თორა და ახალი აღთქმა წმინდა სამების შესახებ
თორა და ახალი აღთქმა წმინდა სამების შესახებ
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
გადავშალე ახალი აღთქმა და ხმამაღლა წავიკითხე: "მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,19-20). ვნახოთ სხვა ადგილიც, მისმინე, სამუელ: "რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაი, სიტყუაი და სული წმიდაი; ესე სამნი ერთ არიან" (1 იოანე 5,7). ასევე იოანესაგან სახარებაც მოწმობს: "პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თუინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა" (იოანე 1,1-3).

- საოცარია! - წამოიძახა სამუელმა, - სავსებით შეიძლება იმის დაჯერება, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი თორასა და ახალ აღთქმას შორის! ახლა მესმის, რას ნიშნავს მხოლობითი რიცხვის კავშირი მრავლობითთან და მრავლობითისა მხოლობითთან შემდეგ სიტყვებში: "ნაასე ადამ ბეცალმენუ" - "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ". მაგრამ ძეს რატომ ეწოდება ლოგოსი-სიტყვა?

- იმ მიზეზით, რომ ლოგოსი ღვთისა ანუ სიტყვა ღვთისა იგივეა, რაც "თქვა ღმერთმან". რას ამბობს შესაქმის 1,3 მუხლი?

სამუელმა წაიკითხა: "ვაიომერ ელოღიმ რეხი ორ, ვაგეხი ორ" და გადათარგმნა: "და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი".

- გასაგებია, - თქვა სამუელმა, - "იომერ ელოღიმ" ნიშნავს "სიტყვა ღმრთისა". ისააკ, მხოლოდ შესაქმის წიგნი მოწმობს ამას თუ სხვა წინასწარმეტყველნიც ამბობენ ამის შესახებ?

- ღვთის წინასწარმეტყველნი ღვთის სიტყვით იტყოდნენ, მათ ესმოდათ შესაქმის წიგნისა და მასთან თანხმობაში არიან. აი, რას ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: "სიტყუითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი" (ფსალმუნი 32,6).

- აქ დავითი საუბრობს სულზე. შესაქმის წიგნი (ბერეშით) რატომ არაფერს ამბობს სულზე? - მკითხა სამუელმა.

- შესაქმის წიგნიც საუბრობს სულზე. წაიკითხე I თავის მე-2 მუხლის II ნაწილი. რას ამბობს?

სამუელმა წაიკითხა: "და სული ღმრთისაი იქცეოდა ზედა წყალთა" ("ვე რუახ ელოღიმ მერა ხაფეტ ალპენეი გამაიმ"). საოცარია, რა წყვდიადში ვიჯექი მე საცოდავი! ათასგზის მაინც წამიკითხავს ეს სტრიქონები. თუმცა მხოლოდ ახლა ვიწყებ გაგებას!..

- ისააკ, თორაში თუ არის სხვა გამოთქმა, რომელიც ღმრთაების სამებობას ეხება (ანუ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა) და დაამტკიცებს ახალი აღთქმის მოწმობის ჭეშმარიტებას?

- უდავოდ! - ვუთხარი, - წაიკითხე შესაქმის 3,22.

სამუელმა წაიკითხა: "და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა".

- როგორ ითარგმნება ებრაულ ტექსტში "ერთი ჩუენგანი"?

- მიმმენუ.

- ერთი ღმერთი რატომ არ ამბობს: "აი, ადამი გახდა ისეთი, როგორიც მე ვარ", არამედ იტყვის: "აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი"? ვინ "ჩუენგანი"?

- ქრისტიანები მართლები არიან! - წამოიძახა სამუელმა, - "ვითარცა ერთი ჩუენგანი" ნიშნავს "ერთი წმინდა სამებისაგანი" - მამისა და ძისა და წმინდისა სულისა! თორას უდავოდ ქრისტიანული სარწმუნოებისკენ მივყავართ! კიდევ თუ არის მსგავსი მოწმობა?

- რა თქმა უნდა, წაიკითხე შესაქმის მე-18 თავის I, II და III მუხლები.

სამუელმა წაიკითხა: "ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაი იგი კართა თანა კარვისა თუისისათა შუადღე. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაი, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თუისისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰხდები მონასა შენსა".

- დიახ, ეს ზუსტია! - წამოიძახა სამუელმა.

- აქ რას ვამჩნევთ?

- უფალი გამოეცხადა აბრაამს, როგორც ერთი უფალი. აბრაამი კი ამ ერთ უფალს ხედავს როგორც "სამ კაცს", ეთაყვანება მას. მაგრამ ამ "სამ კაცს", როგორც ერთს, ისე მიმართავს: "უფალო"... ხედავს სამს და მიმართავს როგორც ერთ არსებას, რამეთუ ერთია უფალი, მაგრამ სამ პირში იხილვება. ამგვარად, ქრისტიანებს სწამთ ერთი ღმერთი, რომელიც აბრაამს გამოეცხადა, მამა, ძე და სულიწმინდა... ახლა ვხედავ, რომ ჩვენ იუდეველები დაბრმავებულნი ვერ ვჭვრეტთ ჭეშმარიტებას და განვიკითხავთ ქრისტიანებს, როგორც კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც ვითომ სამი ღმერთი სწამთ. მაგრამ მათ იგივე ღმერთი სწამთ, რომელიც გამოეცხადა აბრაამს და რომელიც ირწმუნა აბრაამმა. ამიტომაც ეწოდა მას აბრაამი - მამა მორწმუნეთა. ამგვარად ამ რწმენის მქონე ქრისტიანი არის შვილი აბრაამისა...

