შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა - 1 (14) აგვისტო
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა - 1 (14) აგვისტო
1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, 31 ივლისს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.

უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული 9 საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, 12-13 საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.

"წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ.
..........................

ტროპარი

აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენი მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევა მომადლე მას ბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.


ბეჭდვა
1კ1