ბერძნული შთაბეჭდილებები
ბერძნული შთაბეჭდილებები
ერთადერთი, რაც აქ მყოფ ჩვენებურებს ქართველობას უნარჩუნებს, ჩვენი დედაეკლესიაა
ოცნება ავისრულე და ჩემი მორიგი მივლინება საქართველოს საზღვრებს გასცდა...

პირველ რიგში საბერძნეთის საკონსულოს მივადექი იმის გასარკვევად, რა საბუთები იყო საჭირო საქმიანი ვიზიტისთვის... მოვაგროვე საბუთები, ჩავეწერე მიღებაზე, ჯიბეში 60 ევრო ჩავიდე (დაგჭირდებაო!) და საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულმა კონსულთან გასასაუბრებლად გავწიე. თავაზიანად მიმიღეს. საბერძნეთის კონსულმა საქართველოში, ქალბატონმა ვარვარა ანდრიანოპულომ კარგ თვალზე შემომხედა - "კარიბჭემ" ათენის კარიბჭეც გაარღვია...

ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავით 2.30 საათში საბერძნეთში ჩავფრინდით.Aარ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მეგონა, ამ ქვეყანაში სხვა დროსაც ვიყავი ნამყოფი.

მე და ჩემი მასპინძელი ირინა აეროპორტიდან ათენისკენ გავემგზავრეთ - საკმაოდ შორი მანძილია. მგზავრობა 3 ევრო ღირს. ჩვენს სახლამდე (პანკრატზე ვცხოვრობდი) ამის გარდა ავტობუსში გადაჯდომა გვჭირდება - სამგზავრო ბილეთს წინასწარ ყიდულობ ჯიხურში, ასვლისთანავე უნდა დააკომპოსტირო. თუ ასე არ მოიქცევი, საკმაოდ დიდ ჯარიმას (60 ევროს!) ვერ გაექცევი, თუ არადა, ციხეში გიკრავენ თავს. ავტობუსი როგორც კი გაჩერდება, მაშინვე უნდა შეეცადო, გაქანდე და შენი ადგილი დაიკავო, თორემ მშრალზე დაგტოვებენ. ერთკვირიანი სამგზავრო ბილეთის აღება უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა ჩემთვის - მთელი დღე რამდენიც გინდოდა, გევლო მიწის ზევით თუ მიწისქვეშა ტრანსპორტით, არავინ შემოგედავებოდა. ეს სიამოვნება 10 ევრო ჯდება...

ბუნებრივია, საკუთარ ქვეყანას შეადარებ იქაურ ყოფა-ცხოვრებას, ტრადიციებს, ურთიერთობებს თუ არქიტექტურულ იერსახეს. მართლმადიდებლური ტაძრები კი მასში დავანებული სიწმინდეების სიმრავლით მართლაც გამოირჩევა. თითქმის ყოველ ნაბიჯზე დიდებული ტაძარია, ისეთი, რომ ლოცვას მოგანდომებს. ტრანსპორტით გადატვირთულ ათენის ქუჩებში სიარული დამღლელია,Aამიტომაც მოსახერხებელ ტრანსპორტად მოტოციკლი ითვლება. თუ საჭეს უჩაფხუტოდ მიუჯდები, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები საკმაოდ დიდ ჯარიმას აგკიდებენ - აქ კანონი უზენაესია. ამიტომაცაა აწყობილი ქვეყანა. ტრამვაი-ტროლეიბუსების გამოჩენაც თვალში საცემია. გამახსენდა ძველი თბილისი და გული დამწყდა. გული კიდევ ბევრი რამის გამო დამწყდა, მაგრამ ახლა წუწუნს და ვიშვიშს არ მოვყვები, საკუთარი თვალით ნანახს გადმოგცემთ.

