წმინდა პანტელეიმონის ტაძარში ქართულ წირვა-ლოცვას სულ სხვა მადლი ჰქონდა
წმინდა პანტელეიმონის ტაძარში ქართულ წირვა-ლოცვას სულ სხვა მადლი ჰქონდა
მხოლოდ უფალმა იცის შენი გულისნადები, რადგან ყველგანმყოფია და თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს. შესაბამისად, წყალობასაც მოიღებს ხოლმე და ღვთისშვილს ნაბიჯ-ნაბიჯ თავისკენ მიიზიდავს.

როცა სანუკვარ გარემოში, საყვარელ სამშობლოში ცხოვრობ, ღვთის ბოძებულს შესაფერისად ვერ აფასებ. საკმარისია, წამიერად წაგერთვას, რომ მაშინვე გიჩნდება ნატვრა წარსულისა და თვალცრემლიანი ტკბილ მოგონებებს მიეცემი. გამოსავალი კი ალბათ მომავლის რწმენა და უფალთან ახლოს ყოფნაა, თორემ ვინ იცის, სასოწარკვეთილი ადამიანი მძიმე წუთებში რას ჩაიდენს. ღმერთმა დაგვიფაროს ავისგან.

სამშობლოსა და ახლობლების მონატრება საბერძნეთში ყოფნისას წამიერად მეც დამრევდა ხოლმე ხელს, მაგრამ მოუცლელობა, მამა აბიბოსი, მისი სულიერი შვილები და ირინა მათურელის ჭეშმარიტად ქართული ოჯახი (ვისთანაც ორი კვირა ვცხოვრობდი) მოწყენის საშუალებას არ მაძლევდნენ. ერთი სიტყვით, საქართველოსთან მცირე ხნით განშორებამ დამაფიქრა საკუთარი ქვეყნის სიკარგეზე. რა აჯობებს, თუ ყველა გამოცდის ამას. მსგავსი ნატვრა წლებია აძლებინებს იქაურ ქართველობას. მათი ყოველი დღე საქართველოზე ფიქრით იწყება და მთავრდება. მართალია, ფიზიკურად შორს არიან სამშობლოსგან, მაგრამ გულისყური აქეთ აქვთ. ჩემთან შეხვედრისას თითოეულ მათგანს მოესურვა "კარიბჭეს" გასაუბრებოდა და გულისნადები ეთქვა.

ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ქართული წირვა აღევლინებოდა და ქართველობას იქ მოეყარა თავი. სასიხარულოა, რომ თვეში ერთხელ, ყოველი კვირის დასაწყისში, მათ შეუძლიათ მშობლიურ ენაზე მოისმინონ ღვთისმსახურება. საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა ქრისტოდულოსმა (ღმერთმა აცხოვნოს მისი სული) საქართველოს საპატრიარქოს ნება დართო თვეში ერთხელ ქართული წირვის ჩატარებისა, რაც მართლაც დიდი ნუგეშია იქაური ქართველობისთვის. ქართულ წირვას თავადაც დავესწარი. ქართველ მგალობელთა გუნდი მშობლიურ ენაზე გალობდა. მათ მრევლიც უერთდებოდა. ბევრი ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ბევრმა განიცადა ქრისტესმიერი სიხარული. მიხარია, რომ ჩვენს ჟურნალს კიდევ მეტი მკითხველი და გულითადი მეგობარი შეემატა საბერძნეთში დროებით მცხოვრები ქართველების სახით.

- უაღრესად ბედნიერად ვგრძნობთ თავს, როცა ტაძარში მოვდივართ და ღვთისმსახურებას ვესწრებით, - მიამბობს ხათუნა, - უფლის შეწევნით, ვცდილობთ, მივყვეთ ჭეშმარიტ გზას. სამი წელი გავიდა, რაც ათენში ვარ და ვცდილობ, ყოველ კვირას დავესწრო ღვთისმსახურებას. მოვილოცეთ ეკლესია-მონასტრები, რამაც უდიდესი რწმენა და ღვთის ძალა გვაგრძნობინა. ჩემთვის ყოველი კვირა ზეიმია. თვეში ერთხელ ქართული წირვის ჩატარება კი უდიდეს ნუგეშს გვანიჭებს. დიდი მადლობა უწმინდესს, რომ ქართველი მოძღვრები გამოგვიგზავნა. მართლაც საუკეთესოა ჩვენი საქართველო, როგორი თბილი ხალხი ცხოვრობს. ეს ყველაფერი უცხოეთში ყოფნის დროს შევიგრძენი. დიდი მადლობა თქვენ, "კარიბჭის" თითოეულ თანამშრომელს, რადგან ამ ჟურნალმა დიდი განსაცდელი გადამალახვინა. როგორც არალეგალი, ქუჩაში დამაკავა პოლიციამ და რამდენიმე ხანს ციხეში მომიწია ყოფნა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ჟურნალებს მიგზავნიდნენ და იქ ვკითხულობდი. ღვთის წყალობამ, უფალმა და "კარიბჭემ" გამაძლიერა. ღმერთმა დაგლოცოთ, ძალიან გამახარეთ თქვენი ჩამოსვლით.

