ძალიან მინდა წარმატებული დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში…
ძალიან მინდა წარმატებული დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში…
საფრანგეთში მცხოვრები 11 წლის ელენე ბაბუციძე:
- აგვისტოს თვე იყო საქართველო რომ დავტოვეთ მე და დედამ. ზუსტად არ ვიცი რატომ,მაგრამ ვიცოდი ასე იყო საჭირო. მახსოვს როგორ მაცილებდნენ ბებიები და ნათესავები, ვიცი მათაც ისე ვენატრები როგორც მე მენატრებიან ისინი. ხშირად ვფიქრობ იმ დღეზე როცა საქართველოში დავბრუნდები,მოვინახულებ ყველა იმ ადგილს სადაც აქამდე არ ვყოფილვარ; სვანეთს,რაჭას,გურიას...

სამი წელია რაც საფრანგეთში ვცხოვრობთ. თავიდან გამიჭირდა შეჩვევა გარემოსთან,აქ ყველაფერი განსხვავებული დამხვდა.
ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა , კულტურა და რელიგია, თუ ამას შევინარჩუნებთ ყოველთვის ჭეშმარიტ ქართველებად დავრჩებითო, ხშირად მიმეორებს დედა. ვფიქრობ, გაგვიმართლა, რადგან სტრასბურგში არის პატარა ქართული ეკლესია, სადაც ყოველ კვირას ტარდება ლოცვა. დღესასწაულებზე ქართველები ვიკრიბებით, რაც ძალიან მიხარია. ქართველი ბავშვებისთვის არის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის გუნდი ,,სადარისი", რომელსაც ხელმძღვანელობს ლალი საყვარელიძე. იგი გვასწავლის ქართულ სიმღერებს და გალობას, საქართველოდან ჩამოგვიტანა ლია რუსიაშვილის წიგნი ,,სალი კოლხელი", რომელიც ძალიან მომეწონა.
ამჟამად ვსწავლობ კოლეჯში, მომწონს უცხო ენები, ვსწავლობ ფრანგულს გერმანულს და ინგლისურს. ძალიან მინდა წარმატებული დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში.
ძალიან ხშირად სიზმარში ვხედავ, რომ თვითმფრინავში ვზივარ და საქართველოს დავყურებ

KARIBCHE

საფრანგეთში მცხოვრები 15 წლის მარიამ კახეთელიძე:


-შენი ფერების სიჭრელე თვალებში დმრჩა, შენი ჰაერში დატრიალებული სურნელი ახლაც მიდგას ფილტვებში და ამის ამოსუნთქვა არ მინდა, ყველაზე მშვენიერო ჩემო სამშობლო!!! შენთან დაშორებულ ადამიანებზე ბევრი გამეგო, ყოველთვის მესმოდა მათი გულისტკივილი, მაგრამ ამდენი სევდა თუ დუღდა რომელიმეს გულში ეს ვეღარ წარმომედგინა. აქაურ ქუჩებში დავდივარ და შენსას ვადარებ, ხეებზე ფოთლების შრიალი მესმის და შენსას არა ჰგავს.... უზომოდ მენატრება თბილისიდან რაჭაში წასვლის მომენტი, სიხარულის ჟრუანტელი მივლიდა ხოლმე, ჭიშკარში შემოგებებული ბებო, დაკოჟრილი ხელებით როგორ ჩამიკრავდა ხოლმე გულში და ჩურჩულებდა, ჩემი ბოშუნა მოვიდაო. სახლის უკან ფერდობზე გაშენებული ვენახი, რომლის უკან მთა იყო და გადმოგვყურებდა, თითქოს გვიცავდა და გვიფარავდა. ჩვენს ეზოში მოღრუტუნე გოჭები, მთელი უბნის ძაღლები, რომლებიც თითქოს ჩემთან შესახვედრად გროვდებოდნენ და თავის ენაზე მელაპარაკებოდნენ. უზარმაზარი მწვანე ხასხასა ბალახით დაფარული,ულამაზესი ეზო,რომელშიც ჩემი ბაბუას დარგული ვეებერთელა კაკლის ხეები დგას. მერე იწყებოდა სიხარულის დღესასწაული, ჩემი ბიძაშვილების სახლების შემოვლა, თამაში, სიმღერა ,მდინარეზე სიარული, ტყეში ხეტიალი, უკანდაბრუნებულს ცხელი პურის ოხშივარი ერთი კილომეტრის იქით რომ მცემდა ცხვირში. იქ თითქოს ყველა სხვანაირად ბედნიერი იყო, იქ თითქოს არ არსებობდა არავითარი პრობლემა, ის თითქოს სამოთხე იყო.... ჩემი სამოთხე.... ძალიან ხშირად სიზმარში ვხედავ, რომ თვითმფრინავში ვზივარ და საქართველოს დავყურებ , მოუთმენლად ველოდები,რომ დავფრინდები და აღარასოდეს დავტოვებ იქაურობას, მაგრამ მეღვიძება და ყველაფერი მწარედ ქრება. თითქოს სივრცესა და დროში დავიკარგე, თითქოს მე ვარ და მეც არ ვარ,თითქოს იქ დარჩა რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ნაწილია, მაგრამ გულით წამოვიღე მისი გულწრფელი სიყვარული, ფერები, სუნი, ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებები და იმ დღის მოლოდინი, როდესაც ისევ დავდვამ მის მიწაზე ფეხს,როდესაც ისევ ჩავეხუტები....

ბეჭდვა
1კ1