მოძღვრის მოვალეობაა, ასწავლოს მრევლს ღვთის ხმის გაგონება - ამის შემდეგ მრევლი თვითონვე გაარჩევს სწორს არასწორისგან
მოძღვრის მოვალეობაა, ასწავლოს მრევლს ღვთის ხმის გაგონება - ამის შემდეგ მრევლი თვითონვე გაარჩევს სწორს არასწორისგან
ახლახან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი შეხედულება გლობალიზაციის თაობაზე. "გლობალიზაციას ჩვენ ვერაფრით ვერ შევაჩერებთ, - აღნიშნა მისმა უწმინდესობამ, - მაგრამ ხშირად ჩვენ ბრმად ვიღებთ ყველაფერს, რაც მოდის უცხოეთიდან. ჩემი აზრით, ის ფასეულობა, რომელიც გაგვაჩნია და რომელიც შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა, უნდა დავიცვათ. ეს არის ჩვენი მეობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, ჩვენი ენა. ახლა გვთავაზობენ ჩვენ რღაც უცხო ენების ცოდნას... უპირველეს ყოვლისა, სრულყოფილად უნდა ვიცოდეთ ჩვენი ენა, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი პოეზია, ჩვენი კულტურა.

მე მოვლილი მაქვს მრავალი ქვეყანა. რაც გვაქვს ჩვენ მუზეუმებში, ვერსად ნახავთ უცხოეთში ასეთ სიმდიდრეს. აი, მაგალითად, რაც ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი, შეიძლება, ეს ათი პროცენტი იყოს მხოლოდ; დანარჩენი ყველაფერი ჩაწყობილია საცავებში და ჩვენ არც კი ვიცით, რისი მფლობელები ვართ.

როცა ჩვენ დიდი ქვეყნები გველაპარაკებიან, ისინი მაღლიდან გვიყურებენ. იქმნება ისეთი წარმოდგენა, რომ ესა თუ ის ქვეყანა თუ ფიზიკურად ძლიერია, მრავალრიცხოვანია, აქვს იარაღი, - ის არის სუპერქვეყანა. ის არის ქვეყანა, რომელსაც უნდა დაემორGილო... ამიტომ ეს გლობალიზაციის პროცესი მე ძალიან მაფიქრებს და მაშინებს...

შეძლებული ოჯახები ძალიან ხშირად ბავშვებს აგზავნიან უცხოეთში. ესეც საშიშია. უცხოეთში სასწავლებლად უნდა წავიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც განმტკიცებულია თავის ნიადაგზე, თავის ეროვნულ კულტურას იცნობს და არა მარტო იცნობს, იცავს მას.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში და ჩვენს მეში, ჩვენს თავში. ჩვენ უნდა გვქონდეს ხედვა, სულიერი ხედვა - რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაწყდეს ურთიერთობა თაობათა შორის. თაობებს შორის თუ გაწყდა ურთიერთობა, - და ჩვენ თითქმის ამისკენ მივდივართ, - ცუდი შედეგი ექნება ამას".

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, "საქართველო და გლობალიზაცია" კვლავ რჩება ჩვენი ანკეტის ერთ-ერთ მთავარ შეკითხვად.

ამჯერად ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ნოდარ ტაბიძე, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი თინათინ ნადირაძე, მუსიკოსი დავით ხოსიტაშვილი.

ჟურნალის მთავარი თემის ირგვლივ თავის მოსაზრებას გაგვიზიარებს და რესპონდენტთა შეკითხვებს უპასუხებს თბილისის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა).

ანკეტის შეკითხვები:
1. ალბათ გსმენიათ იმის შესახებ, რომ უფლის ნების ზედმიწევნით აღმსრულებელი ანგელოზები ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. 90-ე ფსალუნში წერია: უფალმა ანგელოზებს უბრძანა ადამიანთა დაცვა ყოველგვარი საფრთხისა და ბოროტებისაგან. თუ გიგრძნიათ ოდესმე კეთილგონიერ ზეციურ ძალთა თანადგომა და დახმარება და რამდენად შესაძლებელია მეგობრობა უხილავ არსებებთან ორი სამყაროს არსებობის პირობებში?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე განთენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


KARIBCHEნოდარ ტაბიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი. ჰყავს 4 შვილი: გიორგი, ანნა, ლევანი და საბა.

1. ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, პირადი არქივი წესრიგში მომეყვანა. გუშინწინ ძველ დღიურებს ვათვალიერებდი და ერთგან ასეთი რამ ამოვიკითხე: "დილით სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ წირვა ჩაატარა. დიდებული სიტყვა წარმოთქვა, რომელსაც რეფრენად გასდევდა: "ყველაზე დიდი ბედნიერებაა, გწამდეს ღმერთი". ამ შეგონებითვე დაამთავრა დამოძღვრა და მთელი ქადაგება კომპოზიციურად შეკრა.

