ვინ არის დაჭერილიო, - უკითხავს სტალინს და ორი ტაში მაგრად დაუკრავს
ვინ არის დაჭერილიო, - უკითხავს სტალინს და ორი ტაში მაგრად დაუკრავს
ქალბატონი ქეთევან ოქროპირიძე-მეგრელიძე გახლდათ მღვდელ იროდიონ ოქროპირიძის ქალიშვილი (მამა იროდიონზე "კარიბჭის" წინა ნომერში გესაუბრეთ). მისი შთამომავლის მოგონებებში შეჯერებულია ორი სხვადასხვა მონათხრობი, მაგნიტოფირზე ჩაწერილი და ბატონ ანზორ ერქომაიშვილის მიერ შემონახული. ორივე აუდიოჩანაწერი ინახება მეგრელიძეების საოჯახო არქივში. ლიტერატურული რედაქტორია ნატო მოისწრაფიშვილი. ქალბატონ ნატოს ვთხოვე ოქროპირიძეთა გვარიშვილის მოგონებები "კარიბჭისთვის" შეეთავაზებინა. მართლაც, კიდევ ერთ საინტერესო ფურცელს გადაგვიშლის ქალბატონ ქეთევან ოქროპირიძე-მეგრელიძის მოგონებანი (იბეჭდება მცირე შემოკლებით).

ჩემი ცხოვრება
ჩემი ბავშვობის ყველაზე ადრინდელი მოგონებები ცხინვალსა და სამაჩაბლოსთანაა დაკავშირებული. ისე კი, როგორც მშობლებისგან გამიგონია, 1906 წელს დავბადებულვარ საინგილოში. მამაჩემი, იროდიონ ოქროპირიძე, სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მღვდლად გაუმწესებიათ დიდი არარატის მთის ძირში მდგარ სამხედრო ნაწილში, იგდირში, რომელიც იმხანად ახალდაკავებული ჰქონდა რუსის ჯარს, იქ შესძენიათ ჩემს მშობლებს ჩემი უფროსი და-ძმები: ბესო (შემდგომში ცნობილი ექიმი, პროფესორი), გიორგი, ზინა და ანდრო. მერე ლეონიდე ეპისკოპოსს (ისიც ოქროპირიძე იყო და გვენათესავებოდა) მამაჩემი კახში გადაუყვანია, გათათრებული ქართველების - ინგილოების - მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოსაქცევად. მამას მართლაც მოუნათლავს ბევრი მათგანი. იქ, კახში, დაბადებულა კიდევ ჩემი ორი უფროსი და - თამარი და ელო, ბოლოს, 1906 წელს - მე. სამიოდე თვის ვყოფილვარ, მამა რომ ცხინვალში გადაუყვანიათ მღვდლად და მთელი ოჯახი ეტლით დაძრულა სამაჩაბლოსკენ. გზად ქურმუხის წყალი გვქონდა გადასალახი. ეს პატარა მდინარე, რომელზეც ხიდი არ იყო, ადიდებული ყოფილა. როდესაც ჩვენი ეტლი შიგ შესულა, წყლით ავსებულა, მე კი ამ ორომტრიალში სახვევებიდან გავცურებულვარ და დელგმას წავუღივარ. კიდევ კარგი, დროზე უტაციათ ხელი.

ცხინვალში მამაჩემმა მალე ბღალოჩინობა მიიღო, მერე დეკანოზი გახდა. მის გამგებლობაში შედიოდა მთელი ცხინვალის ხეობა. იგი ცხინვალში პირველი მღვდელი იყო. ქალაქის ცენტრში ეკლესია ააშენებინა და იმავე ეზოში დადგა ორსართულიანი სახლი, რომლის მეორე სართული ჩვენ გვეკავა, ქვედა სართულის ნაწილში მაღაზია იყო, მეორე მხარეს კი სანთლები იყიდებოდა.

იმჟამინდელი დაბა ცხინვალი წმინდა ქართული დასახლება იყო. მის ერთ უბანში გაქართველებული სომხები და ე.წ. ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ. ჩემს მეხსიერებაში იქ მხოლოდ 3-4 ოსი სახლობდა, მათაც ქართველი ქალები ჰყავდათ ცოლებად. მაშინ ცხინვალი აყვავებულ ბაღს ჰგავდა და გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავდა. ჩვენს სტუმართმოყვარე ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ სოფრომ მგალობლიშვილი, ანტონ ფურცელაძე, დავით კასრაძე, ნიკო ლომოური... (ეს უკანასკნელი ცხინვალიდან 7 კმ-ში ცხოვრობდა, შემდეგ იგი ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო გორის პროგიმნაზიაში). ცხინვალშივე იზრდებოდა, ისიც მღვდლის ოჯახში, აკადემიკოსი შალვა ხიდაშელი...

