სწორედ იმ კუთხიდან, სტეფანწმინდიდან არის პატრიარქი, საიდანაც ანდრია მიციქული შემობრძანდა, იქ მიგებებიან პირველად ქრისტეს რჯულს
სწორედ იმ კუთხიდან, სტეფანწმინდიდან არის პატრიარქი, საიდანაც ანდრია მიციქული შემობრძანდა, იქ მიგებებიან პირველად ქრისტეს რჯულს
საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტს "ქართული სუნი ასდის" - იქ ისეთი სიმშვიდეა, ქვეყნის ბედზე ჩაფიქრებას რომ მოგანდომებს. ბატონი პარმენ მარგველაშვილი ამ უნივერსიტეტის რექტორია და, როგორც ყოველთვის, საგანთან ერთად, სამშობლოს სიყვარულით სუნთქვას ასწავლის სტუდენტებს. ამისთვის, წლებთან ერთად, ბევრი საფიქრალიც დაგროვებია და ბევრი ისეთი რამაც, რასაც მუხლი უნდა მოუყარო. მყინვარწვერის ყინულებიდან ამომტვრეული წმინდა ჯვრის ნაწილი მაჩვენა - მომხდურის ხმლით გაპობილი, - ყინულებში ათი საუკუნე ნამყოფი! ქვაზე მაგარი ხის ჯვრის ეს წმინდა ნაწილი საქართველოს ავბედობის ისეთ ტკივილს ინახავს, როგორც ნანგრევებად ქცეული Gვენი ტაძრები. მისი ნაჭრილობევი გიყვება, რომ მტერი მყინვარწვერზე, თითქმის 4000 მეტრის სიმაღლეზეც მისწვდა ქართველ ღვთისმსახურებს და ყინულებში გამოკვეთილი ტაძარი დაარბია, დაცეცხლა და მერე ქვემოთ დაეშვა სხვა ტაძრების გადასაბუგად. ის ტაძარი კი, რომელიც სულისა და ხორცის ტანჯვით ააშენეს მყინვარზე ჩვენმა წინაპრებმა, სამუდამოდ დაინთქა თოვლსა და ყინულში... თუმცა მისი მადლი დღესაც გვწვდება...

- ბატონო პარმენ, საბერძნეთში, რამდენიმე ათეული მეტრი სიმაღლის კლდეებზე მდებარე მამათა მონასტრები ლამის მსოფლიოს მე-8 საოცრებად ჩაითვალოს და ჩვენ ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მყინვარებში გვქონდა ეკლესია?

