ყველაზე დიდი სანთელი ადამიანია, რომელიც უფლისთვის დაენთება
ყველაზე დიდი სანთელი ადამიანია, რომელიც უფლისთვის დაენთება
ქრისტიანი ყოველ წუთს ფიქრობს უფლის სიდიადეზე და ხედავს მის საკვირველ საქმეებს. საკვირველად კი კაცისთვის მუდამ რჩება ადამიანისადმი გამოვლენილი შემოქმედის უსაზღვრო სიყვარული. "ცანთ - კაცთმოყვარე არს უფალი!" საკუთარი თვალით ნანახს, ნაგრძნობს გვიზიარებენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, წმინდა მამანი... "სამკურნალო განღებულ არს და წამალნი განფენილ არიან". უფალი დღესაც მეზვერეთა, მეძავთა, ავაზაკთა შორის მყოფობს და ათავისუფლებს მათ ცოდვათა ტყვეობისგან, სულიერად აღადგენს მკვდრეთით. კაცობრიობის ისტორიაც ხომ მოწყალე მამის შვილებისადმი თავგანწირული სიყვარულის ერთი დიდი მაგალითია. ავაზაკის მიერ სასუფევლის დამკვიდრება, სავლეს პავლედ ქცევა დღესაც იმედის მომცემია ყველა ცოდვით დაცემულისთვის. "ყოველნი ცოდვილნი მოისწრაფვიან შენსა მოწყალებასა: მეზვერენი, მეძავნი, ავაზაკნი..." და კვლავ მრავალგზის თვალსაჩინო ხდება გონებამიუწვდომელი სიყვარულის სასწაული: ცოდვილთა ფერისცვალება, დაცემულთა აღდგინება. მადლიერების გრძნობა კი კვლავ ამბობს: "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი".

ჩემი რესპონდენტი ე.წ. შავი სამყაროს ერთ-ერთი ავტორიტეტული წარმომადგენელია. მისი ცხოვრების ძირითადი კანონები მუდამ "ქურდული" კანონები იყო, ცხოვრების წესი კი - ნარკომანია. ასეთნი, ცხადია, მიუღებელნი ხდებიან მათთვის, ვისაც ქუჩის ცხოვრებით არ უცხოვრია. მაგრამ რაც ადამიანის სულშია დაფარული და მხოლოდ უფლისთვისაა ხილული, სწორედ ისაა გასაღები სავლეს პავლედ ქცევის საიდუმლოსი.

ნოდარის ფერისცვალების მიზეზი უჩვეულო მოვლენა გახდა - სასწაული, ამ სიტყვის სრული ეტიმოლოგიური მნიშვნელობით - სასწავლი. მან იხილა უხილავი სამყარო და მოისმინა ანგელოზის სიტყვა ჭეშმარიტებაზე. მის მოძღვარს, დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას ვთხოვეთ კომენტარი.

- სასწაულთმაძიებლობა, რა თქმა უნდა, აზიანებს სულს და ჭეშმარიტი გზიდან აცდენს ადამიანს. ცოდვებში ჩაფლული და უფლის გამოცხადების მაძიებელი კაცი იმ ადამიანს ჰგავს, რომელიც ახლახან გაყიდეს მონად, თავისი გამოსასყიდი ფული ჯერ არ მოუმუშაკებია და თავისუფლებას ითხოვს.

ჭეშმარიტი ხილვისა და ცრუ ჩვენების გარჩევა იოლი არ არის, მაგრამ ხე ნაყოფით გამოიცნობა. ზოგი მოძღვარი ცალსახად ებრძვის სიზმრებს, გამოცხადებას, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი მიდგომაც რადიკალურია. მთელი სახარება, წმინდა წერილი გამოცხადებით მიღებული სარწმუნოებაა. მაკარი დიდი ბრძანებს, რომ ღვთის ყველაზე დიდი სიყვარული ადამიანს ორი რამის მეშვეობით ეძლევა: უვნებელობითა და გამოცხადებით. ეს ორი რამ ყველაზე მეტად კვებავს უფლის სიყვარულს. მაგრამ უვნებელობის გარეშე გამოცხადების მიღება ერთგვარ შეუსაბამობას იწვევს ადამიანის სულში. თუმცა, რადგან უფალს მართალნი უყვარს, ცოდვილთ კი სწყალობს, პავლე მოციქულმაც ჯერ იხილა და შემდეგ გახდა უვნებელი. ასეც ხდება ხოლმე. უფალი თავისი არჩეული ხერხით ზრდის, რწყავს, ასაზრდოებს ადამიანის სულს.

