიის ტაძრის სკამებზე, ზოგჯერ - გუშაგები (ან მნათეები) რომ იძინებდნენ, მაშინ - იმ დროს ეკლესიებში სიარულიც კი აკრძალული იყო, არამცთუ იქ ღამისთევა!..

მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიის სკამებზე ძილი და ღამისთევა ვერ შევძელი!..

მოგვიანებით, როცა ჩემი სოფელი ზვავების წარღვნამ წალეკა, მე სხვაგან სასახლის ამორჩევა დავიწყე: და ერთ ძველ ნანგრევთან გავათიე ღამე, ცეცხლი დავანთე და გვერდზე მივუწექი!

ის ღამე საოცარი იყო ჩემთვის - რაღაც უცნაური ნათელი ლოცულობდა სიზმარცხადში - განათებულ ცაზე ასომთავრული და ძველი ქართული ორნამენტის ნიშნები იწერებოდა. მივხვდი, რომ იქ უნდა ჩამედგა ქოხი.

მეორე დღეს ზეისტეჩოს ჯვრის ბრძენმა ხუცესმა ჩამოიარა, დაღლილი მიწაზე დაჯდა და ჩათვლიმა, როდესაც თვალი გაახილა, მითხრა: "ამ ადგილს დედა ღვთისმშობელი პატრონობს. კარგი ადგილი ამოგირჩევია, უფალს უყვარხარო".

ნანგრევს გარშეო შემოუარა და ქვებს ნახშირით ჯვრები დააწერა!..

ახლა აქ დგას ჩემი ქოხი.

3. ცხოვრება უფალთან მიახლოების მუდმივი პროცესი უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, კაცობრიობა დღენიადაგ შორდება მას! და დგება გლობალიზაციის საუკუნე, ანტიქრისტეთა ძალადობის ჟამი, რაც უმძიმესი პროცესია ქართველი ერისთვის და ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის!..

მაგრამ სადაა ის "მზიანი ღამე" და როდის თენდება იგი?

როდესაც კაცთა მოდგმა ცოდვათა გამო უფლის სიყვარულის გარეთ რჩება, "უჟამო ჟამი" ეცემა სამყაროს და "მზიანი ღამის" დრო დგება - ე.ი. რჩება მხოლოდ უფალი - ბნელში ნათელი!

"მზიანი ღამე" ურთულესი მოვლენაა კაცთა მოდგმისთვის, საშიში და სახიფათო, რომელსაც იმავდროულად "თენების მოლოდინიც" უდგას. ამ დროს ქრება სინერგია - წყდება კავშირი ცასთან და შეიძლება მთლიანად შეიცვალონ ცივილიზაციები!.. ამ დროს "მზე" საკუთარ გზას ტოვებს და სხვა სიბრტყეზე დგება!.. იგი უდღეო ღამეშია შესული.

"მზიანი ღამის" ნათებამ "ვეფხისტყაოსანშიც" გაიელვა გარკვეული კონტექსტით, ხოლო როდესაც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ მისი ცხოვრება იყო "მზიანი ღამე", ეს დროულად მინიშნება იყო უჩვეულოდ მძიმე დროზეც და მისი "გათენების" შესაძლებლობაზეც!..

ერს, ქვეყანას, როდესაც უღმერთობის აპოკალიფსური ჟამი უდგას, ზოგჯერ გამოუჩნდებიან ბრწყინვალე წმინდანნი, გენიოსი მოციქულნი, გაუნათებენ ცხოვრების გზას და "მზიანი ღამის" ეფექტს ქმნიან.

4. აქ ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა დროის ფენომენზე: ხალხური შედევრი ამბობს: "ჟამი მივია-მოვია მუცუს თორღვაის კარზედა!" აქ დრო არის და არც არის. აქ უფრო სუბიექტი - დროში "გაჩხერილი" "მე" - ჩანს! დრო თვით ადამიანშია და მასში, რასაც უფალმა სული ჩაუდგა...

დროის უძრავ სივრცეში მოძრაობენ ნივთნი და საგანნი, მნათობნი, პლანეტანი, სულიერნი და უსულონი... დრო არსებობს მხოლოდ მოძრავ ნივთთა და საგნებთან მიმართებით, - თუ მათი მოძრაობა და ცვლა, მათი ზრდა და კვდომა არ იქნება, დრო არ იარსებებს! დრო არც მიდის და არც მოდის. მივდივართ და მოვდივართ ჩვენ, გავდივართ და მოვდივართ დროის უძრავ სახლში...