KARIBCHEსაბერძნეთში პირველ ადგილზე ადამიანი - პიროვნება დგას. ცდილობენ, დრო მაქსიმალურად გამოიყენონ და არა პირიქით - დრომ გამოიყენოს კაცი. ასწრებენ ყველაფერს - საქმეს, გართობას, დასვენებას, მეგობრებთან, წვეულებებზე სიარულს. აქ ყველაფერი ზომიერად იციან - ურთიერთობაც, სიტყვა-პასუხიც და სმა-ჭამაც. ქართველებისგან განსხვავებით სუფრა შეზღუდული აქვთ. შემოსწრებული სტუმარი შესაძლოა ხახამშრალი დარჩეს. სუფრაზე მრავალფეროვანი კერძები მოაქვთ, მაგრამ თითოეული მეინახისთვის გათვლილი. განსაკუთრებით იმან გამაოცა, როცა მითხრეს, აქ მეზობელი მეზობელმა თუ შეაწუხა ზედმეტი ხმაურით, მაშინვე პოლიციას გამოიძახებენო. ამგვარი კანონი ჩვენში რომ იყოს, ნახევარი ქართველობა ციხეში იქნებოდა გამოკეტილი. ხუმრობა იქით იყოს: საბერძნეთში 3-დან 5 საათამდე მკვდარი საათია ანუ მერსიმერი. ამ დროს ყველა ისვენებს. ყველა მსახურობს, ყველა სწავლობს და დროს უქმად არ კარგავენ. საუკეთესო პირობებია შექმნილი სტუდენტებისთვის. სახელმწიფო მათ სტიპენდიითაც უზრუნველყოფს, ბინითაც და კვებითაც. ასეთი პირობები რომ იყოს, საქართველოში ყოფნას რა სჯობსო, - მითხრეს ქართველმა სტუდენტებმა.

მარხვის დაწყების წინ ტრადიციული კერძის - სუვლაკის (ხორციანია) გასინჯვა მოვასწარი.

ძველი თბილისის მსგავსი ქუჩაა მონასტირაკი. აქ ხშირად იკრიბებიან ტურისტები. მათთვის განკუთვნილი ძვირადღირებული სუვენირების მაღაზიაც გამომწვევად იყურება. ფიზიკურ შრომას არავინ თაკილობს. თავის გატანას ყველა თავისებურად ცდილობს. თოჯინებივით გამოწყობილ ქალს თუ კაცს ხშირად შეხვდებით ათენის ქუჩებში. გამიკვირდა კიდეც, ასე გაუნძრევლად დილიდან საღამომდე რა აჩერებთ-მეთქი. ხელგამოწვდილ მათხოვრებსაც გადაეყრები, უფრო შავკანიანებს. უცხოელ ტურისტებს ბერძნები გულთბილად ესაუბრებიან. გულწრფელად გეტყვით და, ქართველს გარეგნობით ვერავინ სჯობს. გემოვნებაზე კი აქ მართლაც არავინ დავობს. აცვიათ ის, რაც სურთ, როგორც სურთ და რაც მოდურია. მანდილოსნებისთვის ზამთრისთვის ყველაზე მოდური ფეხსაცმელი - რეზინის ბოტებია. თმა გრძელი და გაშლილი აქვთ. მაჯის საათი აუცილებელი ატრიბუტია, რადგან, როგორც გითხარით, აქ დროს განსაკუთრებით აკონტროლებენ. დღის განმავლობაში დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ განტვირთვას ღამის საათებში ცდილობენ. ფაქტობრივად აქ ცხოვრება საღამოს იწყება. მშვიდ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად იშვებენ და მეორე დღისთვის ენერგიას იკრებენ.

ქართველობაც ძალაუნებურად აჰყვა ამგვარ ცხოვრებას. ერთადერთი, რაც აქ მყოფ ჩვენებურებს ქართველობას უნარჩუნებს, ჩვენი დედაეკლესიაა. ათენში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარი ყველამ იცის. აქ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით საქართველოდან გამოგზავნილი ორი მოძღვარი მსახურობს - არქიმანდრიტი აბიბოსი (ტარიადისი) და სქემიღუმენი თეიმურაზი (კალანდაძე). ეს ტაძარი ქართველების შეკრების ადგილია. ყოველი თვის დასაწყისში აქ ქართულ ენაზე აღევლინება წირვა-ლოცვა. ეს დღე განსაკუთრებული ზეიმია თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. ღვთის მადლით, ამ დღის მომსწრე თავადაც გახლდით. მამა აბიბოსის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით მოვილოცე წმინდა ადგილები. მისი მამაშვილური მზრუნველობა და ქადაგება მთელი სიცოცხლე მემახსოვრება და მომენატრება. რომ არა მამა აბიბოსი, რომ არა ჩემი მასპინძელი, რომ არა "კარიბჭე", "პალიტრა მედია" და ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე (რომლის მზრუნველობითა და ლოცვა-კურთხევითაც გავემგზავრე), ხილული სასწაულების მომსწრე ვერ გავხდებოდი. მადლობა უფალს და მადლობა მათ.

ელადური შთაბეჭდილებებით კი, ჩემო მკითხველო, კარგა ხანს გაგანებივრებთ.
ბეჭდვა
1კ1