1914 წელს, ომი რომ დაიწყო, ჩემი სამივე ძმა ჯარში გაიწვიეს და დავრჩით მარტო ქალები. რევოლუცია რომ მოხდა, 11 წლის ვიყავი. 1917 წელს ცხინვალში ძალიან ბევრი წითელარმიელი მოგროვდა (მეტი წილი ოსები იყვნენ) და მეფის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. გამოუძახიათ რუსეთის იმპერიის ყაზახები, ზარბაზნები დაუყენებიათ და სულ უნდა ამოებუგათ თურმე ქალაქი. ცხინვალის მოსახლეობას ყაზახებთან მოსალაპარაკებლად დელეგატად აურჩევიათ მამაჩემი (ძალიან კარგად მეტყველებდა რუსულად). მას ტრიბუნიდან იმდენი ულაპარაკია, ისე დაურწმუნებია რუსები, აქ არავითარი საშიშროება არ არისო, რომ ყაზახებს ბოდიში მოუხდიათ და გაბრუნებულან. მერე ეს წითელარმიელები თავადებს დაერივნენ. მაჩაბლები, ციციშვილები, ვაჩნაძეები, ფალავანდიშვილები, ფავლენიშვილები, სხვებიც - ყველა დაიჭირეს. ელექტრონის ბოძს ეკითხებოდნენ (ვითომცდა ლენინიაო), - "დავხვრიტოთ თუ არაო". ვითომ ისიც პასუხობდა - "დახვრიტეთო" და ხვრეტდნენ. მაშინ ბევრმა თავადიშვილმა გამოიცვალა გვარი.

ჩემი დის, ზინას მეუღლე გახლდათ ალექსანდრე ლომთათიძე, მენშევიკების მთავრობის ერთ-ერთი გავლენიანი ხელმძღვანელი.

1921 წელს ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, აირია მონასტერი და ჩვენი წამებაც დაიწყო. მენშევიკური მთავრობა მთლიანად ბათუმში გაიხიზნა. ჩვენც სასწრაფოდ გავეცალეთ თბილისს. ძველი, გაფუჭებული, შეკეთებული ვაგონებით ძლივს შეკრიბეს ძალიან დიდი შემადგენლობა და უკანასკნელი მატარებლით გაგვამგზავრეს ბათუმში. ვაგონები ისე იყო დახუნძლული, ხალხი ერთიმეორეს აჯდა. სულ შინაურები ვიყავით, დამფუძნებელი კრების წევრებისა და მენშევიკური მთავრობის ახლობლები. როგორც იქნა, მივაღწიეთ წიფის გვირაბამდე და უცებ ჩვენი მატარებლის მთელი შემადგენლობა დაქანდა. უკვე შეგუებული ვიყავით იმ აზრს, რომ ვიღუპებოდით, ერთმანეთს ვკოცნიდით და ვემშვიდობებოდით. მეისრე გამოდგა ძალიან ფხიზელი კაცი და მატარებელი ჩიხში გააჩერა.

ჩემი სიძე, ალექსანდრე ლომთათიძე, საზღვარგარეთ არ გაჰყვა მენშევიკებს და გურიაში გადაიმალა, სოფელ ბახვში. ბოლშევიკებმა თბილისის შემდეგ ქუთაისი დაიკავეს, მერე - მახინჯაური, მალე ბათუმშიც შემოვიდნენ და ჩვენც უკან მოგვიხდა გამობრუნება.

მე და ჩემი და თამარი ბესოსთან ვცხოვრობდით თბილისში. ბესო კათოლიკოს-პატრიარქის ბინაში გადავიდა ერეკლეს მოედანზე. მაშინ ლეონიდეს ქოლერა შეეყარა, ბესო მკურნალობდა და მასაც გადაედო. პატრიარქი რომ გარდაიცვალა, ბესოს ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მისცეს პატარა ბინა.

1922 წელს ბახვში ფილიპე მახარაძე ჩავიდა ლექციის გასამართავად და არავინ არ მოსულა. უთქვამს, - რასაკვირველია, ვინ გამოვიდოდა, როცა ალექსანდრე ლომთათიძეს აქ მალავთო. 1923 წელს გლეხად გადაცმული ალექსანდრე გურიიდან გამოიქცა. შუაღამისას ნაბდით, ხურჯინაკიდებული მოგვადგა კარს. დაიჭირეს და მეტეხში ჩასვეს, ერთი წლის შემდეგ ტაშკენტში გადაასახლეს და მერე აღარ გვინახავს...