ჩემი შეკითხვა იქნება ასეთი: როგორ ესმის დროის ფენომენი მოძღვარს, სად დგას უფალი მამა ღმერთი - დროის მიღმა თუ თვითონ დროა იგი? როცა ცოცხალთა სამყარო იღუპება და მოძრაობა ჩერდება, დრო რჩება თუ ქრება?


KARIBCHEთამარ კობახიძე, 58 წლის, ფილოლოგი, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დირექტორის მოადგილე.

1. ტაძარში პირველად დედამ წამიყვანა. 6 წლის ვიყავი, როცა წინამძღვრიანთკარის ეკლესია დამათვალიერებინა. როცა შევეკითხე, არსებობდა თუ არა ღმერთი და უარყოფითი პასუხი მივიღე, გავუჯავრდი, - რატომ მატყუებ-მეთქი. მაშინ აკრძალული იყო ამ თემაზე ლაპარაკიც და პოზიციის გამოხატვაც.

ქაშვეთის ეკლესიაში მამიდაჩემმა წამიყვანა. წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობს, მაჩვენა გრიგოლ ორბელიანისა და მისი დის, ეფემიას საფლავები. მისგან შევიტყვე ისიც, რომ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათი ცნობილი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის მიერ იყო მოხატული. იმ დღეს სანთლებიც დავანთეთ. მაშინ ალბათ 9-10 წლისა ვიქნებოდი.

ბებიაჩემი, მამაჩემის დედა, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. 5 წლის ვიყავი, როცა მან მამაჩემის ჯვარი დამკიდა (მოგვიანებით ჩემს ძმას ვაჩუქე). იგი ბევრს ლოცულობდა, მარხულობდა და ყველასგან გამოირჩეოდა ეკლესიური ცხოვრებით. როცა ბებია გარდაიცვალა, თვეში ერთხელ მაინც დავდიოდი სიონში სანთლების დასანთებად, რათა პატივი მიმეგო მისი სულისთვის.

ძალიან გვიან მოვინათლე, 23 წლისა. ჩემი ნაცნობი, ქალბატონი ლიდა გახლდათ ქალიშვილი ბათუმელი ღირსი მამის, პროკოფი ჩიგოგიძისა, რომელიც საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულ სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდანად შერაცხა. სწორედ მათ სახლში მოვხვდი ბათუმში ყოფნისას. ქალბატონმა ლიდამ მობოდიშებით მთხოვა, - არ მინდა მამაჩემის სახლში მოუნათლავმა სულმა ღამე გაათიოს და თუ წინააღმდეგი არ იქნები, იქნებ დღესვე ჩავატაროთ შენი ნათლობაო. სიამოვნებით დავეთანხმე და ასე მოვინათლე 1975 წელს ბათუმის ეკლესიაში.

2. როგორც ხედავთ, ეკლესიურობის განცდა არ გამაჩნდა. უფრო შეგნებულ ასაკში ჩემი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი ასეთი იყო: მე მყავდნენ დიდებული წინაპრები: გრიგოლ ხანძთელი, იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი და სხვა მრავალი, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ქრისტიანული კულტურისა და ტრადიციების განმტკიცებაში. განა შეიძლება მათ მიერ მიღებული და აღიარებული ჭეშმარიტება საკამათო გახადო?

დედა ქისტი მყავდა, მისი მამა ხევისბერი იყო, გვარად ფიცხელაური. მახსოვს, როცა 20 წლის გავხდი, მამაჩემმა მარგალიტებით დამშვენებული ოქროს ჯვარი მაჩუქა. ასეთი საჩუქარი (მის სულიერ მნიშვნელობას ვგულისხმობ) ძვირფასი და უჩვეულო იყო იმ პერიოდში, რომელსაც თავისი ქვეცნობიერი სარწმუნოებრივი მომენტი ახლდა.

მშობლების გარდაცვალებამ უფრო დამაკავშირა ეკლესიასთან.