ავფორიაქდი. ბევრი რამის გადასინჯვა მომიწევს".

ახლაც ხშირად ვუბრუნდები ამ თეზისს.

გწამდეს ღმერთი - ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ცხოვრების გონივრულად წარმართვას: მოყვასის სიყვარულს, უფროსების პატივისცემას, ქვეყნის სამსახურს და ა.შ. ადამიანი ბუნებით არის პრაქტიკოსი, ყველაფერს შედეგით ზომავს.

ცხოვრების მიმწუხრს ხშირ-ხშირად ტივტივდება კითხვა: - ნუთუ ყელაფერი დამთავრდა? სად მივდივარ? ოდენ ერთი მუჭა მიწა?..

- არა! - გვეუბნება ღმერთი, - სული უკვდავია, თქვენ მხოლოდ ფერს იცვლით. მაშასადამე, შორს განწირულობის ტრაგიზმი.

ახლა - იმის შესახებ, რომ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს სამართლიანზე სამართლიანი მსაჯული აფასებს. ეს ვიცით და ვცდილობთ იმგვარად გავისარჯოთ, რომ სამოთხის კარი განიხვნას.

მეკითხებით, რამდენად შესაძლებელია უხილავ არსებებთან მეგობრობა?

არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს ალბათ ძალზე დაფარულად და უჩვეულო გზებით ხდება: შეგონებითა და... მსჯელობას აქ ვწყვეტ, რათა უფსკრულის თავზე გაჭიმული ბეწვის ხიდი არ ჩამიწყდეს.

2. დიახ, ცხოვრებაში თავიდათავია ძირითადი საყრდენის პოვნა.

გულწრფელად მოგახსენოთ, დღედაღამ მლოცველი არასდროს ვყოფილვარ. უფრო მეტიც, ერთხანს რამდენადმე გულგრილიც კი ვიყავი რწმენისადმი. ეს იმით აიხსნება, რომ ყმაწვილობა ათეისტური შემოტევების უმკაცრეს ეპოქაში გავატარე. მაშინ ეკლესიისკენ გახედვაც კი იკრძალებოდა. მალე მოვრჯულდი. ამაში ალბათ გენეტიკამაც შეასრულა თვალსაჩინო როლი. მამისა და დედის მხრივაც სასულიერო წოდებას განვეკუთვნები (დიდი გალაკტიონის ძმისშვილმა ბატონმა ნოდარ ტაბიძემ 2008 წელს მშვენიერი წიგნი უძღვნა უახლოეს ნათესავს, ბაბუის ძმას (დედის ბიძას), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს - რედ.).

ახლა სასთუმალთან ორი წიგნი მიდევს: სახარება და გალაკტიონის ლექსების კრებული. და მაინც, წიგნთაგან შეძენილი ცოდნა საკმარისი არ არის, კიდევ სხვა რამ არის საჭირო.

არ ვწუწუნებ. შინაგან ტკივილს გამოვხატავ მხოლოდ.

არცთუ იშიათად წამცდენია: "ღმერთო, მიშველე! ღმერთო მიხსენი!" და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალა მომმატებია.

3. - მალე გათენდება? - ეს შეპირობებულია ქრისტიანობისადმი ჩვენი დამოკიდებულების ხარისხითა და, აქედან გამომდინარე, ერის სიწმინდე-შეკრულობით.

ზოგადი პასუხი გამომივიდა.

იქნებ დავაკონკრეტო.

ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველო ორი გიგანტის ინტერესთა შეჯახების სფეროშია მოქცეული და პირველი დარტყმების ობიექტი ხდება.

მე რომ მკითხოთ, ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ სათანადოდ არ ვმრავლდებით და იკარგება ძირეული მხარეები, რეგიონები.

აქ მრავალწერტილს დავსვამ. ალღოიანი მკითხველი თავად დაამთავრებს აბზაცს, ქვეტექსტსაც კარგად გაშიფრავს.

და მაინც, ღმერთი ჩვენთანაა!

...გათენდება, მაგრამ არცთუ მალე!

4. გაინტერესებთ, მაქვს თუ არა შეკითხვა მოძღვართან.

არა.

ამას ზედმეტ თვითდაჯერებულობად ნუ ჩამითვლით. ილია ჭავჭავაძის შეგონებას ვითვალისწინებ: - ყველას თავისი საფიქრალ-საზრუნავი აქვს, შენსას ნუ მოახვევ თავს.

