საშუალება რომ იყოს, ყოველთვის საქართველოში შევხვდებოდი შობა-ახალ წელს
საშუალება რომ იყოს, ყოველთვის საქართველოში შევხვდებოდი შობა-ახალ წელს
თითოეული ადამიანი ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს სხვადასხვაგვარად ხვდება. მორწმუნეთა უმრავლესობა ეკლესიაში ღამისთევის ლოცვით და ქრისტესმიერი სიხარულით ეგებება მაცხოვრის დაბადების დღეს , ზოგიც შინ, ჭიქა ღვინის აწევით დღესასწაულობს. ყველაზე შთამბეჭდავი კი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინასაშობაო განწყობა უნდა იყოს. საბერძნეთის უმეტესი ეკლესია ახალ სტილზეა გადასული, შესაბამისად, რელიგიური დღესასწაულები წინ უსწრებს ჩვენსას, ანუ ძველი სტილით მიმდინარე მართლმადიდებლურ კალენდარს. შობა იქ 25 დეკემბერს დგება. განწყობა აღმატებულია. ლამაზად მორთული ქუჩებიც შობა-ახალი წლის მოახლოებას გვაუწყებს.

ჩვენ და ბერძენ მართლმადიდებლებს შობის აღნიშვნაში მხოლოდ ტრადიციები თუ განგვასხვავებს, სხვა მხრივ საერთო ბევრი გვაქვს. შობა მათთვის ოჯახური დღესასწაულია. ამ დროს ოჯახის ყველა წევრი იკრიბება და ასე ულოცავენ ერთმანეთს მაცხოვრის შობას. საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებიც არავის ავიწყდება. ჩუქნიან ყველაზე საუკეთესოს და სამახსოვროს. ახალ წელზე მეტად უცხოეთში შობას აღნიშნავენ. ახალი წლის ღამეს კი ყველა ქუჩაში ზეიმობს მომავალი წლის დადგომას.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველობა მეტ-ნაკლებად აჰყვა ევროპულ სტილს, თუმცა არც მამაპაპური ტრადიციები დავიწყებიათ. ზოგისთვის შობა 7 იანვარს დგება, თანაც საქართველოში გატარებული ტკბილი მოგონებებით იწყება. ქართულ სუფრას ყოველთვის ამშვენებს საქართველოდან გამოგზავნილი ნუგბარი. უცხოეთში ყველაფერ ქართულს მართლაც სხვა გემო აქვს.Aიქ მცხოვრებ ქართველობას სევდას ის ჰგვრის, რომ დღესასწაულებზე სამშობლოში არ არიან და საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ვერ იზიარებენ დღესასწაულის სიხარულს. საბერძნეთში ბევრ ჩვენებურს შევხვდი და ბევრმა გამიზიარა გულისნადები, ხოლო ორმა ირინამ, ორმა ჭეშმარიტმა ქართველმა მანდილოსანმა - წინასაშობაო განწყობა...

ირინა მათურელის (ვის ოჯახშიც ვცხოვრობდი) თქმით, "ყველა ბერძნის ოჯახში სალოცავი კუთხეა - ეს იმის მაჩვენებელია, რომ დიდ პატივს სცემენ საკუთარ რელიგიას - მართლმადიდებლობას. შობა მათთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. პირადად მე შობას 25 დეკემბერს არ აღვნიშნავ. ტრადიციულად 7 იანვარს ეგებება ჩემი ოჯახი ამ დღეს. აქ ძალიან ბევრი მარხულობს. დადიან ეკლესიაში, ჰყავთ სულიერი მოძღვარი და სულიერ საკვებს იღებენ. თვალშისაცემად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეკლესიური და არაეკლესიური ადამიანები. საშობაო სუფრაზე ტრადიციული კერძი არის წაბლით გატენილი ინდაური. საკმაოდ პრაქტიკულები არიან ბერძნები, გამოზომილად იციან, რამდენ კაცზე გაშალონ სადღესასწაულო სუფრაც. ქრისტეშობას 12 საათზე ოჯახთან ერთად ვხვდებით. მანამდე მეგობრები ერთმანეთს ვუგზავნით საჩუქრებს, ზოგს - ფოსტით, ზოგს კიდევ პირადად გადავცემთ ხოლმე. თითოეულ მათგანს სახელებს ვაწერთ და ნაძვის ხის ქვეშ ვაწყობთ. შობის დადგომისას ყველა გახსნის თავისას და ამით ერთმანეთს მცირე სიხარულს ვანიჭებთ. შობა ახალ წელზე მნიშვნელოვანია.