- ძალიან ამაღლებული გრძნობა მაქვს და თვალცრემლიანი ვუსმენ ქართულ წირვას. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, - ამბობს ქალბატონი ია, - აქ გვაძლებინებს ის, რომ ოჯახს მატერიალურად ვეხმარებით. როცა შვილიშვილებს ამანათს ვუგზავნი, ჟრიამულით ხვდებიან ხოლმე, ეს ძალიან მახარებს.

საუბარში ნაზი ჩაგვერთო. მისმა ნახვამ განსაკუთრებით გამახარა. ჩვენი ტაძრის მრევლია ნაზი. ერთი სულიერი მოძღვარი გვყავს და წლების განმავლობაში ერთ ტაძარში ვიდექით გვერდიგვერდ. მაგრამ ცხოვრებამ უცხოეთში დროებითი ნავსაყუდელი მიანიჭა.

- მადლობა უფალს, რომ ათენში საშუალება გვაქვს ტაძარში ვიაროთ, - მითხრა ნაზიმ, - ჩვენი პირველი მასაზრდოებელი ხომ უფალია. დღესაც მიჭირს უცხო ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს, აქ ვარ. მენატრება ჩემი საქართველო, ჩემი ხალხი, ჩემი ტაძარი. მინდა, ჩემს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში ვიღვაწო. ბევრი ქართველია აქ. როცა ქართული საუბარი მესმის, გული სიხარულით მევსება. უცხოეთში უფრო მეტად შევიგრძენი ჩემი სამშობლოს და ხალხის სიყვარული. ყველა ქართველს ვეთაყვანები და პატივს ვცემ. ალბათ, საბერძნეთში ყოფნამ უფრო მეტად მასწავლა სამშობლოს, ერის სიყვარული. უცხო ქვეყანაში ვერ ხარ ისე თავისუფლად, როგორც სამშობლოში. აქ შენი "მე" უკან უნდა დასწიო და ისე იცხოვრო, თანაც იმგვარად, როგორც მათ სურთ. ჩვენ კი ამ ყველაფერს მიუჩვევლები ვიყავით. ჩემი თაობისთვის სხვისი მოახლეობა წარმოუდგენელი იყო. ალბათ, უფალმა ასე იმიტომ ინება, რომ დაგვეთმო ჩვენი ამპარტავნება და მეტი წინსვლა გვქონოდა ღვთისკენ. ასე მეტ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ.

- წმინდა პანტელეიმონის ტაძარში ქართველი მოძღვარი რომ გვყავს, ეს უდიდესი ღვთის წყალობაა. სულიერად გვერდით გვიდგას, ამაზე დიდი მადლი კიდევ რა უნდა იყოს. ჩვენთვის უდიდესი ნუგეშია ქართული ლიტერატურის, რელიგიური ჟურნალ-გაზეთების კითხვა. ჩვენი მამა აბიბოსის ლოცვა-კურთხევით, ხშირად მოვილოცავთ ხოლმე ეკლესია-მონასტრებს, სიწმინდეებს, - თქვა ქალბატონმა მარგალიტამ. ქალბატონმა დალი კარგაძემ კი დასძინა, - 1995 წლიდან აქ ვცხოვრობ. ვმუშაობ ერთ ბერძნულ ოჯახში და მათთვის მადლობის მეტი რა მეთქმის. 2002 წელს შვილი დამეღუპა და საქართველოში წავედი. ამ ბერძნული ოჯახის თხოვნით, კვლავ დავბრუნდი საბერძნეთში და აქ ვცხოვრობ ისე, როგორც საკუთარ სახლში. შეძლებისდაგვარად დავდივარ ეკლესიაში და ვცდილობ, ღმერთს მივუახლოვდე. ქართულ წირვაზე დასწრება კი სულ სხვაგვარ განწყობაზე მაყენებს. მადლობა ღმერთს ამისათვის.