მაშინ კონსერვატორიას ცნობილი ჩეკისტი კონსტანტინე მეღვინეთუხუცესი განაგებდა. კონსერვატორიის ბევრი თანამშრომელი და სტუდენტიც მუშაობდნენ "ჩეკაში". მათ 1929 წელს შეადგინეს "შავი სია". ფალიაშვილი, არაყიშვილი და კარგარეთელიც კი არ დაინდეს. მეც მოვხვდი იმ სიაში, როგორც მღვდლის შვილი, და გამრიცხეს. მამაჩემი მაშინ უკვე დისევში ცხოვრობდა, ოქროპირიძეების საგვარეულო სოფელში. მანამდე ცხრა თვე ციხეში იჯდა. სოფელში რომ ჩავედი, გაკულაკება იყო დაწყებული და ჩემი თვალით ვნახე, თებერვლის ნამქერში როგორ გამოასახლა სპეციალურმა ბრიგადამ მამა. დასვეს დადამბლავებული კაცი აივანზე სკამზე და სახლი დაულუქეს. ყველა ხატი და სამღვდელოების სურათები მის თვალწინ დაწვეს. ყველაფერი, რაც ცხინვალიდან გადაარჩინა (საქონელი, ავეჯი, ჭურჭელი), მისცეს დიაკვნის ლამაზ გოგოს, რომელიც ავადმყოფ მამას ემსახურებოდა. თანაც დასცინოდნენ, - მოსამსახურე გყოლიაო. იქ ჩასული, დედამ შინ არ შემიშვა - არ დაგინახონო. საჭირო ცნობა კი აღმასკომის პირველ თავმჯდომარედ დანიშნულმა ყოფილმა მოჯამაგირემ, გაუნათლებელმა პეტრუზამ მომცა.

მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. მე და ჩემი ჯგუფელები, შემდგომ ცნობილი კომპოზიტორები - შალვა მშველიძე, ალექსანდრე ბუკია, ვალერიან ცაგარეიშვილი და სხვები, ქართული სიმღერებისა და სოლფეჯიოს უკეთ შესასწავლად მომღერლებად შევედით ქართულ აკადემიურ გუნდში, რომელიც კოტე ფოცხვერაშვილმა ჩამოაყალიბა. იმხანად ეს იყო თბილისში ერთადერთი გუნდი, სადაც სიმღერებს ნოტებით სწავლობდნენ. კოტე ფოცხვერაშვილმა ამ გუნდში დასავლეთ საქართველოს სიმღერების შესატანად ბათუმიდან მოიწვია ხალხური საკრავების ცნობილი ლოტბარი ავქსენტი მეგრელიძე. მან გუნდის მომღერალი რამდენიმე ქალისგან შეადგინა ჯგუფი და დაგვაწყებინა სმენით ჩონგურზე დაკვრა. მე, როგორც უმაღლესი მუსიკალური განათლების მქონე, მის მოადგილედ დამნიშნეს. მაშინ ავქსენტი ცოლს გაშორებული, ხნიერი კაცი იყო, ხუთი ქალიშვილის მამა. ერთად მუშაობამ თანდათან დაგვაახლოვა. ბოლოს ვეღარ შევეწინააღმდეგე მის დაჟინებულ თხოვნას, ცოლადაც გავყევი და ერთად შევუდექით ხალხურ საკრავებზე დაკვრის კულტურის აღდგენას. დღენიადაგ ვეძებდით ხალხში და ნოტებზე გადაგვქონდა მივიწყებული საჩონგურო სიმღერები, ზოგსაც თავად ავქსენტი ამუშავებდა ან თხზავდა ხალხურ ყაიდაზე. გასტროლები გვქონდა სომხეთში, აზერბაიჯანში.

ახლოვდებოდა 1937 წელი და დაიწყო რეპრესიები, რომელსაც რუსთაველის თეატრის მრავალი მსახიობი შეეწირა, მათ შორის ჩვენი ანსამბლის ზოგიერთი წევრიც. ჩამოგვაშორეს სანდრო ახმეტელიც, რომელიც მუდამ მხარში გვედგა.

მაშინ უნდა ჩატარებულიყო მოსკოვში ქართული ხელოვნების პირველი დეკადა და დაიწყო მზადება. საქართველოს მთავრობის მეთაური ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა დეკადისთვის კოლექტივების შერჩევასა და მზადებას. მისი განკარგულებით გადაწყდა, დეკადაზე მოსკოვს გაეგზავნათ ორი ხალხური კოლექტივი: ერთი დასავლეთ საქართველოს გუნდი კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით, მეორე უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს გუნდი, რომლის ხელმძღვანელად, ბერიას ბრძანებით, სანდრო კავსაძე დაინიშნა. სანდრო გორის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა სტალინს. ერთხელ სტალინს მოუკითხავს კიდეც, - ნეტავ სად არის კავსაძე, კიდევ მუშაობს თუ არაო. მაშინ კავსაძე ჭიათურაში ხელმძღვანელობდა გუნდს. სასწრაფოდ გამოიძახეს ჭიათურიდან თავისი ვაჟებითურთ და აღმოსავლეთ საქართველოს გუნდის ხელმძღვანელობა დაავალეს.

ერთ დღეს იმჟამინდელ ძერჟინსკის კლუბში თათბირზე მიიწვიეს მუსიკოსები, კომპოზიტორები, შემსრულებლები. დაიბარეს ავქსენტიც. გაჭედილი დარბაზის სცენაზე ისხდნენ ბერია და კომისია, რომელთაც საცეკვაო პროგრამა უნდა შეედგინათ. სცენაზე ასულ ავქსენტის ბერიამ უთხრა, - გადავწყვიტეთ, თქვენი ანსამბლით დასავლეთ საქართველოს გუნდს შეუერთდეთ და კირილე პაჭკორიასთან ერთად იმუშაოთო. იგი მოულოდნელად აენთო - ჩემი ანსამბლით სხვასთან არ ვიმუშავებო. დარბაზის ბოლოს, გასასვლელთან, დიმიტრი არაყიშვილი იჯდა. ავქსენტი, რას შვრები, კაცო, არ გაბედო უარის თქმა, თორემ ამაღამვე გაგაქრობსო, - უთხრა ჩურჩულით. დაწყნარდა ავქსენტი, დაბრუნდა დარბაზში, მივიდა ბერიასთან და უთხრა, - თუ ეს თქვენი ბრძანებაა, კი ბატონო, დაგთანხმდებით, თუ არადა მე დამოუკიდებლადაც კარგად ვმუშაობო. ჩვენც ეს გვინდოდა. ნამუშევარს არ დაგიკარგავთო, - უპასუხა ბერიამ და დამშვიდებული გამოისტუმრა შინ. ბერიას ბრძანებით, ქართველი ქალები ლამაზები იყვნენო და ლამაზმანების შერჩევა დაიწყეს. ქალები მართლაც ლამაზები შემოგვამატეს, მაგრამ ხმა და ნიჭი ნაკლებად ჰქონდათ. ვინც თვალში არ მოუვიდათ, გაგვირიცხეს ანსამბლიდან. მათ შორის მოჰყვა ანიკო კოროშინაძე (სულიკო კოროშინაძის დედა), რომელიც კარგი მოკრიმანჭულე იყო და გურული სიმღერებიც დიდებულად იცოდა, ნინო მილორავა (შოთა მილორავას დედა) და სხვები.

ბერიამ სტალინის საყვარელი სიმღერების მომზადება შეგვიკვეთა. "სულიკო" უყვარდა, ბათუმის ციხეში რომ იჯდა, მღეროდაო. მისი უსაყვარლესი სიმღერა ყოფილა "ნინა, ნინა, ჩემო ნინა". ჩვენც შევუდექით მისი დავალების შესრულებას. ავქსენტიმ დეკადისათვის შეთხზა ახალი სიმღერა - "პატაკი ბელადს". მოვამზადეთ აგრეთვე "ახ, ტრაქტორო". აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ იმას მაშინ ყელის კიბოს ნიშნები გამოაჩნდა და ხმა აღარ ჰქონდა. სიმღერების შესწავლა უჭირდა და შვილი, დათაშკა ეხმარებოდა.

მოსკოვს მატარებლით გავემგზავრეთ. მეორე დღეს ხალხური გუნდების გამოსვლა იყო დანიშნული დიდ თეატრში. ქალაქში გაკრულ აფიშებში ავქსენტი მეგრელიძის ხსენებაც არ იყო.

კონცერტს მრავალი ადამიანი მოაწყდა. სცენის გვერდზე, მთავრობის ლოჟაში სტალინი იჯდა, აქეთ-იქიდან ვოროშილოვი და მოლოტოვი ესხდნენ. სტალინს ხელში კალამი და წიგნი ეჭრა და დროდადრო რაღაცებს ინიშნავდა. ჩვენი გამოსვლა ძალიან კარგი იყო და ყველა სიმღერის შესრულება ძალზე მოსწონებია. ბერია დიდი ამბით მოვიდა და ხელი ჩამოართვა ავქსენტის. "ხომ გითხარით, ამაგს არ დაგიკარგვთო", - უთხრა. მერე კრემლში მიგვიწვიეს, დეკადის მონაწილეთა საერთო ბანკეტზე. აღმოსავლეთ საქართველოს ცეკვებს ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობდა.

სუფრა მალე მოთავდა და ზეიმი მეორე - გიორგის სახელობის დარბაზში გაგრძელდა. სტალინი თვითონ უსხამდა სასმელს მას, ვის სადღეგრძელოსაც სვამდა. წინა რიგში თამარ ციციშვილი იდგა თამარ ჭავჭავაძესთან ერთად. როგორც ჩანს, სტალინს მისი სახიერება მოეწონა და ჰკითხა: - თქვენ ვინ ბრძანდებითო. თამარ ციციშვილიო, - უპასუხა. რომელი ციციშვილისაო? გიორგისაო. თამარის სადღეგრძელოც დალია. ავქსენტის ერთ ძველ სიმღერაზე ჰკითხა, "ბათუმის ციხეში ვმღეროდით და თქვენ, როგორც ხნიერ კაცს, ალბათ გეცოდინებათო" და დასაწყისი წაიმღერა კიდეც. მერე იქვე მდგომ სანდრო კავსაძეს მიუბრუნდა: - კაცო, შენ რა დაგემართა, პაჭკორიამ უნდა გაჯობოსო?

მესამე დღეს საპატიო ორდენებით დაჯილდოებულები სტალინმა თავის აგარაკზე მიიწვია. "ზის სტალინი ბუხართან და ჩიბუხს ეწევა (ეს ამბავი ავქსენტიმ თავად მიამბო, - იხსენებს მისი მეუღლე). დაიწყო ლაპარაკი და სანდროს მიმართა: - კაცო, სანდრო, რა დაგემართა შენა? ამ სიმღერებს სკოლაში რომ გვასწავლიდი, ახლა რამ შეგცვალა, ხალხური სიმღერები გააქალაქურეო? რა ვქნა, შენი ჭირიმე, - უპასუხა თურმე, - ვინც კარგი, ნამდვილი ხალხური მომღერლები მყავდა, დამიჭირეს და ვიღა უნდა წამომეყვანა, მეტი წილი ქუთაისელი ხალხი შემრჩა ხელშიო. ვინ არის დაჭერილიო, - უკითხავს სტალინს და ორი ტაში მაგრად დაუკრავს. მაშინვე ბერია გამოვარდნილა, - ეს რა გიქნია, ვინ დაგიჭერია იქაო? ტერორისტებიო. რაო? ჯიღაურმა მე უნდა მომკლას? ჯიღაური შარშან ხუთი დღე იყო ჩემთან, დღედაღამ ვმღეროდით, მოკვლა თუ უნდოდა, მაშინ ვერ მომკლავდა? ამწუთას გამოასწორე შენი შეცდომაო.

თბილისში რომ დავბრუნდით, ბერიას ბრძანებით დაჭერილი კახელი მომღერლები სადგურში დაგვხვდნენ - გაეთავისუფლებინათ.

1940 წლამდე იმუშავა ამ გუნდში ავქსენტიმ. მერე ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

პირველ მუსიკალურ სასწავლებელში 1949 წლიდან ვმუშაობდი. მაშინ ავქსენტიმ მითხრა, - მე უკვე აღარ შემიძლია, ახლა შენ მოკიდე ხელი ამ საქმესო. სასწავლებელში ხალხურ საკრავთა ანსამბლი ჩამოვაყალიბე და იქ შევიტანე პირველად სანოტო სისტემით ჩონგურ-ფანდურის სწავლება. მერე ბევრ ადგილზე ვიმუშავე - სასწავლებელში (ჩემი მოსწავლეები იყვნენ: ანზორ ერქომაიშვილი, ომარ კელაპტრიშვილი, თეიმურაზ ქევხიშვილი და სხვები), რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ავქსენტი იყო და იქ მისი საქმე გვაგრძელე...
ბეჭდვა
1კ1