ოთხი მეფის შთამომავალი "უკანასკნელი მოჰიკანი"
ოთხი მეფის შთამომავალი "უკანასკნელი მოჰიკანი"
...კედლებზე შემორჩენილი ფოტოებიდან მარადიული მშვენიერების სხივი გამოკრთის. პორტრეტებიდან შემოგვცქერიან ღირსეული ქართველნი. მართლაც, "საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის? სად იკარგება, ან თუ დროებით მიეფარება?" ახლა თითქმის ვეღარ წააწყდები იმ გამოხედვას, ამ ძვირფას ჩარჩოებს შეკედლებულ პორტრეტებზე სამუდამოდ რომ აღბეჭდილა. კეთილშობილება და საკუთარი ღირსების შეგრძნება, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე და არცთუ უშედეგოდ თანდათანობით ანადგურებდნენ ჩვენში, ამ ხალხს შთამომავლობით გადმოეცა. სიკეთის კეთების უნარი, ქველმოქმედება, გაჭირვებულთა დახმარება მათი ყოფიერების განუყოფელი ნაწილი გახლდათ, რომელიც დღესაც ისეთივე ძალით ვლინდება მათ შთამომავლობაში.

ოთახი, რომელიც ასე ინახავს "ძველი დიდების ხსოვნას", ვაკეში, ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ბინაშია. მისი მცველი და ერთგული გიდი ქალბატონი მარინა ელიოზიშვილი გახლავთ. 2009 წლის 7 დეკემბერში შესრულდა ასი წელი ქალბატონი მარინას მამის, ვახტანგ კონსტანტინეს ძე ელიოზიშვილი-ერისთავის დაბადებიდან.

ბატონი ვახტანგი იყო ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამოცზე მეტი ნაშრომის ავტორი, კულტურის ძეგლთა დაცვის ინსპექტორი, პოეტი, მემუარისტი, საერთაშორისო გამოფენის ლაურეატი და, რაც მთავარია, ოთხი მეფის შთამომავალი, "უკანასკნელი მოჰიკანი", როგორც უწოდებდა საკუთარ თავს. ბატონი ვახტანგი 86 წლისა გარდაიცვალა. ფოტოებიდან, რომელთა შორის სამეფო სავარძელში მჯდომი ბატონი ვახტანგის ბოლოდროინდელი სურათიც არის, მისი სისხლისმიერი ნათესავები შემოგვყურებენ: ბაგრატიონები და ერისთავები, ამირეჯიბები და ამილახვრები, წერეთლები და აბაშიძეები... ბუნებრივია, მოგონებების კარუსელიც მათ გარშემო ტრიალებს... დიდებულ წინაპართა ბიოგრაფიებს ქალბატონი მარინა გვაცნობს:

- დიმიტრი ამილახვარი - საფრანგეთის გმირი, დაიღუპა აფრიკაში, დაკრძალეს იქვე. მისი შთამომავლები ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობენ...

მანანა ერისთავი - მამაჩემის დედის ბიძაშვილი, დავით ჯამბაკურ-ორბელიანის მეუღლე იყო.

გენეალოგია, რომელზეც 30 წელზე მეტია მამა მუშაობდა, ჩვენი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან იღებს სათავეს. გამორჩეულ ადგილზე კიდია დიდი წინაპრის, იმერეთის მეფე სოლომონ პირველის სურათი. აქვეა სურათი ქსნის ერისთავისა, რომელიც სოლომონ პირველის შვილთაშვილი, მამაჩემის დედის მამა გახლავთ. კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ერისთავი ცხოვრობდა 1843-1905 წლებში. მან ბრწყინვალე აგრონომიული განათლება მიიღო პარიზში. მშობლიურ მეჯვრისხევში დაბრუნებულმა, მანამდე უცნობი ჯიშები გაახარა - იაპონური ვაშლის, "ზოლიანი" მსხლის თუ სხვა კულტურები. მამულისა და ქონების გონიერი წინამძღოლი გლეხებს ეხმარებოდა, მოუსავლიან წლებში გადასახადისაგან საერთოდ ათავისუფლებდა.