1978 წელს კოლხური სამეფო სამოსლის შესწავლა დავიწყე. ძიებამ ბიბლიამდე მიმიყვანა, რადგან მასში ბევრი ინფორმაცია მოიპოვება სამეფო თავსარქმელებსა და შესამოსელზე. ინტენსიურად დავიწყე ძველი აღთქმის კითხვა, - არც ეს არ იყო შემთხვევითი. რა თქმა უნდა, თავიდან ამას არარელიგიური მიზნით ვაკეთებდი, - შემინდოს ღმერთმა! - მაგრამ შემდეგ ისე მიმიზიდა, თითქოს მე კი არ მივდიოდი საღვთო წერილთან, იგი შემოდიოდა ჩემში. ასე თანდათანობით მკვიდრდებოდა რწმენა ჩემს ცხოვრებაში.

ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად. ვაბარებ აღსარებას ჯვარისმამის ტაძრის მოძღვარს მამა მიქაელს, ვეზიარები. ერთადერთი, რაც სულიერ დისკომფოტრს მიქმნის, ის არის, რომ ვერ ვლოცულობ ისე გულმოდგინედ, როგორც საჭიროა.

3. საქართველოს ისტორია არის მუდმივი ბრძოლა ჩვენი მიწა-წყლის შესანარჩუნებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის ხანასაც გლობალიზაცია შეიძლება ვუწოდოთ. იმდრინდელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს 28 რაიონს რუსები თავისად მიიჩნევდნენ. "სადაცა წარსწვდების წვერი კავკასიისა, იქ მთავრდება საქართველოს ტერიტორიაო", - იტყოდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს, კარგად მოგეხსენებათ, სად გადმოიტანეს ჩვენი საზღვრები... მიუხედავად სირთულეებისა, მწამს, მალე გათენდება. ჩვენი ქვეყანა დაძლევს პრობლემებს. რამდენადაც შეგვეძლება, სულიერი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ბოროტებას, რომ არ დავკარგოთ ის მთავარი და აუცილებელი სულიერი ფასეულობები, რამაც ჩვენი ერი დღემდე მოიყვანა.

4. შეკითხვა მოძღვართან: როგორ უნდა მივაღწიო სრულყოფილ ლოცვას?


KARIBCHEდავით დადიანი, 49 წლის, ადვოკატი. ჰყავს მეუღლე, ნათია გუმბარიძე და შვილები: სალომე, მარიამი, გიორგი და ნინო.

1. გზა ტაძრისკენ ბებიაჩემმა ნინომ გამიკვალა. მას დავყავდი ბავშვობაში მთაწმინდაზე, მამადავითის ეკლესიაში. ცხადად მახსოვს - ტაძარში ყოველთვის კარგი განწყობა მეუფლებოდა.

ამ ტაძარში მომნათლეს და წმინდა დავით გარეჯელის პატივსაცემად დავითი დამარქვეს.

ყოველ დავითობას მთაწმინდაზე ბევრი ხალხი იკრიბებოდა და წირვის დასრულების შემდეგ გაშლილ ტრაპეზს მიუსხდებოდნენ.

არ ვიცი, რა მოხდა, უცებ შევწყვიტე ტაძარში სიარული. IX-X კლასში იმდენად გავკადნიერდი, მღვდელს რომ ქუჩაში დავინახავი, დავცინოდი კიდეც. გახსოვთ ალბათ, მაშინდელ ფილმებში სასულიერო პირი ყოველთვის უარყოფით პესონაჟად იყო გამოყვანილი. ეკლესიის მსახურთა მიმართ ჩემი ამგვარი დამოკიდებულებაც, ბუნებრივია, ადეკვატური იყო საზოგადოების განწყობისა.

გასული საუკუნის 90-იანი წლები, მართალია, ძნელი იყო ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობამ ჩვენს ხალხს უდიდესი სიხარული მოუტანა. მადლიერი ადამიანები ეკლესიებს მიაწყდნენ. მრევლის სიმცირეს არც დღეს განვიცდით, მაგრამ მაშინ სულ სხვა მუხტი და აღტკინება იყო.