ერთსაც გაგიმხელთ: ძალიან მინდა, ილია მართლის პუბლიცისტიკა ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი ასპექტების აქცენტებით შევისწავლოთ მე და ჩემმა ასპირანტებმა, შეგირდებმა.


KARIBCHEთინათინ ნადირაძე, 33 წლის, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, მუშაობს "პროკრედიტ ბანკის" ფინანსურ სექტორში, ახლახან დაქორწინდა ჟურნალისტ ლაშა გაბუნიაზე.

1. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როცა აშკარად მიგრძნია, რომ პასუხი, რომელიც სწრაფად და ზუსტად გავეცი ადამიანებს ჩვეულებრივ, ყოფით დიალოგებში სხვადასხვა (რელიგიასა და, საზოგადოდ, ცხოვრების წესთან დაკავშირებულ) საკითხზე, არა ჩემი გონების, არამედ კეთილგონიერ ზეციურ ძალთა კარნახით იყო ფორმულირებული.

სამწუხაროდ, ჩვენი მცირედმორწმუნეობისა და დღევანდელი ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო ჩვენი გონება დღის განმავლობაში მცირე ხანს თუ ატარებს ღმერთთან. გულში უფრო ხშირი ლოცვით (თუნდაც იესოს ლოცვის ხშირად, რწმენით გამეორებით) ადამიანი უფრო მძაფრად იგრძნობს მისი მფარველი ანგელოზის სიახლოვესა და შემწეობას.

2. სარწმუნოებრივი საკითხებისადმი ინტერესი ჩემს თაობას ოთხმოციანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის ლიდერების ღვაწლის შედეგად გაუჩნდა. რწმენა ჩემს ცხოვრებაში დედამ და იმ მეგობრებთან ხშირმა საუბრებმა მოიტანეს, რომელთაც ჩემზე ადრე დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება. ახლაც მადლიერი ვარ მათი.

ვცდილობ, უფლისადმი ჩემი დამოკიდებულება საკუთარი ზომიერებით გამოვხატო, მაგრამ ხანდახან მცდელობა მცდელობად რჩება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველდღიურად უამრავ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. ხშირად ვნანობ და მაწუხებს ხოლმე ზედმეტობები - გაცხარება, უჯერო სიცილი, ზომაზე მეტად ნაღვლიანობა... ცხოვრებაში ხშირად დამვიწყებია, რომ ღვთის იმედი უნდა მქონდეს (არა ადამიანების), ამის გამო იმედგაცრუება მიპყრობდა და მთრგუნავდა, თუმცა მსგავსი უიმედო მდგომარეობიდან ხშირად სწორედ უფლის შეწევნით გამოვსულვარ.

3. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა საქართველოს რიგით მოქალაქეებს ალბათ არ შეუძლიათ. ერთადერთი გამოსავალი რწმენაში მღვიძარედ ყოფნაა. ყველანი უფლის ხელში ვართ და ალბათ, არ გვმართებს იმაზე ბევრი ფიქრი, თუ რა და როგორ მოხდება.

4. მინდა, მოძღვარს მიტევებაზე ვკითხო: მივუტევებ თუ არა ადამიანს, ეს ალბათ მარტო მე და გულთამხილავმა უფალმა ვიცით; და მაინც, მეთვლება თუ არა მიტევებად, თუ ადამიანს გულით კარგს ვუსურვებ, მისგან წყენაც დავივიწყე და გონებიდან წავშალე, ამ ადამიანთან ძველებური ურთიერთობა კი არ აღმდგარა?


KARIBCHEდავით ხოსიტაშვილი, 33 წლის, მუსიკოსი, ხმის რეჟისორი. ჰყავს მეუღლე - ნინო ჯანჯღავა.

1. წმინდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) გვასწავლის: ყველას, ვისაც სურს და ეძიებს ღმერთს, იგი გამოუჩნდება, რადგან ის არის ღმერთი და ცხოვრება ყველასი. ჩვენ ვიცით, რომ უფლის მოყვარე კაცი არ დარჩება მისი შემწეობის გარეშე. უსაზღვროა უფლის თანადგომა, თუკი წმინდაა მისკენ მიმავალი ადამიანის გული. მისი უთვალავი ანგელოზი მზადაა, დახმარების ხელი გაუწოდოს განსაცდელში ჩავარდნილ მორწმუნეს. უფალი სწორედ ანგელოზთა ხელით მოქმედებს. ისინი არიან მისი საქმეების აღმასრულებელნი. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ გამოეცხადა ანგელოზი მოსეს ქორების მთაზე. პავლე მოციქული განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ სწორედ ანგელოზის მეშვეობით მოხდა სჯულის გადაცემა მოსესთვის. ბიბლიაში მსგავსი პასაჟი არაერთია. გავიხსენოთ თუნდაც აბრაამის მიერ ისააკის შეწირვის სცენა. ამგვარადვე, ანგელოზთა მიერ უფლის მოქმედებას ვაწყდებით იაკობისა და უფლის შერკინების სცენაში. ანალოგიური სცენაა ანგელოზის ხელით ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანა და ასე შემდეგ.