ერისთავების საგვარეულო სახლი კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინემ მეფე დავით მეორის შვილიშვილი, ალექსანდრა დავითის ასული წერეთელი შეირთო ცოლად. სხვათა შორის, ალექსანდრას ჰყავდა მშვენებით განთქმული და ნინო. ის ცოლად ჰყავდა კავკასიის გმირ გენერალს, ქუთაისის გუბერნატორ ბიძინა ჩოლოყაშვილს. ნინო წერეთლის ღვთიურმა სილამაზემ რუსეთის იმპერატორი, ალექსანდრე მესამე მოხიბლა. მოსწრებულად ამბობდა, - ყველაზე მეტად საქართველოში მომეწონა "კახეტინსკოე ვინო ი ცერეტელი ნინო". ნინო წერეთელი ულამაზეს ქალად აღიარეს ევროპაშიც. 1882 საქართველოს ესტუმრა ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი "ვეფხისტყაოსნის" დასასურათებლად. მან ნინო წერეთელი თამარისა და ნესტან-დარეჯანის პროტოტიპად მიიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ ნინოს მეცადინეობით ქუთაისში ზიჩის აუშენეს სახელოსნო, სადაც იდგმებოდა პოემის ცოცხალი სურათები, რომელშიც მონაწილეობდნენ მშვენიერი ქართველები. მათ მერე ზიჩი ხატავდა. მათი მრავალი კოსტიუმი ნინოს ნახელავია. "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეგზემპლარი საჩუქრად მიართვეს ნინო წერეთელს (დღეს ეს წიგნი ჩვენი ოჯახის უძვირფასესი რელიკვიაა).

ზიჩის საქართველოში თან ახლდა ფრანგი მხატვარი ქალი მარი ეტლინგერი, რომლის ტილოები ლუვრშია გამოფენილი. ამ ქალბატონმა თავისი ბედი დიმიტრი ერისთავს (მამაჩემის ბიძას) დაუკავშირა. ისინი ერთმანეთს ნინომ გააცნო. სამწუხაროდ, ამ დიდებულ ოჯახს მემკვიდრე არ დარჩენია.

ნინო წერეთელი 1922 წელს გარდაიცვალა. მეუღლესთან, ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად დაკრძალულია ქაშუეთის ეკლესიაში, საკურთხევლის წინ.

...ალექსანდრა დავითის ასული წერეთელი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ერისთავის ღირსეული მეუღლე იყო. მათ ოთხი შვილი მიეცათ - დავითი, ალექსანდრე, მარიამი და თამარი. ალექსანდრე ერისთავი მეფის არმიის კაპიტანი იყო. ალექსანდრე ნიკოლოზ მეორის ძმის, მიხეილის, პირადი ადიუტანტი გახლდათ. რევოლუციის დასაწყისში თბილისს შეეფარა, აქედან კი 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა, პარიზში.

უმშვენიერეს თამარ ერისთავს (1886-1975წ.წ.) თანამედროვეებმა "შავი ბრილიანტი" შეარქვეს. ის ცოლად გაჰყვა ნიკოლოზ ერისთავს, რომელიც 1902 წელს მოკლეს მარქსისტებმა. თამარი თბილისში, სოლოლაკში ცხოვრობდა. სისტემატურად აწყობდა პოეტურ და მუსიკალურ საღამოებს. 1919 წელს ემიგრაციაში წავიდა, პარიზში. იქაც მისი სახლი საკვირველ სალონად იქცა. პარიზში ჩასული ყოველი გამოჩენილი ადამიანი თავს მოვალედ მიიჩნევდა, სწვეოდა "შავ მარგალიტს". აქ ყოფილან რომანოვები და ბაგრატიონ-მუხრან-ბატონები: მარიამი, ლეონიდა, ირაკლი, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვი, ესპანეთის მეფის შვილიშვილი, ესპანეთში საფრანგეთის ელჩი, თავადი ჩიჩუა, მერი შარვაშიძე და მისი მეუღლე გიგუშა ერისთავი... თითოეული სტუმარი ტოვებდა თავის ფოტოს საგულისხმო წარწერა-მიძღვნით. ეს სურათებიც ჩვენს საოჯახო არქივს ამშვენებს. თამარ ერისთავი დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე.

მარიამ ერისთავი მამაჩემის დედა გახლდათ. მას დასრულებული ჰქონდა ნიკოლოზ პირველის ამიერკავკასიის ინსტიტუტი. მან არაერთი ევროპული ენა იცოდა. ასწავლიდა მეჯვრისხევის საშუალო სკოლაში. გარეგნული და სულიერი მშვენიერებით შემკული ქალბატონი გაჭირვებულთა და მიუსაფართა მფარველი იყო. მარიამ ერისთავი გახლდათ ერთ-ერთი დამაარსებელი გორში ქართული საზოგადოება "მანდილოსნისა". მისი წევრი განათლებული და მდიდარი ქალბატონები ეხმარებოდნენ ხელმოკლე ოჯახებს, ქვრივებს; საზოგადოების ეგიდით, გორის მაზრაში გაიხსნა ბიბლიოთეკები, სკოლები, საავადმყოფოები; ჩატარდა არაერთი საქველმოქმედო საღამო, რომელშიც იმ დროის გამოჩენილი მოღვაწენი მონაწილეობდნენ. იოსებ გრიშაშვილი იხსენებს კიდეც ერთ ასეთ საღამოს, რომელშიც, მარიამ ერისთავის მიწვევით მონაწილეობდნენ ის და ვანო სარაჯიშვილი.