საკუთარი გამოცდილებითა და დაკვირვებით, როდესაც ადამიანი პირველ ნაბიჯს დგამს ეკლესიაში, იგი მთელი გულით არის მინდობილი უფალს და საოცრად მობილიზებულია, რის გამოც ღვთისგანაც დიდ შეწევნას იღებს. ჩვენ ყველანი პატარა ბავშვებივით შევდივართ სარწმუნოებაში, წინააღმდეგობათა დაძლევაში კი თავად უფალი გვეხმარება. დგება ისეთი ჟამი, როდესაც უფალი დროებით შეგიშვებს ხელს, რათა მეტი თავისუფლება მიიღო გარკვეული გამოცდილების შესაძენად. ამ დროს რელიგიური ილეთების ცოდნაა საჭირო, თორემ შესაძლოა ცხოვრების ორომტრიალმა ჩაგვითრიოს და არჩეული გზიდან გადაგვახვევინოს, რადგან რაც უფრო მეტად შევდივართ სარწმუნოების სიღრმეებში, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ არცთუ ისე იოლი ყოფილა უფლის მცნებების დაცვა საკუთარ ვნებათა მოკვდინების ხარჯზე და იმისათვის, რომ თავი გავარიდოთ იმ მოთხოვნებს, რასაც სარწმუნოება გვიყენებს, უამრავი ბარიერის გადალახვა უნდა შევძლოთ. ვფიქრობთ - რამდენად სწორი იყო ჩვენი არჩევანი? არადა, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ერთ გზას უფლისკენ მივყავართ, მეორეს - ქვესკნელისკენ, მესამე კი საერთოდ არ არსებობს, ეს უფრო მძიმე ტვირთად გვაწვება მხრებზე და ჩვენს უმწეობას შეგვაგრძნობინებს.

ეს გზა საქართველომ და ჩვენ ცალ-ცალკე და ყველამ ერთად თითქოს ერთდროულად გავიარეთ. ცხოვრების წესისა და ფორმის ცვლილება ყველა სფეროს შეეხო. მე, როგორც იურისტი, გეტყვით, ამქვეყნიური სამართალი ძალიან პირობითი ცნებაა, რადგან თუ 80-იან წლებში კომბინატორობისა და საქმოსნობისთვის ხალხს ხვრეტდნენ, დღეს ბიზნესი და კომბინატორობა სარფიან და სანაქებო საქმედ ითვლება, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა საღვთო სამართლის უპირატესობაში, რომელიც დროის ცვლილებას არ ემორჩილება. ჩვენდა სასიხარულოდ, მრევლში დღესაც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც, სიძნელეების მიუხედავად, მაინც დარჩნენ ეკლესიაში და არ დასცილებიან უფალს. ვფიქრობ, მოხდა ერთგვარი გამოხშირვა. ძნელი სათქმელია, რა იქნება ხვალ, რადგან უფალთან დაბრუნება არასდროს არ არის გვიან. ღმერთი ხომ ამ შანსს ადამიანს ზოგჯერ სიკვდილის წინაც უტოვებს.

2. ბავშვობის შემდეგ ტაძარი ინსტიტუტში მისაღები გამოცდების ჩაბარების წინ გამახსენდა. მაშინდელი წესის თანახმად, თუ პირველ ორ საგანში მაღალ ქულას დააგროვებდი, დანარჩენი ორი გამოცდის ჩაბარება აღარ გჭირდებოდა ჩასარიცხად. ქიმიაში მართლაც კარგად ვიყავი ნამეცადინები, მაგრამ მათემატიკაში საერთოდ არ მოვმზადებულვარ და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. უცებ გამიელვა, მთაწმინდაზე ავსულიყავი და წმინდა დავითისთვის მეთხოვა დახმარება. მამა დავითის ხატის წინ დიდხანს ვლოცულობდი, შევთხოვდი შემწეობას. ამის შემდეგ სასწაული მოხდა - მათემატიკის გამოცდაზე შვიდიდან ექვს კითხვას სწორად ვუპასუხე...

