პარიზის ქართველობა წმინდა თამარის სახელობის ტაძარში ერთიანდება
პარიზის ქართველობა წმინდა თამარის სახელობის ტაძარში ერთიანდება
საქართველოში სამოთხე თქვენ უნდა შექმნათ
უკვე წელიწადზე მეტია, რაც უწმინდესისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით, საფრანგეთში, პარიზში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ტაძარი გაიხსნა. სასიხარულოა, რომ ევროპაში არის პირველი ქართული ტაძარი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

მის წინამძღვრად კი ახლა უკვე არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) გამოარჩიეს. მამა ანტონს საქართველოში ყოფნის დროს დავუკავშირდით და საუბარი ვთხოვეთ.

- წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. ტკივილით მახსენდება აფხაზეთი... ბავშვობიდანვე მქონდა შინაგანი სურვილი ღმერთთან სიახლოვისა. აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ ჩვენი ოჯახი ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. მაშინ მერვე კლასში ვსწავლობდი. ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი ჩემს სახლთან ახლოს იყო და იქ დავიწყე სიარული. მერე სტიქაროსანიც გავხდი. ჩემი სულიერი მოძღვარი მამა ფრიდონ ასათიანი გახლდათ. მთელი ჩემი სულიერი ცხოვრება მას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარი დადიანების აშენებულია. ამ ტაძარში ინახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი. როცა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, მაშინ ბედნიერება მქონდა, მივახლებოდი ღვთისმშობლის კვართს. ჩემს სტიქაროსნობაში გამოაბრძანებდნენ ხოლმე ამ სიწმინდეს, რაც ძალიან მახარებდა. ჩემს ცხოვრებას ვუკავშირებ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მას ჩემს მეოხად ვთვლი.

ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. სამ თვეში კი მაშინდელმა სემინარიისა და აკადემიის რექტორმა, მეუფე აბრაამმა მე და ჩემი რამდენიმე კურსელი პატრიარქის სტიქაროსნად გვაკურთხა, სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესის გვერდით უნდა გვემსახურა. ჩემთვის ეს დიდი ბედნიერება გახლდათ. ყველანი ვცხოვრობდით აკადემიასთან არსებულ პანსიონში. პარალელურად მეუფე აბრაამის პირადი სტიქაროსნებიც ვიყავით. როცა მეუფე დადიოდა რეგიონებში, ვეხმარებოდით ხოლმე მსახურებაში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, ჩემმა მოძღვარმა სწავლის გაგრძელების კურთხევა მომცა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევის შემდეგ ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა. ჩემთან ერთად სწავლობდა ქართველი ხატმწერი ქეთევან ხაჟომია. ზაგორსკში სწავლის პერიოდი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ იქ ყოფნისას მივაკვლიეთ წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილს. გავიგეთ, რომ მუზეუმში, პანაღიაში (გულსაკიდი) ინახებოდა წმინდა ნაწილები. მე და ქეთევანმა მოვახერხეთ შესვლა წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის მონასტრის წინამძღვართან და ვთხოვეთ სიწმინდის გადმოცემა. წინამძღვარი დაგვთანხმდა. ქეთევანს დააწერინა წმინდა ქეთევანის დიდი ხატი, რომელშიც ჩააბრძანეს დედოფლის წმინდა ნაწილები. შემდეგ ხატი საქართველოში ჩამოაბრძანეს და სიონის ტაძარში დააბრძანეს. წმინდა ქეთევანის მეორე, პატარა ხატი, თავისი წმინდა ნაწილით კი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარს გადავეცი.

ზაგორსკის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ადგილობრივი კომისიის გადაწყვეტილებით, დავიცავი ხარისხი და მომენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის წოდება. ჩემი ცხოვრება შინაგანად ბერული ცხოვრების წესისკენ მიიწევდა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უწმინდესს ვთხოვე კურთხევა, წავსულიყავი ბეთანიაში და მოღვაწეობა მონასტერში გამეგრძელებინა. მაგრამ უწმინდესმა სულ სხვაგვარად შეცვალა ჩემი ცხოვრება და მაკურთხა, დავრჩენილიყავი სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტერში. სამ თვეში მორჩილის კაბა ჩამაცვეს, მერე ბერად აღმკვეცეს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ლექციებს ვკითხულობდი თბილისის სასულიერო სემინარიაში, ვასწავლიდი ავტოკეფალიური ეკლესიების ისტორიას. პარალელურად კატეხიზმოს ლექციებს ვუკითხავდი გამწვანებისა და დიზაინმოწყობის უნივერსიტეტის სტუდენტებს. შემდეგ უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის დირექტორის მოადგილედ დამნიშნა. იქაც საღვთო სჯულს ვასწავლიდი. სამების ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრთანაც მქონდა ურთიერთობა, სადაც ერთობლივ ღონისძიებებში ვმონაწილეობდი.