1905 წელს მარიამ ერისთავი ცოლად გაჰყვა კონსტანტინე ელიოზიშვილს.

KARIBCHEელიოზიშვილები რაჭის ერისთავების შთამომავლები არიან. მამა მეუბნებოდა, რომ რაჭის მთავრის შვილები იყვნენ ძმები: გედეონი და ელიოზი. სწორედ ელიოზი ერქვა კაცს, რომელმაც მაცხოვრის კვართი მცხეთაში ჩამოიტანა. ალბათ, ამიტომაც ამშვენებს ეს სიმბოლო ელიოზიშვილთა საგვარეულო გერბს. მარცხენა ზედა კუთხის წარწერა გვამცნობს: "ღერბი სამცხეთოს სარდლებისა და მცხეთის მოურავებისა". ხოლო მარჯვენა ზედა კუთხის წარწერა ასეთია: "თავად გედევანიშვილებისა ელიოზის ძეთა გედეონისძეთა". წრეში ჩასმული სიმბოლოებიდან უმთავრესია მაცხოვრის კვართი - ნიშანი ქართველთა სარწმუნოებისა. ამასვე ადასტურებს ათი მცნება, რომელიც მარცხენა ზედა განაყოფზეა აღბეჭდილი, აგრეთვე - მარჯვენა ზედა განაყოფში მოქცეული ჯვრიანი გვირგვინი - ნიშანი კათალიკოსობისა. მარცხენა ქვედა განაყოფში გამოტანილი გასაღები მცხეთის მოურავობის მაცნეა, ხოლო მარჯვენა ქვედა განაყოფში ჩასმული ხმალი - მცხეთის მთავარსარდლობისა.

დიდზე დიდია გერბით დადასტურებული მოვალეობანი, რაც ეკისრებათ ძმათა შთამომავლებს ისტორიისა და ერის წინაშე. ეს მოვალეობანი არასოდეს დავიწყებია კონსტანტინე ელიოზიშვილს. ის დაიბადა 1874 წელს ქართლის პატარა სოფელ ნიქოზში. მამა ადრე გარდაეცვალა. გიმნაზია ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული, გარდაეცვალა მზრუნველი დედაც. ჭაბუკი სულით მაინც არ დაეცა. 1894 წელს წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია. სწავლის გაგრძელება საკუთარი ხარჯით არ შეეძლო და დახმარება სთხოვა თბილისის "სათავადაზნაურო კრებულს". სხდომას ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა. "კრებულის" წევრებმა უარი განაცხადეს დახმარებაზე - ჩვენი ფულით წასული ახალგაზრდები უკან სოციალისტებად ბრუნდებიან და ჩვენვე გვებრძვიანო. ბოლო სიტყვა ილიამ წარმოთქვა. მან დაარწმუნა დამსწრენი, რომ "ცოდნა, სწავლა-განათლება მარტო სამკაული კი არ არის კაცისა, უპირველესი საჭიროებაა, როგორც პური, როგორც წყალი, როგორც საჭმელი და სასმელი. ჩვენი ახალგაზრდობის სწავლა-განათლება საჭიროა ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ლამაზი სამშობლოსათვის". ილიას სიტყვამ გაჭრა. კონსტანტინეს დაენიშნა სტიპენდია - თვეში 20 მანეთი. ამ დღიდან ილია ყმაწვილისათვის ხატად იქცა. კოტე ელიოზიშვილმა წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მან დააარსა არაერთი საავადმყოფო (მათ შორის სოფელ ნიქოზში). 1926 წელს დანიშნეს გორის საავადმყოფოს მთავარ ექიმად. 1930 წელს ეს საავადმყოფო და პოლიკლინიკა გაერთიანდა და კოტე ელიოზიშვილი დაინიშნა საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ. კეთილსინდისიერება, უპირველესად, ავადმყოფის მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდებოდა. კაცმა რომ ყველაფერს უღალატოს, ავადმყოფს მაინც არ ეღალატებაო, - ამბობდა ხოლმე.

ფართო სამედიცინო პრაქტიკას კოტე ელიოზიშვილი მშვენივრად უთავსებდა სამეცნიერო მუშაობას. ცალკე წიგნებად გამოიცა მისი ნაშრომები, იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა გორის სამედიცინო ტექნიკუმსა თუ ინსტიტუტში.

კოტე ელიოზიშვილი იყო "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".

ბავშვობიდან ლიტერატურით გატაცებული კოტე ელიოზიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილში".

