აზერბაიჯანელები ქართულ ცეკვას ასრულებენ და ამბობენ, ჩვენიაო...
აზერბაიჯანელები ქართულ ცეკვას ასრულებენ და ამბობენ, ჩვენიაო...
მუსულმანურმა სამყარომ რომ გაიგოს, ქართული ცეკვები მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ქალის კულტთან არის დაკავშირებული, დარწმუნებული ვარ, აღარ იცეკვებენ.
-თავის დროზე, როცა ერთ­ერთ მასშტაბურ ღონისძიებაზე ,,დაისი'' სომხურ საქორწინო ცეკვად ,,შეასაღეს'' ამას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა და არაერთი ოფიციალური თუ არაოფიციალური წერილი გაიგზავნა მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებაში... თუმცა, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მსგავსი ტენდენცია კავკასიის სხვადასხვა ხალხებშიც გავრცელდებოდა და ნელ­ნელა მასშტაბურ სახეს მიიღებდა. ქორეოგრაფიული კრიმინალი ,-ასე უწოდებს ამ პლაგიატიზმს დამსახურებლი არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი დავით ფოცხიშვილი. მისივე თქმით, აფხაზეთი, სამაჩაბლო წაგვართვეს, ახლა კი ჩვენი კულტურაც მიაყოლეს დესერტად. პლაგიატიზმის საკითხი ამოუწურავია... ადრეც გამუდმებით მესმოდა, როგორ იცეკვეს რუსებმა, ჩეჩნებმა... ქართული ცეკვა, თუმცა მსგავსი რამ იმდენად იშვიათად ხდებოდა, არც ვაქცევდი დიდ ყურადღებას. მოგვიანებით კი ქორეოგრაფიულმა კრიმინალმა მასშტაბური სახე მიიღო. კავკასიაში ბევრი ერია და ყველას აცვია ჩოხა, მაგრამ ფოლკლორს ასე ვერ დაიმტკიცებ. უცებ დაარტყა ბეჭედი და თქვა, რომ ეს შენია.

ჩემი ყურადღება მიიქცია აზერბაიჯანელების ვითომ ეროვნულმა ცეკვამ. ქართულ ცეკვას ასრულებენ და ამბობენ, ჩვენიაო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მათი ჩოხაც კი სხვანაირია - მუხლსზემოთ... (ინტერნეტში დევს ეს ვიდეოები, ასეთ უსინდისობას პირველად ვხვდები). - რატომ, არცთუ შორეულ წარსულში შევიტყვეთ, რომ ,,დაისი სომხურია''? - რასისტი არ ვარ, მაგრამ როცა ცეკვავ, ნება იბოძე და თქვი - ეს არის ქართული! რა არის ამაში სამარცხვინო? ასეთი ტენდენცია წამოვიდა, აღარც გვეკითხებიან, ისე ცეკვავენ აჭარულს, ხორუმს... და თავისად ასაღებენ, რაზეც ძალიან მტკივა გული. ქართული ცეკვა ძეგლია, რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა, ,,დაისი'' კი ჩვენი სავიზიტო ბარათია. ამ დროს, გამოდიან "კოდაკის" თეატრში, ვარსკვლავთა ხეივანში და ,,დაისს'', ცეკვავენ როგორც სომხურ საქორწინო ცეკვას. ეს კრიმინალზე უარესია! შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ისე ჩანს, ყველა თავისთვის მუშაობს.... მომწონს კულტურის მინისტრი, კარგი გუნდიც ჰყავს და მივესალმები მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას, მაგრამ ეს საკითხი მისახედია.

საქართველოშივე უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ცეკვა ძეგლია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.... სხვათა შორის, ბევრი ერი არც კი არსებობდა, ამერიკაც არ იყო აღმოჩენილი, როცა სვანური ფერხული და მხრებზე დგომა გვქონდა. ახლა კი ყველა იყენებს ამ ელემენტს. იცით, რატომ? რომ მოიპარეს, არანაირი რეაგირება არ მოჰყვა! ამიტომაა საჭირო, დაიწეროს კრიტიკული წერილი, ქვეყნების სამინისტროებმა კი განიხილონ.

- რას აკეთებს ამ დროს ქორეოგრაფთა კავშირი?

- ქორეოგრაფთა კავშირი ბევრს აკეთებს, მაგრამ არანაირი თანადგომა არ აქვთ სახელმწიფოსგან. მგლებივით ვართ. თუ კარგ ნადავლს მოვიპოვებთ, მთელი ერი მოვა და ,,შეჭამს'', თუ არა კონცერტზეც არ მიგვიწვევენ... რაც ჩვენ თავს ხდება, ორლარიანი ქორეოგრაფების ,,დამსახურებაა'', რომლებიც დადიან კავკასიაში და ქართულ ცეკვას ასწავლიან. "აფხაზეთი, სამაჩაბლო წაგვართვეს, ახლა კი ჩვენი კულტურაც მიაყოლეს დესერტად" ... არ შეიძლება, ერის საიდუმლო გათქვა. ხეზე ცოცვა არავის უნდა ასწავლო. თუ ქართულ ცეკვას ასწავლი, მოითხოვე, სადაც კი შესრულდება, გამოაცხადონ, რომ ქართულია. ბევრმა დღემდე ვერ გაიგო ნაციონალური ბალეტის არსი. ეს საკუთრებაში არ გადადის! რა მნიშვნელობა აქვს, ფოცხიშვილი იქნება თუ სხვა გვარის?! დღეს კი ეს ,,ჯადოსნური'' სკივრი ღიაა და ვისაც მოესურვება, ყველაფერი მიაქვს. სად გინახავთ აზერბაიჯანელი, ტრიალით ეცემოდა მუხლზე და ქალს უჩოქებდა ან ცერზე ცეკვავდა?! უნდა ავუხსნათ, რომ ქართული ცეკვები სათავეს იღებს ჩვენი სარწმუნოებიდან, ჩვენი ყოფიდან, ქალის კულტიდან, ადათ­წესებიდან... ჩემია და შენ რა უფლება გაქვს, მპარავ? ამათ პირდაპირ გამზადებული, ლანგრიდან წამოიღეს და რომ ნახეს, რეაქცია არაფერზე

გვქონდა, თავისად გაასაღეს. ეს მხოლოდ მე კი არა, ყველას აღიზიანებს. ალბათ აჯობებს, ჩვენი არქივები ვაჩვენოთ ამ ხალხს და დავუმტკიცოთ, რომ მაგალითად, ფარიკაობა წმინდა ქართული ცეკვაა და მისი წაღების უფლება არავის აქვს.

შიდა ,,ქორეოგრაფიულ კრიმინალზე'' მინდა გავამახვილო ყურადღება. ესეც მტკივნეული საკითხია... როგორ შეიძლება, მე თქვენი იდეით ვცხოვრობდე, თქვენ კი ჩემი ოცნებებით... მე ხომ ჩემი შეხედულება მაქვს, როგორ იშლება ყვავილი და ეს უნდა ავხსნა პლასტიკაში... აქედან ამოგლიჯა, წაიღო, იქიდან ამოგლიჯა, წაიღო და ,,შექმნა'', ასე არ გამოვა, ამ ყველაფერს ხომ ავტორი ჰყავს?! სხვათა შორის, მახსოვს, ადრე მამაჩემის ლანძღვით იწყებოდა ქორეოგრაფთა კრება. ვუხსნიდით, მაგრამ ვერ ვაგებინებდით, პლიე, ატიტუდი რატომ უნდა გაეკეთებინა მოცეკვავეს. ზურგსუკან ცუდი საუბარი იყო და გადავიტანეთ ეს ყველაფერი. მაშინ ბევრი რამ მოკლებული იყო განვითარების საფეხურებს, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალები იყვნენ... საჭიროა, ისტორიული ფაქტები ვასწავლოთ ახალ თაობებს, რათა ვიღაცამ ერთ არამშვენიერ დღეს რომ თქვას - ,,ყაზბეგური'' სევანიდან იღებს სათავესო, შეეკამათოს და დაუმტკიცოს, რომ ასე არ არის. ქორეოგრაფებს სულ გვაქვს პოლემიკა, შურიანი კი არა, ჯანსაღი... პლაგიატიზმს რაც შეეხება, ეს არა მხოლოდ ბავშვთა ანსამბლებში ხდება...

დიდი ანსამბლის ქორეოგრაფმა შეიძლება თვითმოქმედ ანსამბლში დაინახოს პატარა მარგალიტი და თავისთან გადაიტანოს. უსახელო ანსამბლის ქორეოგრაფი კი მასთან ვერაფერს გახდება და ვერც რამეს დაუმტკიცებს, რადგან იმას სახელმწიფო აფინანსებს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სახელმწიფო ანსამბლების ქორეოგრაფები არ მომწონს, უბრალოდ, საჭიროა ასპარეზი სხვებსაც ჰქონდეთ. არ შეიძლება, მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ადამიანი ედგეს სათავეში. მერე რა, რომ ანსამბლი შევქმენი, წლების მერე ასპარეზი სხვას უნდა დავუთმო. ყველა ქორეოგრაფს უნდა თავისი იდეის განხორციელება. რატომ უნდა ვცეკვავდეთ უკვე დადგმულ ცეკვებს? გაუგებარია... მიეცი საშუალება, იქნებ გენიოსი მოდის. წინ ზღვაა, გამზადებულები ვდგავართ, ცურვა გვინდა, მაგრამ სამი კაცი ბანაობს მხოლოდ. ახალგაზრდებს არ აძლევენ უფლებას, გაცურონ ამ ზღვაში... ვურჩევ, ასპარეზი სხვებსაც დაუთმონ. ამას მტრულად არ ვამბობ. ქორეოგრაფიო, რომ ვამბობ, ესეც დანაშაულია, მსოფლიოში სულ სამი­ოთხი ქორეოგრაფი არსებობს. საქართველოში ეშლებათ, 99 პროცენტი მხოლოდ ცეკვის მასწავლებლები არიან და არა ქორეოგრაფები ...

ქორეოგრაფია მარტო ,,აჭარული'' არ არის და ამაში ვერავინ შემედავება... მოძრაობაზე არ ვსაუბრობ, სიუჟეტზე, დრამატურგიაზე ვაკეთებ აქცენტს.
ჩემს თავს ნამდვილად ვუწოდებ ჯერ პედაგოგს და ქორეოგრაფიაშიც რაღაც მაქვს გაკეთებული... არიან ქართული ცეკვის ქორეოგრაფები, ბევრს პატივს ვცემ, მაგრამ არიან ცეკვის ისეთი მასწავლებლები, ბევრი ქორეოგრაფი ვერ დაუდგება. ქართული ცეკვა მაინც დაუფასებელია... იმდენი საბავშვო ანსამბლია, ერთ დღეს ყველა რომ გაიფიცოს, იმაზე მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე ,,ვარდების რევოლუციისას'', მაგრამ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქართული ცეკვის, როგორც ძეგლის დაცვაზე. თურქეთი, აზერბაიჯანი, დაღესტანი, მთელი კავკასია ჩვენ ცეკვებს ცეკვავს, ყველა კულტურის დატაცებაზეა გადასული... სომხებს, აზერბაიჯანელებს ჩვენნაირი ქამარ­ხანჯალი უკეთიათ და რომ ჰკითხოთ, ვერც გიპასუხებენ, რატომ აქვს ქამარს ასეთი წყობა. ვიმეორებ , მუსულმანურმა სამყარომ რომ გაიგოს, ქართული ცეკვები დაკავშირებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ქალის კულტთან დარწმუნებული ვარ, აღარ იცეკვებენ. თუ ასე გაგრძელდა, მალე აქეთ გვექნება დასამტკიცებელი, რომ ეს ცეკვები ჩვენია. გაუგებარია, როდემდე უნდა ვუმტკიცოთ მსოფლიოს ჩვენი საკუთრება!
ბეჭდვა
1კ1