წერილი ემიგრანტებს
წერილი ემიგრანტებს
ზეინაბ მეტრეველი
მორჩა,აღარ გწერ იისფერ წერილს,
რომ მოგეფერო და მოგიკითხო.
სვეტიცხოვლისთვის მოჭრილი ხელით.
დღეს მშიერისთვის ხმიადებს ვითხოვ,
ბედით ჩაკეტილ შავ წრეებს ვუვლი,
სულში დანთებულ ცეცხლს ცრემლით ვიქრობ,
ტყვიით გახვრეტილ ილიას შუბლით,
საქართველოზეც ამაოდ ვფიქრობ...
თუ რამ გამაჩნდა, ისე წამართვეს,
არც მიმითვალეს ხიზნები მიჯრით,
რომ არ შეშურდეს ქართველის ქართველს,
შორეთში ლპება ქართული ნიჭი.
არაგვი არაგვს ჩაუვლის გვერდზე
ისე, შეხების ჟრჟოლას არც ზომავს
და უმასრებო ჩოხიან ლექსებს
ესირცხვილებათ ამაი პოზა.
ბედმა იმდაგვარ "მოყვასთ" შეგვყარა,
ყველასთან გვიწევს შემოდავება,
და ეს უიღბლო ციცქნა ქვეყანა,
სამშობლოდ ყველას ეცოტავება,
როგორ აგიხსნა, ვეღარ განგიცდი,
ვეღარც ეპოქას, ვეღარც თაობას
და ყველა ჩემგვარ დედაკაცივით,
ისევ ვიფერებ ,,არარაობას,,..
ვზივარ ჩამტვრეულ ბედის კიბეზე,
ვეღარც ჩავდივარ, ვეღარც ავდივარ
და ვიდრე სიკვდილს შემომისევენ,
უბადრუკ ლექსებს ვბადებ დარდიდან.
მადლობა უფალს, ისე მივდივარ,
არ მომიპარავს სხვისი ნიჭები,
და ჩემს სალოცავ ქართლის მინდვრიდან,
საკაბე ჩითიც ვერ მოვიჭერი...
აღარ გწერ, რადგან ნატვრის შემოთვლით,
ღიმილს ვერ ვაშრობ ცრემლის სინედლით.
ხელში აყვანილ საქართველოთი,
არც ქართლის დედა მიმზერს იმედით...
მწამს დაგახვედრებ სამშობლოს,უცვლელს,
ისეთს, წასვლის წინ, როგორც დაგპირდი,
ჰოდა, გიგზავნი ცარიელ ფურცელს,
არალეგალი ემიგრანტივით....
ბეჭდვა
1კ1