ყველაფერი კარგად იქნება
ყველაფერი კარგად იქნება
მადლობა ღმერთს ყველა იმ წყალობისთვის, რომელსაც გვიგზავნის! მისი მამობრივი მზრუნველობა სიტყვით გამოუთქმელი და უსაზღვროა, რაც ჩვენ, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, ასე ძლიერ გვჭირდება.

როდესაც სამშობლოში იმყოფები, შესაძლოა, ვერც კი აფასებდე ეკლესიისა და სულიერი მამის როლს შენს ცხოვრებაში, მაგრამ სამშობლოს გავშორდებით თუ არა, მაშინვე ვგრძნობთ სიცარიელეს... ვგრძნობთ ქვეყნისა და ახლობლების მონატრებას...

სწორედ ეს მონატრება შეგვიმსუბუქა ბარსელონის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. მოწყალე ღმერთმა აქაც არ მიგვატოვა თავისი ცოდვილი შვილები და მოგვმადლა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, რაც ჩვენთვის მეორე სამშობლოს, მეორედ დაბადებას ნიშნავს, რამაც საგრძნობლად შეცვალა თითოეული ქართველის ცხოვრება.

ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი) გახლავთ, რომლის დაუღალავმა, მუხლჩაუხრელმა შრომამ მიბიძგა, მისი მამობრივი ღვაწლი ფურცელზე გადმომეტანა.

როდესაც ადამიანი თავის მოძღვარს აქებს, ბუნებრივია, დაგებადება აზრი, რომ ყველას თავისი მოძღვარი უყვარს და ურჩევნია, მაგრამ ვინც მამა ლუკას იცნობს, არ შეიძლება არ დამეთანხმოს და არ აღნიშნოს მისი დაუღალავი შრომა. მოძღვარმა ღვთის სიყვარული გვასწავლა და ეკლესია გვიქცია მაცოცხლებელ ძალად, სადაც იგრძნობა ქართული მადლი, მართლმადიდებლობის სულიერი სიმშვიდე, რომელიც მალამოსავით გვეფინება თითოეულ ჩვენგანს. მამა ლუკამ იზრუნა თითოეულ ქართველზე, მოაქცია და ეკლესიამდე მიიყვანა. პატარა ბავშვებივით გვასწავლა და გაგვიღვივა სამშობლოს სიყვარული. შეგვკრა ქართველები და უფლისკენ სავალი გზისკენ მოგვიწოდა. მას კარგად ესმის, რომ თითოეული ქართველი იმ დაკარგული ფესვების ნაყოფია, რომელიც შეიძლება უზარმაზარ ხედ იქცეს.

უკვე სამი წელია, მამა ლუკა ბარსელონის ეკლესიის წინამძღვარია. მის ყოველ ქადაგებაში იგრძნობა სამშობლოს მონატრება, იგი ყოველთვის მოგვიწოდებს საქართველოში დაბრუნებისკენ.

მე მამა ლუკას სტიქაროსანი ვარ და მისი დამსახურებაა, რომ ექვსი წლის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი.

ყოველი ცისმარე დღე იწყება და მთავრდება პატრიარქზე, საქართველოსა და იქ მცხოვრებ ქართველობაზე ლოცვით. ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძარი ხელგაშლილი ელის ქართველებს, რათა გულში ჩაიკრას და უფლის სისხლსა და ხორცს აზიაროს. მამა ლუკა ყოველთვის გვაიმედებს და საუბარს ასე ამთავრებს: "ყველაფერი კარგად იქნება".

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს და ჩვენს მიტროპოლიტს, მეუფე აბრაამს ჩვენთვის ასეთი წყალობის მომადლებისთვის. დიდი მადლობა თქვენ, მამა ლუკა, ჩვენთვის გაწეული ღვაწლისთვის.

მინდა მოგილოცოთ თქვენი სულიერი დაბადების დღე - ბერად აღკვეცის მე-8 წლისთავი. ღმერთს ვთხოვ, იმ გზაზე, რომელსაც შესდგომიხართ, უფალი შეგწეოდეთ, მე კი ვეცდები, თქვენი დათესილი კეთილი მარცვლების ნაყოფიერი ნიადაგი ვიყო.

მოამზადა
გიორგი მეტრეველმა
ბეჭდვა
1კ1