"ათენელი ქართველების დიდი სიყვარული გადაეცი ჩვენს პატრიარქს"
"ათენელი ქართველების დიდი სიყვარული გადაეცი ჩვენს პატრიარქს"
ათენში მრავალი ადამიანი გავიცანი, მრავალ ქართველს მოვეფერე და საქართველოდან ჩატანილი სიყვარული თითოეულს შეძლებისდაგვარად გავუნაწილე. ყველა ცდილობდა გულისნადების გაზიარებას. მითხრეს კიდეც, - აქ, მართალია, ბევრი ქართველია, მაგრამ საქართველოდან ახალჩამოსულს სულ სხვა სითბო აქვსო.

ათენის ქუჩებში აშკარად გამოირჩევიან ქართველები დამახასიათებელი გარეგნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად მოისმენთ ქართულ საუბარს. ეს ისე მიხაროდა, რომ მაშინვე გამოლაპარაკებას ვცდილობდი - ქართველები ხართ-მეთქი. დიახო, და ვიწყებდით ერთმანეთისთვის ამბების მოყოლას - თუ რამ ჩამოგვიყვანა ათენში. გეგმებზე საუბრისგან კი თავს იკავებდნენ ემიგრანტები.

წმინდა პანტელეიმონის ტაძარში, სადაც მრავალი ქართველი მოდის, ერთი ქალბატონი მომიახლოვდა და "კარიბჭისთვის" საგანგებოდ დაწერილი წერილი გადმომცა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ წავიკითხე მისი გულწრფელი მონათხრობი, რასაც გთავაზობთ კიდეც. ეს ქალბატონი სოფიო ქარსელაძეა, ქუთაისის ახალმოწამეთა სახელობის ტაძრის მრევლი და მამა სტეფანეს (ნანობაშვილი) სულიერი შვილი.

რადგან წერილების წერა ბავშვობიდან მიყვარს, გადავწყვიტე, წერილით გაგესაუბრო. ისე, აქ ყველა წერს, ზოგს საკუთარი ლექსებით აქვს სავსე რვეულები და მათ ფურცლებს ცრემლის ნაწვეთალებიც ატყვია.

ცრემლი!.. ახლა მივხდი, საიდან დავიწყო. აქ ბევრი ცრემლია, ჩემო თეა. ცრემლი მონატრების, ტკივილის, იმედგაცრუების, შეურაცხყოფის, უძლურების, სიმარტოვის... ცრემლი სიყვარულის. ყველა განვიხილოთ?! - არა, არ მინდა აგატირო. აქ ისეთ ამბებს მოისმენ, მით უფრო, თუ შეგატყვეს, რომ კარგი მსმენელი ხარ, საკუთარი ტანჯვა დაგავიწყდება და თუკი ერთხელ მაინც მოგისმენია "ურთიერთას სიმძიმილი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი", შეიძლება ღამე ლოცვაში გაათიო... სხვისი გულისთვის. მე კი ახლა პატარ-პატარა ამბებს მოგიყვები, ხშირად რომ მახსენდება და სურვილი გამჩენია, სხვისთვისაც მეამბა.
28 ივნისი, 2009 წ. ათენი, გლიფადა

გუშინ მანანა ასათიანმა (ქალმა, რომელიც ხუთი წელია მუხლჩაუხრელად მუშაობს) მკითხა, - სოფო, რატომაა, პატრიარქს რომ ვხედავ ტელევიზორში, ცრემლები თავისით მომდისო და ორი კურცხალი უმალ დაუგორდა ყინწვისის ანგელოზის სადარი თვალებიდან. მერე ჩემმა ბიძაშვილმა, გიორგიმ უწმინდესის სურათზე მიმითითა, - რომ ვუყურებ ტანში ჟრუანტელი მივლისო. არაფერი მიპასუხია. არადა, ორივე პასუხს ელოდა ჩემგან... მახსენდება, რამდენიმე თვის წინ როგორ ეხმიანებოდა ათენის ქართველობა ტელეფონებითა და ინტერნეტით ერთმანეთს - პატრიარქი ცუდადაა და ვილოცოთო. თავის დღეში რომ არ ულოცია, ისეთებმაც ილოცეს, ზოგმა ტროპარი თქვა, ზოგმა იესოს ლოცვა. იყვნენ ისეთებიც, ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელი რომ წაიკითხეს. ვისაც პარაკლისი ჰქონდა წამოღებული და თითქმის მივიწყებული, იმ დღეებში გადააცალა მტვერი სულის საგზალს - ლოცვანს... მიმიხვდი, ალბათ, რისი თქმა მინდა - ათენელი ქართველების დიდი სიყვარული გადაეცი ჩვენს პატრიარქს და ისიც, რომ მისი ლოცვა გვიფარავს (მარტო ჩვენ?! - სრულიად საქართველოს).
30.IX.2009წ. ათენი, გლიფადა