ასეთი წყალობის მიუხედავად, ისევ გავწყვიტე კავშირი ეკლესიასთან. ერთხელ ვადაგასული შრატი გამიკეთეს და კვინკეს შეშუპება მივიღე. ალერგიული შემოტევა რომ მომეგერიებინა, მირჩიეს, მარხვა დამეცვა, რამაც საგრძნობლად გამიუმჯობესა ჯანმრთელობა, მაგრამ მალე დედა გამიხდა ავად და აუცილებელი შეიქნა მისი სასწრაფოდ მოსკოვში გადაფრენა. ძალიან დაღონებულს, სიონის ტაძართან ჩემი აწ ცხონებული მეგობარი ნოდარ ჭანტურია შემხვდა. როცა გაიგო, რაც მჭირდა, სულიერად ცოტათი მაინც რომ დავმშვიდებულიყავი, მირჩია, ბეთანიის მონასტერში წავსულიყავი რამდენიმე დღით. იმ დღესვე, კითხვა-კითხვით, შებინდებულზე მივადექი მონასტერს. არქიმანდრიტი იოანე შეყლაშვილი, არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე და სხვა მამები დამხვდნენ. მანამდე ბერები არასოდეს მინახავს, ძალიან თბილად მიმიღეს, დაახლოებით ერთი კვირა დავყავი მათთან. ეს იყო ჩემი პირველი შეხება სარწმუნოებასთან, იქიდან სულ სხვა ფიქრებით და შთაბეჭდილებებით წამოვედი. ცოტა ხანში შიომღვიმე და სხვა მონასტრებიც მოვილოცე. ასე თანდათანობით დავუახლოვდი ეკლესიას. ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში. მართალია, დიპლომი არ დამიცავს, მაგრამ იქ მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგა ცხოვრებაში.

3. "ქვეყანა ესე ბოროტებასა ზედა დგას და საქმენი მისნი ბოროტ არიან" - გვასწავლის სახარება. ამ ბოროტების გარემოცვაში ჩვენი ერთადერთი მზე ამ წუთისოფელში არის ქრისტე. თუკი ეკლესიურად ვცხოვრობთ, ვანათებთ იმ ადგილას, სადაც ვიმყოფებით. ჩემი წარმოდგენით, ყოველი ტაძარი ნერვული ცენტრივითაა, რომელიც უხილავად გვაკავშირებს ღმერთთან და თუ ეს ნერვული ცენტრი მოკვდება, მთელი ქვეყანა გვამს დაემგვანება. უფლისკენ მიმსწრაფი ადამიანის სულიც ნათლით მოსილია, რომელიც სხვებსაც უნათებს გზას სასუფევლისკენ. გლობალიზაცია გარდაუვალია. ჩვენ არ ძალგვიძს წინ აღვუდგეთ მას. სახარებაც გვაფრთხილებს ამ პროცესების გარდაუვალობაზე.

დღეს საგრძნობლად გაცივდა ურთიერთობა ადამიანებს შორის, ძნელი გახდა თანამდგომი, დასაყრდენი იპოვო ცხოვრებაში. ყველა ცდილობს ისეთი მეგობრის პოვნას, რომელიც არ მოატყუებს.

ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ადვილია, გიყვარდეს ვინმე და ამ დროს რა ურთულესი და დეფიციტური გახდა სიყვარული! სიყვარულის აღმატებულობა ადამიანში ხომ მისი მორწმუნეობის ხარისხსა და გარემო პირობებზეც არის დამოკიდებული.

არსებობენ, ვთქვათ, ბრწყინვალე მათემატიკოსები, ან თავისი საქმის პროფესინალები, მაგრამ ერთად აღებული მათი ღვაწლი ვერასდროს გაუტოლდება ერთი რიგითი ჯარისკაცის ხვედრს, რომელმაც თავი დადო სამშობლოსთვის. ამასთან, არასდროს უნდა დავკარგოთ რეალობის შეგრძნება, რადგან რაც არ უნდა მოვინდომოთ, დღეს ჩვენ მაინც ვერ ვიქნებით წმინდა იოანე ოქროპირის დროინდელი ქვეყნის შვილები, რადგან მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სულიერი გარემო იყო. არსებობს თავდადება, რომელიც დღეს შესაძლოა ქცევით გამოხატოს ადამიანმა, მაგრამ გაცილებით დასაფასებელი და ღირებული იყოს, ვიდრე მაღალი სულიერებით გამორჩეული ნებისმიერი მეცნიერება.

4. "ჰგიებდეს გონება შენი ჯოჯოხეთში და არა სასოწარიკვეთოს" - ბერი სილუან ათონელის ამ შეგონებიდან გამომდინარე, როგორ უნდა შევინარჩუნოთ სასოება და სიყვარული ისე, რომ სრულიად აღვიქვათ და გავითავისოთ ეს სიტყვები?


KARIBCHEჟურნალის მთავარი თემის ირგვლივ აზრს გაგვიზიარებს და რესპონდენტთა შეკითხვებს უპასუხებს თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მამა კონსტანტინე (გიორგაძე).

შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსა... ეს დაუსრულებელი პროცესია.