რატომ იხილა გამოცხადება ნოდარმა, ძნელი სათქმელია, შეიძლება იმიტომაც, რომ ამ ადამიანში ბავშვური სიწრფელეა. ნაყოფი კი უდავოდ კეთილია - ადამიანი ეკლესიის წიაღს შეუერთდა, ჭეშმარიტების ძიება, განწმენდა დაიწყო. ღმერთი მაშინ მოდის, როცა არ ელიან. როცა ელოდები, ეს უკვე სიამაყეა, მისი ხილვის ღირსად მიგაჩნია თავი. თავისი დაცემული ბუნების გამო ნოდარს არასდროს ჰქონია სასწაულის მოლოდინი.

ჩვენი ორი სულიერი ფეხი სინდისი და გულწრფელობაა. მოცემულმა შემთხვევამ სინდისი გაუღვიძა ადამიანს და აღსარებით გულწრფელად აღიარა ცოდვები.

***
"ზაფხული იყო. მეუღლე და ბავშვი დასასვენებლად წავიდნენ. მარტო დავრჩი. წამლისთვის თავის დანებებას ვცდილობდი... ვერ შევძელი, ისევ ვეტანებოდი. ამის გამო ადგილს ვერ ვპოულობდი...

ეზოდან სახლში ამოვედი და მესმის: "გიყურებ, გხედავ. შენი მფარველი ანგელოზი ვარ. რასაც ნახავ, მოყევიო". შემეშინდა. ღვთისმშობლის დაუჯდომელი იდო ხატებთან. გადავშალე. ახლა უფრო გარკვევით მესმოდა: "გხედავ, წაიკითხე ლოცვა. დამიჯერე, შენთვის იქნება კარგიო". ხმა იმდენად აშკარა იყო, მეგონა, ფანჯრიდან მიყურებდა ვიღაც და მელაპარაკებოდა. გადავიხედე... არავინ ჩანდა. იმის გამო, რომ ამ ქალაქში არალეგალურად მიწევს ცხოვრება, ვიფიქრე, ვიღაცამ კამერა დამიმონტაჟა სახლში და მითვალთვალებს-მეთქი. უწმაწური სიტყვებით დავიწყე გინება: ვინ ხარ, რა გინდა-მეთქი. ხმა მიმეორებდა, ლოცვა და სახარება წამეკითხა, რასაც ვნახავდი, მეთქვა.

შიშისა და გაურკვევლობისგან მოვშორდი ხატებს და წამოვწექი. რაღაც ძალამ ლოგინს მიმაჯაჭვა. თვალები მეხილა, მაგრამ თითსაც ვერ ვანძრევდი. თვალწინ თითქმის ყველა მიცვალებული წარმომიდგა, ვისაც ვიცნობდი... და ფილმის კადრებივით გაიარა მთელმა ჩემმა ცხოვრებამ. ხმა კი მახსენებდა ჩემს ცოდვებს. იყო შიში, სირცხვილი, სინდისის ქენჯნა...

იმ დღიდან მოყოლებული ხმა დღედაღამ მელაპარაკებოდა. მშვიდი ტონი მკვეთრად მესმოდა ხმაურშიც და სიჩუმეშიც. მეუბნებოდა, რომ ერთნაირად მხედავდა ფანჯრიდანაც და ვარსკვლავიდანაც. გამოთქვამდა ჩემს უმნიშვნელო ფიქრსაც კი. ყოველი დღე ჩემი ცოდვების გახსენება იყო. ისეთ ცოდვებსაც ვაღიარებდი, რომელთა დამალვასაც დაჟინებით ვცდილობდი. ახლაღა ვხვდები - ჩემ მიერ საკითხავი წიგნივით წაკითხული სახარებიდან მაყოლინებდა იმ ადგილებს, რომლებზეც ჩემი ყურადღების გამახვილება უნდოდა. აგრესია მაინც არ მიქრებოდა, რადგან მისი სიტყვების ბოლომდე არ მჯეროდა. ის კი მეუბნებოდა, გპატიობო. როდესაც ვთხოვე, დამნახვებოდა, მითხრა, ეკლესიაში წავსულიყავი და იქ დამხვდებოდა. ქართულ ეკლესიაზე მიმითითა. პირველად ტაძარში მისული, მალევე წამოვედი. ის კი მსაყვედურობდა, - აქ რისთვის მოხვედი, თუ ლოცვას არ მოისმენ. უსმინე ღვთისმსახურებს, ისინიც იმას გეტყვიან, რასაც მე ვასწავლი. დაუჯერე და ისე იცხოვრე, როგორც გასწავლიანო.