- მამაო, როგორ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში?

- უწმინდესისა და მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, მაკურთხეს მღვდელმონაზვნად და გამგზავნეს პარიზში. თავიდან, წელიწადზე მეტხანს ქალაქ რუანში ვმსახურობდი. ამ ისტორიულ ქალაქში, სადაც ჟანა დ"არკი დაწვეს, დღეს ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. აქ მრავალი ქართველი იკრიბებოდა, მრავალი მოინათლა კიდეც.

რუანში არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც კათოლიკეებმა გადმოგვცეს და მართლმადიდებლურად გადავაკეთეთ.

ჩვენ მოგვეცა დიდი ბედნიერება, შევხვედროდით პარიზში მოღვაწე დიდ ქართველს, ბატონ ბუბა ქებურიას, ვისი მადლიერიც გახლავართ. შევთანხმდით, რომ პარიზში აშენებულიყო წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ტაძარი. ამ მადლიანმა ადამიანმა უსასყიდლოდ გადმოგვცა დიდი ტერიტორია, თავისი შენობით, სადაც საკუთარი ხარჯებით ააშენა წმინდა მეფის სახელზე ქართული ტაძარი. პარიზის საკმაოდ დიდი მოცულობის წმინდა თამარის ტაძარი ბაზილიკის ტიპისაა, რომელიც მოხატა ცნობილმა ხატმწერმა, ბატონმა მამუკა მიქელაძემ. მისი მოხატულია ასევე ბოდბის დედათა მონასტერი და კიდევ რამდენიმე ტაძარი. პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარს აქვს გვერდით მინაშენი, სადაც საკვირაო სკოლაა დაფუძნებული. აქ დიდებისთვის საღვთისმეტყველო თემებზე საუბრებს ვაწყობთ ხოლმე. გვაქვს დიდი ბილიოთეკა, მისაღები ოთახი, საკმაოდ დიდი ეზო. მნიშვნელოვანია ის, რომ ტაძრის საძირკველში ჩავატანეთ საქართველოდან წამოღებული ქართული მიწა. ძალიან გაგვახარა ტაძრის კურთხევაზე უწმინდესის ჩამობრძანებამ. ჩვენმა პატრიარქმა თავად აკურთხა პარიზის წმინდა თამარის სახელობის ტაძარი. ტაძრის საზეიმო გახსნაზე მრავალი ემიგრანტი მოვიდა უწმინდესთან შესახვედრად. ორი-სამი ათასამდე კაცი ჩამოვიდა ბელგიიდან, გერმანიიდან.

KARIBCHEთქვენ იცით, რომ ქართველებისთვის, მით უმეტეს, ემიგრანტებისთვის, დედაეკლესიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართული ეკლესიის აშენებით მოხდა დაფანტული ქართველების გაერთიანება. წმინდა თამარის ტაძარი მათ ხსნის შუქურად გამოუჩნდათ. ამ ტაძარმა გააერთიანა იქაური ქართული საზოგადოება. პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი გამოცხადდა დასავლეთ ევროპის საკათედრო ტაძრად. მეუფე აბრაამი ხშირად წირავს ხოლმე ჩვენთან და გვაქვს ბედნიერება, რომ მასთან ერთად შევხვდეთ საფრანგეთში გაფანტულ ქართველებს. ხშირად მოგვმართავენ ხოლმე ქართველები სხვადასხვა რეგიონიდან, ვისაც სურს ჩვენთან შეხვედრა, საუბრები. მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ხშირად ჩავდივართ სხვადასხვა ქალაქში და თვეში ერთხელ წირვა-ლოცვებს აღვავლენთ.

მეუფე პირადად ხვდება ემიგრანტ ქართველებს და ესაუბრება მათ. ვცდილობთ, მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი სულიერი მხარე იქაურ ქართველობას. მომავალში, ვფიქრობთ, სოფლებში, საზაფხულო ბანაკებში გავიყვანოთ ქართველი ბავშვები, სადაც მათ, მშობლებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ საშუალება, იმეგობრონ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

- პარიზში ქართული სამრევლო სკოლაც არსებობს?

