ამ პატარა წიგნებით დღეს დათესილი სიკეთე მომავალში ჩვენი ერისთვის სასარგებლო მოსავალს მოგვცემს
ამ პატარა წიგნებით დღეს დათესილი სიკეთე მომავალში ჩვენი ერისთვის სასარგებლო მოსავალს მოგვცემს
დღეს, ე. წ. კომპიუტერის ეპოქაში, ხშირად გაიგონებთ, წიგნს მკითხველი მოაკლდაო. ადამიანიც თითქოს კომპიუტერს დაემსგავსა, მომრავლდნენ სამყაროს ესთეტიკურ ხედვასა და ნატიფ გრძნობებს მოკლებულნი. ასეთ დროს ათგზის უფრო მნიშვნელოვანია კლასიკოსების ნაწარმოებთა კითხვა, რადგან, როგორც ართურ შოპენჰაუერი ამბობდა: "არ არსებობს ამაზე უკეთესი გონების გამოცოცხლების საშუალება. საკმარისია, ხელში აიღო რომელიმე კლასიკოსის წიგნი, თუნდაც ნახევარი საათით იკითხო, და მაშინვე თავს იგრძნობ განახლებულად, მსუბუქად და განწმედილად, ამაღლებულად და გამაგრებულად, - თითქოს სხეული ანკარა წყაროში ბანაობით გამოგიცოცხლებიაო". ყოველი მშვენიერი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხომ ცოტათი მაინც ვუკეთესდებით. წიგნში, როგორც სარკმელში, სული ვრცელ და ნათელ სამყაროს ხედავს. "დაუტოვეთ გარე სამყაროს მთელი საზრუნავი, მიწიერი შფოთი უარყავით და დაისვენეთ დიად მიცვალებულთა შორის - ჯადოსნურ კარიბჭეს რომ გასცდებით, თქვენ აღმოჩნდებით მშვენიერ ქვეყანაში, სადაც ვერ აღწევს ბრაზი და მოუსვენრობა. ყველაფერი მდაბალი და უხამსი უკან დაგრჩებათ", - ამბობს ართურ კონან დოილი.

წიგნი გასაღებია, რომელიც გვიხსნის მსოფლიოს უდიდეს ბრძენთა საზოგადოებაში შემავალ კარს. ამ ძვირფას გასაღებს გვჩუქნის ჟურნალი "გზა", რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალ ტრადიციას დაუდო სათავე. ყოველ ნომერს თან ახლავს რომელიმე ქართველი კლასიკოსის კომპაქტური წიგნი. ასე რომ, ჟურნალის ყოველი ნომრის შეძენასთან ერთად მკითხველს ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ეზიაროს ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის მადლსა და სიკეთეს, თანაც კარგი ბიბლიოთეკა შეიქმნას საკმაოდ ხელსაყრელ ფასად. ამ ინიციატივის მესვეურთა მიზანი ისევ და ისევ ყოფით საზრუნავებს გადაგებული ადამიანის წიგნთან დაბრუნებაა. ამას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა მომავალი თაობისთვის ენიჭება. ამ წამოწყების მესვეურთა სურვილია, წიგნი ჩვენი საუკეთესო და ყველაზე ახლობელი მეგობარი გახდეს და მისი მეშვეობით თვალწინ გადაგვეშალოს ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერების სამყარო.

ამ წამოწყების შესახებ აზრის გაზიარება ვთხოვეთ ადამიანებს, რომელთაც წიგნი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად მიაჩნიათ.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ქალბატონი ლაურა გრიგოლაშვილი: "მოწაფეობისას წავიკითხე ჯონ გოლსუორთის "ფორსაიტების საგა" (რუსულად) და აღფრთოვანებული დავრჩი. ადამიანმა როგორ უნდა მოიკლოს ასეთი ბედნიერება, ასეთი ნეტარება?! დღემდე ამ აზრისა ვარ... წიგნს ცოდნის დასაგროვებლად კი არ ვკითხულობდი (ეს ალბათ თავისთავად ხდებოდა), არამედ სიამოვნებისთვის. ეს სენი ბავშვობაში უნდა შეგეყაროს, წიგნის გემო ბავშვობიდანვე უნდა იგრძნო. მოწიფულობაშიც შეიძლება წიგნის "აღმოჩენა", მაგრამ წიგნთან ადრეულ ასაკში შეხება სულ სხვაა!