ადამიანი თავად არის ტაძარი სულისა წმინდისა და ეს ტაძარი მაშინ ბრწყინავს მთელი სიძლიერით, როცა იგი დაცლილია ყოველგვარი ბიწიერებისგან და განწმენდილი მზად არის სულიწმინდის დასავანებლად.

უფალმა სამოთხიდან გამოძევებული, დასჯილი ადამიანი მაინც არ მიატოვა, თავისივე გაჩენილისადმი უდიდესი სიყვარულის გამო აღუთქვა, რომ ძე კაცისაი გამოიხსნიდა მას ჯოჯოხეთის წყევისაგან.

გავიდა დრო. უფალმა თავისი დანაპირები (როგორც ყოველთვის) შეასრულა და კაცობრიობას მოუვლინა მესია - მხსნელი, თავისი მხოლოდშობილი ძე. ადამიანს მიეცა საშუალება გადარჩენისა, სამშობლოში დაბრუნებისა. უფალმა დააფუძნა მისივე ეკლესია, სადაც რეალურად მიეცა საშუალება ადამიანს, მონაწილეობა მიეღო ქრისტიანულ, მაცხონებელ საიდუმლოებებში.

ადამიანს ტაძრამდე მისასვლელად არცთუ ისე იოლი გზის გავლა უწევს, რამეთუ ეს არის ბრძოლით, განსაცდელებით, სნეულებებით, გულისტკივილით აღსავსე გზა და თვით ეკლესიაც დედამიწაზე ხომ მებრძოლი ეკლესიაა.

პირველი ნაბიჯი ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ნათლობაა, რომლის შემდეგაც ადამიანს მიეტევება ხორციელი შობის დროს თანდაყოლილი, ადამის პირველქმნილი ცოდვა. როდესაც მღვდელი წარმოთქვამს: "შებერე და შენერწყვე", გასაგებია, ვის მიემართება ეს სიტყვები და სწორედ ამ დროიდან იწყება ბრძოლა ბოროტისა ადამიანის წინააღმდეგ. სწორედ ეკლესიისკენ მიმავალი გზა იხერგება სხვადასხვა მავთულხლართით და წინაღობით, თორემ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართო და მოკირწყლულია.

არსებობს ადამიანის ეკლესიური მოღვაწეობის ორი გზა: მონაზვნური ანუ ნათლისმცემლის გზა და ქრისტეს მიბაძვის გზა. იოანე ნათლისმცემელი ასკეტური ცხოვრების მაგალითია. მან მთელი ცხოვრება უდაბნოში, განმარტოებით, გამოქვაბულში გაატარა, თითქმის არ ჭამდა და არ სვამდა - ეს არის სათნო მოღვაწეობა უფლისათვის. ქრისტე ადამიანებთან მიმოდიოდა, ცოდვილებთან ჭამდა და სვამდა. ვისაც შეუძლია, აირჩიოს ნათლისმცემლის გზა და ვისაც არა - შეუდგეს ჭეშმარიტი ერისკაცის მოღვაწეობას, რომლის მაგალითსაც თავად ქრისტე იძლეოდა.

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მონაზვნობა აღმატებულია ოჯახურ ცხოვრებაზე. წმინდა მამები კი განმარტავენ, რომ არ არსებობს უფრო წმინდა კავშირი, ვიდრე ცოლქმრულია. უფლისთვის ორივე გზა სათნოა - სამონაზვნოც და საეროც.

ეკლესია ის გემია, რომელიც აუცილებლად მიცურდება ნავსაყუდელში, რომლის სახელიც სასუფეველია. ნეტარია ის ადამიანი, რომელიც ამ გემზე იმყოფება და არა მის მიღმა, უზარმაზარი უფსკრულის ტალღებზე.

I პასუხი (კობა არაბულს):
ღვთის მხილველი მოსე ნათლად ასახავს შესაქმეში ძირითად ჭეშმარიტებებს ღმერთზე, სამყაროსა და ადამიანზე. ამ ჭეშმარიტებიდან კარგად ჩანს, რომ ღმერთი სამყაროსგან დამოუკიდებელი, ერთიანი სულიერი არსებაა. შესაქმის პირველივე სიტყვები: "დასაბამად ქმნნა ღმერთმან" (შესაქ. 1,1) - ადასტურებს, რომ ღმერთი არის ერთადერთი, დროზე უწინარესი, მარადიული, თვითმყოფადი; იგია ყოველივეს არსებობის წყარო, სული სამყაროს მიღმიერი, რადგან არსებობდა სამყაროს შექმნამდე; გამიჯნულია ცისგანაც კი, რადგან ეს უკანასკნელი დედამიწასთან ერთად შეიქმნა.