- ბატონ ბუბა ქებურიას პარიზში აქვს ქართული სახლი. გვახარებს ის, რომ ამ შენობის მესამე სართულის დიდი დარბაზი ჩვენ დაგვითმო და ამ ქართულ სახლში გავხსენით საკვირაო სკოლა ბავშვებისათვის. 50-მდე ბავშვს საშუალება აქვს, შეისწავლოს ქართული ენა, ლიტერატურა, რაც პრობლემურია უცხოეთში მყოფი მომავალი თაობებისთვის, რადგან ისინი ინტეგრირებულნი არიან უცხოურ საზოგადოებაში. ქართველი ბავშვები ფრანგულ სკოლებში დადიან და ბევრმა მათგანმა, სამწუხაროდ, არ იცის ქართული ენა. ვცდილობთ, მათ ვასწავლოთ ის, რაც ქართველობას შეუნარჩუნებს. გვაქვს ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები. რაც მთავარია, სამრევლო სკოლაში ქართველი ბავშვები ერთად იკრიბებიან, თამაშობენ, ქართულად საუბრობენ და ერთმანეთს ესიყვარულებიან. ხშირი ურთიერთობა გვაქვს მშობლებთანაც, ვცდილობთ, უფრო საფუძვლიანად გავაცნოთ ეკლესიის არსი, უფრო მეტად იყვნენ ისინი ეკლესიურები და შვილებსაც ჩაუნერგონ ღვთისა და ქვეყნის სიყვარული. ჩვენს სკოლაში სწავლობს ოთხი ოსი ბავშვი, ასევე თბილისელი ქურთები, რომლებსაც სურთ ქართული ენის შესწავლა. გვინდა ჩამოვაყალიბოთ უფროსებისათვის ქართული ანსამბლი, ვფიქრობთ, რომ დავარქვათ "თამარიონი". წირვის შემდეგ ვატარებ კატეხიზატორულ საუბრებს უფროსი თაობისათვის. ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ტაძარში მომავალი თაობა დადის. უკვე გვყავს თერთმეტკაციანი შერეული გუნდი. ჩვენს გუნდს რამდენიმე ქალაქში ჰქონდა კონცერტი. გვინდა ქართული კულტურა გამოვამზეუროთ პარიზში. საფრანგეთში ტარდება ხოლმე სიმღერების დღეები, სადაც ქუჩაში გამოდიან მომღერლები და ტურისტებს აჩვენებენ თავიანთ კულტურას. ჩვენც ვგეგმავთ, რომ ჩოხა-ახალუხით ეიფელის კოშკთან გავიდეთ, სიმღერის დღესასწაულში მივიღოთ მონაწილეობა და ასე გავიტანოთ ქართული კულტურა პარიზში. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ქართველ პედაგოგს, ვინც პარიზში მუშაობს, დიდ მადლობას მოვახსენებ.

სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენი მრევლი გახდნენ შერეული ოჯახები, რომლებიც მართლმადიდებლად მოექცნენ. რამდენიმე ფრანგ წყვილს ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილებს დავწერე ჯვარი. ეს არის უდიდესი პატივისცემის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მიმართ.

- არ გაგიჭირდათ პარიზში ყოფნა?

- როცა ვხვდები, რომ ვიღაცას ვჭირდები და ბევრია გასაკეთებელი, პირადულზე ფიქრის დრო აღარ მრჩება. ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ვგეგმავთ და ვაკეთებთ კიდეც, რომ ქართველებს ერთად მოვუყაროთ თავი. წირვის შემდეგ ვაწყობთ პატარა ტრაპეზს და ერთმანეთს ვაახლოებთ ქართველებს, ერთმანეთს ვესიყვარულებით. იმდენად კარგი მრევლი ჩამოყალიბდა, რომ ყველანაირად ცდილობენ, საქართველოში მყოფთ დახმარების ხელი გაუწოდონ.

KARIBCHE

მამა ანტონი პარიზის სამრევლო სკოლაში

აგვისტოს ომის დროს საქართველოში გახლდით და, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად, გორში, მეუფე ანდრიასთან ჩავედით. პარიზში მცხოვრები ქართველების სახელით სოფელ ტყვიავში ჩავიტანე დახმარება. მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ამ დროს ძალიან ბევრი დახმარება გამოიგზავნა დასავლეთ ევროპის ეპარქიიდან. მახარებს ის, რომ ჩემმა მრევლმა, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმაც მიიღეს ამ კეთილშობილურ საქმეში მონაწილეობა.