მსგავსადვე ჩვენი ბიბლიური წინაპრებისა, უფალი ანგელოზების სახით დღემდე შეეწევა მის ერთგულ ხალხს. ანგელოზთა ყოველი გამოვლინება უფლის ქმედების გამომხატველია. ანგელოზები იფარავენ ჩვენი სულების სიწმინდეს და, ამასთანავე, იცავენ ჩვენს ხორციელ უსაფრთხოებასაც ხილულ და უხილავ მტერთაგან, აშკარა და ფარულ საფრთხეთაგან.

2. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლურად გახლდით მონათლული, ეკლესიისგან საკმაოდ შორს ვიყავი. უამრავ კითხვაზე პასუხებს სხვადასხვა რელიგიაში ვეძებდი. ვეცნობოდი რელიგიურ ლიტერატურას და ამგვარად ვცდილობდი მეპოვა ჭეშმარიტება. ზოგიერთ კითხვაზე პასუხს ვპოულობდი კიდეც, მაგრამ არც ერთ სწავლებას არ შეეძლო, ერთდროულად გაეცა პასუხი ჩემს ყველა კითხვაზე. ასე გრძელდებოდა, სანამ არ დავიწყე მართლმადიდებლობის საფუძვლიანად შესწავლა. ჩემი ძიების განმავლობაში (რომელიც დღემდე გრძელდება) ყოველთვის მახსოვდა ერთი რამ - სულის გადარჩენისთვის მარტოოდენ ცოდნა არ არის საკმარისი; აუცილებელია ყველაფრის საკუთარ თავზე განცდა. ერთი რამ უმთავრესია ჩემთვის: უფლის მიმართ მადლიერების გამოხატვა; მუდმივი ხსოვნა იმისა, რომ უსაზღვროდ დიდია ღვთის სიყვარული ჩემს მიმართ.

3. სანამ გავარკვევდეთ, რამდენად ცუდია ან კარგი გლობალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის, მანამდე აუცილებელია ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ეს გლობალიზაცია, შევისწავლოთ მისი უარყოფითი თუ დადებითი მხარეები. ამგვარ ეპოქაში ისე ჩანს, თითქოს მრავალ ტრადიციულ ფასეულობას დაკარგვის საფრთხე ემუქრება; არის განცდა იმისა, რომ გლობალიზაციის შედეგად დაიკარგება ეროვნული იდენტობა. ამგვარმა შიშმა წინ წამოსწია ნაციონალისტური გრძნობები. არადა, ქრისტიანულ სწავლებაში სრულიად საპირისპიროს პოვნა შეგვიძლია. მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი სივრცის რელიგია. ის თავად არის გლობალური. ჭეშმარიტ ქრისტიანს არ უნდა ჰქონდეს ეთნიკურობის ან ტრადიციების დაკარგვის შიში, რადგან ქრისტიანული გლობალიზაცია არ უარყოფს ამგვარ ფასეულობებს. ქრისტიანობის გლობალური მისია არა ერთსახოვნება, არამედ ერთობაა - ერთობა ქრისტეში! თუკი ამ კუთხით განვიხილავთ გლობალიზაციას, მაშინ ის არათუ საშიში, არამედ აუცილებელიც გამოდის.

თუმცა ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ ამგვარი ერთობა გამოყენებული იყოს უარყოფითადაც. ამის თავიდან ასაცილებლად მუდმივი მზადყოფნა და ქრისტიანული წესის სრულყოფილად შესრულებაა საჭირო.

4. ღვთის სასუფევლისკენ მიმავალი გრძელი და რთული გზის წარმოდგენაც კი საკმარისია, რათა მიხვდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალებასა და ღვთის სამსჯავროს შორის, რაც განმაპირობებელია ადამიანის ცათა სასუფეველში შეღწევისა, უნდა გავიდეს დროის საკმაოდ გრძელი მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მოხდება ადამიანის შემდგომი სულიერი განვითარება. აქედან გამომდინარე, იკვეთება კითხვა ადამიანის პიროვნების არსებობის პირობების შესახებ გარდაცვალებიდან ცათა სასუფეველში შესვლამდე. მართლმადიდებლური სწავლება არ იძლევა ზუსტ პასუხს პიროვნების მდგომარეობის შესახებ სიკვდილიდან აღდგომამდე და ამ დროს ადამიანის სული ერთგვარი პასიური მოლოდინის მდგომარეობაშია, მაშინ როცა ადამიანის ბუნება შემოქმედებითი პროცესის გარეშე ძნელად შეიძლება წარმოვიდგინოთ (რადგან ღვთის ხატად არის ის შექმნილი). კითხვის არსი კი შემდეგში მდგომარეობს: არის თუ არა შესაძლებელი, სიკვდილის შემდგომ შეწყდეს სულიერი ზრდა და სწრაფვა სრულყოფილებისკენ?