საღამოს ერთ ქართველთან შევიკრიბეთ. ზღვიდან გრილი ჰაერი წამოვიდა, მაღალ ნაძვებს თავი მოუდრიკა ნიავმა. ვარსკვალვები აკიაფდნენ სექტემბრის ცაზე. მარტო ჩვენი ხმა ისმის (თავი საქართველოში გვგონია). ბერძნები სახლებში შეყუჟულან და უდავოა, ბრაზობენ ჩვენს ხმაურზე.

- ეჰ, რა კაი იქნება ახლა ხანისწყალი... - ამბობს ერთი ბაღდათელი.

- ნეტაი, თუ მევესწრები საქართველოში ჩასვლას, - ლეჩხუმურად უქცევს მარია, - არა, ფეხი თუ დავადგი ჩვენს მიწაზე, დავიჩოქებ და ვაკოცებ...

- მე ჩემი სოფლის გადასახვევიდან ფეხშიშველა მივალ შინ.

- მე ჟუჟუნა წვიმა მენატრება. ახლა ვიდგე ქუთაისში წრიულის გაჩერებაზე ქოლგით ხელში, წვიმა მასველებდეს და "მარშუტკა" იგვიანებდეს, - თვალცრემლიანი ნატრობ მაია.

ამათ შვილები დაზრდილები ჰყავთ, ჩემი ფიქრი კი მარიამს, ანას, გაბრიელს, გიორგის დასტრიალებს. გიორგის არ ვიცნობ - გავაჩინე და დავტოვე... როგორი იქნება საქართველოში დაბრუნება?! - ფიქრითაც ვერ ვუახლოვდები. თუმცა, როგორც წამოსვლისას, ახლაც დავამწკრივებ ჩემს შვილებს და ფეხშიშველა ავალ მაცხოვრის სალოცავზე, რათა მუხლი მოვუდრიკო და ვუთხრა, "წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მხსნელო ჩემო" (ფსალმ. 143) (უცრემლოდ არც ეს დღე ჩაივლის).
2008 წლის დეკემბერი, ათენი, პალია-კოკინია

ვცდილობ, მორჩილად მოვუარო მოხუც ელენეს, ვფიქრობ, ღმერთმა მომიყვანა ამ ღვთივსათნო ქალთან. თვითონაც ასე მეუბნება, - ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი სიკვდილის წინო. მე კი ჩემი ცხოვრების უმძიმეს (ზოგჯერ ვფიქრობ, ბედნიერ) დღეებს ეკლესიებით გარშემორტყმულ ამ პატარა სახლში ვატარებ. ტკივილებით გათანგული, ღამენათევი დიასახლისი იღვიძებს, მზერას შორეთს აპყრობს და დილა მშვიდობისა, ღვთისმშობელოო, - ამბობს. დაძინებისას - ღამე მშვიდობისაო, - ემშვიდობება დედა ღვთისას. მავალებს, წითელი ლენტები მოვუტანო. არ მცალია და ვემზადები, ცუდად მივმართო და ამ დროს მეუბნება - დღეს უგუნებოდ ხარ, ალბათ ბავშვების ხმა არ გაგიგონია, აიღე ფული, იყიდე ბარათი და დაურეკეო. მოდი და წაეჩხუბე. სოფია, დავიწყოთ ლოცვაო, - დამიძახებს. ვკითხულობ ტროპარებს, ფსალმუნებს, დაუჯდომლებს... აბა, შევევედროთ წმინდანებს, შენ შენი თქვი, მე ჩემსას ვიტყვიო. ეს ღარიბი ოთახი უცნაური შუქით ივსება და მახსენდება, "სადაც ორი თუ სამი ჩემი სახელით შეიკრიბება, მეც მათ შორის ვარო".

