როგორ უნდა აღვნიშნოთ ახალი წელი
როგორ უნდა აღვნიშნოთ ახალი წელი
მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- საქართველოს ისტორიაში და ზოგადად, კაცობრიობის ყოფისთვის ახალ კალენდარულ წელს დიდი ყურადღება ეთმობა, ყველას გვიხარია, ყოველ ოჯახში საზეიმო განწყობილება იქმნება. ქრისტიანისთვის საეკლესიო წელი იწყება 1 (14 ) სექტემბერს და ვიცით, რომ ამ დღიდან იწყება საეკლესიო დღესასწაულთა ახალი ციკლი, ვმადლობთ უფალს განვლილი წლისთვის. ვინაიდან, ჩვენი შეგნება საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა, რიტუალური ცვლილებები შესაბამისობაში იყო ცხოვრების წესთან. წარმართული წესები გახდა ხალხური (და არა საეკლესიო), ამას ითვალისწინებს რა ეკლესია, ახალ კალენდარულ წელს ულოცავს მის მოქალაქეებს(ამ კალენდრით ცხოვრობს მთელი ერი). სხვა მნიშვნელობა, გარდა საზეიმო განწყოფილებისა 1 იანვარს არა აქვს. კითხვა რომ გაჩნდეს: რა მოხდა 1 იანვარს? გარდა წლის გამოცვლისა, არაფერი. ახალ წელს ძველი პერიოდის სხვადასხვა ტომები აღნიშნავდნენ ან გაზაფხულზე, ან შემოდგომას, როდესაც იწყებოდა ან მთავრდებოდა ყოფა- ცხოვრების აღმნიშვნელი ციკლი. მოიწეოდა ახალი მოსავალი, ახალი დოვლათი, ახალი ბარაქა და ადამიანებს უხაროდათ. წლის მოსავალი ამით ისაზღვრებოდა და წლიურ მოსავლის აღებას სიხარულით აღნიშნავდნენ. ჩვენ დეკემბრიდან- იანვრის თვეზე გადასვლას, მხოლოდ წლიური თარიღის მილოცვით აღვნიშნავთ. წმინდა ეფრემ ასური დაინტერესებული იყო ამ საკითხებით და ერთხელ დასვა სამსჯელო თემა: როდის გააჩინა უფალმა ქვეყანა? რომელ თვესა და რომელ დღეს? მან პასუხი, მოიპოვა წმინდა წერილში: უფალმა როდესაც შექმნა ადამი, დაამკვიდრა ედემის ბაღში, სადაც უამრავი ჯიშის ხილი იყო გაშენებული. წმინდა ეფრემი ისევ კითხულობს: ჩვენ ვიცით, სხვადასხვა პერიოდში მოიწევა განსხვავებული ჯიშის ხილები, რა დროს შექმნა უფალმა ედემში გაშენებული ხილი? იგი პასუხობს: სექტემბერი! სექტემბრის თვეში შეიქმნა ადამიანი და შეყვანილი იქნა სამოთხეში. აქედან შემორჩა ახალი სასწავლო წლის დაწყებაც ჩვენი ერის ცნობიერებაში, განა ჩვენი სკოლები სექტემბრიდან არ იწყებენ ახალ სასწავლო წელს? ჩვენი ერი ზეიმობს და ჩვენც შეგვიძლია მათი სიხარული გავიზიაროთ.
ბეჭდვა
1კ1