სამყარო მუდმივად არ არსებობდა, იგი დროში შეიქმნა, არა მეყსეულად, არამედ თანდათანობით, შეიქმნა ღვთის სიტყვით და ცხოველმყოფელი სულის მონაწილეობით.

თვით დროს დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. შეიძლება ითქვას, რომ სამყარო და დრო ერთდროულად შეიქმნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ღმერთი არ შეიძლება იყოს დროში ან თვითონ იყოს დრო. უფალი არის ზღვარდაუდებელი ანუ გარეშემოუწერელი, განსხვავებული ყველა სხვა ხილული და უხილავი ქმნილებისგან. იგი მარადჟამ ყოვლადმყოფი და ყოვლის ამავსებელია.

როცა ცოცხალი სამყარო გაჩერდება და ეს ასე იქნება უფლის მეორედ მოსვლის შემდგომ, დრო, რა თქმა უნდა, გაქრება და აღარ იქნება, მარადიულობა კი მარადიულად დარჩება.

წმინდა წერილში უფლის მიერ ხშირად არის მინიშნება დროსთან დაკავშირებით, მაგალითად, როცა იესო გალილეის კანაში პირველი სასწაულის აღსრულების დროს ეუბნება თავის დედას: "რა არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო, არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი". ანდა გავიხსენოთ სიტყვები ფსალმუნიდან, რომელშიც განსაზღვრულია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა: "დღენი წელიწადთა ჩვენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ..." გავიხსენოთ, როგორ გაუგრძელა უფალმა 15 წლით სიცოცხლე ეზეკიელს.

უფალმა ადამიანი მარადიულობისთვის შექმნა და სამოთხეში დაადგინა. ის ცოდვით დაეცა, გახდა მოკვდავი და ხრწნადი. გარდაცვალების დროს სულისა და ხორცის განშორება დროებითია და მათი ერთობა აუცილებელი პირობაა სასუფევლის მოქალაქეობისთვის.

II პასუხი (თამარ კობახიძეს): დიდი მლოცველი მეც არ გახლავართ, ამიტომ შემიძლია გირჩიოთ ის მინიმუმი, რომლის საშუალებითაც ალბათ თქვენ თვითონვე შეძლებთ უფალთან სრულყოფილ საუბარს.

ლოცვა - უფალთან საუბარია და აუცილებლად უნდა გავითავისოთ, რომ ვესაუბრებით იმას, ვინც მთელი სამყარო შექმნა, ვინც უმყოფელობიდან მყოფობაში მოგვიყვანა, ვინც ყოველდღე გვასუნთქებს და საზრდოს გვაძლევს, ვისაც ძალუძს გვაცხონოს და გადაგვარჩინოს. თუ ადამიანი გულით არ ლოცულობს, მაშინ ის უფლის წინაშე კი არ დგას, არამედ თავისი გონებაგაფანტულობით დაქრის ფიქრთა და ოცნებათა უკიდეგანო სივრცეში. წარმოიდგინეთ, რომ მიწიერი მეუფის წინაშე დგახართ და ესაუბრებით მას... მით უმეტეს, ძნელი წარმოსადგენია, როცა ზეციური მეუფის წინაშე დგახარ და ამ დროს სხვას ელაპარაკები...

ლოცვების წაკითხვა ან მათი ზეპირი ჩამორაკრაკება არაფრის მომცემია, თუ ამას არ ახლავს თავმდაბლობა, დანაშაულის განცდა და მოყვასის სიყვარული. ადამიანი უნდა ეცადოს, დილის და საღამოს ლოცვები არ გამოტოვოს და გულდასმით და გააზრებულად წაიკითხოს. კარგია, თუ შეძლებს (მოძღვრის კურთხევით) დღეში ერთი თავი სახარება და ერთი კანონი წაიკითხოს, თუმცა ეს ინდივიდუალურია, შეძლებისდამიხედვით. უფალი მოგვიწოდებს, მოკლე, მაგრამ ხშირი ლოცვისაკენ, ეს იმიტომ, რომ მოკლე და მობილიზებული ლოცვისას გონება ვერ ასწრებს გაფანტვას და უფალთან საუბარიც გამოგვდის (იესოს ლოცვა, მაკარი დიდის ლოცვა და სხვ.). დაწესებული ლოცვების შემდეგ უნდა ეცადოთ თქვენი სიტყვებით ესაუბროთ ღმერთს.