KARIBCHEმაგრამ არც ბოროტს სძინავს... ერთ დილას ვლოცულობ, მოხუცი ია-ია (ასე ჰქვია ბებიას ბერძნულად) მეძახის, - ნახე, ძირს რაღაც აგდიაო. მოვუყრუე. სოფია, აიღეო, - ისევ მეუბნება. მე კი ამ დროს მაქსიმე აღმსარებლის ტროპარს ვკითხულობ. მესამე დაძახებაზე მძლია ბოროტმა, წამოვავლე ხელი ხალიჩას, ავუფრიალე ცხვირწინ - ხედავ რამეს-მეთქი? ამივარდა ტირილი, დავემხე ხატების წინ - ღმერთო, მაპატიე-მეთქი. ლოგინიდან ეს ფეხმოჭრილი, ტკივილებით გათანგული, ცხოვრებით დაღლილი, თუმცა არა გაბოროტებული, მზიანგულიანი მოხუცი "ია-ია" "სიღნომი-სიღნომის" (მაპატიე, ბოდიში) მეძახდა - მი ფო ვასე, ოლა კალა ნაგინუნე, კორიმუო (ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო), აქეთ მამშვიდებდა. მე კი გამოვიტირე ჩემი მარტოობა, უსუსურობა, უძლურება, უხეშობა, უსულგულობა... პანაგია მაზი მასო - ღვთისმშობელი ჩვენთანააო, მამხნევებდა. მასთან მართლა იყო ღვთისმშობელი. მე კი ჩემ წინ დაბრძანებულ "პორტსაიტას" თვალს ვერ ვუსწორებდი... და ამ დროს რეკავს ტელეფონი:

- სოფო, მამი, როგორ ხარ? - მეკითხება ჩემი უთბილესი, დედასავით ტკბილი, მხცოვანი მამიდა ("ბერ მინდიას" ვეძახით - 80 წლისაა და მის სიტყვას დიდი წონა აქვს).

- კარგად, - ვპასუხობ, ვცდილობ, ხმა არ ამიკანკალდეს, თორემ ცრემლები მერე ნახე.

- მართლა კარგად ხარ, შვილო, თუ მატყუებო.

არა, თათელო, არ გატყუებ. უფალმა ღვთივსათნო მოხუცთან მიმიყვანა-მეთქი.

- კაი, მამი, თუ მასეა, მიდი ახლა მაგ ბებიასთან და ჰკითხე, ისეთი რა გააკეთა თავისი ცხოვრების მანძილზე, ღმერთმა შენი თავი მოსამსახურედ რომ გამოუგზავნაო.

ბრძენი ქალია მამიდაჩემი, კითხვა ირიბად დამისვა, გული რომ არ ეტკინა ჩემთვის... მე რა დავაშავე?! უამრავ ნებსით თუ უნებლიე ცოდვას დავატარებ, განსაცდელიც წისქვილის ქვასავით ტრიალებს ჩემს თავზე. როცა მიჭირს, ვლოცულობ, ღვთისმშობელს ჩამოეკიდე კისერზეო, - დედა მართამ ეს სიტყვები გამომაყოლა. სულ გაღიმებული იყავიო, - მითხრა მამა მარკოზმა. მე ვილოცებ შენთვისო, - გამამხნევა მამა გიორგიმ. "ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი. მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი" (კანონი 118). ამ ცრემლებს კი როგორ იწირავს ღმერთი, ეს სხვა თემაა... უკვე თავზე დამათენდა...

გზა მშვიდობისა, თეა, გფარავდეს დედა ღვთისა, მკვდრეთით აღდგომილმან ღმერთმან ჩვენმან - იესო ქრისტემ გიხსნას "ყოვლისა ბოროტისა გარე მოდგომილებისაგან"!
6 იანვარი, 2010წ. ათენი, აგია პარასკევა
ბეჭდვა
1კ1