შობის ღამეს ბავშვები გამოდიან გარეთ და დადიან სახლებში, ჩვენებური მეალილოებივით და ვისაც რა სურს, იმას ჩუქნის. ახალი ჩამოსული ვიყავი, როცა ბავშვები იმ ოჯახში მოვიდნენ, სადაც ვმუშაობდი. ძალიან გამიკვირდა, ვერ მივხვდი, რა უნდოდათ. მერე მითხრეს, რომ სიმღერით მოსული ბავშვებისთვის საჩუქრები უნდა მიმეცა.

ქართველებსა და ბერძნებს მართლმადიდებლობა გვაკავშირებს და ალბათ ამიტომ გამიადვილდა ამ ქვეყანასთან შეგუება. თითქოს წააგავს აქაურობა საქართველოს. თუნდაც ეკლესია-მონასტრების, სიწმინდეების სიმრავლით.

ათენის ქუჩები და სახლები ლამაზადაა მორთული შობა-ახალი წლისთვის. როცა ნაძვის ხის მორთვის დრო დგება, გული მწყდება ხოლმე, შინ რომ არ ვარ. მენატრება ყველაფერი ქართული. თიანელი ვარ. მახსენდება სოფელში ბებია-ბაბუასთან გატარებული დღესასწაულები - შობა, აღდგომა. საქართველოში სულ სხვა ხიბლი აქვს ყველაფერს. შევნატრი იმ დროს. ღვთის წყალობით, ათენში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში, ყოველი თვის პირველ კვირას ქართული წირვა აღესრულება, რაც ძალიან დიდ ნუგეშს გვაძლევს თითოეულ ქართველს. კარგი იქნება, თუ ქართველებს ჩვენი საკუთარი ტაძარი გვექნება, ალბათ ეს უფრო მეტად გაგვაძლიერებს.

საქართველოში უფრო ხშირად დავდიოდი ეკლესიაში, ვმარხულობდი და ვეზიარებოდი. აქ ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ, სამწუხაროდ, ეკლესიაში სიარულს ხშირად ვეღარ ვახერხებ. შობის დღესასწაულზე კი ყოველთვის მივდივართ ტაძარში, სანთელს ვანთებთ. ქრისტეშობის დღესასწაული ბერძნებისთვის ოჯახურ გარემოში აღინიშნება. ამ დღეს ერთმანეთთან არავინ მიდის. სტუმრიანობა უფრო ახალ წელს იციან..."

"ყოველ წელს ცუდი შეგრძნება მაქვს და მუდამ იმაზე ვფიქრობ, რომ შობა-ახალ წელს და სხვა დღესასწაულებს საკუთარ ოჯახში ვერ აღვნიშნავ, - მითხრა ირინა გზირიშვილმა, - ჩვენგან განსხვავებით, აქაურების უმრავლესობა ახალ წელს კუნძულებზე ხვდება. სადღესასწაულო სუფრაზე თამადა, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ.Aაქ ოჯახის უფროსი უძღვება სუფრას და იმ დღის შეკრების მნიშვნელობას ამცნობს მეინახეებს. დაბადების დღეების აღნიშვნა აქ ნაკლებად იციან, უფრო ანგელოზის დღეს აღნიშნავენ. ერთი დიდი ტორტის გარშემო შეიკრიბებიან ახლობლები და მიულოცავენ ოჯახის წევრებს ამ დღეს".

"შობის დღესასწაულზე ყოველთვის ქართულად სრულდება ღვთისმსახურება, - საუბარი განაგრძო ირინა მათურელმა, - თვალზე ცრემლი მომადგა, როცა აქ პირველად ქართული წირვა-გალობა მოვისმინე. ღვთისმსახურების შემდეგ ოჯახის წევრები შემოვუსხდებით ხოლმე ქართულ სუფრას და ერთმანეთს ვესიყვარულებით. საშუალება რომ მქონდეს, წავიდოდი საქართველოში და ყოველთვის იქ დავესწრებოდი დღესასწაულებს. მართალია, ადვილი არ არის, მაგრამ აქაც შესაძლებელია საკუთარი ადათ-წესების შენარჩუნება. ათენის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია, ჩვენი ქართველი მოძღვრები და ქართული კულტურისა და განათლების ცენტრი მართლაც დიდ საქმეს ასრულებენ ქართველებისთვის ქართველობის შენარჩუნებაში.

ათენიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს. ყოფილიყოს მშვიდობა და ბოლომდე შეგვენარჩუნებინოს ქართველობა, ტრადიციები. ძალიან მინდა, რომ მალე ქართველმა ემიგრანტებმა დღესასწაულები საკუთარ სამშობლოში ვიზეიმოთ.Eეს დიდი ბედნიერება იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით".
ბეჭდვა
1კ1