როდესაც ფიქრები ცოდვისკენ წამიღებდნენ, ხმა მაფხიზლებდა, ის სხვა გზით წარმართავდა ჩემს აზრებს. მეუბნებოდა, ისე მოვქცეოდი სხვას, როგორც მინდოდა მე მომქცეოდნენ და არა ისე, რისი ღირსიც იყო. მისი დაჟინებული თხოვნით თანდათან დავიწყე ეკლესიაში სიარული, წმინდა წერილის კითხვა.

მეუღლემ შეამჩნია ჩემი უცნაური მდგომარეობა. გარდა ამისა, თითქმის ორი თვე არ მძინებია, ხმა მთელი ღამე მელაპარაკებოდა. წამიყვანეს ფსიქიატრთან. გამომიწერეს დამამშვიდებლები, საძილე საშუალებები და გამომიშვეს. დაძინება მაინც ვერ შევძელი. გადავწყვიტე, დიდი დოზით დამელია წამლები... დავლიე. ვგრძნობდი სიკვდილის მოახლოებას... ამ დროს ცა გაიხსნა და თითქოს გახსნილი რკალიდან მიყურებდნენ ქალი, ბავშვი და თეთრწვერა მოხუცი. მანუგეშებდნენ, მეუბნებოდნენ, არ მოკვდებიო. მართლაც, გადავრჩი.

საავადმყოფოში სამი დღე-ღამე მეძინა. გამეღვიძა დამშვიდებულს, დასვენებულს. ავდექი. თავს ჯანმრთელად და კარგად ვგრძნობდი. ის იყო გავიფიქრე, ჩემი ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა-მეთქი, - ისევ მომესმა: ახლა ხომ მაინც მიხვდები, ვინ ვარ. ამის მერე ყველა დაგიჯერებს, რასაც მოჰყვებიო. იმ დღიდან კი ვხედავდი, ვინც მელაპარაკებოდა... და არა მარტო მას; ვხედავდი ანგელოზებსაც. მათგან გამომავალი ფერების, ელვარებისა და ბრწყინვალების გადმოცემა შეუძლებელია! ანგელოზს როცა ხედავ, შიში გიპყრობს, პატივისცემა, მერე კი მისდამი საოცარი სიყვარულით ივსები.

ამ შემთხვევამდე ჩემი უფალთან დამოკიდებულება "მამაო ჩვენოს" ცოდნით ამოიწურებოდა. დედა ღვთისმშობლისთვის არასდროს მითხოვია შეწევნა, არც არასდროს მიხსენებია. ანგელოზების დანახვისას კი თითქოს ზეპირად წარმოვთქვამდი სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც მანამდე არც ვიცოდი: "გხედავ, მესმის, მჯერა და მწამს მამა, ძე და წმინდა სული..."

თუმცა გონებაში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, სული ერთს ითხოვდა - დაჟინებით ვიმეორებდი: მაპატიოს უფალმა, მაპატიოს და თუნდაც მაშინვე მოვკვდე-მეთქი. ჩემი გულისთქმები და ფიქრი ესმოდა და მეუბნებოდა: ფული არასდროს სთხოვო უფალს, ხელგაწვდილიც რომ მოგიწიოს სიარულმა, მათხოვარი გახდე ჯობია, ეგ ცოდვა არ არისო.

ანგელოზი მთხოვდა, მელაპარაკა ამ ყველაფერზე მაშინ, როცა ჩემნაირები შევიკრიბებოდით.

წირვა-ლოცვაზე სიარული და ლოცვა დავიწყე. აღსარებას ქართულ ეკლესიაში მამა მაქსიმეს ვაბარებდი. პირველი ზიარების ღირსი კი შობას გავხდი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი!

ტაძრიდან გამოსული, ანგელოზის ხილვას ველოდი, მის ადგილას კი ღვთისმშობელი იდგა. მეწამული სამოსი ეცვა. ზიარების შემდეგ წირვიდან გამოსული სხვა წმინდანებსაც ვხედავდი, ხშირად - წმინდა სერაფიმე საროველს, წმინდა ნიკოლოზს, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულებს.

