იმიტომ ხარ, რომ იმედი ხარ...
იმიტომ ხარ, რომ იმედი ხარ...
მე ზემო ფონიჭალაში ვცხოვრობ, თბილისის ჩვეულებრივ გარეუბანში, სადაც ჩვეულებრივად ერთნაირი კორპუსები დგას. შორიდან რომ შეხედავ, იტყვი, აქ ადამიანები ალბათ დილით გადიან სახლიდან, შუაღამისას შედიან და მეზობლებს არც კი იცნობენო...

მაგრამ ასე რომ არ არის? საღამოობით ამ ჩვეულებრივ კორპუსებს რომ მივუახლოვდები ხოლმე, ჩვეულებრივად ისმის ერთმანეთის მოსაკითხად გამოსული მეზობლების შეძახილ-შეხმიანება და... შვებით ამოვისუნთქავ - ღმერთმა ნუ ქნას, ერთმანეთი აღარ მოვიკითხოთ და მოხუცებულებს ამ ეზოებში წაფორხილება იმიტომაც შეგვეშინდეს, რომ ფეხზე არავინ წამოგვაყენებს...

თუმცა ჩემი მეზობლები (და ალბათ თქვენიც) ამ თემაზე საერთოდ არ ფიქრობენ. ესეც ღმერთმა ნუ ქნას - მაშინ აქ საქართველოც აღარ იქნება...

არც დილაუთენია კარს მომდგარი ადამიანის იმედი:

- რა იყო, ქალბატონო იამზე, ამ დილაუთენია რამე ხომ არ გიჭირთ?

- იქნება წნევა გამიზომო, რაღაც ვერ ვარ კარგად.

- სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო?

- რათა, აგერ არ ხარ?

ხარ, როგორ არ ხარ და იმიტომ ხარ, რომ იმედიც ხარ - თქვენს ბინებს შორის ჩადებული ერთი "ბერკასის" იქით რომ ეგულება - აიღებს ჯოხს, მოაკაკუნებს და შენც უკვე ელოდები წნევის აპარატით ხელში...

- ოდნავ მაღალი წნევა გაქვთ. ქალბატონო იამზე, წამალი ხომ არ მოგცეთ?

- არა უშავს, შინ დავლევ. რა ქენი, დაწერე, რაც გთხოვე?

- რა?

- რა და ჩვენს მზია ექიმზე რომ გთხოვე...

- რომელზე, ფეხზე რომ დაგაყენათ... მერამდენედ უნდა გითხრათ, ექიმმა სიკეთე ქნა და ეს რა დასაწერია?

- ეგრე გგონია, - მეკითხება ნაწყენი და დაშრეტილ თვალებს მარიდებს, - ვინც წაიკითხავს, ხომ აღარ იტყვის, - ცხოვრებაში არავის იმედი არ უნდა გქონდესო და მეორეც: შენ რომ დაწერ, ხალხი წაიკითხავს და სიკეთის კეთება აღარ დაეზარება. ასე არ არის?

- ასეა, კარგი დავწერ! - ვპირდები, ვინ იცის, მერამდენედ და მანამდე ვუცდი, სანამ მისი ბინის კარს ჯოხის კაკუნით არ მიკეტავს...

ისე, ვითომ რატომ არ დავწერო, ჩვენ ხომ სიკეთის იმედად ვცხოვრობთ, თუ არადა, რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას...

და... ვურეკავ...

- ქალბატონო მზია, მოდით რა, უნდა ვილაპარაკოთ... თქვენი პაციენტი, ჩემი კარის მეზობელი შემეხვეწა, თქვენს სიკეთეზე დავწერო. ინსულტმა ლოგინად ჩამაგდო. მეგონა, ვერასოდეს წამოვდგებოდი, მაგრამ მოვიდა ქალბატონი მზია, უფულოდ გამიკეთა მასაჟი და ფეხზე წამომაყენაო...

- აბა, რა უნდა მექნა? - უკვირს, - ბრმა ადამიანს ფულს როგორ გამოვართმევდი!

- უბანში ამბობენ, მზია რომ არ იყოს, ჩვენს ბავშვებს რა ეშველებოდათო...

- მე თუ არ ვიქნებოდი, სხვა იქნებოდა. გაჭირვებულ კაცს განგება არ წირავს. ოჯახში რომ შედიხარ და სკამი და მაგიდა არ დგას, იქ ბავშვის მასაჟის ფული ექნებათ? პატარას ხომ ვერ მიატოვებ. იცით, მეც რამდენმა ადამიანმა გამიკეთა სიკეთე? და დიდი ამბავია, ჩემს უბანში გაჭირვებულს უანგაროდ თუ მივეხმარები... ღვთის მადლით, ისეთიც ბევრია, ვისაც გადახდა შეუძლია...

- რა თქვით, სხვისი გაკეთებული სიკეთით დავდექი ფეხზეო?

- კი, მასე იყო. ახლა მცნობენ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. იმ რთულ წლებში ორი შვილით თითქმის ქუჩაში აღმოვჩნდი. ჩემი უფროსი გოგონა ჭადრაკს ბრწყინვალედ თამაშობდა და მწვრთნელის გასამრჯელოს გადახდის თავი კი არა, პურის ფული არ მქონდა... მაგრამ ჩემი შვილის მწვრთნელმა, ბატონმა ვაჟამ უანგაროდ გაიყვანა ნინო ევროპის პირველობაზე. არასოდეს დამავიწყდება, ერთხელ მითხრა, - მზია, ჩემს მეუღლეს მასაჟები სჭირდებაო... წავედი და გავუკეთე. ფულს, რომ მოვმკვდარიყავი, როგორ გამოვართმევდი! მოკლედ, შინ რომ მივედი და ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ფული ვნახე - ჩუმად ჩაედოთ... იმ ფულმა რამდენიმე დღის შიმშილისგან გვიხსნა... გულში მუდამ ვლოცავ ბატონ ვაჟას ოჯახს და ვინ იცის, კიდევ რამდენ მადლიანს...

- ქალბატონო მზია, ამბობენ, თუნდაც ორი ათეული წლის წინ საჭირო არ იყო მასაჟიო, ახლა კი თითქმის ყველა ბავშვს სჭირდება. რატომ?

- იმიტომ, რომ ადრე არც ამდენი სტრესი ჰქონდა ფეხმძიმე ქალს, რომელიც მერე უთუოდ აისახება ჩვილებზე. თან არც ისე დაუნდობლად ვექცეოდით ბავშვებს, როგორც ახლა...

მოამზადა
ეთერ ერაძემ
ბეჭდვა
1კ1