ბობოქრობს ბოროტი და ყველანაირად ცდილობს, კიდევ უფრო მეტი სული შეარყიოს
ბობოქრობს ბოროტი და ყველანაირად ცდილობს, კიდევ უფრო მეტი სული შეარყიოს
ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ბობოქრობს ბოროტი, მთელი ძალით ცდილობს რწმენა შეურყიოს მორწმუნე სულებს, ყველა საშუალებას იყენებს, თანაც სულ ახალ ხერხებს მიმართავს და სამწუხაროდ ბევრი ადამიანი გაება მის მახეში.

ბოლო დროს ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზებს: "რწმენა შემერყა", "დამაბრკოლა", "აღარაფრის მჯერა".  ვისი არ გვჯერა? მაცხოვრის? აბა ვისი გვჯერა?!

და თუკი მაცხოვრის გვჯერა, მაშინ ვინ დაგვაბრკოლა, ადამიანმა? თვალი გავახილოთ - ამ ყველაფერს ბოროტი ხლართავს და ხარობს ჩვენი დაბრკოლებით და ურწმუნოებით.

და ეხლა კიდევ ახალი ტალღა გორდება წინასააღდგომოდ მორწმუნეთა დასაბრკოლებლად: ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ შეიძლება აალდეს თეთრი ფოსფორი ასანთის გარეშე და როგორ ინთება თავისით სანთლები, როგორ ეკიდება ცეცხლი ქაღალდებს. და ამას იმის საჩვენებლად ავრცელებენ, რომ წმინდა ცეცხლი არ არსებობს და რომ თითქოს პატრიარქები ასეთი ხრიკებით ანთებენ სანთლებს კუვუკლიაში. ფოსფორის გარდა სხვა შესაძლო მაქინაციების აქტიური განხილვაც მიდის.

დიახ, თეთრი ფოსფორი მართლაც აალდება 30 გრადუს ტემპერატურაზე. მაგრამ ამით რისი თქმა გინდათ, უღმერთოებო? 20 საუკუნის განმავლობაში პატრიარქთა მთელი არმია ტყუილს ემსახურებოდა და ატყუებდა მილიონობით ადამიანს? თურმე ფოსფორში ამოვლებული სანთლებით შედიოდნენ კუვუკლიაში და იქიდან გაბრწყინებული სახით იმიტომ გამოდიოდნენ, რომ ადამიანები ტყუილში დაერწმუნებინათ? და ამდენი ხნის განმავლობაში ერთი წესიერი ადამიანიც არ გამოჩნდა, რომელიც ხალხს სიმართლეს ეტყოდა?

ნუთუ თავად მაინც გჯერათ ამ ზღაპრების, ათეისტებო?

ქრისტიანთა რწმენის საფუძველი არის არა სასწაულები, არამედ მადლი უფლისა, რომელიც დაუშრეტელ წყაროდ მოედინება და სიხარულით აღავსებს  მათ გულებს, ვისაც სჯერა. ეკლესია კი უბრალოდ ადამიანთა კრებული კი არა, ქრისტეს სხეულია. ვინც ეკლესიას ებრძვის, ის ქრისტეს ებრძვის! "ნუ გეშინიათ ქრისტიანებო, რამეთუ თქვენ გამარჯვებულ ომში ჩაებითო!" - ამბობდა წმ. ნიკოლოზ სერბი.

ბობოქრობს ბოროტი და ყველანაირად ცდილობს, კიდევ უფრო მეტი სული შეარყიოს, დააბნიოს, რწმენა შეუსუსტოს. წმინდა მამები ამბობდნენ, რომ თანდათან გართულდება და გაძნელდება ქრისტიანად ყოფნა, საცდურები იმატებს, ბევრი ქრისტიანი წამოეგება ბოროტის მახეს. ამ დროს ქრისტეს ერთგულ ადამიანთა ჯვარი ისეთივე იქნება, როგორიც იყო პირველ საუკუნეთა მოწამეებისო. ვინც ბოლომდე უერთგულებს ქრისტეს და რწმენას შეინარჩუნებს, მხოლოდ ის ცხონდებაო!

ფხიზლად ვიყოთ, მეგობრებო, გული გონიერი და სული წრფელი იყოს ჩვენ თანა! უფლისადმი სასოება არ დაგვეკარგოს.

აქვე გთავაზობთ ბლაგოვეშჩენსკის ეპისკოპოს გაბრიელის მონათხრობს ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებით:

– თქვენ დაინახეთ როგორ გადმოდის პასექის ცეცხლი?

– დიახ, ვნახე ორჯერ. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მთავარეპისკოპოსი ანტონი (ზავგოროდსკი). როდესაც დიდ შაბათს პატრიარქი გამოვიდა მადლმოსილი ცეცხლით, ჩვენ არ ავანთეთ მისგან, არამედ სწრაფად, მეუფე ანტონთან ერთად შევედით უფლის საფლავის სამლოცველოში. ერთი ბერძენი შემოვიდა სწრაფად, მეუფე და მე. ჩვენ დავინახეთ უფლის საფლავზე ცისფერი ცეცხლი, ჩვენ მას ხელით ვეხებოდით და ხელ-პირს ვიბანდით. ძალიან მცირე დროის განმავლობაში ცეცხლი არ წვავდა, შემდეგ ძალა შეიძინა და ჩვენ სანთლები ავანთეთ.

– ცეცხლი პირდაპირ ამ ქვაზე ანთია?

– ქვაზე. და ყველა კანდელი ანთია, მთელი ქვა ცეცხლითაა დაფარული... ეს უნდა ნახო! მეც, რომ არ დამენახა, დავეჭვდებოდი. მაგრამ მე თვითონ ვნახე: ცეცხლი ანთია და ჩვენ ხელ-პირს ვიბანთ ცეცხლით. მთლიანი ქვაა, მარმარილო – და მთლიანად ცეცხლითაა დაფარული. არც ჭვარტლია, არც არაფერი... უბრალოდ ცეცხლი ანთია და მეტი არაფერი.









ბეჭდვა
1კ1