- ტაძარი, რომელზედაც უნდა გიამბოთ, მყინვარწვერზე 3750 მეტრი სიმაღლეზე იყო, მის ზემოთ კი, 4 ათას მეტრზე ბეთლემის გამოქვაბულია, რომელზეც ილია წერდა: "სადაც უდაბურ მთასა მყინვარსა, ორბნი, არწივნი ვერ შეხებიან, სად ყინვა, თოვლი ყინულად ქმნილნი მზისგან აროდეს არა ქრებიან..." მაგრამ ბეთლემის გამოქვაბული მხოლოდ კელია გახლდათ ამ ტაძრისა, რომელსაც სტეფანწმინდის ტაძარი ერქვა. მისი დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი მყინვარწვერზე. სხვათა შორის, ბეთლემის გარდა, როცა სტეფანწმინდის ტაძრის შესწავლა დავიწყეთ, იქ კიდევ 11 კელია დავაფიქსირეთ. ასე რომ, ჩვენს წინაპრებს ყინულებში ტაძართა ულამაზესი კომპლექსი აუგიათ და უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს მისი კვალი აღარ ჩანდა. 1948 წელს ჩვენი მეცნიერები ბეთლემის გამოქვაბულში მუშაობდნენ და ახლომახლო მონასტრის არსებობაზე ეჭვიც არ აუღიათ. ნანგრევები ჩემმა მეგობარმა, მთამსვლელმა შოთა მირიანაშვილმა შენიშნა - ალპინისტები მყინვარწვერზე გამუდმებით მიდი-მოდიან და ერთხელაც ყურადღება მიაქცია, რომ ერთგან დალაგებული ქვები შემთხვევითს არ ჰგავდა. მოვიდა და მითხრა, - საინტერესო რაღაც უნდა იყოს, ხომ არ შეისწავლიდითო. მცირე ჯგუფი წავედით, იქაურობა ავზომეთ და მერე არქეოლოგი წავიყვანეთ. ის არქეოლოგი ბაადურ რაჭველიშვილი იყო - კაცი, რომელიც ქართველთა ერთმანეთის დარევისას ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა და თითქმის ყველა საბუთი, რაც ამ ტაძრის აღმოჩენისას მოვიპოვეთ, ბაადურთან ერთად გაქრა... თუმცაღა ამ ექსპედიციის მონაწილეებში ის დღეები ხსოვნად დარჩა - სულ სხვაა, როცა ველზე ნამარხებს, თუნდაც მრავალსაუკუნოვანს, თხრი და სულ სხვაა, როცა ცასთან ახლოს, მიუვალ ყინულებში შენი წინაპრის მამაცური და მოწამებრივი შრომის ნაყოფს ნახულობ. მხოლოდ იქამდე ასვლა როგორი ძნელია და მერე მუშაობა - ჰაერი გაიშვიათებულია, სუნთქვა ჭირს, მზე ყინულს მხოლოდ რამდენიმე საათი ათბობს... მათ კი ამ პირობებში ტაძარი ააგეს. ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა მუშაობა, მეტეოსადგურიდან 2-2 კილომეტრი აქით და იქით დავდიოდით, ყინულს ვთხრიდით. ის არ ილეოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩავედით ბოლომდე. აი, სწორედ იქ ვნახე საკვირველებანი, რომელიც ცნობიერებიდან არ ამოდის... ამ ტაძარზე მიბჯენილ კლდეს ბუნებრივი გუმბათის სახე აქვს და ალბათ, გუმბათივითაც ადგა ეკლესიას თავზე. ამ გუმბათზე ამოკვეთილ ჯვრის ბუდეში ულამაზესი ქვის ჯვარი იდგა. ეს ჯვარი ნანგრევებით იყო დაფარული. ამოვიღეთ და თვალი მოგვტაცა, - ერთი მხარე წითელი ჰქონდა, მეორე - თეთრი. თანაც, ადგილობრივი ქვისგან გამოკვეთილი არ იყო. იქ კლდე გრანიტია და წერაყინებით ძლივს ვტეხდით. ჯვარი კი იქ საგანგებოდ იყო ატანილი. ფრთის ქვეშ 4 ასომთავრული ასო იყო. თავად კლდეზე კი - 14. სამწუხაროდ, ისე დაზიანებული, სიტყვა ვერ ამოვიკითხეთ. იქ მუშაობას გათხრებს ვერ უწოდებ, ეს ყინულის მტვრევაა, - ამტვრევ და ისევ თავიდან იყინება... ჯერ პირველი ქვების ფენა გადავაცალეთ, მერე - მეორე... ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიეთ იატაკის ნარჩენს... იატაკი ხის იყო, ზედ ლითონის ისრები ეყარა და ხანძრის კვალი ემჩნეოდა. ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ იქაურობა გადამწვარი იყო - მტერი მოსულა, დაურბევია, აუოხრებია და წასულა, ეს ყველაფერს ემჩნეოდა, მიტოვებულ საწერ მაგიდას, წიგნის სამაგრს, ქვაზე საჯდომ თავთავისფერ ჭილოფს, ირგვლივ მიმოფანტულ სანთლებს და ხმლით აჭრილ ჯვარს...

- და ეს ყველაფერი რომელი საუკუნის იყო?