საფრანგეთში მყოფ ქართველებს განსაკუთრებით უყვართ საქართველო, მათ ყველაზე კარგად მასწავლეს, რა არის სამშობლოს სიყვარული. სამშობლოს სიყვარული რომ შეიგრძნო, ცოტა ხანი მაინც უნდა იცხოვრო უცხოეთში.

რელიგიური თვალსაზრისით საფრანგეთს ძალიან დიდი პრობლემები აქვს. იქ სხვადასხვა სარწმუნოების ხალხი ცხოვრობს. თავად ფრანგები ამბობენ, - ჩვენ ათეისტურ ქვეყანას ვაშენებთო. ეს აშკარად ეტყობა კიდეც. ტაძრების მშენებლობის დროს ცდილობენ, რომ შენობებს არ ჰქონდეს რელიგიური დატვირთვა, გარეგნულადაც კი. თუმცა არიან მორწმუნეები, მაგრამ ცოტა.

- ჩვენ სარწმუნოებაზე რა იციან?

- თანამედროვე ახალგაზრდობამ ღმერთის შესახებ არაფერი იცის. მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ. საქართველოს კი იცნობენ აგვისტოს მოვლენებიდან. მახსოვს, როცა უწმინდესი ჩამობრძანდა პარიზში, ძალიან დიდი პატივით მიიღეს აქაურებმა, პატივით მოალოცვინეს სიწმინდეები. საფრანგეთში, პარიზში ნოტრდამის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება ქრისტეს ეკლის გვირგვინი და მაცხოვრის ერთი სამსჭვალი. ამ სიწმინდეებს ყოველი თვის პირველ პარასკევს გამოაბრძანებენ ხოლმე. გვქონდა ბედნიერება, უწმინდესი მიგვეყვანა ამ სიწმინდესთან და მოელოცა ეს სიწმინდეები. მან მოილოცა ლუვრის მუზეუმი. გიდობა თავად დირექტორმა გაუწია. პროტოკოლის მიხედვით არ არის გათვალისწინებული დირექტორის დახვედრა, მაგრამ დირექტორმა ბრძანა, რომ უწმინდესს დიდ პატივს სცემს. მეუფე აბრაამი როცა საფრანგეთში მოღვაწე ქართველებს ხვდება ხოლმე, მუდამ ეუბნება ასეთ სიტყვებს, რომელიც მე ძალიან მომწონს, - საქართველო არ არის სამოთხე, საქართველოში სამოთხე თქვენ უნდა შექმნათ, თითოეულმა თქვენგანმა ამაში თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა. თქვენ რომ აკლიხართ, ამიტომაც არ შენდება სამოთხე და აუცილებლად უნდა დაბრუნდეთო. რამდენიმე ქართველი უკვე დაბრუნდა კიდეც სამშობლოში. ჩვენი მიზანიც ესაა, ემიგრანტი ქართველების სამშობლოში დაბრუნებაზე ვიზრუნოთ. ეს არის ჩვენი პატრიარქის და მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.01.2020
"ბევრ ახალ წლებ დაინახ! ღმერთმა კაი ყისმათ მოგცეს!" (ანუ ბევრ ახალ წლებს დაესწარი და ღმერთმა კარგი ბედი მოგცესო) - ასე ულოცავენ
06.01.2020
უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
31.12.2019
აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ?
21.12.2019
აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა,
13.12.2019
ერის მამა და სულიერი მოძღვარი წმინდა ილია მართალი ბრძანებდა: "დავიწყება ისტორიისა მომასწავებელია
17.11.2019
პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს, -ასე მიმართა მრევლს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) სამების საკათედრო ტაძარში.
10.11.2019
8 ნოემბერს, პრემია "საგურამოს" დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო.
25.10.2019
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა და პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა.
12.10.2019
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება.
01.10.2019
-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმა ხელი აღმიპყრა მე"
მხოლოდ ამ განსაცდელთა გავლით მოვა სინანულში ქართველი და ჩვენც გამოგვიჩენს უფალი ახალ მოშურნე ილიას!
არ არსებობს სული, რომელმაც სცოდა, სინანული განიცადა და საკუთარ თავში უძღები შვილი ვერ ამოიცნო.