KARIBCHE- 68 წლის ასაკში გადავწყვიტე ჩემს სოფელში, ბაღდათის რაიონში ამეშენებინა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, - ამბობს ქალბატონი მაყვალა ჟორჟოლიანი, - სამი წელიწადი მცირე ანაზღაურებით ვიმუშავე, მაგრამ ღვთის წყალობით ტაძრის ასაშენებელი თანხა მომეცა. დიდება და მადლობა ღმერთს. წმინდა გიორგის ტაძარი მეუფე ანტონმა აკურთხა. ტაძრის წინამძღვარია მამა ანტონი. მერე საბერძნეთში წამოვედი და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ აქ სულ ეკლესიურ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. ვისთანაც ვმუშაობ, ისინიც ეკლესიურები არიან. ქართულ წირვას, ვცდილობ, ყოველთვის დავესწრო, მინდა ყველა მოექცეს და გაერთიანდეს წმინდა ეკლესიაში. მონაზვნებივით ვცხოვრობთ, კვირიდან კვირამდე არავისთან გვაქვს ურთიერთობა. კვირა დღეს ეკლესიაში მოვდივართ.

ნანა ჭელიძე: - ექვსი წელია, ათენში ვარ. როცა ქართული წირვა აღესრულება, ყოველთვის ვცდილობ, დავესწრო და მადლი მივიღო. ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა აბიბოსის ლოცვა-კურთხევით დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. ბორჯომში, სადგერის დედათა მონასტერში მოღვაწეობს ჩემი ბავშვობის მეგობარი დედა სერაფიმა. რამდენიმე ხნის წინ ათენში ბრძანდებოდა მამა ანდრიასა და დედა ევგენიასთან ერთად. სულიერად ძალიან გამაძლიერა მათმა ჩამოსვლამ.

ნანა ჯავახაძეს ათენში ყოფნის დროს დავუმეგობრდი, ბევრი საერთოც გამოვნახეთ.

- საბერძნეთში ექვსი წლის წინ ჩამოვედი, - მიამბობს ნანა, - საქართველოში ბორჯომში ვცხოვრობ. სულიერი მოძღვარიც იქ მყავს - მამა არჩილი. ბერძნული ფილოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და აქ სულ სხვას ვსაქმიანობ. ჯერ სალონიკში ვცხოვრობდი. ძალიან დატვირთული სამუშაოს გამო მოვწყდი ეკლესიურ ცხოვრებას და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება არასწორად მიდიოდა. მერე გადმოვედი ათენში მამა აბიბოსთან (მამაოს ძმა, მამა ანდრია ჩემი ოჯახის მოძღვარია). ღვთის მადლით, დავდივარ ტაძარში, ვეზიარები და მამა აბიბოსის წყალობით სულიერად კარგად ვარ. რაც მეტად ვართ განსაცდელში, მით უფრო ვუახლოვდებით უფალს და ჩვენს სამშობლოს. ღვთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, იმედია, მალე დავბრუნდებით საქართველოში. აქ პატარა საქართველო გვაქვს. ქართული წირვა კი ქართველობას უფრო მეტად გვაერთიანებს. მადლობა ღმერთს, რომ ვართ მართლმადიდებელები, ქართველები. უფალმა იცის, სად უნდა ვიყოთ - ერში თუ ბერში. ღვთის წყალობით, ვნახავთ, სადამდე მიგვიყვანს ჩვენი რწმენა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ქართულ წირვაზე მომღერალ ნინი შერმადინის ნახვა იყო. არ დავაყოვნე და დიდი სიხარულით ვთხოვე საუბარი.

- ხუთი თვეა, რაც აქ ვარ და კარიერის გაგრძელებას საბერძნეთში ვაპირებ. ვმონაწილეობ მუსიკალურ პროექტში "ექსფაქტორი". შევეცდები, ვასახელო საქართველო. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის. ჩემი მეუღლის, ვაჟიკო ციცაგის ოჯახი ათენში ცხოვრობს. საქართველო ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ კარიერისთვის საბერძნეთი ვარჩიე. მყავს ერთი შვილი - მარიამი. საბერძნეთში ქართული ტრადიციებით ვაგრძელებ ცხოვრებას.

ქართული წირვის დასრულების შემდეგ მამა აბიბოსმა ქადაგებისას დალოცა მრევლი.

- ღმერთმა დაგლოცოთ და ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ ცოცხალი რწმენა და იმედი ღვთისა. უფალს უნდა ვევედროთ რწმენით და გვჯეროდეს, რომ ჩვენს ვედრებას შეისმენს. უფალს უყვარს, როცა ადამიანი გონებასა და გულს მიმართავს მისკენ. ამიტომ ლოცვისას უნდა გვქონდეს იმედი, რომ უფალი მოიღებს წყალობას და თუ ჩვენი სულებისთვის საცხოვნებელი და სათნო იქნება, სათხოვარს აუცილებლად შეისმენს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ მტკიცე რწმენა და სასოება უფლისა.
ბეჭდვა
1კ1