- სამუელ, მე შენ აბრაამი გამახსენე და კარგიც ქენი! ჩვენი რაბინები გასაგებად ვერ განმარტავენ ღვთისგან აბრაამისთვის მიცემულ აღთქმას და ატყუებენ იუდეველთ.

- რას გულისხმობ?

- გადაშალე წიგნი და წაიკითხე შესაქმის მე-17 თავის შემდეგი მუხლები, - და მივუთითე.

1. ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაი. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალოი.

2. და დავდვა აღთქუმაი ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.

3. და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თუისსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:

4. და აჰა, აღთქუმაი ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაი მრავალთა თესლთა.

5. და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.

- რას ფიქრობ, ვინ არის ეს ხალხი (მრავალთა თესლი)? - ვკითხე სამუელს.

- ცხადია, რომ ეს ის ხალხია, ვისაც აბრაამის რწმენა აქვს: ბერძნები, იტალიელები, ფრანგები, ინგლისელები, სლავები და სხვა ხალხი.

- ის ფაქტი, რომ დედამიწის ხალხები მოიქცევიან სოფლის მაცხოვრის რწმენაზე, ცხადად ჩანს სხვა წინასწარმეტყველებებიდან.

- მაგალითად?

- გადაშალე ესაიას წინასწარმეტყველების II თავი და წაიკითხე!

- "ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაი უფლისაი და სახლი ღმრთისაი მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაით ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი. და მოუხდენ ნათესავნი მრავალნი, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაი იერუსალემით". მე-9 თავში კი წერია: "ერმან მავალმან ბნელსა შინა იხილე ნათელი დიდი, დამკუიდრებულნი სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი განბრწყინდა თქვენ ზედა". რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- ამ სიტყვებს წინასწარმეტყველი იმავე თავის მე-6 მუხლში ახსნის: "რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაი იქმნა მხარსა ზედა მისსა და ჰრქუან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანაგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა".

ასევე მე-11 თავის მე-10 მუხლში: "და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და აღდგომად იგი მთავრად წარმართთა; მისდამი წარმართნი ესვიდენ"...

49-ე თავის მე-6 მუხლში: "აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა".

ასევე ცოტა ქვემოთ, მე-8 მუხლში: "ესრეთ იტყუის უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამკვიდრებად სამკუიდრებელთა უშენთა. მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით".

- ყველაფერი ეს ცხადია და დამაჯერებელი, - თქვა სამუელმა, - მაგრამ სავსებით დასარწმუნებლად საჭიროა გამოვიკვლიოთ მაშიახის (მესიის) დამახასიათებელი ნიშნები - რამდენად შეესაბამება ისინი ქრისტეს პიროვნებას, როგორც მას ქრისტიანები აღიარებენ.

- ეს ძალზე გონივრულია! - ვუპასუხე, - ვნახოთ, სად იშვება მესია. ისტორია მოწმობს, რომ ქრისტიანთა მესია იუდეის ბეთლემში დაიბადა. აი, რა წერია ახალ აღთქმაში: "ხოლო იესუის შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაი? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალეიმი მის თანა. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ".

- იცი, სამუელ, წინასწარმეტყველთაგან რომელი გვაუწყებს მესიის შობას?

- რომელი?

- მიქეა. გადაშალე მისი წიგნი და იპოვე მე-5 თავის II, IV და V მუხლები.

სამუელმა წაიკითხა: "2. და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაელსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოისათა.

3. ამისთუის მისცეს მათ, ვიდრე ჟამადმდე შობისა შუეს. და ნეშტნი ძმათა მისთანი მოიქცენ ძეთა მომართ ისრაელისათა

4. და დადგეს და იხილოს და მწყსიდეს სამწყსოსა მისსა ძლიერებით უფალი და დიდებისა მიერ სახელისა უფლისა ღმრთისა მათისა იყუნენ მით, რამეთუ განდიდნენ აწ ვიდრე კიდეთამდე, ქუეყანისათა.

5. და იყოს ესე მშვიდობაი".

- მესიის შობაზე ნათლად საუბრობენ წინასწარმეტყველნი, - თქვა სამუელმა, - მაგრამ რას ნიშნავს წინასწარმეტყველ მიქეას სიტყვები: "გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოისათა?"

- პასუხი ძალზე მარტივია: მესია საუკუნოა, როგორც ღმერთი, ანუ ეს მოწმობაა მის ღმრთაებრივ წარმომავლობაზე. იგი იშვება როგორც კაცი, მაგრამ, რათა არ ვიფიქროთ, რომ იგი მხოლოდ ადამიანია, წინასწარმეტყველი მიქეა ამბობს: "გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოისათა". ხოლო წინასწარმეტყველი ესაია მე-9 თავის მე-6 მუხლში ხაზგასმით ამბობს: "რომლისა მთავრობაი იქმნა მხარსა ზედა მისსა". ასევე 53-ე, მე-8 მუხლში ამბობს: "სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას?" ახალ აღთქმაში წერია: "პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი" (იოანე 1,1).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
8 ნოემბერს, პრემია "საგურამოს" დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო.
25.10.2019
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა და პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა.
12.10.2019
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება.
01.10.2019
-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა.
31.07.2019
მეტანია ორი სახისაა-დიდი და მცირე. დიდი მეტანია, ანუ მუხლდრეკა, სრულდება შემდეგნაირად.
22.04.2019
თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.
15.02.2019
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.
20.01.2019
ხშირი საჯანმრთელო პარაკლისები და წმინდანების წინაშე ვედრება დიდ სასწაულებს და ნუგეშს მოგვიტანს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის
07.01.2019
-ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
27.10.2018
ჩვენ - ქართველები და საქართველოს შვილები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
Pleas creat article