ქორწილები ჰერეთის ეპარქიაში
ქორწილები ჰერეთის ეპარქიაში
ამ ცოტა ხნის წინათ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, აღდგა და დადგინდა ჰერეთის ეპარქია, რომლის მმართველია ეპისკოპოსი მელქისედეკი (ჩხაიძე).

ნოემბერი განსაკუთრებული თვეა საინგილოში - ქორწილებისა და ჯვრისწერების თვე. ოცზე მეტი ქორწილი გადაება ერთმანეთს ამ დღეებში, ოცზე მეტი ოჯახი შეემატა ჰერეთის მიწა-წყალს.

მამა-პაპათაგან გადმოცემული ძველქართული ტრადიციები, ლამის მივიწყებული ძველქართული ქორწილი ისევ ახალგაზრდობამ აღადგინა და თავად შეავსო იმ პირვანდელი წეს-ჩვეულებებით, ათასწლეულების მანძილზე რომ კვებავდა და აყალიბებდა ძველ ქართულ-ჰერულ სულს...

ნეფე-პატარძალი, მაყრები, მაშხალები, დედამთილ-მამამთილი, რომლებიც კარის ზღურბლზე პირველი უნდა გადაეხვიონ და მიულოცონ კიბეზე ჩამომავალ საკუთარ ვაჟს, უკვე ნეფედ გამოწყობილს, და მეჯვარესთან ერთად გზა დაულოცონ საპატარძლოს სახლისკენ...

ჩაკეტილია საპატარძლოს ეზოს ჭიშკარი. მაშხალა ტრიალებს შუა ეზოში - ის თოფის ერთი გასროლით მაყარმა უნდა ჩამოაგდოს. ამჯერად ნეფემ ივაჟკაცა და ჭიშკარიც ფართოდ გაიღო.

პატარძლის მშობლები და ნათესავები ეგებებიან მაყრიონს და ეზოში გაშლილ ცენტრალურ მაგიდასთან იწვევენ, რომლის თავშიც ნეფე-პატარძლის საპატიო მაგიდაა მოწყობილი წინ საცეკვაო მოედნით.

და აი, იწყება სადღეგრძელოები რიგით და წესით, ღვინოც ისმევა რიგით და წესით.

სუფრას ამშვენებს სხვადასხვა საცეკვაო. თავდაპირველად პატარძლის მშობლები ცეკვავენ. ცეკვას სიმღერა მოსდევს, მერე ისევ ცეკვა... ცეკვავს ნეფე-პატარძალიც. ამის შემდგომ სიდედრ-სიმამრი საცეკვაოდ იწვევს მაყრიონს უფროს-უმცროსობით. ლხინს ლაზათი ემატება...

დღის 4 საათზე დაწყებული ქორწილი საღამოს 8-9 საათამდე გრძელდება.

მაყრიონის მხრიდან - სიმონ ოთარაშვილისა და პატარძლის მხრიდან - იური ქიტიაშვილის შესრულებული ქართული ცეკვით ერთნაირად მოიხიბლნენ თბილისელი თუ ბაქოელი სტუმრები.

მინდა, ერთი წყვილის ქორწილზე შევჩერდე. ნუკრი და საიდა კახში ცხოვრობენ. თხუთმეტი წლის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ინგილო ბავშვებთან ერთად ზესტაფონის საეკლესიო ბანაკში ისვენებდნენ. გაიზარდა საიდა და დღეს კახის მე-2 ქართული საშუალო სკოლის მასწავლებელია. მამით აზერბაიჯანელი (ბაქოელი) და დედით ქართველი (ზურაბაშვილი) ბავშვობაშივე მოინათლა მართლმადიდებლურად.

ნოემბრის თვეა, ქორწილებისა და ჯვრისწერების თვე. ნუკრი ტარტარაშვილი და მისი რჩეულიც ემზადებიან ჯვრისწერისთვის.

შენიშვნა: ჰერული ქორწილი სამივე რაიონში თითქმის ერთნაირად სრულდება.

მოამზადა
მართა ტარტარაშვილმა
ბეჭდვა
1კ1