რატომ არის ღია აღსავლის კარი ბრწყინვალე შვიდეულში და ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამოთხის კარიც ღიაა?
რატომ არის ღია აღსავლის კარი ბრწყინვალე შვიდეულში და ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამოთხის კარიც ღიაა?
აღსავლის კარის გახსნა და დახურვა მანიშნებელია იმისა, რაც ზეცაში ხდება. საკურთხეველი სასუფეველს განასახიერებს.
ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის წინაშე დაიხშო სასუფევლის კარი. ქრისტეს ჯვარცმით კი გაიღო სასუფეველი ყოველი მორწმუნისათვის.
ქრისტემ თავისი ხორცითა და სისხლით კაცობრიობას გზა გაუხსნა. "სწორედ ამ გზით განწმენდილნი ვართ ჩვენ, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით" (ებრ. 10,10).

გავრცელებულია ასეთი მცდარი აზრი, რომ რადგან აღსავლის კარი ღიაა, ამიტომ სამოთხის კარიც ღიაა და ვინც გარდაიცვლება ბრწყინვლე შვიდეულში, ის აუცილებლად მოხვდება სამოთხეში. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?


მამა საბა (ბიკაშვილი):

– თუ ჩვენ საეკლესიო მსახურების ტიპიკონსა და მის მნიშვნელობას ავიღებთ, რა თქმა უნდა‚ იქ ნებისმიერ ქმედებას, როგორც მღვდლის, ასევე დიაკვნის, აღსავლის კარის გაღებას, დაკეტვას, მცირე შესვლას, ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს. ის, რომ აღსავლის კარი ღიაა‚ მიანიშნებს იმაზე, რომ სამოთხის კარიც ღიაა – მაგრამ ამას პირდაპირი გაგებით ვერ მივიღებთ. ვერ ვიტყვით, რომ რადგან აღსავლის კარი ღიაა, ამიტომ სამოთხის კარიც ღიაა და ადამიანს შეუძლია შიგნით შესვლა. სამოთხის კარი არათუ ერთი დღით, რამდენიმე კვირის, ან წელიწადის რომელიმე დროს არის ღია, არამედ ყოველთვის ღიაა, ისევე‚ როგორც ჯოჯოხეთის, რომლის კარი უფრო ფართოა. ამიტომ, გარეგნული შეფასებების მიღმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას გააზრება სჭირდება და არა პირდაპირ გაგება. მაცხოვარი ამბობს: სამოთხე ხილულად არა მოვა, ის თქვენს გულებშია, ისევე‚ როგორც ჯოჯოხეთი. თუ ჩვენი ცხოვრებით ვამტკიცებთ, რომ ცხოვრების წესით, სურვილებით, მიდრეკილებებით მზად ვართ სამოთხისთვის, ეს განაპირობებს კიდეც მასში შესვლას. ანუ, სამოთხის კარის დაკეტვა-არდაკეტვას მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პირადი ცხოვრება განაპირობებს. თუ არ გინდა სამოთხე, მაშინ თავისთავად შენთვის მისი კარი ღია არ იქნება. სამაგიეროდ‚ გაიღება მეორე, ჯოჯოხეთის კარი. დოგმატურ ცდომილებაში რომ შევიდეთ, უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანის სამოთხეში ან ჯოჯოხეთში შესვლას ღმერთი კი არ განაპირობებს, არამედ თავად ადამიანი საკუთარი პირადი ცხოვრებით. სხვა ყველა რელიგია ადამიანს არ ასწავლის იმას, რომ ცხონება-არცხონება, გადარჩენა-არგადარჩენა შენზეა დამოკიდებული, როგორც ამას მართლმადიდებლობა ასწავლის. სხვა რელიგიებში პირიქითაა: რომ ადამიანზე არაფერია დამოკიდებული, ყველაფერი უზენაესის ნებაა და ის მოხდება, რაც მას უნდა.

წყარო: Tbiliselebi.ge
ბეჭდვა
1კ1