გვესაუბრება თბილისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა).

- მამა ალექსანდრე, ჟურნალის ნომრის თემაა მთავარანგელოზები. ადამიანზე მაღლა მდგომ გონიერ არსებათა შესახებ ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსები მოწმობენ, რომ არაფერი ვთქვათ წმინდა წერილსა და საღმრთო გარდამოცემაზე.

- რა თქმა უნდა, ძველ და ახალ აღთქმაში უამრავი შემთხვევაა აღწერილი ანგელოზთა შესახებ. I-II საუკუნეებში მოღვაწე წმინდა დიონისე არეოპაგელმა კი საფუძვლიანი სისტემატიზებული სწავლება შექმნა ზეციურ იერარქიაზე, რომლის ანალოგიითაც შეიქმნა საეკლესიო იერარქია. "იეროს" - საღმრთოს, წმინდას, "არქიოს" კი უპირველესს ნიშნავს. ამ სიტყვის სწორი განმარტებაა საღმრთო ძალაუფლება, საღმრთო ხელმწიფება.

უფალთან ყველაზე ახლო მდგომი სერაბინ-ქერუბიმთა უმაღლესი დასიდან საღმრთო განსხივოსნება მადლით გადმოედინება ანგელოზთა ცხრა ქვემორე დასზე.

მეტად მნიშვნელოვანია, რომ სიტყვა "ანგელოზი" მაცნეს, მაუწყებელს ნიშნავს, რაც ნიშანდობლივია ქრისტიანული მოძღვრებისთვის: "ევანგელოს", რომლის ფუძე "ანგელოსს" შეიცავს, სახარებას ნიშნავს. სიტყვა "აპოსტოლოს" ასევე ნიშნავს მაუწყებელს, რაც არ არის შემთხვევითი. მოციქულსა და მოწაფეს შორის სხვაობა დიდია, რადგან მოციქული მაუწყებელს, ელჩს ნიშნავს. თუ მოსწავლეს შეუძლია შეცვალოს თავისი მასწავლებლის დანაბარები, გამოაკლოს ან დაუმატოს მას რაიმე თავის შეხედულებით, მოციქულს არ აქვს ამის უფლება. მან ზუსტად უნდა აღასრულოს ღვთის ნება და შეულამაზებლად მიიტანოს ადრესატამდე. ანგელოზებსაც ხომ ზუსტად ასეთივე ძალმოსილება აქვთ ღვთისგან მინიჭებული. ანგელოზი პირდაპირი გადმომცემი, ღვთის ნების პირდაპირი გამტარია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი რელიგია გამოცხადებითია. ადამიანს ევოლუციურად შეეძლო, თავის გონებრივ შესაძლებლობათა მაქსიმუმისთვის მიეღწია და განსაზღვრულ დონეზე თავისი აზროვნების მწვერვალზე ასულიყო, ისე, როგორც ეს შეძლეს სოკრატემ, პლატონმა, ჰეგელმა, კანტმა და სხვა ძველი და ახალი დროის ფილოსოფოსებმა, მაგრამ ეს ცოდნა მაინც არ იქნებოდა სრულყოფილი და ჭეშმარიტი.

ანგელოზები არ არიან ბუნებით შემოქმედნი, მაგრამ ისინი ღვთის ნების აღმსრულებელნი და გადმომცემნი არიან და მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ადამიანთა ყოფა. ისინი ჩვენ შეგვეწევიან და გვიცავენ მრავალი უსიამოვნებისგან. სახარებასა და წმინდანთა ცხოვრებაში არაერთი შემთხვევაა აღწერილი, როცა ანგელოზნი ადამიანებს ყველაზე მძიმე წუთებში აღმოუჩენენ დახმარებას, აუწყებენ ღვთის კეთილ ნებას და იცავენ განსაცდელისგან. ვფიქრობ, იმის ცოდნაც აუცილებელია, რომ ანგელოსთა პარაკლისებსა თუ სახარების საკითხავებში, რომლებიც წირვა-ლოცვის დროს იკითხება, ლაპარაკია იმაზე, რომ ვინაიდან ყოველ ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი იცავს და გული შესტკივა მასზე, ერთი მცირეთაგანიც არ შეურაცხვყოთ - ამით მის ანგელოზსაც შეურაცხვყოფთ, რომელიც ამ ადამიანს მისი მიწიერი სიცოცხლის დასაწყისიდანვე იფარავს და შეეწევა.

KARIBCHEფაქტობრივად, ყოველი ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება ორი ძალის - კეთილისა და ბოროტის ჭიდილია, ბრძოლის ველი კი თითოეული ჩვენგანის გულია. თუ სინდისის ხმა ხშირად გვახსენებს თავს და ჩვენს ცოდვებში გვამხელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ანგელოზის ხმა ჩვენს გულამდე აღწევს და ცოდვათა დაძლევასაც ადვილად მოვახერხებთ.

წმინდანთა გამოცხადებით ცნობილია, რომ იერარქია დაცემულ ანგელოზებშიც არსებობს, - ეშმაკს პატივი და დიდება წაერთვა, თორემ ძალაუფლება შენარჩუნებული აქვს, - მაგრამ მათი ძალაუფლება ბოროტებასა და ძალმომრეობაზეა დაფუძნებული. ღვთისმეტყველ გრიგოლ ფლორენსკის განმარტებით, ისინი იმდენად დაწრეტილნი არიან შემოქმედებითი უნარისგან, ახალს რომ ვეღარაფერს ქმნიან, ცდილობენ, ღმერთს მიემსგავსოს, ოღონდ მათთან ყველაფერი პირუკუ ხდება: ახდენენ წირვა-ლოცვის პაროდირებას, შებრუნებულად კითხულობენ წმინდა წერილს, ჯვარს თავდაყირა დგამენ. იმდენად დაცილებულნი არიან უფალს, მათი წარმოდგენები ამის მეტს ვეღარ სწვდება და ამიტომაც მკრეხელობენ.

ასეთი რამ იმ ადამიანებსაც ემართებათ, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით შორს დგანან უფლისაგან, რადგან წყარო ჭეშმარიტი შემოქმედებისა, ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიკეთისა ღმერთია. თუ თვალს გადავავლებთ შუა საუკუნეებს, აღორძინების ეპოქას, უდიდეს სხვაობას აღმოვაჩენთ მაშინდელ და დღევანდელ კულტურას შორის. როცა მათ ერთმანეთს ვადარებთ, თვალსაჩინო ხდება, რომ დღეს თითქმის აღარაფერი იქმნება ღირებული ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობაში, ხელოვნების ნებისმიერ სფეროში. უფრო მეტიც - მიმდინარეობს სულიერი დაკნინება და დეგრადაცია, იქმნება მდარე, დაბალი დონის ნაწარმოებები. ვინაიდან ვეღარაფერს ქმნიან ღირებულს, ახდენენ ძველის პაროდირებას. ზოგიერთი ხელოვანი იქამდეც კი მივიდა, რომ ჯოკონდას ულვაშები მიახატა და, თავისი აზრით, ახალი სიტყვა თქვა მხატვრობაში. ყოველივე ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ აპოსტასურ, ღვთისგან საყოველთაო განდგომის პერიოდში ვიმყოფებით.

- სამწუხაროა, რომ ტრადიციული, ეროვნული კულურის უცხო კულტურით ჩანაცვლების მოწმენი ვხდებით და ეს ზოგჯერ ჩვენი ხელშეწყობითაც ხდება. იქნებ გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესის დადებით და უარყოფით მხარეებზეც გვესაუბრა...

- დღევანდელი საქართველო, ჩემი აზრით, გაურკვეველ ვითარებაშია და ჯერ კიდევ ემოციებით ცხოვრობს. თუ ევროპას შევხედავთ, შეგვეძლება, მასში ისე დავინახოთ ჩვენი თავი, როგორც სარკეში, რომელშიც ჩვენი მომავალი აირეკლება.

გლობალიზაციის პრობლემა უძველესია. ამ პროცესს ყველა იმპერია აწარმოებდა მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში. ვთქვათ, როდესაც რომის ან ბიზანტიის იმპერია უცხო სახელმწიფოს დაიპყრობდა, ცდილობდა, ამ ქვეყნისთვის თავისი კულტურა მოეხვია თავს. დღევანდელი საქართველოს კულტურაც ამ კულტურათა ნაზავია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ქართულ კულტურას იმპერიათა კულტურების ჭიდილში თავისი თვითმყოფადობა ყოველთვის შენარჩუნებული ჰქონდა და ასე მოვიდა დღემდე, თუმცა, ჩემი აზრით, დღესაც იგივე მეორდება.

ამას წინათ გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა მის მშობლიურ გუდამყარში. როცა ამ ზეიმის ამსახველ ფოლკლორულ საღამოს ტელევიზიით თვალს ვადევნებდი, თვალში მომხვდა, რომ ავტომანქანებიდან დაწყებული, იქ არაფერი იყო ქართული: ქართულ ცეკვას ჯინსებით ასრულებდნენ ბენდენებიანი ახალგაზრდები, უკრავდნენ მელოდიას და ამ დროს ნახევარზე მეტი ინსტრუმენტი: ბას-ჩონგური, ტამტამი, რიტმ-სექცია - ევროპული, უფრო სწორად, აფროამერიკული უფრო იყო, ვიდრე ქართული. აღარაფერს ვამბობ სცენასა და მიკროფონზე. მაგრამ, რაც მთავარია, მელოდია იყო ქართული. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ძირითადი ღერძი შევინარჩუნეთ, უცხოური ელემენტების გამოყენებამ შეიძლება უფრო მეტად გაამდიდროს და გაამრავალფეროვნოს ჩვენი კულტურა, ხოლო თუ უცხოურში თავდავიწყებით გადავეშვით საკუთარის უარყოფის ხარჯზე, მაშინ სუროგატები გავხდებით, სუროგატული ხელოვნება კი ვერასდროს დაიპყრობს ხალხთა გულებს.

ალბათ, იმ დროს, როდესაც თეატრი, ბალეტი თუ ოპერა ის-ის იყო იკიდებდა ფეხს საქართველოში, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და მას ქართულ ბალეტად ან ქართულ თეტრად მოიხსენიებდნენ. ისევე როგორც ქართული თეატრი, ქართული კინო დღეს გამორჩეულია მსოფლიოში თავისი განუმეორებელი კოლორიტითა და თვითმყოფადობით.

რაც შეეხება გლობალიზაციის მანკიერ მხარეს: დღეს შეიმჩნევა მსოფლიოს გაერთფეროვნების ტენდენცია. არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, წაიშალოს განსხვავება ერებს შორის. ამგვარი დამოკიდებულება პატარა ერების მიმართ ჯერ პოლიტიკაში იჩენს თავს, შემდეგ - კულტურაში. დღეს სამყაროში ანგლო-ამერიკული, ანგლოსაქსური კულტურის დიქტატია, არის მცდელობა ინგლისურის საერთაშორისო ენად აღიარებისა. ამგვარი დიქტატი, რა თქმა უნდა, მიუღებელია.

როგორ უნდა მოიქცეს მოძღვარი ასეთ ვითარებაში?

ანტონ სუროჟელის სწავლებით, მოძღვრის საქმე არ არის, მასთან მისულ მრევლს რეცეპტი გამოუწეროს და უჩვენოს, როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, რადგან ერთ სიტუაციას მეორე მოჰყვება, მეორეს - მესამე, მეოთხე და ასე დაუსრულებლად. ამიტომ, მრევლი რომ მოძღვარზე მიჯაჭვული და ზომბირებული არ გახდეს, მისი მოვალეობაა, ასწავლოს მას ღვთის ხმის გაგონება - ამის შემდეგ მრევლი თვითონვე გაარჩევს სწორს არასწორისგან. ასეთივე ვალდებულება უნდა აიღოს თავისი ხალხის წინაშე საზოგადოების იმ ნაწილმაც, რომელიც კულტურულ ფასეულობებს ქმნის და სხვისთვის მისაბაძი ხდება.

იგივე უნდა მოხდეს ქრისტიანობაშიც. თუ ჩვენმა ეკლესიამ არ დაკარგა ის მიმართულება, რომელსაც გვისახავს მემკვიდრეობით მიღებული, უცვლელი ღირებულებები, თუ არ მოხდა აღრევა იმაში, რასაც გარედან გვახვევენ თავს, თუ დავრჩით ჭეშმარიტ ქრისტიანებად და არ ვიქეცით ფარისევლებად, რომელთაც ყოველთვის გარეგნული მხარე იზიდავთ, არ გავხდით ორთოფრაქციები და შევინარჩუნეთ ჩვენი ორთოდოქსობა, რომელიც უფლის სწორად განდიდებას ნიშავს, მაშინ ქრისტიანულ კულტურასაც შევინარჩუნებთ და აღარც უცხო კულტურების შემოტევისა შეგვეშინდება.

- საინტერესო საუბარი გამოვიდა, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ. დასასრულ კი გთხოვთ, უპასუხოთ რესპონდენტთა შეკითხვებს.

