ახალი წელიწადი და ბოსლობა რაჭაში
ახალი წელიწადი და ბოსლობა რაჭაში
ახალი წლის მოსვლას გასულ საუკუნეებშიც საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ. 1890 წლის "ივერია" რაჭაში ახალი წლის ტრადიციას ამგვარად გადმოგვცემს:
-აი იწურება ძველი წელიწადი. უკანასკნელი დღე დაილია და დაბნელდა, რომ ხვალ ახალ-წელიწადად გათენდეს და გაბრწყინდეს. რაჭის დაბა სოფლებში, მკვიდრნი უჩვეულებრივო ფუსფუსს შეუდგნენ. დედაკაცები აცხობენ ბასილას, ხაჭაპურებს, ქადებს, ჰკაზმავენ სტოლს (სუფრას), ვაჟები სახლის კარზე აყუდებენ გალამაზებულ (გაკაფულ) რცხილას ტოტებს, ამზადებენ მარხილებს და ეხლა ყველა ეს ახალის წლის თადარიგია, ყველას ჰსურს, რომ პირი არ შეირცხვინოს მომავალის წლის წინაშე.
ქადებს ასე აცხობენ: ღორის ქონში ურევენ ფქვილს, მერე ამ შეზავებულ ფქვილს გათხელებულ ცომში სდებენ და აყალო მიწის კეცებზე აცხობენ ხაჭაპურს: ხაჭოს ურევენ კვერცხში, ცომში სდებენ და აცხობენ. აცხობენ აგრეთვე ნალის, ლურსმის და სხვა ამ გვარს პურებს. ბასილა კაცსა ჰგავს, თვალებში ნიგვზების ლებანი ურჭვია. სტოლს ჰკაზმავენ ბასილით, ხაჭაპურებით, ფრთხილის (თხილი) კუკურებით, ბჭყორით (ეკლის ფოთლები), დედოფლის-ხელით (წიფლის ღეროზედ ამოდის სოკოსავით, ხელის ტოლაა). ყველა ამას ამშვენებს ღორის თავი, შუბლზე ჯვარ-გამოყვანილი.

KARIBCHE

შეკაზმულ სტოლს არ ალაგებენ ერთ-კვირამდის. ალაგებისას-კი დედოფლის ხელსა და ფრთხილის კუკურს დასწვენ ხოლმე.
რცხილის გალამაზებული ხეც კარზედ აყუდია ნათელი-ღებამდის. სიმბოლური მნიშვნელობა ხისა არის შემდეგი: რამდენიც ხეზედ კუკურია, იმდენი წერი (ძნა) მოგვივიდეს ახალ წელსაო. ნათელიღების შემდეგ დასჭრიან ამ ხეს დასწვენ.
მარხილს წინა დღითვე ამზადებენ. ნაკოდ (დაპობილ) შეშას ზედ დაუდებენ, ამაზედ დააწყობენ ფრთხილის კუკურს, ბჭყორს და დედოფლის ხელს. დილით ვინც ადრე გაიღვიძებს, ადგება, ბასილას გაიტანს, მივა მარხილთან, ბჭყორს, ფრთხილის კუკურებს მოჰგლეჯს, ბასილაზე დააწყობს და უკანვე დაბრუნდება. შინ შემოსვლისას იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მოვიდა ახალი წელიწადი შეძენისა, მომგობისა; ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა; ბრავალს ამ დღეს დაესწარით ცოლით, შვილით". შემოვა თუ არა ბასილას სტოლზე დასდებს, მერე მობრუნდება და დიდსა და პატარას რიგზედ პირში აბაზიანს გამოავლებს. დიასახლისები-კი თავის ქმარ-შვილს ჩურჩხელებს დაურიგებენ ამ სიტყვებით: "ბრავალს ამ დღეს დეესწარ".
წირვის მოსმენის შემდეგ სუფრაზე დასხდებიან და მხიარულობენ. უცხო კაცს ამ დღეს სახლში არ შეიყვანენ. თუ ვინმე უცხო კაცი სტუმრად მივიდა, არ უნდა დაიძახოს, არამედ კარები დააბრახუნოს.
ახალი წლის ორის კვირის შემდეგ ბოსლობა იციან. ამ დღისთვის გამოაცხობენ ხაჭაპურს, ქადებს. მერე ბავშვები ამ პურებსა და კვერცხს გადაავლებენ ყველა საქონეელს და შემდეგ ერთი ბავშვთაგანი ამ კვრეცხს დამალავს ბოსელშივე. მერე პირჯვარს გადაიწერენ, ხაჭაპურებს გასტეხენ, ჩაილუკმებიან, თითო სტაქანს ღვინოს დალევენ და თანაც იტყვიან: "ღმერთო, საქონელი გაგვიმრავლე". საქონელს რქებზე ღორის ქონს წაუსმენ და შინ დაბრუნდებინა და მიმავალნი იძახიან: "ბოლელ, ბოსელ!" სახლს კარები დაკეტილი დახდებათ. შიგ დედაკაცია. გარედგან ეუბნებიან:

-კარა კირისა!
-კარი უღლისა! ხარებმა რა შემოთვალეს?
-უღლები დაამზადეთ, ჩვენ მზათა ვართო. კარი კირისა!
-ზროხებმა რა შემოთვალეს?
-სახბორე დაამზადეთ, ჩვენ მზათა ვართო. კარი კირისა.
-კარა უღლისა. ღორებმა რა შემოთვალეს?
-საგოჭე დაამზადეთ, ჩვენ მზათა ვართო. კარი კირისა!
-კარა უღლისა! ცხენებმა რა შემოთვალეს?
საკვიცე დაამზადეთ, ჩვენ მზათა ვართო!
კარები გაიღება. შევლენ. დედაკაცს ჯამში სიმინდის მოზელილი ქატო უჭირავს. აიღებს ამ გუნდას და კარების კედელს სტყორცნის ისე მაგრად, რომ წინწკლები გასცვივა. წინწკლები თუ ბავშვებს მოხვდა კარგიაო. შემდეგ სუფრაზე დასხდებიან. ჭამის წინად, ჩვეულებისამებრ, პატარძალი ყველას რიგზედ ხელებს დააბანინებს. გაზაფხულზე, ბოსლიდგან საქონლის გამოყვანის დროს, ბოსლის კარის დირეზედ ზემოხსენებულ დამალულ კვერცხს დასდებენ და მერე საქონელს გამოუშვებენ. თუ საქონელი ისე გამოვიდა, რომ კვერცხს ფეხი არ წამოჰკრა და არ გატეხა, იმ წელიწადს საქონელიც არ დაზიანდება, მთლიანად შერჩება პატრონს, პირიქით, თუ გასტეხეს, საქონელიც დაზიანდებაო.
ბეჭდვა
1კ1