რაც შეეხება კალაპოტიდან ამოვარდნას ანუ დაცემას, ამის გამოსწორება წამოდგომით შეიძლება. დაცემა არ არის ტრაგედია, ტრაგედია წამოუდგომლობაა, ანუ ცოდვა კი არა, არამედ მისი მოუნანიებლობაა დამღუპველი. "არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს", ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ; უფალმა იცის ჩვენი სისუსტეები, ამიტომაც არის დაწესებული აღსარების საიდუმლო. ღმერთი გულმოწყალეა და არა მარტო ღვაწლსა და საქმეებს იწირავს, არამედ მათ მიმართ ლტოლვას და ნდომასაც კი. ჩვენი მიზანია, გულით ვისწრაფოთ უფლისკენ და ძალისამებრ ვაკეთოთ ის საქმეები, რისკენაც მოწოდებულნი ვართ.

III პასუხი (დავით დადიანს): გონებით ჯოჯოხეთში ყოფნა - ეს სიბრძნეა, სამწუხაროდ, დღეს ასეთი სიბრძნის გამოვლინება მინიმუმამდეა დაყვანილი. თანამედროვე საზოგადოება ანტიტრაგიკულია, მას არ სურს ისაუბროს სოფლიდან გასვლაზე, გარდაცვალებაზე, სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე; პირიქით, ყველაფერი კეთდება, რომ არ იყოს ხსენება ასეთი "საშინელებებისა". ბოროტი ცდილობს ადამიანი მიაძინოს და მხოლოდ ტკბილი და სასიამოვნო ილუზიებით გააჯეროს მისი ცხოვრება: ყველაფერი კარგად იქნება, არ იზრუნო სულზე, XXI საუკუნეში რომელ ჯოჯოხეთსა და სამოთხეზეა ლაპარაკი, ნუთუ თქვენ დროს ჩამორჩით?.. მოდით, არაფერზე ვიფიქროთ და დავტკბეთ ამა სოფლის სიამეებით. ასეთი სულიერად მიძინებული ადამიანი აახელს თვალს და ჯოჯოხეთში აღმოჩნდება.

ადამიანმა არასოდეს უნდა ჩათვალოს თავი სასუფევლის ღირსად, როგორც არ უნდა წარემატებოდეს იგი. ხშირად უნდა მოვიაზროთ თავი ჯოჯოხეთში, რამეთუ იქნებ ამან მაინც შეგვაძრწუნოს და ნაკლებად ვცოდოთ. ჩვენმა უწმინდესმა ერთ-ერთ ქადაგებაში თქვა, რომ ადამიანი დგას ცხოვრების კიბეზე, რომლის ქვედა ბოლო ჯოჯოხეთში ჩადის, ზედა კი ზეცაშია აღმართული და ამ კიბეზე მდგომი კაცი ხან ქვემოთ დაეშვება, ხან კი ზემოთ ავაო.

ზოგიერთი ადამიანი თავს ჯოჯოხეთის ღირსად კი თვლის, მაგრამ ამავე დროს უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში ვარდება. სასოწარკვეთილება იუდას ცოდვაა, სასოება და სიყვარული კი ცხონების საწინდარი. რა ცოდვებშიც არ უნდა ჩავარდეთ, როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, უფლის იმედს ნუ დაკარგავთ. ქრისტეს მარჯვენით ჯვარცმული ავაზაკი უცოდვილესი ადამიანი იყო, ღირსი ყოველგვარი ტანჯვისა, მაგრამ მისმა კეთილგონიერებამ და უფლისადმი სასოებამ პირველი შეიყვანა მანამდე ყველასთვის დახშულ სასუფეველში.

ამრიგად, ცხონების გარანტია ჭეშმარიტი სინანულია, რომლის საძირკველიც თავმდაბლობა და სიყვარულია. აღსარების საიდუმლოს ხომ წმინდა მამები განწმენდის თვისებებით მეორე ნათლიღებას უწოდებენ.

ღმერთმა დაგლოცოთ. შენდობას ვითხოვ იმისათვის, რომ უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე ვაკეთებ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler