პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა
პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა. პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარისას საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავამ აღნიშნა, გერმანიაში უწმინდესის გამგზავრება ისედაც დაგეგმილი იყო, თუმცა სამი დღის წინ "ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოვლენილმა ეპიზოდმა" გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა. არ არის გამორიცხული გერმანიაში პატრიარქს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.

"პატრიარქის თვითგრძნობა დამაკმაყოფილებელია. შეიძლება ითქვას კარგია. ექიმის ენით რომ ვთქვათ, მას ჩივილები არ აქვს, მაგრამ სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დეკემბერში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოიკვეთა ნაღველკენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის ანთება. მაშინ ყველაფერი სასიკეთოდ ჩათავდა, მაგრამ სამი დღის წინ იყო ხანმოკლე ტემპერატურული რეაქციის ეპიზოდი. მას თვითშეგრძნების მხრივ სხვა არაფერი ჰქონდა, მაგრამ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია შემდგომი გართულება, ამიტომ სპეციალისტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ გამოკვლევა, დაკვირვება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ", - განაცხადა ცისანა შარტავამ.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქის ბერლინში დაყოვნების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ჩარევა დასჭირდება უწმინდესს. სრულიად საქრათველოს კათოლიკოსს-პატრიარქს თან გაყვა ცისანა შარტავა და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი.
ბეჭდვა
1კ1