ლიტერატორთა, ზოგადად, ქართული კულტურის მოამაგეთა შორის, კოტე ელიოზიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას ხელს უწყობდა მშვიდი ოჯახური გარემოც, მეუღლე მარიამ კონსტანტინეს ასული ერისთავი. მათ ოჯახში გორში იყრიდნენ თავს ჩვენი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი: ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ნიკო ლომოური, დუტუ მეგრელი... ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, იოსებ გრიშაშვილი, ვანო სარაჯიშვილი. ამ ოჯახში უნდა ჩასახულიყო აზრი გორის ქართველ ქალთა საზოგადოების დაარსებისა.

კოტე ელიოზიშვილმა ანდერძად დაუბარა მონაგარს - იცხოვრეთ ისე, რომ მხოლოდ სიკეთე თესოთ და უეჭველად კარგად იქნებითო. მის შვილებს თავი არ შეურცხვენიათ. მენშევიკების დამხობის შემდეგ მამაჩემის ძმა - გიორგი პარიზში წავიდა და 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

მამაჩემი კი საქართველოში დარჩა. იგი საკუთარ თავს "უკანასკნელ მოჰიკანს" უწოდებდა. ახლა ცოტა რამ მამაჩემის შესახებაც: ვახტანგ ელიოზიშვილი მეჯვრისხევში დაიბადა 1909 წლის 9 დეკემბერს. ბებიაჩემი, მარიამ ერისთავი უნაზესი ქალი გახლდათ. მისი გატაცება მუსიკა იყო. ჩინებულად უკრავდა ფორტეპიანოზე. შვილს, როგორც ჩანს, დედისგან გადაეცა მუსიკის განსაკუთრებული სიყვარული. ერთხანს მუსიკოსობაც კი ეწადა. მისი მეორე გატაცება ხატვა იყო. მისი სურათები კერძო კოლექციებშია დაცული ჩვენშიც და უცხოეთშიც. ჰქონდა გამოფენები ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში, გორში, მოსკოვში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პარიზში.

მამამ სამხატვრო აკადემიის ორი კურსი დაასრულა, შემდეგ სამედიცინოზე გადავიდა. ის არ გახლდათ მხოლოდ პრაქტიკოსი ექიმი-ნეიროქირურგი, არის არაერთი ნაშრომის ავტორი.

წინაპართა ხსოვნისა და ქართული ტრადიციებისადმი ერთგულება მამაჩემის ცხოვრების კრედო იყო. მის გამოუქვეყნებელ მემუარებში მოყვანილია მისი წინაპრების ცხოვრების ეპიზოდები. მრავალი წელი გატაცებით მუშაობდა თავისი წინაპრების გენეალოგიაზე, იღვწოდა ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციისთვის. 1986 წლიდან იყო საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრეზიდიუმის საზოგადოებრივი წევრი. მისი თაოსნობითა და დიდი ძალისხმევით აღდგა სოფელ ბერშუეთის მე-12 საუკუნის წმინდა სამების სახელობის ეკლესია. მამა სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდა, როგორ მივიდა კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ეკლესიის აღდგენის საკითხზე კურთხევის მისაღებად. პატრიარქს მისთვის უთქვამს: "მოხარული ვარ, ჩემთან რომ მოხვედი და სათავეში ჩაუდექი ამ ღირსეულ საქმესო". მამას აგრეთვე დიდი ღვაწლი მიუძღვის სოფელ მეჯვრისხევში მანანა ორბელიანის სასახლის რესტავრაციაში.

ვახტანგ ელიოზიშვილის ღირსეული მეუღლე იყო ცეცილია კალანდაძე, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცნობილი მწერლის, პოლიო ირეთელისა და ნადეჟდა ამირეჯიბის ასული.

მამა ძლიერ განიცდიდა საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობას: "ძალიან განვიცდი, რომ სამშობლოს ხალხის ნაწილი გადაგვარდა და გადაშენდა, კლებულობს სულიერი ინტერესები, ძნელია ასეთ გარემოში ცხოვრება. ნუთუ საქართველოს არსებობის ბოლო დგება?! არა, ეს არ მოხდება. ფენიქსივით ისევ აღვსდგებით უფრო ძლიერნი და ბედნიერნი!" - წერს ერთგან. სიცოცხლის ბოლომდე ოცნებობდა "გორის მზიანი დღეების ხილვაზე, მეჯვრისხევის სასახლის აღდგენაზე, მარნის ახმაურებასა და იმერეთიდან ცხრა უღელი ხარით ჩატანილ საწნახელში მადლიანი სითხის ჩაწურვაზე, ასფუთიანი ქვევრების ყელამდე ავსებასა და ვერცხლის თასით "ნეტარი შესასმისის" ქართველურად შერგებაზე. ღრმად სწამდა, რომ ოცნების ახდენას ადამიანები ადამიანების თანადგომით ახერხებენ!.. სწამდა, რომ სიცოცხლე მარადიულია და რომ "დასასრულში დგას დასაწყისი!"
ბეჭდვა
1კ1