KARIBCHE
- X-XI საუკუნეებით დათარიღდა. იმან, რაც ტაძარში გაჩაღებული ხანძრისგან გადარჩენილი ვიპოვეთ, მთლიანად შეგვძრა - ათი საუკუნის წმინდა მამათა ხელნახლები ნივთები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ადამიანმა იმ წუთას იშრომა, და იქვე დააწყოო. ულამაზესი სელის ჭილოფი ვნახეთ - ერთმანეთზე სქლად დადებული სელის რამდენიმე ფენით ნაქსოვი. ისეთი ფერისა, როგორც თავთავია მწიფობისას. ზედ სამი, ერთ ყლორტზე ამოსული ქუჩის ფოთოლი ეგდო - ხასხასა მწვანე, - ისიც ყინულებს ახალმოწყვეტილივით შეენახა 10 საუკუნე. ამის ხილვა ადამიანს ისეთი ემოციებით ავსებს, რომ აღარ იცი, რა გააკეთო. ან რას გავაკეთებდით - ციფრული ფოტოგრაფიაც კი არ არსებობდა, რომ ეს ყველაფერი იმავე წუთში გადაგვეღო... ნივთების კონსერვაციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - რომც მოგვენდომებინა და გვეფიქრა, ამგვარი საკონსერვაციო მასალა იმდენი ღირს, მის გადახდას სიცოცხლეში ვერ შევძლებდით. დარჩა მხოლოდ შეგრძნებები - სიღრმეზე კარგად რომ ჩავედით, კლდეში ამოღებული ნიშა ვნახეთ, შიგ ღია იასამნისფერი ქვის ჯამი იდგა. ამოვასუფთავეთ, მზეზე დავდგით, მზემ გაალღო და ისეთი საკმევლის სუნი ავარდა, მთელი მყინვარი გააბრუა - ეს საკვირველი განცდაა, უძველესი საკმევლის სუნი ტრიალებდა ჩვენ გარშემო და იმ ეპოქის სანთლებს შევეხეთ, - ნეკა თითის სიმაღლის და სანტიმეტრი დიამეტრის სანთლები ნახანძრალ იატაკზე ეყარა... სანთლები წამოვიღეთ და ნაწილი იქაურ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ჩავაბარეთ, ნაწილი - თბილისში ჩამოვიტანეთ, გამოვიკვლიეთ და მშვენიერი რამ აღმოვაჩინეთ, - სანთლებს ქუჩის ღერო ჰქონდა საწვავად დატანებული. მერე საქართველოს პატრიარქს მივართვით, მან კი სამებაში დააბრძანა სიწმინდედ.

- მართლა საკვირველი განცდა იქნებოდა, თითქოს ათი საუკუნის ლოცვის მადლი შენზედაც გადმოვიდა...

- ალბათ ასეც არის. ჩვენი მამები იქ, ამ სიმაღლეზე, განმარტოებულები, უფლისა და ქვეყნისთვის ლოცვა-ვედრებისთვის იყვნენ. სხვათა შორის, თურმე სწორედ ამ ტაძარს მოიხსენიებდა ვახუშტი ბაგრატიონი "ბეთლემის ძირსა მონასტერ არს" და თეიმურაზ ბატონიშვილიც: "ანდრია მოციქული მუნით მოიქცა ქისტეთის მთით და აღმართა მუნ ჯვარი. აწ არის მასზე ეკლესია - წმინდისა მოციქულისა, პირველ მოწამისა სტეფანესი" ანუ ანდრია მოციქული შემობრძანებულა ამ მხრიდან საქართველოში და ძნელ გზაზე მავალს, მყინვარწვერზე დაუდგამს ჯვარი. მერე კი ქართველებს მასზე წმინდა მოციქულ სტეფანეს ტაძარი აღგვიმართავს, რომელშიც იმ დროიდან მოუკლებლად, ვიდრე აოხრებამდე, წირვა-ლოცვა აღესრულებოდა.

- ლოცვა ხომ მარადიულია, მათი ლოცვებიც სადღაც აუცილებლად ამოტივტივდება მადლად...

- ღმერთმა გისმინოთ. მე კიდევ ერთის თქმა მინდა, არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ იმ კუთხიდან, სტეფანწმინდიდან არის პატრიარქი, საიდანაც ანდრია მიციქული შემობრძანდა, იქ მიგებებიან პირველად სტეფანწმინდიდან ქრისტეს რჯულს და ძნელბედობის დროს სწორედ ამ კუთხეში დაბადებული ადამიანი მიუძღვის გადარჩენისკენ ჩვენს ქვეყანას...

ეთერ ერაძე
ბეჭდვა
1კ1