ერთხელ, ტაძრიდან გამოვედი და ვხედავ, ჭიშკარი გაიღო. მარჯვნივ უზარმაზარ ლოდზე მოხუცი იჯდა, თეთრწვერა, თეთრად მოსილი. გვერდით შავთმიანი უწვერული ახალგაზრდა ედგა. მარცხნივ, ჭაობის წინ, გარდაცვლილები შეკრებილიყვნენ და ეშმაკების შიშით ერთმანეთს ეკვროდნენ. მთხოვდნენ, უფლისთვის მეთხოვა მათი გადარჩენა. მეც ვითხოვდი. ახალგაზრდა კაცმა ჩემი თხოვნით უფალი ახსენა და ეშმაკებიც გაქრნენ.

...წამლის გაკეთების სურვილი სამუდამოდ გამიქრა. ჭეშმარიტების გზა გამოჩნდა. შობიდან ფერისცვალებამდე ყოველდღე ვხედავდი ანგელოზებს, წმინდანებს. რწმენაში მაძლიერებდნენ.

ფერისცვალება დღეს კი ტაძრიდან გამოვედი და ვხედავ, ცა გაიხსნა, იქიდან ჩიტების ლაშქარი გამოფრინდა. გარს მევლებოდნენ, თავზე ოდნავ მეხებოდნენ. ზეციდან ისმოდა: "ფერი იცვალა ნოდარმა, ფერი იცვალა! ადამიანებთან ერთად კი სამყაროც იცვლის ფერსო". ვხედავდი, ხეები უცნაურად ბრწყინავდნენ.

ეს მათთან შეხვედრის ბოლო დღე იყო. ანგელოზმა მითხრა, რომ მუდამ ჩემთან იქნებოდა და არასდროს მიმატოვებდა.

ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვუსმინო სინდისს, რომლითაც თვით უფალი გელაპარაკება. ვიცი, რომ ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს სინანულით სავსე გულს, ფერისცვალების სურვილს. ის გვიჩვენებს გზას ისე, ვერც კი იგრძნობ, რომ უფალი დაგეხმარა, გგონია, შენით აკეთებ, სინამდვილეში კი ღმერთი გეხმარება.

ახლაც, როცა წირვაზე "რომელი ქერუბიმთა" იგალობება, ბევრჯერ მიგრძნია ანგელოზის იქ ყოფნა. მამა მაქსიმემ მითხრა - მე არაფერი მიხილავს და ისე მწამს უფალი. მღვდელიც ჩემი რწმენით გავხდი. გარდავიცვლები და უფალსაც ვიხილავ და ანგელოზებსაცო. კურთხევა მომცა, აღარ მქონოდა ანგელოზის ხილვის სურვილი.

ჭეშმარიტების გზა დავინახე და ცოდვის შეგრძნება გამიმძაფრდა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ვარ. დასჯის ღირსი იყო ნინევია, მაგრამ შეინანა და ღმერთმა შეიწყალა. ამის გამო იონა წინასწარმეტყველი გაუნაწყენდა კიდეც. ღმერთმა კარგი მაგალითი უჩვენა იონას - ხე აღმოუცენა მოსაჩრდილებლად, მეორე დღეს კი გაუხმო. იონა გამწარდა. უფალმა აუხსნა - თუკი მას ერთი ღამის სტუმარი ხე დაენანა, რომელზეც არასოდეს უზრუნია, რამდენად დასანანი იქნებოდა შემოქმედისთვის, თავისი პირმშო ადამიანები რომ გაეწირა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ყველაფრიდან იმის გაგებაა, რომ ადამიანს იმდენად არ უყვარს თავისი თავი, რამდენადაც უფალს ვუყვარვართ. იონა წინასწარმეტყველის სიტყვებით გეტყვით: "ლმობიერი და მრავალმოწყალე ხარ შენ, უფალო".

ანგელოზისგან საჩუქრად დამრჩა მისი ნაკარნახევი ჩანახატი: სანთლების სილამაზეს ვუყურებ. ნელ-ნელა იწვიან და ლამაზად ჩამჩურჩულებენ: "აბა, გვითხარი, ღვთისთვის ყველაზე დიდი სანთელი ჩვენგან რომელია?" ნიავმა დაუბერა... სანთლები აქეთ-იქით გადახარა... თითქოს ჩაქრობა მოუნდომა. მერე კი ყველა ერთად გაანათა. ჩურჩულის ხმამ კი გამიმეორა: "ყველაზე დიდი სანთელი ადამიანია, ადამიანი, რომელიც უფლისთვის დაენთება"...

ღმერთმა შემაძლებინოს, მეც მისთვის დანთებული ერთი პატარა სანთელი ვიყო!.."

მოამზადა
ბელა ბარკალაიამ
ბეჭდვა
1კ1