- თუ არ ვცდები, ორი შეკითხვა შემოვიდა. პირველი მიტევებას ეხება. ალბათ ყველამ იცის მაცხოვრის სახარებისეული სიტყვები: რამდენადაც მიუტევებთ სხვას, იმდენადვე მოგეტევებათ. ადამიანი, რომელსაც სწამს უფალი და გაიაზრებს, რომ მისი მომავალი ცხოვრება მიტევების ხარისხის ადეკვატური იქნება, უდიდესი შიშითა და პასუხისმგებლობით მოეკიდება მაცხოვრის ამ შეგონებას. ამავე შეკითხვაში რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მან მთელი გულით მიუტევა ადამიანს, მაგრამ რადგან ძველი ურთიერთობა ვეღარ აღუდგენია მასთან, ჩაითვლება თუ არა ეს მიტევებადო. რასაკვირველია, ჩაითვლება, რადგან ორი ადამიანის ურთიერთობა ნების თანხვედრაა. მთავარია, შეძლო საკუთარ თავზე მაღლა დადგომა და დაინახო ის ცვლილება, რაც შენში მოხდა, ანუ დღეს მაინც გამოასწორო, რის გამოსწორებაც გუშინ ვერ შეძელი.

მაცხოვრის ნებისმიერი შეგონება მოქმედებას საჭიროებს და ჩვენგან ვიღაცისკენ არის მიმართული: სიკეთის ქმნა, მოწყალების გაცემა, გაჭირვებულთათვის დახმარების აღმოჩენა, თანადგომა... მიტევებას იმხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისთვის, რომ ვისაც მივუტევებთ, შეიძლება, მხოლოდ ერთი პროცენტი იყოს მისთვის, - დანარჩენი 99 პროცენტი კი ჩვენს სასიკეთოდ და სასარგებლოდ. მაგრამ კარგი იქნება, თუ არ ვიფიქრებთ ამაზე, რათა ანგარებით სიკეთის ქმნას გადავეჩვიოთ. ნათქვამია, სულიერად დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანი სიკეთეს ჯოჯოხეთის შიშით აკეთებს, შედარებით მაღალ საფეხურზე მდგომი - სასუფევლის ჯილდოსათვის, ხოლო მაღალ საფეხურზე მდგომი იმისთვის, რომ სიკეთით უფალს მიემსგავსოსო.

მეორე რესპონდენტს აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, სიკვდილის შემდეგ შეწყდეს ადამიანის სულიერი ზრდა.

მართლმადიდებლური სწავლება თავისი არსით ყველა რელიგიისგან განსხვავდება. მისი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მომავალ ცხოვრებაზე ვერც ერთ რელიგიაში ვერ ვიპოვით ისეთ მკაფიო განმარტებას, როგორიც ეს ჩვენს რელგიაშია. მაგალითად, ისლამში მთავარია სამოთხეში დამკვიდრება განცხრომა-სიამოვნებისთვის. მართლმადიდებლური სწავლებით, სამოთხე იყო ქმნილება ღვთისა დედამიწაზე, რომელიც მან ადამიანებს შეუქმნა და რომელიც დღეს აღარ არსებობს. ცათა სასუფეველში ადამიანის ბუნება მარადჟამს განიღმრთობა იმდენად, რამდენადაც ჩვენ ამ ცხოვრებაში მოვახერხებთ ღვთის მადლის მიღებას და ჩვენს თავში მის ამოქმედებას. ამიტომ რამდენადაც თავად ღმერთია დაუშრეტელი წყარო ნეტარებისა, ჩვენი სულიერი ზრდაც მარადჟამიერი და დაუსრულებელი იქნება.

შეკითხვაში გამახვილებულია ყურადღება იმაზეც, რომ სტაგნაციის შემთხვევაში ადამიანი, როგორც ხატება ღვთისა, შემოქმედების გარეშე ვერ გაძლებს. შემოქმედება არ არის ადამიანში სრული ხატება ღვთისა, რადგან მხოლოდ შემოქმედება არ არის ღვთის ნება. ღმერთმა სამყარო აუცილებლობით კი არ შექმნა, - ანუ იმიტომ კი არა, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, - არამედ თავისი წყალობით. ვინაიდან ადამიანი მისი ბუნების ნაწილისგან შეიქმნა, ამიტომ, ბუნებრივია, იგიც შემოქმედი არსებაა, მაგრამ მისი შემოქმედება ნაწილობრივ ნოსტალგიაა დაკარგული ღმერთისა.

თანამედროვე თეოლოგთა განმარტებით, კულტურა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, არის ერთგვარი სათვალე ან ყავარჯენი ხეიბართათვის, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ არ არის ერთადერთი და შეუცვლელი რამ, ანუ თუ სასუფეველში მოვხვდით, ყავარჯენი აღარ დაგვჭირდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler