სწორედ ქრისტემ გაათავისუფლა კაცობრიობა სატანის ხელმწიფებისგან
სწორედ ქრისტემ გაათავისუფლა კაცობრიობა სატანის ხელმწიფებისგან
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
დაცემის მერე ადამისა და ევას მიმართ მიცემული პირველი აღთქმა მესია - ქრისტეზე

განვაგრძე საუბარი:

- სამოთხეში ადამისა და ევას მიერ მცნების დარღვევის მერე უფალმა ღმერთმა მაშინვე უთხრა გველს, ე.ი. სატანას: "და მტერობაი დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა. იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა" (შესაქმე 3.15).

ამგვარად იყო, არის და იქნება მტრობა ღვთის შვილებსა და სატანის მსახურებს შორის. თესლი დედაკაცისა ანუ ქრისტე - მესიაა, იგი იშვება დედაკაცისგან - ყოვლადუბიწო ქალწული მარიამისგან და არა მამაკაცის თესლისაგან.

წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა მოწმობს: "და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაისა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაი მის მარიამ. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ხოლო მან რაი იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაი ესე და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თვისისაი. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის" (ლუკა 1.26-35).

თუ ხვდები ახლა, რომ სწორედ ქრისტემ გაათავისუფლა კაცობრიობა სატანის ხელმწიფებისგან? იოანესაგან სახარებაში იესო გაგვიმხელს ამას, როცა ამბობს: "აწ არს სასჯელი ამის სოფლისაი, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაი განვარდეს გარე. და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა" (იოანე 12.31-32).

- დიახ, - თქვა სამუელმა, - რაოდენ უმეცრების სიბნელეში სხედან რაბინები და პირველ რიგში ჩვენი მოძღვრები და მასწავლებლები, რომლებიც დაცინვითა და აგდებით საუბრობენ ქრისტესა და ქრისტიანებზე, როგორც ცდომილებაში მყოფ ხალხზე. ცხადია, რომ მათ სულიწმინდის გარეშე შეისწავლეს წმინდა წერილი, არ ულოციათ მამისადმი, რათა განეცხადებინა მათთვის ჭეშმარიტება და გაჰყოლოდნენ მას.

წინასწარმეტყველი მალაქია იოანე წინამორბედსა და უფლის იესუ ქრისტეს ნათლისმცემელზე
- წმინდა წერილში არის მალაქიას წინასწარმეტყველება ქრისტეს წინამორბედზე, იოანე წინასწარმეტყველზე. სამუელ, გადაშალე წიგნი და წაიკითხე მე-3 თავი.

- "აჰა, გამოვავლინო ანგელოზი ჩემი და მოიხილოს გზაი პირისა ჩემისაი. და მეყსა შინა მოვიდეს ტაძრად თვისსა უფალი, რომელსა თქუენ ეძიებთ და ანგელოზი აღთქმისაი, რომელი თქუენ გნებავსყე. აჰა, მოვალს, - იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი" (მალაქია 3.35).

- ხოლო მე-4 თავის V-VI მუხლებში ნათქვამია: "და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაისა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის".

- ისააკ, - მკითხა სამუელმა, - როგორ შეიძლება გავაიგივოთ ილია წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელთან?

- ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამაზე თქვა თვითონ ქრისტემ.

- სად წერია? - იკითხა სამუელმა.

- სახარებაში. მათესთან ვკითხულობთ: "რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინასწარმეტყუელებდეს. და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! (მათე 11.13-15).

მარკოზი კი შემდეგს მოწმობს: "და ჰკითხვიდეს მას (ქრისტეს) და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყვიან მწიგნობარნი: ელიაისი ჯერ-არს პირველად მოსლვა. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათვის, რაითა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. არამედ გეტყვი თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთვის" (9.11-13).

წმინდა მოციქული პავლე კი შემდეგს მოგვითხრობს: "ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღვინოი და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაილისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაისითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაითა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული" (1.13-17).

ასევე წინასწარმეტყველი ესაია მოწმობს ქრისტეზე 40.3-5 მუხლებში. აი, მისმინე: "ხმაი მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაი, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი. ყოველი ხევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად. და გამოჩნდეს დიდება უფლისაი და იხილოს ყოველმან ხორცმან მაცხოვარება ღმრთისაი, რამეთუ უფალი იტყოდა".

ხოლო მოციქულნი და მახარებელნი ამტკიცებენ წინასწარმეტყველებას იოანე ნათლისმცემელზე.

- რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთაებრივი განგებულებისა, ყოველივე ამას რომ განუცხადებს თავის რჩეულთ, - თქვა სამუელმა.

- წმინდა წერილი ასევე მოწმობს ქრისტეზე, როგორც შემდეგ ღირსებათა და წოდებათა მატარებელზე: პირველი იგია წინასწარმეტყველი, მეორე - მოძღვარი; მესამე - მაცხოვარი, შემდეგ კი მღვდელმთავარი, მწყემსი, მეფე და მსაჯული.

დიდებული მოსე "მეორე სჯულთაში" ბრძანებს:

1) "რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაი, ვითარცა-ესე მე მისი" (18.15).

2) იმავე თავის მე-18 მუხლში წერია: "წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თვისთა, ვითარცა-ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა".

ახალ აღთქმაში იესო ქრისტე გვიდასტურებს: "რამეთუ მე თავით თვისით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან მომცა მე მცნებაი, რაი ვთქუა და რასა ვიტყოდი" (12.49).

3) წინასწარმეტყველი ზაქარია საუბრობს მესიაზე, როგორც მეფესა და მაცხოვარზე: "იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ ასული იერუსალეიმისაი. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა" (9.9).

ახალ აღთქმაში მოციქული პავლე ამბობს: "იესუ ქრისტე მოვიდა სოფელში ცოდვილთა საცხოვნებლად".

4) მეფე დავითი 109-ე ფსალმუნში ბრძანებს: "ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (109:4).

რასაც ადასტურებს მოციქული პავლეც: "და ექმნა ყოველთა მორჩილთა მისთა მიზეზ ცხორებისა საუკუნოისა; და სახელ-ედვა ღმრთისა მიერ მღდელთმოძღუარ წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (ებრ. 5.10).

5) წმინდა წინასწარმეტყველი იერემია ამბობს: "ესერა, დღენი მოვლენ, - იტყვის უფალი, - და აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი, და მეფობდეს მეფე მართალი და გულისხმა-ყოს და ქმნას განკითხვა და სიმართლე ქუეყანასა ზედა" (23:5).

ახლა კი, რაბი სამუელ, მე შენ სხვა წინასწარმეტყველებებს გაგაცნობ, რომლებიც, როგორც მოწმობს ისტორია, ქრისტეზე ასრულდა.

იუდაზე - ქრისტეს გამცემზე, მის თორმეტ მოწაფეთაგანზე, მეფე დავითი 108-ე ფსალმუნში ამბობს: "იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ" (108:8). ამასვე გვიდასტურებს მახარებელი მათეც! მისმინე: "მაშინ, ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი... და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა" (27:3-5). მოციქული ლუკა კი "მოციქულთა საქმეში" წერს: "და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა (იყო რიცხვი ერისაი მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაისწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაისთვის, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუისთა, რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაი ამის. ამან მოიგო დაბაი იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაითა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. და საცნაურ იქმნა ყოველთა მკვიდრთა იერუსალეიმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თვისითა სიტყვითა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაი სისხლისაი. რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნუ იყოფინ მკვიდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ" (1.15-20).

წმინდა წინასწარმეტყველი ზაქარია მე-11 თავის მე-12 მუხლში მოწმობს: "და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქვით. და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთვის და მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ" (11:12-13). ამას ადასტურებს წმინდა მახარებელი მათეც: "მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათდა ჰრქუა: რაი გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაითა მისცეს იგი მათ" (26:14-16). მასთანვე 27-ე თავის III-X მუხლებში ნათქვამია: "მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი... შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა... და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაი არს. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაი საფლავად უცხოთა. ამისთვის ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაი ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაი, რომელსა იტყვის: და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაი მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაელისათა, და მისცეს იგი აგარაკისათვის მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან".

არა მარტო ამის შესახებ გვაუწყებს სულიწმინდა, ასევე ქრისტე-მესიის მიერ ჯვარზე წარმოთქმული სიტყვები: "ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევე მე?" (მათე 27.46) - ზუსტად იმეორებს მეფე დავითის 21-ე ფსალმუნს: "ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე?". ეს ფსალმუნი საოცარი სიზუსტით და სიღრმით აღწერს მესიის ჯვარზე ვნებას: "ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა. ესვიდა უფალსა და იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი... ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე და არა ვინ არს მწე ჩემდა... აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყვირალმან. ხოლო მე, ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა. განხმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამხადე მე. რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე, განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი".

მისმინე, თუ როგორ მოწმობს ამის შესახებ ცოცხალი მოწმე ამ მოვლენისა მახარებელი მათე: "და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქლამიდი იგი და შეჰმოსეს მას თვისივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაითა ჯუარს-აცუან... და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოი რაი იხილა, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი... ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: რომელი დაჰხსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იხსენ თავი თვისი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდამოხედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნა, თავი თვისი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფეი ისრაელისაი არს, გარდამოხედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იხსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაი ვარი მე" (27:31-43).

სულიწმინდა წინასწარმეტყველთა მიერ ასევე მოწმობს ქრისტეს ამაღლებასა და ქრისტეს მოწაფეების საქადაგებლად წასვლაზე. წმინდა წინასწარმეტყველი ზაქარია ამბობს: "და დადგენ ფერხნი მისნი მას დღესა შინა მთასა ზედა ზეთისხეთასა პირისპირ იერუსალეიმსა აღმოსავალით კერძო" (14:4). ამასვე ამბობს დავით წინასწარმეტყველი 67.19 ფსალმუნში: "აღჰხედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუეი და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რათა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყვნენ".

ამ სიტყვების ახსნას ვპოულობთ ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეში: "რომლისათვის იტყვის: აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა. ხოლო "აღსლვაი იგი" რაი-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთავიდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათაი, რომელი გარდამოხდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაითა აღავსნეს ყოველნი" (4:8-10).

ის, რაც წინასწარ უწყებულია წინასწარმეტყველებთან, ზუსტად ასრულდა ისტორიულადაც. წმინდა მოციქული მარკოზი ბრძანებს: "ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა" (16.19).

წმინდა ლუკა თავის სახარებაში გვაუწყებს: "და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხნა იგინი. და იყო კურთხევასა მას იესუისსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალეიმდ სიხარულითა დიდითა. და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ" (24:50-53).

იგივე მახარებელი ლუკა "სამოციქულოში" ამ მოვლენის საინტერესო დეტალებს გაგვაცნობს: "და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაი იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა. და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა, და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად. მაშინ მოიქცეს იერუსალეიმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქუან ზეთის ხილთაი, რომელ არს მახლობელ იერუსალეიმსა შაბათის გზა ოდენ" (1:9-12).
ბეჭდვა
1კ1