თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე
თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე
თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) იგონებს: "ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი (მონასტერში ამის შემდეგ მალევე წავედი), სიონის საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა თამარ მეფის პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი, აშკარად ვიგრძენი რაღაც დიდი მადლი შემოვიდა ტაძარში. იგი მღვდელმთავრის გვერდით დადგა. ლოცვა მიმდინარეობდა, ბერმა ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო, ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა. ავიდა ამბიონზე და მრევლს შესძახა: - დაიჩოქეთ, როგორ დგეხართ ამხელა წმინდანის წინაშე, სავედრებელი პარაკლისის დროს. მრევლმა მაშინვე დაიჩოქა, თვითონაც მუხლებზე დაეცა, ტირილითა და გოდებით დაიწყო მოთქმა: "გიშრისფერი გაშლილი თმებით, ფეხშიშველა მიუძღოდა ჯარს წინ, მარხულობდა, დღედაღამ ლოცულობდა, რომ გაემარჯვა მტერზე".

თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე. "თქვე წუწურაქებო, მუხლის მოდრეკაც არ გინდათ?!" - შემოგვძახა. მამა გაბრიელი კიდევ დიდხანს გოდებდა, შემდეგ წამოდგა, აღასრულა დიდი მეტანია და ემთხვია ხატს. მრევლმა საოცარ სიჩუმეში განსაკუთრებული მოწიწებით გაიმეორა იგივე. ასე აღსრულდა სიონის ტაძარში პარაკლისი და ზეთისცხება".
ბეჭდვა
1კ1