და კიდევ: არ ვარ იმ აზრისა, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა წაიკითხოს, რაც ხელთ მოხვდება. წიგნს, ავტორს შერჩევა უნდა. ზოგს ჰყავს ასეთი მრჩეველი, ზოგს - არა.

KARIBCHE KARIBCHE

ჰოდა, ენდეთ ჟურნალ "გზასა" და "პალიტრა L"-ის თავკაცებს. მათ უკვე დაგვარწმუნეს, რომ დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება აქვთ. ინტერნეტი წიგნს ვერ შეცვლის. წიგნი საოცრებაა!"

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლალი დათაშვილი: "ქრისტიანობა ყველაზე მეტად განათლებული და მწიგნობრული რელიგიაა. მაცხოვარი განასხვავებს ერთმანეთისგან მხოლოდ მორწმუნესა და წიგნიერ მორწმუნეს. წმინდა მამათა სწავლებით, ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ რწმენა აქვს, მაცხოვრის თვალში უტოლდება მონას, ხოლო რომელსაც რწმენასთან ერთად განათლებაც აქვს - მეგობარს. ქრისტიანისთვის ცხონების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა უფლის მეგობრობა, რადგან უფლის მეგობრისთვის (ლაზარესთვის) შეუძლებელიც კი შესაძლებლად გადაიქცევა - "რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლის მიერ".

ამიტომაც ყოველგვარი წამოწყება, რომელიც ხელს უწყობს მრევლის წიგნიერებას, მისასალმებელია და მხარდასაჭერი. ამ წიგნებით არა მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანი დაინტერესდება, არამედ ბევრი სხვაც მიმართავს უფლისკენ მზერას, რადგან ჭეშმარიტი კლასიკა ყოველთვის შუამავალი იყო ერსა და ღმერთს შორის და მწერალი უფალთან ლაპარაკობდა ერის გასაკეთილშობილებლად ("ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა").

განსაკუთრებით საშურ საქმედ მიმაჩნია ახალგაზრდების დაინტერესება წიგნით, რადგან ტელევიზორისა და კომპიუტერის ეპოქამ წიგნი მთლიანად შეიწირა. ჩვენი წინაპრები აღზრდის საუკეთესო ფორმად ბავშვის განსწავლას მიიჩნევდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ ჰაგიოგრაფია ყოველთვის ხაზს უსვამს წმინდანის დიდ განათლებას. ამ მხრივ გამორჩეულნი არიან არა მხოლოდ ქრისტიანულ ოჯახებში აღზრდილი წმინდანები: წმინდა შუშანიკი, წმინდა ნინო, წმინდა გრიგოლ ხანძთელი... წმინდა აბომაც კი გაქრისტიანებამდე შეისწავლა ქრისტიანული მოძღვრება და უამრავი საღმრთო წიგნი წაიკითხა. სულითა და გულით მივესალმები ამ წიგნების გამოცემას და ხალხისთვის ხელმისაწვდომობას".

საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი: "მოხარული ვარ, რომ ასეთ კარგ წამოწყებას ახორციელებს ჟურნალი ,,გზა". ფსიქოლოგიურად სწორად არის მოფიქრებული, პირველ რიგში, პატარა წიგნების დაბეჭდვა, რომელიც სამი ლარი ღირს, იაფია და ყველას მიუწვდება ხელი. მეორე, რაც მიმზიდველია - ზომით პატარა წიგნს ყველგან ჩაიდებ (ჩანთაში, ჯიბეში) და ტრანსპორტშიც კი წაიკითხავ. ხშირად სამსახურში ერთი ქალაქიდან მეორეში დადიან და გზაში ძალიან დიდ დროს ატარებენ. ეს დრო ლიტერატურის გასაცნობად შეუძლიათ გამოიყენონ.

დღეს წიგნიერება მეტად ფასობს, რადგან კომპიუტერულმა თამაშებმა და პროგრამებმა მთლიანად შთანთქა ადამიანის დრო. ამის კვალად, წიგნის მკითხველი ძვირფასი განძია. ეს წამოწყება ასეთი ადამიანების გამრავლებას ძალიან შეუწყობს ხელს.

დარწმუნებული ვარ, ამ პატარა წიგნებით დღეს დათესილი სიკეთე მომავალში კარგ, ჩვენი ერისთვის სასარგებლო მოსავალს მოგვცემს".
ბეჭდვა
1კ1